"როგორ შეძლო ყელის გამოჭრა ვენებგადაჭრილმა კაცმა"(?!) - კვირის პალიტრა

"როგორ შეძლო ყელის გამოჭრა ვენებგადაჭრილმა კაცმა"(?!)

რისი თქმა სურდა სიკვდილის ბოლო წუთებში გელა მებონიას

"მებონია ამბობდა, რომ გირგვლიანის ცხედარი პირველად მან ნახა, რომ ოლეგ მელნიკოვი მკვლელობის დროს იქ იყო"

გასულ კვირას თბილისში დაკრძალეს მოძრაობა "საქართველოს არწივის" ლიდერი გელა მებონია. მან საზოგადოებას თავი სკანდალური განცხადებებით დაამახსოვრა. იგი ყოფილი ძალოვანი იყო და მოსკოვიდან სამშობლოში 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაბრუნდა. აცხადებდა, რომ ძველი ხელისუფლება დევნიდა, მოკვლითაც ემუქრებოდნენ, ამიტომ საქართველოდან გაიქცა.

თბილისში დაბრუნებულმა მებონიამ ვაზაგაშვილის საქმეზე სკანდალური განცხადება გააკეთა. ირწმუნებოდა, რომ ის ერთ-ერთი თვითმხილველი იყო იმისა, თუ როგორ ჩაუწყვეს ჩახოცილებს მანქანაში ძალოვანებმა იარაღი. მებონია ამხელდა მაშინდელ პოლიციის უფროსს ირაკლი ფირცხალავას, რომ იარაღის ჩადების ბრძანება უშუალოდ მან გასცა. ამ დეტალებზე მებონიამ ზურაბ ვაზაგაშვილის მამასთან, იური ვაზაგაშვილთანაც ისაუბრა. ბატონი იური არ გამორიცხავს, რომ გელა მებონია მოიშორეს: "მებონია პირდაპირ ხელს ადებდა ირაკლი ფირცხალავასა და ყოფილ პოლიციელ გიორგი ცააძეს. ითხოვდა, ისინი პროკურატურას დაეკითხა.  ფირცხალავა კი დაჰკითხეს, მაგრამ რა რეაგირება მოჰყვა მის ჩვენებას, არ ვიცი. ცააძე ბოლოს მატროსოვის ციხეში იჯდა. ვიცი, რომ გამოუშვეს და აქედან წასვლაშიც დაეხმარნენ. ახლა შევიტყვე, რომ მოსკოვის პოლიციაში დაუწყია მუშაობა. ეჭვი მიჩნდება, ხომ არ არის ცააძე გასვრილი ამ საქმეში?"

გელა მებონია იმასაც ამბობდა, რომ გირგვლიანის ცხედარი პირველად მან ნახა და დასძენდა, რომ ოლეგ მელნიკოვი მკვლელობის დროს იქ გახლდათ: "სანდრო ნაწამები და შიშველი იყო. ენით ვერ აღვწერ, რა მდგომარეობაში იყო ცხედარი. ჩვენ იქ 6 კაცის ნაკვალევი აღმოვაჩინეთ. ერთი ოლეგ მელნიკოვის ფეხსაცმელს დაემთხვა. მეექვსე ვინ იყო, უცნობია, დანარჩენი ოთხი კი ისინი იყვნენ, ვინც პოლიციამ დააკავა. დაკავებულები კუდ-ის თანამშრომლები იყვნენ. ისინი დათა ახალაიას ბრძანების გარეშე ვერაფერს მოიმოქმედებდნენ".

