პატიმრებს ციხეში ისევ სცემენ?! - კვირის პალიტრა

პატიმრებს ციხეში ისევ სცემენ?!

"22 წლის ბიჭს სასტიკად გაუსწორდნენ, ნახევარი საათი სცემდნენ"

ბოლო დროს გახშირდა ლაპარაკი ციხეებში არსებულ განუკითხაობაზე. ამბობენ, ციხე ისევ ქურდებმა ჩაიგდეს ხელში და ისევ მაყურებლები განაგებენ სიტუაციას, თუმცა ამას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი არ ადასტურებს. ის ირწმუნება, სიტუაციას ადმინისტრაცია აკონტროლებსო. მართალია, მინისტრმა არც ქსნის მე-15 დაწესებულებაში სკაიპით ქურდის "მონათვლა" დაადასტურა, მაგრამ როგორც პატიმრებმა გვაცნობეს, ეს მართლაც მოხდა. ეს იმითაც დასტურდება, რომ ქურდად "მონათლული" პატიმარი გურგენიძე სასწრაფოდ მე-7 დაწესებულებაში გადაიყვანეს, იქ, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდები ჰყავთ გამოკეტილი.

გასულ კვირას ადვოკატმა ინგა ბერიკაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა, - თქვა, რომ ციხეში პატიმრებს ისევ სცემენ. მან ფაქტიც მოიყვანა, - მე-7 დაწესებულებაში სასტიკად სცემეს 22 წლის მირზა გიგლემიანს: "9 დეკემბერს ჩემს დასაცავ გიორგი ქართველიშვილთან შესახვედრად ციხეში შევედი. მითხრა, რომ შიმშილობდა სხვა პატიმრებთან ერთად. გამიკვირდა, რადგან გიორგი წინა ხელისუფლების დროს სასტიკად აწამეს, უამრავი დაავადება აქვს, მძიმე პერიოდი გამოიარა და მაშინ არ უშიმშილია. მიზეზი ვკითხე. მითხრა, 22 წლის ბიჭს სასტიკად გაუსწორდნენ, ნახევარი საათი სცემდნენ ციხის უფროსი, მისი მოადგილე და რეჟიმის უფროსიო. თურმე მირზა გიგლემიანმა კუთვნილი 15-წუთიანი გასეირნება მოითხოვა. ისედაც ძალიან დახურულ სისტემაში არიან, იქ მზის სხივიც არ აღწევს. უთქვამთ, დღეს ვერ გაისეირნებო, გიგლემიანს გაუპროტესტებია, მათთვის კანონი შეუხსენებია და ამას მოჰყვა შელაპარაკება. ამის მერე მოადგილის კაბინეტში აუყვანიათ და წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლით უცემიათ.

გიგლემიანს ხელზე ბორკილები ედო და ისე სცემდნენ. მირზას კვალი ხელზე ახლაც ეტყობა. ამბობს, 7-8 კაცი მცემდაო და გვარებსაც ასახელებს. გიგლემიანს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. დასკვნაში წერია, რომ პატიმარს აქვს ტვინის შერყევა და შიდა ქალის ტრავმა, სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობა. მისი განწირული ყვირილი სხვა პატიმრებსაც ესმოდათ.  იმის მიუხედავად, რომ  სასტიკად ნაცემია, ეს ექსპერტებმაც დაადასტურეს, ტრავმაც დაუდგინეს, ისევ მე-7 დაწესებულებაშია, ჩვეულებრივ საკანში და ისიც შიმშილობს."

ადვოკატის თქმით, სხვა პატიმრებიც არიან ნაცემი: "კიდევ 6 პატიმარია ნაცემი. მაგალითად, მე-18 დაწესებულებაში სცემეს გიორგი ნონეიშვილს, ახლა ის მე-6 დაწესებულებაშია. ნაცემი პატიმრების უმრავლესობა სწორედ იქ არის. სხვების ვინაობის დადგენასაც ვცდილობთ... ე. წ. კანონიერი ქურდებისთვის გამოყოფილ მე-7 დაწესებულებაში, ძირითადად, 21-22 წლის ბიჭები ჰყავთ გამოკეტილი, იქ უმძიმესი ავადმყოფები არიან, მაგრამ საავადმყოფოში არავის გადაჰყავს. ნაცემია მირზა გიგლემიანის ძმაც, რომელიც რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. იგი დისთვის წერილის გაგზავნას ითხოვდა. ამ ბიჭებს მშობლები არა ჰყავთ.

