"ეს არის ავადმყოფი სააკაშვილის უკანასკნელი გაბრძოლება" - კვირის პალიტრა

"ეს არის ავადმყოფი სააკაშვილის უკანასკნელი გაბრძოლება"

"პრეზიდენტმა გაქცეული პატიმარი შეიწყალა"(?!)

სააკაშვილმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2204 პირი შეიწყალა. 29 ოქტომბერს კი ხელი მოაწერა 248 მსჯავრდადებულის შეწყალებას, რომელთაგან ბევრის შესახებ შეწყალების კომისიამ არაფერი იცოდა. შეწყალებულთა შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, მძევლად ხელში ჩაგდება, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ხულიგნობა, კონტრაბანდა, გადასახადებისთვის თავის არიდება, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და სხვა დანაშაული აქვთ  ჩადენილი.

ამბობდნენ, რომ ახალ ხელისუფლებას ეშინოდა, სააკაშვილი პატიმრობაში მყოფ მინისტრებსა და ბრალდებულ თანაგუნდელებს შეიწყალებდა და სწორედ ამიტომ აჭიანურებდა პროკურატურა სასამართლოში საქმეების წარმართვას. როგორც ჩანს, ეს საფრთხე მართლაც რეალური იყო - დღეს ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას, დავით კეზერაშვილსა და სხვებს განაჩენი გამოტანილი რომ ჰქონდეთ, უკვე შეწყალებულთა სიაში იქნებოდნენ.

პრეზიდენტის შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ: იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, თინათინ ბურჯალიანის მეუღლე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი. იგი ბაჩო ახალაიას მოადგილე იყო თავდაცვის სამინისტროში. ცოტა ხნის წინ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაუსწრებლად გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს.

შეწყალებულია ზურაბ ადეიშვილის ძებნილი ძმა დავით ადეიშვილიც. იგი თელავის რაიონულმა სასამართლომ 2 თვის წინ გაასამართლა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის.

"ნაცმოძრაობის" ერთგულება პუბლიცისტ მაია ორჯონიკიძესაც დაუფასდა. შეწყალებულია ყაჩაღობისთვის ბრალდებული მისი შვილი ცოტნე მამულაშვილი.

გაუმართლა ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელ მაიზერ ლიპარტელიანსაც - მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 ოქტომბერს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ერთ კვირაში კი პრეზიდენტმა შეიწყალა.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე აცხადებს, რომ მისთვის სიურპრიზი იყო ამ ადამიანების შეწყალება.

- დარწმუნებული ვიყავი, რომ ციხიდან 120 კაცი გამოვიდოდა და 33 მსჯავრდადებულს სასჯელი გაუნახევრდებოდა. ტელევიზიით კი გავიგე, რომ კომისიამ 248 ადამიანი შეიწყალაო და გაოგნებული დავრჩი.

- ქალბატონო ელენე, ამ ხალხს თქვენთვის შეწყალების თხოვნით არ მოუმართავს?

- მათი განცხადებაც კი არ შემოსულა კანცელარიაში. ჩვენ ვერ განვიხილავდით მათ საჩივრებს, რადგან სასჯელის ნახევარი მოხდილი არ ჰქონდათ. როგორ განვიხილავდით დავით ადეიშვილის საქმეს, რომელიც ციხეში არ მჯდარა? 1995 წლიდან კომისიაში ვარ და ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც გაქცეულ პატიმარს პრეზიდენტი იწყალებს. 17 ნოემბრამდე პრეზიდენტს კიდევ შეუძლია, კომისიის გვერდის ავლით შეიწყალოს ნებისმიერი პატიმარი.

- როგორ ფიქრობთ, შეიძლება მან ბაჩო ახალაიას შეწყალებაც მოასწროს? მას ხომ ციხის ბუნტის საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს...

- აღარაფერი გამიკვირდება, თუმცა რადგან მას სხვა დანაშაულშიც ედება ბრალი, ციხიდან მაინც ვერ გამოვა.

დეპუტატი გია ცაგარეიშვილი თვლის, რომ ეს სააკაშვილის უკანასკნელი გაფართხალებაა: - ავაზაკმა ავაზაკები შეიწყალა. ისეთი კონტინგენტია შეწყალებული, არ გამოვრიცხავ, ეს კრიმინალური გარიგებაც ყოფილიყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრო ბარნოვსა და შეწყალებულთა ახლობლებს შორის. ელენე თევდორაძემ განაცხადა, რომ განცხადებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბარნოვთან შედიოდა და ალბათ, სიაც იქ შედგა. ბარნოვი ამბობს, პრეზიდენტმა პოლიტიკური დევნილები შეიწყალაო. თუ ბარნოვი მიიჩნევს, რომ რეციდივისტები, მკვლელები, ყაჩაღები პოლიტიკური დევნილები არიან, ესეც არ გამიკვირდება არც მისგან და არც მისი პრეზიდენტისგან.

- აცხადებთ, რომ შესაძლოა, ეს გარიგება ყოფილიყო... ფიქრობთ, პრეზიდენტმა ფული აიღო?

- როცა ასეთ ადამიანებს იწყალებს, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, ხომ არ აიღეს ქრთამი? მათ ხომ ცოტა დრო დარჩათ და ცდილობენ, შეიწყალონ კრიმინალები და მკვლელები. ასევე ეცდებიან, ციხიდან გამოუშვან ბაჩანა ახალაია და მისი მსგავსი დამნაშავეები. თავის თანაგუნდელებს ხომ უნდა დაეხმაროს!

რაც ახლა სააკაშვილმა გააკეთა, ეს არის ავადმყოფის უკანასკნელი გაბრძოლება. არც ახალაიას შეწყალებას გამოვრიცხავ.

P.S. შესაძლოა, წასვლის წინ სააკაშვილმა ერთი სიურპრიზიც მოუწყოს ქართველ საზოგადოებას და ახალაია მართლაც შეიწყალოს.

თეა ხურცილავა