"ზუგდიდში, წართმეულ უნივერმაღ "ენგურში" ზონდერები ხალხს აუპატიურებდნენ"
11-11-2013
"ზუგდიდში, წართმეულ უნივერმაღ "ენგურში" ზონდერები ხალხს აუპატიურებდნენ"
"მთელი საქართველოს გასაგონად ვამბობთ, თუ როლანდ ახალაიას, რომეო საჯაიასა და მოსამართლე დავით კეკენაძეს არ დასჯიან, ჩვენ თვითონ გამოვუტანთ მათ განაჩენს"

"მთავარმა პროკურორმაც დაადასტურა, საქმეები ბოლომდე მიყვანილია, მაგრამ პოლიტიკური მოტივის გამო ვერ ვიღებ გადაწყვეტილებასო"

"ბაჩო ახალაიას მალე ამ საქმეზე ახალ ბრალს წაუყენებენ"


ბიზნესმენი დავით როგავა ზუგდიდის ყოფილ საოლქო პროკურორ როლანდ ახალაიას, ყოფილ პროკურორ რომეო საჯაიას (ამჟამად ადვოკატი. - ავტ.), ზუგდიდის მოსამართლე დავით კეკენაძისა და ბაჩო ახალაიას დასჯას ითხოვს. ამბობს, რომ უნივერმაღი
"ენგური", რომელიც აქციონერებისგან მან და მისმა მეუღლემ, ხათუნა კაკაჩიამ, შეიძინეს, როლანდ ახალაიამ წაართვა.

დავით როგავა: - 2004 წელს სააკაშვილმა ბიზნესმენებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოგვიწოდა, მეც დავბრუნდი და უძრავი ქონება შევიძინე. 2006 წელს ზუგდიდის ცენტრში ყოფილი უნივერმაღი სრულიად კანონიერად ვიყიდეთ. ამ პერიოდში ბიძა გარდამეცვალა და ზუგდიდში ჩამოსულს
მითხრეს, ქონება სახელმწიფოს უნდა აჩუქოო. არ დავთმობ-მეთქი, შევუთვალე როლანდ ახალაიას. ამის მერე ფირმის დირექტორი თამაზ ქანთარია პროკურორმა რომეო საჯაიამ დაიბარა, უნივერმაღი მოგვეცით და გადახდილ თანხას უკან დაგიბრუნებთო. თანხა 500.000 ლარს შეადგენდა. დავის თავი არ მქონდა და ფულს თუ დამიბრუნებდნენ, თანახმა ვიყავი, დამეთმო. მერე მითხრეს, თუ მთავრობას არ აჩუქებ, დაგიჭერთო. ქონების შესყიდვის ხელშეკრულება უამრავ სპეციალისტს ვაჩვენე. ყველაფერი წესრიგში იყო და გადავწყვიტე არაფერი დამეთმო. ამას მოჰყვა ჩვენი ორი იურისტის, თამაზ ქანთარიასა და თორნიკე ცხადაიასთვის ბრალის შეთითხნა, საქმე უკანონოდ შეძენილი ქონების შესყიდვის ბრალდებით აღძრეს და 5-5-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ, მაგრამ მათ ქვეყნიდან გაქცევა მოასწრეს. 

- როლანდ ახალაიას არ შეხვედრიხართ?

- 2008 წელს მე და ჩემი მეუღლე შევხვდით თავის კაბინეტში. წესიერი ხალხი ყოფილხართ, არ ვიცოდი ეს ამბავი, თორემ ხელს შეგიწყობდით, ჩემთან ვერ მოხვედით თავიდანო? ახლა საპროცესო შეთანხმება გავაფორმოთ თქვენს თანამშრომლებთან და ყველაფერი ასე დამთავრდებაო. ჩემმა მეუღლემ პირდაპირ უთხრა, არავითარი საპროცესო არ იქნება და არც ქონებას დავთმობთო. საპროცესოს გაფორმებით ცდილობდნენ უკანონობის "გაპრავებას", მაგრამ ამის საშუალება არ მივეცით... მერე ჩემმა ახლობელმა (კუდ-ში მუშაობდა) მითხრა, სასწრაფოდ თუ არ წახვალ, წამალს ჩაგიდებენო. მეც იმავე დღეს წავედი ქვეყნიდან. წარმოიდგინეთ, ქონება როლანდ ახალაიამ წამართვა და მერე მისმა შვილმა ბაჩომ, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო, ქონებას გრიფი "საიდუმლო" დაადო.

ახლა მთელი საქართველოს გასაგონად ვამბობ, თუ როლანდ ახალაიას, რომეო საჯაიასა და მოსამართლე დავით კეკენაძეს არ დასჯიან ჩემი 6-წლიანი წამებისთვის, მე თვითონ გამოვუტან მათ განაჩენს, სამართალს აღვასრულებ. წელიწადია ველოდები გამოძიებას, მაგრამ შედეგი არ ჩანს. თითქმის გავკოტრდი. მაშინ მოსამართლე დავით კეკენაძეს ორჯერ შევხვდი რესტორანში. მითხრა, ვიცი, შენს იურისტებს დანაშაული არ ჩაუდენიათ, მაგრამ ეს რომ არ გავაკეთო, როლანდ ახალაია მე დამიჭერს. ამიტომ გირჩევ, საქმე როლანდთან მოაგვარეო. ვერ ვაგვარებ-მეთქი, მაშინ უნდა წაგართვა ეს ქონება და უნდა დავიჭირო ისინი, სხვა გზა არ არისო. ჩემი იურისტები რომ გაასამართლა, მერე მოსკოვში სამჯერ დამირეკა კეკენაძემ. ჩამოდი და ყველაფერს მოვაგვარებთ, ნურაფრის გეშინიაო. ჩემი ჩამოტყუება და დაჭერა უნდოდათ, მაგრამ ამ ანკესზე არ წამოვეგე. 

- თქვენი ქონება ახლა სახელმწიფოს საკუთრებაა?

- ვერ დავადგინე, რადგან გრიფი "საიდუმლო" ადევს. შენობა სამსართულიანია, გამიკვირდა, პირველ და მეორე სართულზე კიბე ჩამონგრეული რომ დამხვდა. თურმე ეს საგანგებოდ გაუკეთებიათ. შენობის უკანა მხრიდან კიბე დატოვეს და იქიდან ადიოდნენ მესამე სართულზე ზონდერები. ეს იყო სადამსჯელო ადგილი, აქ აუპატიურებდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ ხალხს. ბოლო სართული გაარემონტეს, ტრენაჟორები, კონდიციონერები დადგეს, ფანჯრები დაბურული იყო,  გარეთ რომ არავის არაფერი დაენახა. ტაქსის მძღოლებსაც არ აყენებდნენ იმ ტერიტორიაზე. იქ ავარჯიშებდნენ ზონდერებს. ერთი სიტყვით, უბედურების ბუნაგი იყო. ეს მთელმა ზუგდიდმა იცის მაგრამ ხალხი შიშით ხმას ვერ იღებდა.

ბრალდებული თორნიკე ცხადაია სამშობლოში არჩევნების შემდეგ დაბრუნდა და ისიც, სამართლის აღსრულებას ითხოვს.

თორნიკე ცხადაია: "ყველა თმობდა ქონებას და ჩვენგან წინააღმდეგობას რომ წააწყდნენ, გაუკვირდათ და ამიტომ დაგვსაჯეს. ხალხი დააშინეს და ცრუ მოწმეებად გამოიყვანეს პროცესზე. ისინი დღეს ამხელენ რომეო საჯაიას და ჩვენება უკვე მისცეს პროკურატურას. რომეო საჯაია როლანდ ახალაიას ჯიბის პროკურორი იყო. 5 წელი ვიმალებოდი სავსებით უდანაშაულო. ამ უკანონობისთვის პასუხი უნდა აგონ. ახალი ხელისუფლება ყველას ვერ დასჯის, მაგრამ ჯიბის მოსამართლეებს, როგორიც დავით კეკენაძეა, პროკურორებს, როგორიც რომეო საჯაიაა, უნდა აზღვევინონ. დაინტერესდნენ, რატომ აწერიათ ასეთი უცნაური საქმეები. ძნელია იმ ადამიანის გვერდით ცხოვრება, რომელმაც 5 წელი ამოგლიჯა შენი ცხოვრებიდან. ჩემნაირი ბევრია და თუ სამართალი არ აღდგება, ხალხი გადავა ანგარიშსწორებაზე". 

ადვოკატი მირიან ნიკოლაძე: "საქმე აღძრულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. გამოძიებამ ყველაფერი გააკეთა სიმართლის დასადგენად, პასუხისგებაში მისაცემი არიან რომეო საჯაია, როლანდ ახალაია, დავით კეკენაძე და ბაჩო ახალაია, ბრალიც გამზადებული აქვთ. ბაჩომ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და გრიფი "საიდუმლო" დაადო სავაჭრო ობიექტს. მას ახალ ბრალს მალე ამ საქმეზეც წაუყენებენ. უსასრულობამდე ლოდინი ხომ არ შეიძლება? მთავარ პროკურატურაში მითხრეს, ყველაფერი მზად არის ბრალის წარსადგენად, მაგრამ ბენზინი რომ გადაისხათ და თავიც რომ დაიწვათ პროკურატურის წინ, მათ არ დავაკავებთ, სანამ კოაბიტაცია არ დასრულდება, რადგან საქმეს პოლიტიკურ სარჩულს დაუდებენო. მერე მთავარმა პროკურორმაც დაადასტურა, საქმეები ბოლომდე მიყვანილია, მაგრამ პოლიტიკური მოტივის გამო ვერ ვიღებ გადაწყვეტილებასო. ჩვენ რომ ხმა არ ამოგვეღო, ეს ქონება ახლა როლანდ ახალაიას სახელზე იქნებოდა... კიდევ ერთ დაზარალებულს, ვლადიმერ აბსანძეს ვიცავ, მასაც წაართვეს სასტუმრო "ოდიში", ხელწერა იგივეა, იგივე ხალხი მონაწილეობდა. განსხვავება ის არის, რომ იმ კაცმა ქონება დათმო. ასეთი ასეულობით შემთხვევაა ზუგდიდში".

ყოფილ პროკურორ რომეო საჯაიას უსაფუძვლოდ მიაჩნია ყველა ბრალდება.
რომეო საჯაია: "მარტივად არის საქმე. როგავას წარმომადგენლებმა იცოდნენ, სადავო ქონებას რომ ყიდულობდნენ, ამიტომ ისინიც მიეცნენ პასუხისგებაში. სამი ინსტანციის სასამართლო გაიარა ამ დავამ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. რა შუაშია აქ გამომძიებელი?

- ისინი მოსამართლესაც უჩივიან. ამბობენ, რომ ამ ყველაფრის უკან როლანდ ახალაია იდგა.
- რა შუაშია როლანდ ახალაია? მილიონიანი ქონების შეძენა კაპიკებად უნდოდათ და არ გამოუვიდათ. ცდილობენ სკანდალი ატეხონ, მაგრამ ვერ შეძლებენ, რადგან ეს ქონება მე კი არა, სახელმწიფოს ეკუთვნის. კონტროლის პალატამ დაადგინა, ყველა ეს ობიექტი უკანონოდ რომ იყო გასხვისებული და მასალა პროკურატურას გადასცა.  

- რატომ დაადო ბაჩო ახალაიამ უნივერსამის დოკუმენტებს გრიფი "საიდუმლო"? ამბობენ, რომ იქ, ბოლო სართულზე ადამიანებს აწამებდნენ.
- ტყუილია... ის უნივერსამი სახელმწიფოს გაქირავებული ჰქონდა(?!). 

- დაზარალებულები ამბობენ, თუ სამართალი არ აღდგება, თავად აღვასრულებთ სამართალსო.
- ხომ ხედავთ, დამნაშავეებთან გვაქვს საქმე. არც როგავასი მეშინია და არც არავისი. ვერავინ გამისწორდება, სცადონ და კანონის წინაშე აგებენ პასუხს. ვფიქრობ, ის იურისტი ბიჭები, ცხადაია და ქანთარია, იარაღი გახდნენ ამ თაღლითების და შარში გაეხვივნენ".

ჩვენ დავუკავშირდით მოსამართლე დავით კეკენაძეს, რომელსაც უსაფუძვლოდ მიაჩნია ყველა ბრალდება და ამიტომაც ამ საკითხზე ლაპარაკი საჭიროდ არ ჩათვალა. როლანდ ახალაიამ კი ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

თეა ხურცილავა
diana
11 ნოემბერი 2013 18:40
''ბიბინა''-ს ჯერ ნიკის გამო ხარ საცოდავი და ისედაც გეტყობათ ნაცების მონებს გონებაჩლუნგობა :)
bibinas
11 ნოემბერი 2013 13:38
ხოდა ქალბატონო ბიბინა, არ გინდოდათ კბილაშვილი და შპარგალკიანი მოწმეები? კიბატონო. მე პირადად მინდოდა, მაგრამ ჩიორას წიოკმა წაიღო ტვინი და ეტყობა მიიღებთ მისაღებს.
ბიბინა
11 ნოემბერი 2013 12:32
მორჩით ჭორაობას რა...თუ რამის დადასტურება შეგიძლიათ, სასამართლოში რატომ არ მიბრძანდებით????შპარგალკებიან მოწმეებს რომ აცოდვილებთ იქ..ტყუილებს ავრცელებთ და იმიტომ!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები