ლევან ბაჩიაშვილი: "საჯაიამ სახეში შემაფურთხა და... ის მიიღო, რაც დაიმსახურა" - კვირის პალიტრა

ლევან ბაჩიაშვილი: "საჯაიამ სახეში შემაფურთხა და... ის მიიღო, რაც დაიმსახურა"

რატომ იფურთხება ახალაიას ადვოკატი?!

რომეო საჯაია: "ვერ მოვისვენებ, სანამ ბაჩიაშვილს არ ჩავსვამ "მატროსოვზე"

"ბევრი ჩანაწერი მაქვს და დადგება დრო, როცა ამ  სკანდალურ ჩანაწერებს გამოვაქვეყნებ"

"ეს გამწარებული კაცის ქმედება იყო იმის გამო, რომ ბაჩანა ახალაიას პატიმრობა  შეეფარდა"

გასულ კვირას თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში ადვოკატსა და პროკურორს შორის ჩხუბის დეტალებს გენერალური ინსპექცია იკვლევს. ბაჩო ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაია ამბობს, რომ მას მოულოდნელად თავს დაესხა პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი და სცემა. განსხვავებულია პროკურორის პოზიცია... მართალია, მომხდარზე მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა და არც ექსპერტიზის დასკვნაა ცნობილი, მაგრამ ირკვევა, რომ ხელჩართული ჩხუბის დროს ორივეს მოხვდა ერთმანეთის მოქნეული მუშტი და ორივე დაშავდა.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე ადვოკატმა პროკურორ ლევან ბაჩიაშვილს დაუჭირა მხარი და საჯაია გააკრიტიკა.

რომეო საჯაია, ადვოკატი: - 8 იანვარს გამომძიებელმა გიორგი გამეზარდაშვილმა გაგა მკურნალიძის საქმეზე მტკიცებულების გასაცნობად პროკურატურაში დამიბარა. 3 საათზე ქალაქის პროკურატურის პირველ სართულზე, მარცხენა მხარეს, დაცვის ოთახში ვიყავი საქმის მასალების გადასაცემად. მაგიდასთან ვიჯექი და ვითვლიდი საქმის ფურცლებს. იქ მხოლოდ მე, გამომძიებელი, ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი და ამ საქმის პროკურორი უნდა ვყოფილიყავით. პროკურატურის სხვა თანამშრომელს არ შეეძლო შემოსვლა, რადგან კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება ტარდებოდა. ლევან ბაჩიაშვილსაც არ უნდა სცოდნოდა, რომ იქ ვიყავი. რამდენიმე წუთში ბაჩიაშვილი ოთახში შემოვიდა, ზურგიდან მომეპარა და დამარტყა. თავდაცვის მიზნით მეც ვუპასუხე.

- უმიზეზოდ დაგარტყათ?

- არანაირი შელაპარაკება არ ყოფილა,  გამომძიებელს ვესაუბრებოდი, ის რომ ზურგიდან მომეპარა.

- ამას სხვა ინციდენტი ხომ არ უძღოდა?

- ეს იყო პროკურატურის პროვოკაცია. ალბათ, ჩემი დაშინება უნდოდათ, რომ ჩამომაშორონ ბაჩო ახალაიას საქმეს. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ეგონათ, წამოვეგებოდი მათ პროვოკაციას. თუ ბაჩიაშვილი არ დაისჯება, ჩავთვლი, რომ ეს იყო პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული პროვოკაცია.

- იქნებ ეს იყო ახალაიას პროცესის დღეს სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გაგრძელება?

-  ეს პროვოკაცია ჩემს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ბაჩიაშვილმა რა ბრალდებებშიც მოითხოვა ბაჩო ახალაიას პასუხისგებაში მიცემა, ყველგან ბაჩო გამართლდა. მე ამის გამო პროკურორის პასუხისგებაში მიცემა მოვითხოვე. ამან გააღიზიანა ბაჩიაშვილიც და პროკურატურაც. ბაჩიაშვილი ახალაიას საქმეში მოწმეებზე ზეწოლას ახდენდა. ამის თაობაზე მწვავე განცხადებები გავაკეთე, ბევრჯერ გავაკრიტიკე და ეტყობა, ამიტომაც მომიწყვეს პროვოკაცია. სანამ პასუხს არ აგებენ ბაჩიაშვილი და კიდევ სხვები, მანამდე არ გავჩუმდები. რაც შეეხება სასამართლოში მომხდარ ინციდენტს, მაშინ სასამართლომ ბაჩიაშვილი დააჯარიმა.

- დაშავდით?

- მაქვს მცირე დაზიანება საფეთქელთან. თვალთან, მარჯვენა მხარეს, სისხლნაჟღენთი მქონდა, ეს ექსპერტებმაც დაადასტურეს. ბაჩიაშვილს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება, რადგან საჯარო მოხელემ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. ვერ მოვისვენებ, სანამ არ ჩავსვამ "მატროსოვზე".

- ლევან ბაჩიაშვილს რა დაზიანება აქვს?

- სახეშიც მოხვდა და სხვაგანაც. ეს იყო ჩემი ბუნებრივი რეაქცია...

- ამბობენ, რომ თავის დროზე ასოციაციაში არ გიღებდნენ და ზუგდიდის პროკურორობის პერიოდს გახსენებდნენ. მაგალითად, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ თქვა, საჯაია გახლდათ ინკვიზატორი ახალაიების ზეობის დროს სამეგრელო-ზემო სვანეთში. პირადი მოსაზრებებით აუბედურებდა სამეგრელოს მოსახლეობას, ართმევდა ქონებას. ის არის დამნაშავე, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში. ათეულობით საქმეა აღძრული საჯაიას წინააღმდეგ, მაგრამ ვერ მივაღწიეთ იმას, ასეთი დამნაშავე სხვას კი არ უყენებდეს ბრალს, არამედ ციხეში იჯდესო.

- ვინც ჩემზე ასეთ რამეებს ამბობს, მათ კოლეგიაზე დავიბარებ და ვკითხავ, რატომ ამბობენ.

- "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა ბიზნესმენ დავით როგავასთან სკანდალური ინტერვიუ. ის ზუგდიდის უნივერმაღის ჩამორთმევაში გადანაშაულებთ.

- ამ საქმეზე მოწმის სტატუსით დავიკითხე, მაგრამ მე ვუჩივლე როგავას. ვიცი, ბევრს აიძულებდნენ ჩემს საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას. როგორ ფიქრობთ, მოუმზადებელი ვიქნები? ბევრი ჩანაწერი მაქვს და დადგება დრო, როცა ამ  სკანდალურ ჩანაწერებს გამოვაქვეყნებ...

პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი 8 იანვრის ინციდენტთან დაკავშირებით სულ სხვა ვერსიას გვთავაზობს.

საზოგადოებას შევახსენებთ, დიდი აურზაური თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 26 ოქტომბერს მოხდა, როცა ბაჩო ახალაიას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს. საქმე ეხებოდა გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების ციხეში პრივილეგირებულ პირობებში ყოფნას. სასამართლომ მაშინ დააკმაყოფილა პროკურორ ბაჩიაშვილის შუამდგომლობა და ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მაშინ პროკურორ ლევან ბაჩიაშვილს ახალაიას მხარდამჭერმა იაკობ ჩქვანავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ამას მოჰყვა პროკურორის შეპასუხება. ინციდენტი მანდატურებმა აღკვეთეს და სასამართლომ წესრიგის დარღვევისთვის ორივე 500-500 ლარით დააჯარიმა.

აი, რა გვიამბო პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა: - დაპირისპირება 2013 წლის 26 ოქტომბერს დაიწყო. ბაჩანა ახალაიას აღმკვეთის შეფარდების შემდეგ, როცა სასამართლო პროცესი დასრულდა, საჯაიამ ზღვარს გადასული საქციელი ჩაიდინა.

- საჯაია ამბობს, რომ თქვენთან პირადი დაპირისპირება არ შეიძლება ჰქონოდა.

- იმ დღეს პირველი ინციდენტი სასამართლოში მოხდა, პროცესიდან გამოსულს მოქალაქე ჩქვანავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, მეც შევეპასუხე და ამის გამო ორივე დაგვაჯარიმეს. მე სულ სხვა ფაქტს გიამბობთ. საჯაიამ რაც იკადრა, ის კაცმა არ უნდა იკადროს. სასამართლოს ეზოში, ავტომანქანაში ჩავსხედით მე და ჩემი კოლეგა პროკურორი ამირან ბულუაშვილი, ამ დროს მოვიდა რომეო საჯაია და სახეში შემაფურთხა. ვფიქრობ, ეს გამწარებული კაცის ქმედება იყო იმის გამო, რომ ბაჩანა ახალაიას პატიმრობა შეეფარდა.

ეს ის პერიოდია, როცა სასამართლოსთან შეკრებილი არიან "ნაცმოძრაობის" აქტივისტები. ბევრი ხალხი იყო და პროკურორებმა ძლივს გამოვაღწიეთ. ჩვენ მაშინვე დავწერეთ მოხსენებითი ბარათი და ქალაქის პროკურორი მაია მწარიაშვილი ჩავაყენეთ საქმის კურსში. მან კი აცნობა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კოლეგიას და რეაგირება მოითხოვა, თუმცა ცხადია, უშედეგოდ.

- 8 იანვარს რა მოხდა პროკურატურაში?

- ეს იყო იმ ინციდენტის გაგრძელება. იმ დღეს სამსახურში ვიყავი, რა ვიცოდი, საჯაია უნდა მოსულიყო თუ არა. პირველ სართულზე ბანკომატი დგას და თანხის გამოტანა მინდოდა. ამ დროს ადვოკატმა ველიჯანაშვილმა გამოიარა და მივესალმე. ამასობაში რომეო საჯაია გამოჩნდა, როგორც კი დამინახა, ისევ ცინიკურად, ირონიულად შემომხედა, მართალია, არაფერი უთქვამს, მაგრამ სახის გამომეტყველებით ყველაფერი იყო ნათქვამი. უნდა მომეთმინა, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე და შეურაცხყოფა მივაყენე. ის მიიღო, რაც დაიმსახურა. ამის შემდეგ სახეში დამარტყა, მეც დავარტყი და მერე გაგვაშველეს... დაწყებულია გამოძიება გენერალურ ინსპექციაში და დაველოდოთ შედეგს.

ვაცხადებ, ეს იყო პიროვნული დაპირისპირების გამო მომხდარი გარჩევა. საჯაიამ კარგად იცის, რაც გააკეთა, თავის გულში ჩაიხედოს და ისე ილაპარაკოს.

P.S. ვნახოთ, რა დასკვნას წარმოადგენს გენერალური ინსპექცია და ვინ იქნება მტყუანი და ვინ - მართალი.

თეა ხურცილავა