"მიშა, მოემზადე სასამართლოსთვის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა აუცილებლად გადაგიყოლებს!"
21-10-2013
"მიშა, მოემზადე სასამართლოსთვის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა აუცილებლად გადაგიყოლებს!"
"დაჰკითხეს ის ბიზნესმენი, ვისაც ემუქრებოდნენ, ამ ხელებით ისე დაგახრჩობთ, როგორც
ზურაბ ჟვანია დავახრჩვეთო"

გია ბარამიძე: "მორჩეს ლაყბობას და თუ რაიმე ფაქტები გააჩნია, გამოაქვეყნოს!"

გოგლა ჟვანია: "ექსჰუმაციას აუცილებლად დავთანხმდებით"

გოგლა ჟვანია: "ბარამიძის ინტელექტუალურ და გონებრივ შესაძლებლობებზე არ ვარ მაღალი აზრის"

"ამ საქმეში ახალი საფუძვლიანი მტკიცებულებებია"


პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ახალი ვერსია გამოიკვეთა - პრემიერ-მინისტრი უბედური შემთხვევის მსხვერპლი არ გამხდარა. ჩვენთვის ცნობილი გახდა ეფ-ბი-აის სრული დასკვნის მცირე ფრაგმენტი, სადაც ნათქვამია, რომ
გამათბობელი გამართული იყო (ერთი ვერსიით გამათბობელი არც კი ჩართულა არასდროს, ის სრულიად ახალი იყო და "შემთხვევის ადგილზე" მოგვიანებით მიიტანეს) და როგორც ზურაბ ჟვანიას, ასევე რაულ იუსუპოვის გარდაცვალების მიზეზი ვერ გახდებოდა. "კვირის პალიტრას" ამ თემაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის თანაგუნდელი ხათუნა ხოფერია და პარლამენტარი, ზურაბ
ჟვანიას ძმა, გოგა ჟვანია ესაუბრნენ:



ხათუნა ხოფერია: - არ ვარ უკმაყოფილო გამოძიების ტემპით, რადგან ვიცი, მთელი საქმე შეკერილია, ბევრი რამ გადაკეთებულია. პროკურატურას ჯერ იმის დადგენა მოუხდა, რომ ძველი მტკიცებულებები გაყალბებულია, შემდეგ კი ნამდვილი მტკიცებულებები უნდა მოეპოვებინა. ბუნებრივია,  რაც 7 წელი იჩქმალებოდა, იმის ერთ წელიწადში გამოაშკარავება ძნელია. მით უფრო თუ ეს სამხილები საგულდაგულოდ იჩქმალებოდა.

- არსებობს ინფორმაცია, რომ  პროკურატურა ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრების ექსჰუმაციას ითხოვს.
- ეს მხოლოდ მისი ოჯახის გადასაწყვეტია. მაგრამ მე ვიცი, რომ ზურას თხემზე საკმაოდ დიდი ჭრილობა ჰქონდა... რასაკვირველია, პროფესიონალ  ექსპერტებს შეუძლიათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

- სააკაშვილმა ჟვანიას საქმის ახალ დეტალებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეფ-ბი-აის დასკვნა ბოლომდე ვერ გამოქვეყნდა იმიტომ, რომ ისეთ ნიუანსებს შეეხება, რომლის გახმაურებაც არ შეიძლება.

-  სააკაშვილი არის ავანტიურისტი, მატყუარა და სახელმწიფო დამნაშავე!
სწორედ ამის შედეგია ის, რაც  მან თქვა ზურას საქმეზე.…ეს არის ადამიანი, რომელიც კადრულობს და შეფარვითი ტონით ამაზრზენ პროვოკაციულ განცხადებას აკეთებს. მინდა მას თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართო: "მიშა, მოემზადე სასამართლოსთვის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა აუცილებლად გადაგიყოლებს!" ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, უშუალოდ სააკაშვილის ხელით, დაკვეთით თუ მის გარეშე მოხდა ზურაბ ჟვანიას მკვლელობა. ეს დანაშაული მიიჩქმალა მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი იყო. სააკაშვილისთვის არავის უთქვამს, ეფ-ბი-აის დასკვნა მთლიანად რატომ არ გაგვაცანიო. მას ედავებიან ერთ-ერთ ფრაგმენტზე, რომლის თანახმადაც, ზურა გაზით ვერ მოიწამლებოდა, ვერ დადგებოდა სიკვდილი. ეფ-ბი-აის დასკვნის ეს ფრაგმენტი გააყალბეს და არასწორად ითარგმნა.

- მაგრამ არის კი მთლიან დასკვნაში რამე ისეთი, რაც ზურაბ ჟვანიას სახელს შებღალავს? ფაქტობრივად, სააკაშვილი ამბობს, ზურას სახელი ჩემთვის წმიდათაწმიდაა და ამ დასკვნიდან ზოგიერთ პიკანტურ დეტალს სწორედ ამიტომ არ ვახმაურებთო.
- ამიტომაც არის მიშა უსინდისო, ავანტიურისტი და თაღლითი! ის ცდილობს შანტაჟის ნოტები შეიტანოს თავის გამოსვლაში, მაგრამ ავიწყდება, რომ მისი არავის ეშინია! ამ დაძაბულ ვითარებაში ზურას გარდაცვალების თემის გააქტიურება არც მისი ოჯახისა და არც ზურას მეგობრების მცდელობით არ ხდება. ჩემი აზრით, ეს ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" და პირადად სააკაშვილს აძლევს ხელს. მათ სურთ, რომ ჟვანიას მკვლელობის თემას პოლიტიკური ვაჭრობის სტატუსი მიენიჭოს.

- თქვენ მზად იყავით, გეთანამშრომლათ პროკურატურასთან და მისთვის ჟვანიას საქმეზე ინფორმაცია მიგეწოდებინათ.
- დიახ, დაჰკითხეს ის ბიზნესმენი, ვისაც, როგორც ვიცი, ემუქრებოდნენ, ამ ხელებით ისე დაგახრჩობთ, როგორც ზურაბ ჟვანია დავახრჩვეთო. ჯერ ამ ბიზნესმენის ვინაობის დასახელებას არ ვაპირებ. მე ერთი შეკითხვა მაქვს გამოძიებასთან: საქმე ეხება ჩემთვის ცნობილ ერთ-ერთ ეპიზოდს, როდესაც გია ბარამიძეს აცნობეს, ზურაბ ჟვანია მკვდარიაო, ის "შემთხვევის ადგილისკენ" გაემართა. ამ დროს ბარამიძის ტელეფონზე ზარი შევიდა, - პრეზიდენტი ავარიაში მოყვა და სასწრაფოდ მასთან უნდა წახვიდეო. ბარამიძე გზიდან მოაბრუნეს, არ დაუშვეს, რომ დროზე ადრე მისულიყო "შემთხვევის ადგილზე". მაინტერესებს, იმ ღამეს, როცა  Kჟვანია გარდაიცვალა, რა დაემართა პრეზიდენტს და ვისგან შევიდა ბარამიძის ტელეფონზე ზარი?

გოგლა ჟვანია: - ბარამიძე იმ ავბედით დილას, ზურას მკვლელობის გაფორმებაში მონაწილეობდა... შეკრებილი იყო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბარამიძე და მსჯელობდნენ, რა ნივთები მიეტანათ იქ და სად დაელაგებინათ... ბარამიძე ამ საქმეში მეორეხარისხოვანი კი არა, მეათეხარისხოვანიც კი არ არის. არც მის ინტელექტუალურ და გონებრივ შესაძლებლობებზე არის ვინმე მაღალი აზრის. ვფიქრობ, ზურაბ ჟვანიას საქმეში სხვა დეტალები უფრო მნიშვნელოვანია.

- პროკურატურა მკვლელობის რომელიმე იმ ვერსიას განიხილავს, რომელზეც იწერებოდა?
- ჯერჯერობით ვერ ვილაპარაკებ იმაზე მეტს, რასაც გამოძიება ამბობს. დეტალების დაზუსტებამ შესაძლოა გამოძიებას ავნოს.

- ექსჰუმაციას თუ დათანხმდება ზურაბ ჟვანიას ოჯახი?
- დათანხმდება, თუკი ეს რომელიმე საგამოძიებო მოქმედებისთვის საჭირო გახდება. პროკურატურა აცხადებს, რომ გარდაცვალების სხვა ვერსიას განიხილავს, ე.ი. ეს არ არის უბედური შემთხვევა. ამ განცხადებას საფუძვლად უდევს ახალი მასალები და მტკიცებულებები.

- პრეზიდენტის განცხადებას როგორ შეაფასებთ?
- ყოფილმა ხელისუფლებამ ეს საქმე ვერ დახურა, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე საათებში გამოაცხადა, ეს უბედური შემთხვევა იყოო. რასაკვირველია ამას მიზეზი აქვს - ერთ-ერთი ის არის, რომ ეფ-ბი-აის დოკუმენტში ყველაფერი ისე არ წერია, როგორც სააკაშვილს უნდა. მეტიც, იქ დაზუსტებულია, რომ ზურასა და რაულ იუსუპოვის სიკვდილის მიზეზი ვერ გახდებოდა გამათბობელი, რადგან ის  აბსოლუტურად გამართული იყო. სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რა დანაშაული მიუძღვის. სულ ცოტა, აქ ორი სახის დანაშაულზე მაინც არის საუბარი. პირველი - მან მკვლელებს ხელი დააფარა, და მეორე, რაზეც ვითომ  ახლა დელიკატურად მიუთითებს, აქამდე მისი სპეცსამსახური ავრცელებდა ზურაზე ბინძურ ჭორებს, დღეს სააკაშვილს გარემოცვა შეუთხელდა და იძულებულია, თვითონ გაავრცელოს ასეთი სიბინძურე. ამისთვისაც აგებს პასუხს. და კიდევ, თუ რაზე მოუწევს პასუხისგება, ეს გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - საფუძვლიანი მტკიცებულებებია ამ საქმეში. დარწმუნებული ვარ, ის უახლოეს ხანში გაიხსნება.

"კვირის პალიტრა" გიორგი ბარამიძესაც დაუკავშირდა, რომელიც მცირედი კომენტარით შემოიფარგლა: - ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე არაერთი კომენტარი გავაკეთე და აღარ ვაპირებ გამეორებას...

ახლა მხოლოდ პროკურატურას მივმართავ: მორჩეს ლაყბობას და თუ რაიმე ფაქტები გააჩნია, გამოაქვეყნოს! ჩემთვის გაურკვეველია ისიც, თუ რატომ წამოსწიეს ეს თემა მაინცდამაინც არჩევნების წინ, როცა პროკურატურა გვპირდებოდა, რომ საქმე ძალიან მალე გაიხსნებოდა. სად იყვნენ აქამდე?!

P.S. მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა და რომ ახალი ვერსიაც განიხილება. "ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება... დაველოდოთ მოვლენებს. ყველა ადამიანი, მათ შორის, ქალბატონი ნათელა მოდებაძე, გამოკითხულია... ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება და ყველას ეცოდინება სრული სიმართლე", - აცხადებს კბილაშვილი. რაც შეეხება მოწმე ნათელა მოდებაძეს, ირწმუნება, რომ დაინახა 2005 წლის 2 თებერვლის ღამით, საბურთალოს ქუჩაზე როგორ მიიტანა 4-5-მა ადამიანმა ორი გარდაცვლილის ცხედარი.

მთავარი პროკურორის თქმით, რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება ჯერ ისევ ჩასატარებელია.
ტრაგედიის შემდეგ დიდხანს ლაპარაკობდნენ, რომ გარდაცვლილ იუსუპოვის ცალი ფეხსაცმელი შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვეს. თუმცა, ახლა სხვა სურათი იკვეთება. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ ნივთმტკიცება გახსნა, სადაც იუსუპოვის ორივე ფეხსაცმელი და ტანსაცმელი აღმოჩნდა. რა გაირკვა ნივთმტკიცების დათვალიერების შემდეგ, პროკურატურაში ამ დეტალების განმარტებისგანაც თავს იკავებენ.

დაველოდოთ გამოძიებას და იმედია, გამოძიების დასრულების შემდეგ მომხდარის ირგვლივ პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება.
odabade
26 ოქტომბერი 2013 08:45
წესით უნდა გაიხსნეს. თუ იყო მკვლელობა.

არ იხსნება , როგორც წესი, სპეცსამსახურების (არაქვს მნისნელობა,რომლის) მიერ ჩატარებული პოიტიკური მკვლელობები არ იხსნება. თუ ეს კვლელობა იყო, ის არ იყო პოლიტიკური. ამიტომ ალბათ გაიხსნება.

duru64
24 ოქტომბერი 2013 18:27
ვინც პრემიერ მინისტრის სიკვდილის და გარემოებების დამალვაში მიიღო მონაწილეობა სატიკად უნდა დაისაჯონ!!!
სასტიკად!
ქონების სრული კონფისკაცია!!
26 წელი ციხე ცოცხთან ერთად!!!
ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია!!!
lalo
22 ოქტომბერი 2013 10:23
9 წელი ველოდე და 4 დღე ვერ მოვიცდი?)))))

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები