კანონების მორგების წელი - კვირის პალიტრა

კანონების მორგების წელი

"თუ არავინ გვიმკურნალა, საყოველთაო ფსიქოზი გარდაუვალია"

როგორი იყო გასული წელი სამართლებრივად? სამწუხაროდ, წინასაახალწლო განწყობას ცნობილი იურისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების შეფასებები ნამდვილად არ ესადაგება. წლევანდელი სამართლებრივი მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით უფრო და უფრო დამძიმებული და პოლიტიზებულია.

როცა წლის სამართალზე შემაჯამებელი სტატიის მომზადებას ვიწყებ, გულდასმით ვათვალიერებ გასული წლის გაზეთის ყველა ნომერს, ვიხსენებ, რა მოხდა მთელი წლის განმავლობაში. ამჯერადაც ასე მოვიქეცი, მით უმეტეს, რომ წელს ჩვენმა სასამართლო სისტემამ "დავიწყების" საშუალება არ მოგვცა. ეს იყო წელი, რომელსაც კანონების პოლიტიკურ ვითარებაზე მორგების წელს დავარქმევდი.

ოპერაცია "შენი ქონება მე"

ირაკლი ოქრუაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირების შემდეგ, მისი მეგობარი ქიბარ ხალვაშის მრავალმილიონიანი ქონება ხელისუფლებამ მიითვისა. ამ აშკარა ყაჩაღობაში კი, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, კანონი გამოიყენა. კანონით, რომელიც ხალვაშის "დაყაჩაღებამდე" იყო ძალაში, ქონების წასართმევად  დასრულებული დავა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება იყო საჭირო. ამას კი დრო ესაჭიროებოდა. ამიტომ პარლამენტმა სასწრაფოდ შეიტანა კანონში, შეიძლება ითქვას, სამარცხვინო ცვლილებები და ის ბიზნესმენებთან ბრძოლის იარაღად აქცია. სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულიყო, მაგრამ დარჩენილი ქონება აუქციონზე მაინც გაიტანეს. თუმცა მყიდველი არა და არ გამოჩნდა. ყველა აუქციონი მყიდველის არარსებობის გამო ჩაიშალა.

ხელისუფლებამ ამჯერადაც გამოძებნა გამოსავალი და მორიგი ცვლილება შეატანინა პარლამენტს კანონში. კერძოდ, თუ აუქციონზე ქონება არ გაიყიდებოდა, ორჯერ გატანის შემდეგ ავტომატურად სახელმწიფოს ხელში გადადიოდა. ამავე ხერხს მიმართა ხელისუფლებამ "საკნების ქალაქის" აღების შემდეგ. მან პოსტფაქტუმ შეიტანა კანონში ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების აკრძალვის თაობაზე და პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში მოქალაქეებს 90-დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი განუსაზღვრა.

KvirisPalitra.Geთავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა, ანუ თავდასხმა პრესაზე

ოფიციალური  და ტელეკომპანიების ვერსიით, 24 წლის რატი რეხვიაშვილმა უზნაძის ქუჩაზე ქალს სამკაული ჩამოჰგლიჯა და გაქცევა დააპირა. როცა პოლიციელებმა გივი აფციაურმა, მიხეილ ბარამიძემ და გიორგი თაბორიძემ მისი დაკავება სცადეს, რეხვიაშვილმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში საქართველოს პრეზიდენტი წმინდა მიხეილის საავადმყოფოში მივიდა და მეტად უცნაური რამ ბრძანა: პოლიციელების სისხლი მან ნაწილობრივ პრესასაც დააკისრა. თუმც ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ პრეზიდენტი ამით თავისი შეცდომის მიჩქმალვასაც ცდილობდა. მან კარგად იცოდა, ჟურნალისტები უთუოდ გაარკვევდნენ, მკვლელი რეხვიაშვილი შეწყალების კომისიის გვერდის ავლით სწორედ პრეზიდენტმა რომ შეიწყალა პროკურატურის მიწოდებული სიით. არადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე პრესასთან ერთად მუდამ იმას გაიძახოდა, პატიმრებს კომისიის გვერდის ავლით ათავისუფლებენ და ეს დაუშვებელიაო.

მაშინ პრეზიდენტმა თქვა, პრესამ "პოლიციელები დააკომპლექსა. მათ რომ იარაღი გამოეყენებინათ, არაფერი მოხდებოდაო. ამიტომ ჩვენ კითხვები დავუსვით პრეზიდენტს: რატომ შეიწყალა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდადებული პირები, როცა ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის პატიმრობამისჯილი პირებით გავსებულია ციხეები, რაზეც პასუხი დღემდე არ მიგვიღია. პირიქით, პასუხის ნაცვლად გირგვლიანის მკვლელებიც გაათავისუფლეს და კიდევ ერთი "პროკურატურული შეწყალებაც" მოაწყვეს.

"დაზარალებული ბრალდებული"

საქართველოში არცთუ იშვიათად დაზარალებული თავად ხდება ბრალდებული. უშედეგო სიარულით დაღლილი და დაუცველობის სინდრომით შეპყრობილი მოსახლეობა გადაწყვეტილებას იღებს, თავად აღადგინოს სამართლიანობა და პროკურატურის, პოლიციისა და სასამართლოს ფუნქციები იტვირთოს. შემთხვევამ, რომელიც გურჯაანის რაიონში მოხდა, მთელი საქართველო აღაშფოთა, მაგრამ  აღშფოთება აღშფოთებად დარჩა.

მართალია, გურჯაანელი პაპალაშვილების ბაღი პირწმინდად გაკრიფეს, მაგრამ საბრალდებო სკამზე ქურდი კი არა, თავად მამა-შვილი პაპალაშვილები დასხდნენ. მას შემდეგ, რაც ატმის ქურდი დაატყვევეს და მისგან ზარალის ანაზღაურების პირობაც მიიღეს, ადამიანისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ბრალდებით ორივე დააპატიმრეს. რატომ არ მიმართეს პროკურატურას, სოფელს ერთი პასუხი ჰქონდა: "სად არის ან კანონი, ან სამართალი ჩვენისთანა ხალხისთვის? სოფელი ქურდობამ წალეკა და პატრონი კი არავინ გვყავს. პოლიცია რო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ამიტო არის, რომ ხალხი თვითონ ეძებს სამართალს. რო ამბობენ, გეჩივლათ, სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიგემართათო, როცა მივმართეთ, რა გამოვიდა?"

დიმიტრი გაბუნია, ადვოკატი: - სასამართლო სისტემა პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან, ის პოლიტიზებულია. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა საქმეები. ამ სასამართლო პროცესებზე დავრწმუნდი, რომ ევროკონვენციის მეექვსე მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) არსებობა ყველას დაავიწყდა. მახსენდება ბლეზ პასკალის სიტყვა, რომელიც ზედგამოჭრილია ქართული რეალობისთვის: "მართებულია დაემორჩილო სამართლიანობას, მაგრამ შეუძლებელია არ დაემორჩილო ძალას. სამართლიანობა, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს ძალა, უძლურია. მაშასადამე, საჭიროა ძალის და სამართლის შერწყმა. ამიტომ ან სამართალი უნდა გახდეს ძლიერი, ან ძალა - სამართლიანი". დღეს ძალა არის, მაგრამ სამართალი? მთრგუნავს იმ მოსამართლეების ყურება, რომლებიც დარბაზიდან გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თავჩაღუნული გარბიან.

კანონში შესული ცვლილებები მოარგეს  კონკრეტულ სიტუაციებს. მთელი საქართველო იპოთეკაშია ჩაგირავებული. ბანკებს ქონების რეალიზაცია გაუადვილეს. უფრო სწორად, არც სჭირდებათ  ქონების რეალიზაცია, ხშირად პირდაპირ გადადის ბანკების ხელში.

ამიტომაც დააგროვეს ბანკებმა დიდძალი ქონება. ამ ქვეყანაში არავის არაფრად უღირს ადამიანი და მისი უფლებები. მოქალაქეები იმიტომ იხდიან გადასახადებს, რომ მათ სახელმწიფო სტრუქტურებში მოკალათებული ჩინოვნიკები მოემსახურონ. ჩვენთან კი პირიქით ხდება. ასეთი სახელმწიფო სამართლებრივი ვერ იქნება. საზოგადოებამ ძალიან ბევრჯერ გამოხატა პროტესტი, მაგრამ ვერ მიიღო შედეგი, ამან კი  საყოველთაო ნიჰილიზმი გამოიწვია. ქართველი ერი ღრმა დეპრესიაშია. თუ არავინ უმკურნალა, საყოველთაო ფსიქოზი გარდაუვალია.

მყავს ერთი კლიენტი, რომელმაც სამართალი ვერსად იპოვა. ეს ქალი დღეს ჩანთაში მჟავიანი ქილით დადის, რომ მის დამაქცევარს შეასხას. სახელმწიფო რომ აქამდე მიგიყვანს, გამოდის, ის აღარ არსებობს.

