"დარწმუნებული ვარ, მოხდება კეზერაშვილის ექსტრადიცია" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, მოხდება კეზერაშვილის ექსტრადიცია"

"მისი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, დაუშვებელია, პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭონ"

"ისრაელის მოქალაქეობა არ არის სამართლებრივად დამაბრკოლებელი ფაქტორი"

ფრანგმა სამართალდამცავებმა ქართველი კოლეგების თხოვნა გაითვალისწინეს და ძებნილ ექსმინისტრს ნიცის აეროპორტში ხელბორკილები დაადეს. სასამართლომ 40-დღიანი წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა. ამ დროში პროკურატურამ საფრანგეთში დოკუმენტაცია უნდა გაგზავნოს და საფრანგეთის სასამართლო უნდა დაარწმუნოს, რომ კეზერაშვილი დამნაშავეა და მისი დაკავების პოლიტიკური საფუძველი საქართველოში არ არსებობს.

35 წლის დავით კეზერაშვილს  ბრალად ედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევა, დიდი ოდენობით ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლის მიღება. კიდევ ერთი ბრალდება ტელეკომპანია "იმედის" გასხვისებას ეხება.

უგულავა-კეზერაშვილი როგორ იყენებდა გავლენასა და ძალაუფლებას პირადი კეთილდღეობისთვის, ამის ერთ-ერთი სქემა გაზეთ "კვირის პალიტრის" #40-ში გამოქვეყნებული ჩემი კოლეგის, ემა ტუხიაშვილის სტატიითაც გაიშიფრა. გარე რეკლამაზე მოპოვებული მონოპოლია ერთ-ერთია იმ საეჭვო სქემებიდან, რომელიც ამ მაღალჩინოსნების სახელს უკავშირდება. დოკუმენტებში აშკარად ჩანს, როგორ ცვლიდნენ საკუთარი სურვილით ტენდერის პირობებს. მთავარი პროკურორი ადასტურებს, რომ პროკურატურაში კიდევ არის აღძრული რამდენიმე საქმე, სადაც კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს.  ყოფილი ჩინოსნისთვის წაყენებული ბრალი 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კეზერაშვილის დაკავების შემდეგ ბევრმა მისი ექსტრადირების საკითხი ეჭვქვეშ დააყენა და ითქვა, ვინაიდან ის ისრაელის მოქალაქეც არის, ეს იქნება უარის თქმის საფუძველიო. "კვირის პალიტრა" მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროს ირაკლი ჩილინგარაშვილს ესაუბრა:

- საერთაშორისო სტანდარტია - როდესაც ძებნილს დააკავებენ მეორე სახელმწიფოში, დამკავებელი ატყობინებს ინიციატორს. ჩვენ ინტერპოლით შევიტყვეთ და დავუდასტურეთ, რომ ის იძებნებოდა. ამის შემდეგ ძებნის ინიციატორი ამზადებს ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას, სადაც აღწერილია დანაშაულის ფაქტობრივი გარემოება, ძებნილის საიდენტიფიკაციო მონაცემები, წაყენებული მუხლის ამონაწერები თავისი დეფინიციებით. შუამდგომლობას ერთვის რამდენიმე დოკუმენტი: ბრალდების შესახებ დადგენილება, სადაც აღწერილია ბრალდების ფორმულირება, შესაბამისი დანაშაულების მითითებით და დაპატიმრების ორდერი, ჩვენს შემთხვევაში ეს არის მოსამართლის დადგენილება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე.

- ითქვა, რომ უცხოეთში ბევრი სხვა დაკავებულიც მტკიცებულებების უქონლობის გამო გაუშვეს და არ მოხდა მათი ექსტრადირება.

-  არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითხოვს მტკიცებულებებს, გარდა ისრაელის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის.

ეს სამი ქვეყანა საქმის არსებითი განხილვის შემდეგ თუ მიიჩნევს, რომ პირი დამნაშავეა, მაშინ ექსტრადირება ხდება. არსებობს კონვენციით გათვალისწინებული გარემოებები, რომლის არსებობის შემთხვევაში ექსტრადიცია არ განხორციელდება. მაგალითად, თუ ძებნილისთვის წაყენებული ქმედება არ არის დასჯადი იმ სახელმწიფოში, სადაც პირს აკავებენ. სავალდებულო მოთხოვნაა ასევე, წაყენებული მუხლი სასჯელის სახით მინიმუმ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას მაინც ითვალისწინებდეს. უარის თქმის საფუძველი ასევე შეიძლება იყოს დანაშაულის ხანდაზმულობა, თუ დაკავებულს რომელიმე ქვეყანაში მინიჭებული აქვს პოლიტიკური დევნილის სტატუსი ან აქვს თავშესაფარი. და კიდევ, თუ პირი იმავე დანაშაულისთვის მსჯავრდადებული იყო სხვა ქვეყანაში და მოხდილი აქვს სასჯელი.

- მაშინ რატომ არ გადმოსცეს მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ემზარ საბანაძე საქართველოს, რომელსაც გამოძიება ასევე კორუფციაში ადანაშაულებდა?

- საბანაძის შემთხვევაში განმსაზღვრელი იყო პოლიტიკური თავშესაფარი, რომელიც  უნგრეთში ჰქონდა, ამიტომ იტალიამ უარი თქვა ექსტრადიციაზე.