მებონიას კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება ბორდელებს უკავშირდებოდა - მან შს სამინისტროს მიაწოდა სასტუმროების სია, სადაც არასრულწლოვან გოგონებს პროსტიტუციას აიძულებდნენ. მოგვიანებით თბილისში რამდენიმე ასეთი ბუნაგი დაიხურა. იგი ასევე გამოეხმაურა "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიას "როენას საროსკიპო იყო ოპერატიული ბუნაგი", სადაც ჩემი რესპონდენტი (თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი) აცხადებდა, რომ როენა ხუცურაულის ცნობილ სასტუმროს ძალოვანები კონსპირაციული შეხვედრებისთვის იყენებდნენ და იქ კეთდებოდა ფარული ჩანაწერებიც. მებონიამ მითხრა, რომ ამ სასტუმროზე უამრავი სამხილი ჰქონდა და მნიშვნელოვანი მასალა შესაბამის სამსახურებსაც კი გადასცა, შესაბამისად, ელოდა როენას დაკავებასაც. მაშინ მებონიამ ჩემს რესპონდენტთან შეხვედრაც კი მთხოვა და შეხვდა კიდეც...

2013 წლის ზაფხულში გელა მებონიამ მეგობარ ჭიჭე გაბისონიასთან ერთად დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს არწივი", მაგრამ მოულოდნელად ჭიჭე გაბისონია გულის შეტევით გარდაიცვალა.  ამას დაემატა ფინანსური პრობლემებიც, მებონიამ თანამშრომლებს ხელფასების გაცემა დაუგვიანა. ამიტომ მოსკოვში წავიდა, სადაც მისი დედა და დეიდა ცხოვრობენ, იქიდან თანხა გადმოურიცხავს და თანამშრომლების ვალი გაუსტუმრებია. თუმცა, როგორც შევიტყვეთ, მას მაინც დარჩენია ბანკის ვალი.

ახლობლების გადმოცემით, იმ დღეს გელა შინ მარტო იყო. მობილურზე დაურეკეს და შეხვედრა სთხოვეს. გელა სადარბაზოსთან ვიღაცას შეხვდა და ამ შეხვედრიდან რამდენიმე საათში ვენები დაისერა. ვენებგადაჭრილი მებონია პირველად ფოსტალიონმა ნახა. მისი ახლობლის ინფორმაციით, ფოსტალიონი ამანათის მისატანად მისულა, ზარი დაურეკავს. კარი გელას გაუღია. ფოსტალიონ ქალს ვენებგადაჭრილი კაცის დანახვაზე კივილი აუტეხავს. გელას მისთვის ხელი უკრავს და ცხვირწინ კარი მიუხურავს. ფოსტალიონს სასწრაფოშიც და პოლიციაშიც დაურეკავს. ბინის კარი რომ შეამტვრიეს, სახლში შესულებს შემზარავი სურათი დახვედრიათ - გელა მებონია უკვე ყელგამოჭრილი ეგდო. ბევრს არ სჯერა ამ ინფორმაციის. უკვირთ, როგორ შეძლო ყელის გამოჭრა ვენებგადაჭრილმა კაცმა. იქნებ ვინმემ მოახერხა გელას ბინაში შეღწევა და მისი მოკვლა? გავრცელებული ინფორმაციით, მის მობილურში მუქარის მესიჯებია დაფიქსირებული. იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა, ის აიძულეს, თავი მოეკლა.

ოჯახის ინფორმაციით, ბოლო დროს ის დეპრესიაში იყო...

ცხედარს ექსპერტიზა მოსკოვში ჩაუტარდა, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გელას სამი შვილი ჰყავს. იგი სოხუმიდან იყო.  რამდენიმე წელი მთაწმინდის პოლიციაში მუშაობდა. ტრაგედიამდე ერთი საათით ადრე გელას ნათესავთან დაურეკავს და უთქვამს, შენი ნახვა მინდა, ცუდად ვარო, თუმცა  ნათესავი იმ დროს მოსკოვში არ იმყოფებოდა და ამიტომ გელასთან შეხვედრა ვერ შეძლო. რისი თქმა სურდა სიკვდილის ბოლო წუთებში გელას მისთვის, არავინ იცის. მის ყოფილ თანამშრომლებსაც უჭირთ დაჯერება, რომ გელამ თავი მოიკლა, ამბობენ, მორწმუნე ადამიანი იყოო. ყოველ დილით სამსახურში ლოცვას კითხულობდა, საკმეველს აფრქვევდა, სანთელს ანთებდა და ისე იწყებდა მუშაობასო.

თეა ხურცილავა