რას ითხოვდა და რა მიიღო ქეიმ! - კვირის პალიტრა

რას ითხოვდა და რა მიიღო ქეიმ!

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამოდენიმე დღეში,  ჯოზეფ ქეიმ სხვადასხვა მანიპულაციების საშუალებით დაიწყო მცდელობა იმისთვის, რათა ქართული საზოგადოების წინაშე წამდგარიყო, როგორც ბადრის ანდერძის “უანგარო” აღმსრულებელი, მისი სამკვიდროს მმართველი და წარმატებული ბიზნეს იმპერიის დამფუძნებელი. მოგვიანებით, ბადრის ოჯახის წევრთათვის ცნობილი ხდება, რომ ჯოზეფ ქეის პრეტენზიები გააჩნია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებულ, ბადრის კუთვნილ აქტივებზე.

გიბლარტარის სასამართლოში, სადაც დავა მიმდინარეობდა ინა გუდავაძესა და ჯოზეფ ქეის შორის, ეს უკანასკნელი ამტკიცებდა რომ ბადრის არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამ  აქტივებთან და მხოლოდ თავად იყო მათი ერთპიროვნული მფლობელი.  თუმცა, სასამართლომ არ გაიზიარა ქეის არგუმენტები და მკვეთრად დააფიქსირა თავისი აზრი: ამ აქტივის მინიმუმ 86%-ის მესაკუთრეს ბადრის ოჯახი წარმოადგენს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქეი იტყუება როდესაც ამტკიცებს, რომ ეს ტრასტები ერთპიროვნულად მას ეკუთვნის.

უფრო მეტიც,    სასამართლომ  ბადრისა და ჯოზეფის ურთიერთობა შეაფასა როგორც დამქირავებელს და დაქირავებულს შორის ურთიერთობა.   მოსამართლის აზრით კი, ბადრისა და ქეის ურთიერთობის შესაფასებლად, უფრო მართებული იქნებოდა, შედარებით მოძველებული ტერმინის - “პატრონი და ყმა” ხმარება.

მოსამართლე იმასაც აფიქსირებს, რომ ჯოზეფი ბადრის კეთილგანწყობით სარგებლობდა,  ანხორციელებდა ბადრის კუთვნილი სახსრების ინვესტირებას, რომლებსაც შემდეგ უკვე  საკუთარ ინვესტიციებად ასაღებდა.

იკვეთება, რომ ჯოზეფ ქეის   ამ აქტივის 100%-ზე ჰქონდა პრეტენზია.   თუმცა, ახლა მისი წარმომადგენლების მიერ, გამარჯვებად ცხადდება თეორიული პრეტენზიის დაფიქსირება მხოლოდ 14 %-ზე , რომელიც ასევე დამატებით დეტალურ ფინანსურ გამოკვლევას საჭიროებს.   მოსამართლის აზრით, ჯოზეფ ქეის დამოუკიდებელი ინვესტიციის გაჩენის საფუძვლად უნდა ჩაითვალოს ის მომენტი, როდესაც მან ბადრისგან, სავარაუდოდ , მალულად და არამართლზომიერად მიითვისა ,,სიბნეფტის” გარიგებასთან დაკავშირებული საკომისიო.

პატარკაციშვილის ოჯახის თხოვნით, მოსამართლემ, ქეის კუთვნილ ყველა აქტივზე მსოფლიო შეზღუდვის ორდერი გასცა და მისი ყოველ კვირეული საარსებო ხარჯები, 1000 ფუნტ სტერლინგამდე შეზღუდა.

გიბრალტარის სასამართლოს ბრძანებითვე ეკრძალებაქეის  ნებისმიერი ქმედების განხორციელება ამ აქტივებთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც გიბრალტარის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, ჯოზეფ ქეიმ თხოვნით მიმართა მოსამართლეს კონფიდენციალურად დაეტოვებინა საქმის მასალები, განსაკუთრებით კი გადაწყვეტილება.  ეს მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. იმავდროულად, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბადრის ოჯახის თხოვნა და  საქმის მასალებისა და გადაწყვეტილების შინაარსი საჯარო გახადა.

და კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ლონდონის სასამართლომ დააკმაყოფილა ოჯახის მოთხოვნა და არ სცნო ქეი ანდერძის აღმსრულებლად და სამკვიდროს განმკარგველად, როგორც არასათანადო პირი .

იმედია, ამის შემდეგ მაინც დაინტერესდება ქართული სასამართლო და დაფიქრდება, ვის ანდო  სხვისი ქონების განმკარგავის უფლება.