- კეზერაშვილისთვის წაყენებული ბრალდებები ფრანგული კანონმდებლობით ისჯება?

- ისეთი კატეგორიის დანაშაული, როგორიცაა ფულის გათეთრება, საყოველთაოდ დასჯადია. ახლა ვთარგმნით მასალებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გადაეცემა ჩვენს საკონსულოს საფრანგეთში, ის კი ამ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს გადასცემს, რომელიც, მასალების გაცნობის შემდეგ გადასცემს პროკურატურას, ის თავის მხრივ, მიმართავს სასამართლოს ექსტრადიციის საკითხის განხილვის მოთხოვნით. თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ დასაშვებია ექსტრადირება, ამის შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

- შეიძლება არ დაეთანხმოს სასამართლოს აღმასრულებელი ხელისუფლება?

- თუ სასამართლომ უარი თქვა, მაშინ აღმასრულებელიც ავტომატურად უარს ამბობს, მაგრამ თუ სასამართლომ ექსტრადიციაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, აღმასრულებელს პოლიტიკური მოსაზრებების გათვალისწინებით უფლება აქვს, უარი თქვას ექსტრადიციაზე. თუ ორივე დაეთანხმა, მაშინ ჩვენი ქვეყნის საბადრაგო სამსახური უზრუნველყოფს კეზერაშვილის ეტაპირებას საქართველოში.

- ამ პროცედურისთვის ვადა განსაზღვრულია?

- ერთადერთი ვადა, რაც მითითებულია, მასალების მიწოდების ვადაა. მაქსიმუმ 40-დღიანი ვადა, ამიტომ შეეფარდა კეზერაშვილს 40-დღიანი პატიმრობა.

- დავით კეზერაშვილს რომელიმე ქვეყანაში ხომ არ ჰქონდა პოლიტიკური თავშესაფარი ან თხოვნით ხომ არ მიუმართავს?

- მისი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, დაუშვებელია პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭონ.

- ამბობენ, რომ ის ისრაელის მოქალაქეა და ეს გახდება უარის თქმის საფუძველი.

- ისრაელის მოქალაქეობა არ არის სამართლებრივად დამაბრკოლებელი ფაქტორი, თუმცა არ არის გამორიცხული, ისრაელის საელჩო დაინტერესდეს თავისი მოქალაქის მდგომარეობით.

- თუ ისრაელის საელჩომ აღიარა პოლიტდევნილად და ამ მოტივით მოითხოვა მის ექსტრადიციაზე უარი, რა მოხდება?

-  საელჩოები, როცა მყარი საფუძველი არსებობს, მხოლოდ მაშინ ჩაერევიან. დარწმუნებული ვარ, მოხდება კეზერაშვილის ექსტრადიცია.

- საქართველოს მოქალაქეობაზე უარი რომ თქვას, მაინც?

- ამას არა აქვს მნიშვნელობა.

თეა ხურცილავა

"კეზერაშვილის საქმეში პროკურატურას იარაღით უკანონო ვაჭრობაც შეუძლია წამოსწიოს"

დავით კეზერაშვილის დაკავებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე გამოეხმაურა:

-  პროკურატურას, თუკი კარგად მოიძიებს კეზერაშვილის დანაშაულებს, საერთაშორისო დანაშაულის ნიშნების პოვნა არ გაუჭირდება. შეუძლიათ იარაღით უკანონო ვაჭრობის თემაც წამოსწიონ. კარგად გვახსოვს ის დეტალებიც, როდესაც აშშ-დან სპეციალური დელეგაცია ჩამოვიდა და გვითხრა, იარაღის შესყიდვებში კანონდარღვევები გაქვთო. სწორედ მაშინ ამოტივტივდა კეზერაშვილის სახელი. კეზერაშვილი წინასაარჩევნო პერიოდში "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა.  კეზერაშვილს ჰყავდა ჯგუფი, რომლის მეშვეობით შავი ზღვის ბათუმის აკვატორიაში  საწვავით დატვირთული  ტანკერები შემოდიოდა. ყველაფერი გაფორმების, განბაჟების გარეშე ხდებოდა. ცხადია, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული ამ კონტრაბანდულ საქმიანობაში. ასეთი მეთოდითაც ხვდებოდა სააკაშვილის ჯამში კეზერაშვილის "შავი ფული" - შემდეგ სააკაშვილის ორი კლანი  ერთმანეთს დაუპირისპირდა და  ვანო მერაბიშვილის დავალებით ჩატარდა სპეცოპერაცია. ამ სპეცოპერაციისას კეზერაშვილის დანაშაულებრივი ჯგუფის 25 კაცი დააპატიმრეს. მათ შორის  პორტის თანამშრომლებიც იყვნენ. ახლა გამიჭირდება იმის დაზუსტება, სააკაშვილის მითითებით ჩაატარა თუ არა მერაბიშვილმა ის სპეცოპერაცია. ალბათ, იფიქრეს, ამ საქმიდან კეზერაშვილმა საჭიროზე მეტი წილი წაიღოო. შესაძლოა, მერაბიშვილს თავად გაუჩნდა ამ გზით შემოსული ფულის გაკონტროლების სურვილი. ეს ამბავი 2011 წელს მოხდა.

ეკა ასათიანი