პატიმრებს დეპარტამენტის უფროსის, მიხეილ ღურწკაიას დროს არ სცემდნენ, მას შემდეგ კი, რაც ახალი დაინიშნა, სად-ის ყოფილი თანამშრომელი, გვარად დარბაისელი, ისევ განახლდა პატიმრების ცემა".

მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ გიგლემიანმა თავად დაიშავა თავი.  "პატიმარს აქვს დაზიანებები. იგი ასახელებს თანამშრომლებს, რომლებმაც სცემეს. თუმცა, ვიდეოფირში ჩანს, როგორ ძვრება თავად სკამზე და ვიდეოკამერას ნაჭერს აფარებს. რა ხდება ოთახში, ეს არ ჩანს. ცხადია, არის ეჭვი, რომ შეიძლება თავად დაიზიანა თავი, ან შეიძლება მართალია მისი ჩვენება. გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას", - მოგვიანებით განაცხადა სუბარმა. ადვოკატები კი კატეგორიულად გამორიცხავენ თვითდაზიანებას, სახალხო დამცველის აპარატიც ადასტურებს, რომ გიგლემიანი ნაცემია. გენინსპექციამ ამ საქმის მოკვლევა დაიწყო და ციხის ხელმძღვანელ შოთა ტრაპაიძეს დროებით უფლებამოსილება შეუჩერეს.

11 დეკემბერს გავრცელდა ცნობა, რომ გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმარი დავით ბადრიაშვილი გარდაიცვალა. სამინისტროს ინფორმაციით, მან საპირფარეშოში მაისურით თავი ჩამოიხრჩო, გარდაცვლილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდაო. "ციხის ადმინისტრაციის მოთხოვნით ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პატიმრის შეურაცხადობა არ დაადასტურა. შესაბამისად, სამინისტროს არ ჰქონდა უფლებამოსილება, მსჯავრდადებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძუUლებით მკურნალობაზე გადაეყვანა. მას 24-საათიან ვიდეომონიტორინგს უწევდნენ, სამწუხაროდ, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ღამის საათებში დროული მონიტორინგი ვერ მოახერხეს და სუიციდიც მოხდა. დაწყებულია გამოძიება", - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში. ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმებიან 33 წლის დავით ბადრიაშვილის ოჯახის წევრები. დედამისი, მანანა ბადრიაშვილი ირწმუნება, რომ მის შვილს სხეული დაზიანებული აქვს: "ჩემს შვილს  მკლავები და სხეულის სხვა ნაწილები დაზიანებული აქვს. წელის მიდამოში, ფერდებში, ორივე მხარეს ეტყობა ძლიერი ნათითურები. თავისი ხელით ამას ვერ იზამდა. ალბათ, მოკლეს და მერე ჩამოკიდეს. ვიღაცამ შვილი მომიკლა. ამბობენ, საკანში ვიდეოკამერა ჩართული იყოო. მაჩვენონ ის ფირი, მინდა გავიგო, ვინ მომიკლა შვილი და რატომ?"

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე-6 დაწესებულებაში პატიმრებს, ნუკრი ბელქანიას და დავით ორჟონიას სცემეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ მათი ფიზიკური დაზიანება არ დადასტურდა. ობიექტურობის დადგენის მიზნით, ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.

გასულ კვირას კი გეგუთის მე-14 დაწესებულებაში 1966 წელს დაბადებული მსჯავრდადებული ს. ი. გარდაიცვალა. სავარაუდო მიზეზად გულის იშემიურ დაავადებას ასახელებენ. 25 ოქტომბერს ჩატარებული გამოკვლევისას პატიმარს გულის იშემიური დაავადება დაუდგინდა. მას უმკურნალეს და 2 დეკემბერს ექიმთან ხელახალი ვიზიტიც ჰქონდა. ექიმის ჩანაწერების თანახმად, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

ქსნის მე-15 დაწესებულებაში პატიმარმა ლევან ქანთარიამ კიდურები ლურსმნით დაიჭედა. ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ქანთარია ამბობს, შეთითხნილი ბრალდების მსხვერპლია და სასჯელს ტყუილად იხდის.

პატიმრები მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნას ითხოვენ და ამისათვის შიმშილობენ. "დავიხოცებით, თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ და კომისია არ შეიქმნება"", - განაცხადა ჩვენთან საუბარში მე-15 დაწესებულების პატიმარმა კახა ხარძიანმა.

კონკრეტულ ფაქტებზე უშუალოდ სასჯელაღსრულების მინისტრთან საუბარი გვსურდა,  ჩვენი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, მასთან ინტერვიუ ვერ შედგა. მოგვიანებით პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიამ განგვიმარტა, - მინისტრი ორშაბათს ადგენს მთელი კვირის შეხვედრების გეგმას და თქვენთან შეხვედრას ვერ შეძლებსო. ისევ ვცადეთ მინისტრთან დაკავშირება, გავუგზავნეთ წერილობითი შეტყობინებაც, დავურეკეთ კიდევ, მაგრამ ამაოდ.

რა სიტუაციაა ციხეებში, ამის გარკვევა სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ დავით მანაგაძესთან ვცადეთ:

- 9 დეკემბერს შევიტყვეთ, რომ პატიმარ გიგლემიანს სცემეს. ცემის ფაქტი დადასტურდა.

- მინისტრი ამბობს, რომ პატიმარი არავის უცემია.

- მაშინ დაზიანებების გაჩენას როგორ ხსნის? მართალია, ვებგვერდზე ეწერა, რომ ამ პატიმარს თვითდაზიანებების მიყენების მიდრეკილება აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის კონკრეტულ გვარებს ასახელებს. სახალხო დამცველს ადრე ჰქონდა რეკომენდაცია გაცემული, რათა სამინისტროს თანამშრომლის მიერ ჩადენილი თუნდაც სავარაუდო კანონდარღვევის გამოძიება სხვა უწყებისთვის დაევალებინათ. საქმე უნდა გამოიძიოს პროკურატურამ და არა გენინსპექციამ. მით უფრო, რომ ეს დაწესებულება ვიდეოაპარატურით აღჭურვილია და ვიდეომასალაც ერთგვარი მტკიცებულება იქნება.

- ალბათ, იცით, რომ გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმარმა დავით ბადრიაშვილმა თავი მოიკლა, პატიმარი გარდაიცვალა გეგუთშიც.

- გლდანში რაც მოხდა, ამაზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. რაც შეეხება გეგუთში პატიმრის გარდაცვალებას, მას გულის დაავადება მართლაც ჰქონია. სხვათა შორის, ციხეში ერთი პრობლემა ისიც არის, რომ პატიმრებს დროულად არ მკურნალობენ.

თუ ადამიანს სჭირდება მკურნალობა, დროულად უნდა ჩაუტარდეს, რომ შედეგიანი იყოს. პატიმარს სჭირდებოდა თვალზე ოპერაცია, დახმარებას ითხოვდა. ამის თაობაზე ჩვენთან აპრილში შემოვიდა განცხადება და სამინისტროსთან მიმოწერას თვეები მოვანდომეთ. როგორც იქნა, ოპერაცია ოქტომბერში გაუკეთეს. 7 თვე ელოდა პატიმარი ამას. თუ არ არის გადაუდებელი შემთხვევა, პატიმარმა ვენები თუ არ გადაიჭრა, რაიმე უცხო სხეული არ გადაყლაპა და მისი სიცოცხლის ფატალურად დასრულების საშიშროება არ შეიქნა, სხვა შემთხვევაში საავადმყოფოში დროულად არ გადაჰყავთ. პატიმარს კბილი რომ ასტკივდება, მის ამოღებას ორი თვე რატომ უნდა ელოდოს?

- ქურდი სკაიპით "მოინათლა", ციხეებში აქვთ აკრძალული ნივთები, არიან მაყურებლები?

- სკაიპით ქურდის "მონათვლა" არ არის ადამიანის უფლების დარღვევა, ეს რეჟიმის დარღვევაა და თავად სამინისტრომ უნდა მოახდინოს რეაგირება როგორც ამაზე, ისე აკრძალულ ნივთებზე. სახალხო დამცველმაც თქვა, რომ მაყურებლების, ქურდების პრობლემა მართლაც არის ციხეებში და ეს მეტ ყურადღებას საჭიროებს.

თეა ხურცილავა