დაგვიანებული ჯარიმები - მძღოლების თავსატეხი - კვირის პალიტრა

დაგვიანებული ჯარიმები - მძღოლების თავსატეხი

მაჩანჩალა ფოსტალიონი თუ  ხაფანგიხელისუფლებისგან?!

"როცა მესამე-მეოთხე შემთხვევის შემდეგ მოგაქვს ჯარიმების მთელი დასტა ერთდროულად, Aხომ მიჩენ ეჭვს, რომ სახელმწიფო მძარცვავს?"

"თუნდაც ფოსტას დაეგვიანოს, ეს რა ჩემი საქმეა"

ექსპერტები და პოლიტიკოსები სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების დანაკლისზე მსჯელობენ. ზოგი ამბობს, რომ ხელისუფლება ბიუჯეტში ფულის მობილიზებას ყველა გზით ცდილობს, მათ შორის მოქალაქეების მასობრივად დაჯარიმებასაც არ ერიდება. ბუნებრივია, როცა აშავებ, პასუხიც უნდა აგო, მაგრამ რას მივაწეროთ ის ფაქტი, რომ მძღოლების არცთუ მცირე ნაწილმა ჯარიმების მთელი დასტა რამდენიმე თვის დაგვიანებით, ერთად მიიღო. ჯარიმების ნაწილი სათვალთვალო კამერით ერთსა და იმავე ადგილას არის დაფიქსირებული, მაგრამ პირველი შემთხვევისთანავე, გასაფრთხილებლად, მძღოლებისთვის შეტყობინება არავის გაუგზავნია(?!). მძღოლMმა, რომელმაც სადმე მაღალი სიჩქარით გაიარა და საჯარიმო შეტყობინება არ მიუღია, ჩათვალა, რომ კანონი არ დაურღვევია. თუმცა, კაცი ბჭობდა და შს სამინისტროში იცინოდნენო, ჯარიმები ყველას მიუვიდა, თან რამდენიმე ერთად და დაგვიანებით (მაგ. ივნისის ჯარიმა ნოემბერში მოვიდა). მიუხედავად ამისა, ბოდიშიც არავის მოუხდია. "კვირის პალიტრამ" ამ კითხვებით მიმართა შსს-ს, ასევე ესაუბრა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს და რამდენიმე დაზარალებულს.

ნინო გიორგობიანი, შსს-ს პრესსამსახურის უფროსი: - ჩვენ ყოველთვის დროულად ვაფიქსირებთ დარღვევებს და ერთიან ბაზაში შეგვაქვს. ქვითრის ადრესატთან მიტანა ფოსტას ევალება. მან საჯარიმო ქვითრები დროულად არ მიაწოდა მოქალაქეებს, დარიგება ახლახან დაიწყო და იმიტომ დაგროვდა ბევრი ერთად. ეს ხარვეზი უკვე გამოსწორებულია.

- მძღოლების ერთი ნაწილი ჯარიმებს აპროტესტებს. თუ გეგმავს სამინისტრო კანონის ლიბერალიზაციას?

- მალე გამოვაცხადებთ მინისტრის ახალ ინიციატივას, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, კერძოდ, ჯარიმების თანხის ოდენობის შემცირებას.

- შეგიძლიათ გადაჭრით უთხრათ მოქალაქეებს, რომ გადაცდომისთვის მათ ხელფასებთან შეუსაბამო (100 ლარი სიჩქარის 15 კმ/სთ-ით გადამეტებისთვის) ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევთ?

- ინიციატივას პარლამენტს წარუდგენენ და განხილვის შემდეგ ცვლილება ძალაში შევა. ვფიქრობ, ახალი ინიციატივის ამოქმედებას დიდი დრო არ დასჭირდება.

რობერტ იანტბელიძე, ექსპერტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში: - საგზაო წესების დარღვევის დროს ფიქსირდება კანონდარღვევები, რომლის პატიებაც დაუშვებელია. მაგალითად, წითელ შუქზე გავლა ყველა ქვეყანაში მკაცრად ისჯება. ასეთ დარღვევაზე გადასახადი კი არ უნდა შევამციროთ, პირიქით, მისი გაზრდა უნდა მოვითხოვოთ. ამ დროს მძღოლი მხოლოდ საკუთარ თავს კი არ უქმნის საფრთხეს, არამედ სხვების სიცოცხლესაც.

პრობლემა გაზრდილი ჯარიმები კი არა, ის არის, რომ ხშირად მოქალაქეებს უკანონოდ აჯარიმებენ და არც არაფერს უხსნიან. ქვითარს ადამიანი წერს, ამიტომ ცდომილების მაჩვენებელი დიდია. როცა მან კადრში ნახა ოთხი ავტომანქანა და ვერ გაარჩია, ვინ გადააჭარბა, ადგა და ვინც მისი ხედვის არეში მოხვდა, ყველას გამოუწერა ჯარიმა. ასე იმიტომ გვექცევიან, რომ ქართველი მძღოლი ვერ იცავს თავის უფლებებს. ჯარიმების დაფიქსირების მექანიზმი არასწორია, რითაც მძღოლები ზარალდებიან.

- პირველი დაჯარიმების დროს ქვითარი კანონდამრღვევს ერთ კვირაში მაინც უნდა ჩაბარდეს, თუმცა ბოლო დროს თვეობით აგვიანებენ და მერე ერთად მოაქვთ.

- ესე იგი, შეგნებულად გვიგებენ ხაფანგს. სამ დღეში რომ ქვითარს ჩამაბარებენ, მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენ, მეცოდინება, სად არ უნდა ვიარო მაღალი სიჩქარით. როცა მესამე-მეოთხე შემთხვევის შემდეგ მოგაქვს ჯარიმების მთელი დასტა და 400 ლარით მაჯარიმებ, ხომ მიჩენ ეჭვს, რომ სახელმწიფო მძარცვავს? სამწუხაროდ, ამისთვის არავინ ისჯება, იმიტომ, რომ მომჩივანი ხალხი არა ვართ.

- სამინისტრო ფოსტას ადანაშაულებს, ქვითრების დარიგება დააგვიანაო.

- როცა თვეობით აგვიანებს ქვითრების ადრესატამდე მიტანას, ეს ნიშნავს, რომ მოვალეობას შეგნებულად არ ასრულებს. თუნდაც ფოსტას დაეგვიანოს, ეს რა ჩვენი საქმეა? შენ სახელმწიფო სტრუქტურა ხარ და უნდა მოაგვარო პრობლემა. ფოსტასთან ხომ გაქვს ხელშეკრულება, მათ აქვთ ვალდებულებები, კეთილი ინებე და მე ნუ დამაზარალებ. როცა ამას აკეთებ, დიდი მიზეზი მაქვს ვიფიქრო, რომ შეგნებულად ცდილობ ინფორმაციულ ვაკუუმში ჩემს მოქცევას.

- "კვირის პალიტრას" ამის შესახებ არაერთხელ უსაუბრია პასუხისმგებელ პირებთან. ისინი ამბობენ, რომ არავინ იხდის ჯარიმას მანამ, სანამ ქვითარს პირადად არ მოაწერენ ხელს.

- რამდენიც გინდა, იმდენი ფაქტი ფიქსირდება, - კაცს ჯარიმის ჩაბარებაზე ხელი არა აქვს მოწერილი, მაგრამ თანხის გადახდამ მაინც მოუწია, ზოგ შემთხვევაში საურავიც დაუკისრებიათ. ისეთებიც არიან, რომლებმაც გადაიხადეს ჯარიმა, მაგრამ იმავე ნომრით მეორედ მიუვიდათ 100 და 150-ლარიანი ჯარიმები. პრობლემა ის არის, რომ ზოგს გადაგდებული აქვს ქვითარი და ვეღარაფერს ამტკიცებს.

დავით გიგუაშვილი, დაზარალებული: - 19 აგვისტოს მივიღე სიჩქარის გადაჭარბებისთვის საჯარიმო ქვითარი და მალევე გადავიხადე. ისიც გადავამოწმე, მქონდა თუ არა სხვა ჯარიმები და საიტზე ამის შესახებ ინფორმაცია არ იყო. ახლა კი ერთად მომივიდა ივლისში გამოწერილი 4 საჯარიმო ქვითარი. როგორ მოხდა, რომ აგვისტოში საგზაო წესის დარღვევისთვის გამოწერილი ქვითარი ერთ კვირაში ჩამაბარეს, ივლისში გამოწერილის ჩასაბარებლად კი 4 თვე დასჭირდა?

- თვლით თავს დამნაშავედ თუ ვირტუალურმა თვალმა უკანონოდ დაგაჯარიმათ?

- არ ვამბობ, რომ იმ ადგილას არ გამივლია, ავტომანქანა აშკარად ფიქსირდება, მაგრამ როდის გავიარე და რა სიჩქარით, ვერ ვიხსენებ, მას შემდეგ თვეები გავიდა. თუ ჯარიმას იმიტომ წერ, რომ მძღოლი გააფრთხილო, რომ მეორედ არ დაარღვიოს წესი, რატომ მოგაქვს ქვითრები სამი-ოთხი თვის დაგვიანებით? როცა მეცოდინება, რომ კონკრეტულ ადგილზე შეზღუდვაა და დავჯარიმდები, აღარ დავარღვევ, ჩემი თავის მტერი ხომ არა ვარ?

უტა ბიწაძე