ნინო გვენეტაძე, ყოფილი მოსამართლე: - ბოლო პერიოდში  გამოცხადებული საკანონმდებლო ცვლილებებით ხელისუფლებამ  აღიარა თავისი რეპრესიული პოლიტიკა. ხელისუფლებამ საჯარო უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა განიზრახა არა მრავალმხრივი ღონისძიებებით, არამედ რეპრესიის გაძლიერებით. სასჯელის შიშს უნდა შეეკავებინა საზოგადოება, - ეს მეთოდი ბევრმა ქვეყანამ სცადა, მაგრამ ყველგან ჩავარდა.

ამ ხელისუფლებამ კონსტიტუციით მინიჭებული ადამიანის უფლებების დაცვის პრიორიტეტი ეჭვქვეშ დააყენა. სამართლიანობის იდეა არ ასაზრდოებს სასამართლო ხელისუფლებას. ეს წელს ძალზე აშკარა გახდა. ცოტა ხნის წინ ტელევიზიით გასული სიუჟეტი მინდა გავიხსენო: კახეთის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა. სოფელი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვდა. საოცარი ის იყო, რომ ამას ქალები ამბობდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ნდობა სასამართლოსა და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსადმი ნულია. არც ერთი არ იყო იმ ქალთაგან თავში ქვის ჩამრტყმელი, ამას სასოწარკვეთილების გამო ამბობდნენ. ხალხს არა აქვს იმედი, რომ სახელმწიფო სამართალს გაუჩენს. მას არა აქვს გარანტია, რომ დამნაშავეს დასჯიან, საპროცესო გარიგებით ორ დღეში გარეთ არ გამოუშვებენ ან საარჩევნო ხმების სანაცვლოდ  დაუმსახურებლად არ შეიწყალებენ.

- მოსამართლე თუ ჩინოვნიკიც ხომ საზოგადოების ნაწილია? ისინი ყველა უსამართლობას შიშით ამართლებენ.

- შენი პრინციპების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ გეშინია, უზნეობაა. მით უფრო დიდია უზნეობა, როცა უსამართლო გადაწყვეტილებას მოსამართლე ამით ამართლებს. ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ, მაგრამ უსამართლობა ერთ დღესაც ყველას კარს მიადგება.

თუ ჩვენი საზოგადოება ოდნავ მაინც ასწევს თავს მაღლა, გადავრჩებით. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი მისია გაცნობიერებული რომ ჰქონოდა, ხელისუფლება ვერ გაბედავდა ამდენს. დღეს მე კარგად ვარ და პრობლემა რატომ უნდა შევიქმნაო, ეს მიდგომა დამღუპველია. არ მეგონა, დღევანდელ საზოგადოებაში თუ ვინმე ლინჩის წესით გასამართლებაზე იფიქრებდა. ეს არის შედეგი იმისა, რომ საზოგადოებამ დაკარგა რწმენა.

უსამართლოდ დასჯილი ხალხის მასა არა მარტო კონკრეტულ პირებზე, არამედ ყოველ ჩვენგანს გაუსწორდება. საზოგადოება, რომელიც უსამართლოდ არის რეპრესირებული, მუდმივად ცდილობს პასუხი გაგებინოს. ხალხი კარგად ხედავს, სად არის ფასადი და სად - რეალობა.

რა საჭიროა დროდადრო შეწყალებები და ამნისტიები? - ფონის, სახის შესაქმნელად, მაგრამ საზოგადოება მაინც ხვდება, რომ ეს ფარსია და კიდევ უფრო ბოროტდება. ყვარყვარეს ციხე ხომ გახსოვთ? ხალხი რომ აღარ ეტევა! კარი იკეტებაო? აბა, დატეულა და ეგ არისო... ის ციხე ბოლოს ინგრევა და ეს ციხეც აუცილებლად დაინგრევა. აი, მაშინ კი შეიძლება, არ დაზარალდეს ყველა ჩინოვნიკი, მაგრამ აუცილებლად დაზარალდება საზოგადოება. დღეს საზოგადოებას სძულს ყველა ჩინოვნიკი, ხშირად კონკრეტული პირებიც. ეს ჩვენ ტრაგედიამდე მიგვიყვანს. ამიტომაც არის, რომ წელს საახალწლო განწყობა არ იგრძნობა. ხალხს განათებული რუსთაველის პროსპექტიც კი აღიზიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ის მართლაც ლამაზია.

თავისუფალი ადამიანი ერთი რამისთვის იბრძოდა მუდამ: სამართლიანობის იდეისათვის და მას ვერავითარი საზეიმო განწყობა, გაჩირაღდნებული ქუჩები და ჭაღები ვერ შეცვლის.