"ჩხატარაშვილი დანაშაულებრივ სქემას გაშიფრავს, რომელსაც დაკავებების სერია მოჰყვება" - კვირის პალიტრა

"ჩხატარაშვილი დანაშაულებრივ სქემას გაშიფრავს, რომელსაც დაკავებების სერია მოჰყვება"

წინა კვირას სამართალდამცავებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ის მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ ზურაბ ადეიშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს მუშაობდა. დაიწყო თუ არა ადეიშვილის დროინდელი პროკურორების დაკავება და სამართლიანობის აღდგენა? ამასთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა.

- დავით ჩხატარაშვილის დაკავებას მივესალმები, იმიტომ, რომ ზურაბ ადეიშვილი მისი ხელით სჩადიოდა უკანონო ქმედებებს. იმ ბრალდებაზე ვერაფერს გეტყვით, რის გამოც დააკავეს, მაგრამ მან იცოდა ყველაფერი, რაც პროკურატურაში ხდებოდა. უფრო მეტიც, ის ხელმძღვანელობდა უდანაშაულო ადამიანების დაკავებისა და მათთვის ქონების იძულებით ჩამორთმევის პროცესს. არაერთ დაზარალებულს უთქვამს, რომ სწორედ ჩხატარაშვილის ზეწოლას ვერ გაუძლო და სახელმწიფოს ამიტომ "აჩუქა" ქონება. დავით ჩხატარაშვილმა ძალიან ბევრი რამ იცის და მას შეუძლია პროკურატურასთან თანამშრომლობა. მისი მეშვეობით შესაძლოა, პროკურატურამ მთლიანად გაშიფროს სქემა, რომლის მეშვეობით ადამიანებს ქონებას ათმობინებდნენ, გამოავლინოს ამ დანაშაულის მონაწილეები და მათ პასუხი აგებინოს. როგორც უკვე მოგახსენეთ, დავით ჩხატარაშვილი ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყო და თავის დროზე არაერთი დანაშაულებრივი სქემა სწორედ მან მოიფიქრა, ახლა კი მოვიდა დრო, ყველაფერი თქვას. მე ვთვლი, რომ მას საკმაოდ სერიოზულ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.

- ბატონო მამუკა, ხომ არ ფიქრობთ, რომ ყოფილი თუ მოქმედი პროკურორების დაკავების პროცესი იწყება?

- ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი დაიწყო. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო. მაგრამ ცხადია, რომ პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც წლების განმავლობაში დანაშაულს სჩადიოდა, მათ შორის არიან პროკურორებიც.…

- პროკურატურაში საკადრო ცვლილებები მოხდა. თქვენი აზრით, სამართლიანად მიმდინარეობს თუ არა ეს პროცესი?

- სიმართლე რომ ვთქვათ, ბევრი ისეთი ადამიანი იყო ხელმძღვანელთა რიგებში - პროკურორების მოადგილეებად  და დეპარტამენტის ხელმძღვანელებად, რომ ამან საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. ამას განსაკუთრებით განიცდიდნენ ადამიანები, ვინც თვლიდნენ რომ თავის დროზე სწორედ ამ ჩინოვნიკებმა დაჩაგრეს. ასეთ კადრებს უკვე ათავისუფლებენ. პროცესი, ალბათ, გაგრძელდება. მათ, ძირითადად, სხვადასხვა საფინანსო სისტემიდან მოსული კადრებით ცვლიან.

რატომ დააკავეს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე?!

საქმე, რის გამოც დავით ჩხატარაშვილი დააკავეს, 2012 წლის სექტემბერში ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ ადეიშვილისა და მთავარი პროკურორის მოადგილის უკანონო მოქმედებებს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, მათ აიძულეს რამდენიმე პატიმარი, საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს დროულად გამოავლინეს პატიმრების ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები.