რკინის ქალამნებით სტრასბურგისკენ!
21-10-2013
რკინის ქალამნებით სტრასბურგისკენ!
2008 წლის აგვისტოს ომის სარჩელის განხილვა სტრასბურგში   მომავალ წელს გაიმართება(?!)

შიდა ქართლის ტერიტორიაზე საოკუპაციო ზოლის გაფართოება დროებით შეჩერებულია. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ მოძალადე ხვალ მავთულხლართებთან ახლოს მცხოვრებ სხვა ოჯახებს მიაკითხავს და მათაც აიძულებს სახლ-კარის დანგრევას. დვანელ და დიცელ იძულებით გადაადგილებულებს და ჯერ კიდევ საკუთარ სახლ-კარში მცხოვრებთაც აინტერესებთ, შეუძლიათ თუ არა თავიანთი უფლებების დაცვა საერთაშორისო სასამართლოში და ვინ უნდა იზრუნოს სარჩელის შეტანაზე - დაზარალებულებმა თუ სახელმწიფომ?

"კვირის პალიტრამ" ამის
გარკვევა  იუსტიციის სამინისტროში სცადა. დავინტერესდით იმითაც, რა შედეგი მოჰყვა საქართველოს სახელმწიფოს სახელით სტრასბურგში წლების წინ შეტანილ ორ უმნიშვნელოვანეს საჩივარს, რომელთაგან  ერთი რუსეთიდან ეთნიკური წარმომავლობის გამო ქართველების დამამცირებელ დეპორტაციას ეხებოდა, მეორე - 2008 წლის ომის დროს ოკუპანტის მიერ ჩვენი მოქალაქეების მიმართ გამოჩენილ განსაკუთრებულ სისასტიკეს.

იუსტიციის მინისტრის
მოადგილე და ჟენევის პროცესის თანამომლაპარაკებელი გოჩა ლორთქიფანიძე არასამთავრობო სექტორს მოუწოდებს, ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მოხვედრილი მოსახლეობის, მათ შორის დიცელი და დვანელი მოქალაქეების უფლებების დაცვას და აცხადებს, რომ აჯობებს, საერთაშორისო სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრები შევიდეს. მინისტრის მოადგილის აზრით, თუ სახელმწიფო ახალ სარჩელს შეიტანს, განხილვის ვადა ახლიდან დაწესდება. სახელმწიფოთაშორისი საქმეების განხილვა ისედაც გაჭიანურებულია, მაგალითად, როგორც იმ შემთხვევაში, როდესაც კვიპროსი უჩიოდა თურქეთს. პროცესი  1994 წლიდან 2001 წლამდე გაგრძელდა; რუსეთიდან დეპორტირებულების საქმის მისაღებადაც საერთაშორისო სასამართლოს დიდი დრო დასჭირდა. 2007 წლის მარტში საქართველოს სახელმწიფოს სარჩელი სტრასბურგმა მისაღებად 2009 წლის 10 ივნისს ცნო. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გაიმართა საქმის არსებითი განხილვა, მაგრამ სასამართლოდან ახლახან მოწერილი პასუხის თანახმად, საქართველო საბოლოო გადაწყვეტილებას 2014 წლის განმავლობაში უნდა ელოდოს. 

გოჩა ლორთქიფანიძე: - ჟენევის ფორმატით შეხვედრის დროს განვაცხადე, რომ ოკუპაციის ხაზის დაფიქსირება, მათ შორის - მავთულხლართების, თხრილებისა და  საფორტიფიკაციო ნაგებობების  განთავსება აშკარად გულისხმობს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას. ასეთი ქმედებით ამ ტერიტორიაზე ირღვევა იქ მცხოვრები მოსახლეობის ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებული უფლებები. მათ შორის: ქონების მშვიდობიანად სარგებლობის, თავისუფალი გადაადგილებისა და ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, სიცოცხლის უფლებაც კი. ამიტომ
მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ევროკონვენციის გამოყენების გამოცდილება, ინდივიდუალური სარჩელების შეტანაში დაეხმარონ დიცელ და დვანელ მოქალაქეებს.

იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს კონფლიქტის დარეგულირებისთვის მოლაპარაკების ყველა ფორმატში. ვაპირებთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უფლებების დარღვევის საკითხი ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე კვლავ წამოვჭრათ. ამასთან, დეპორტირებულების საქმეზე ველოდებით  სასამართლოს გადაწყვეტილებას. ასევე, ვემზადებით რუსეთის წინააღმდეგ მეორე სახელმწიფოთაშორისი საქმის არსებითი განხილვისთვის. ეს სარჩელი ეხება 2008 წლის ომის დროს ადამიანის უფლებების, კერძოდ, სიცოცხლის უფლების ხელყოფას, საკუთრების, ქონების მშვიდობიანი განკარგვის უფლების დარღვევას. საქმის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ, მომავალ წელს გაიმართება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები