"ისეთ ამბებს ვიგებ, თმა ყალყზე მიდგას" - კვირის პალიტრა

"ისეთ ამბებს ვიგებ, თმა ყალყზე მიდგას"

"სოზარ სუბარს დავპირდი, თუ არ მოახდენდა რეაგირებას, ამ საქმის დეტალებს გავასაჯაროებდი"

ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში პრობლემებია, პატიმრების ცემის, კორუფციისა და სხვა სახის დარღვევების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

მისი თქმით, გულგრილობის მაგალითი იყო ქსნის დაწესებულებაში ახალ წელს მომხდარი შემთხვევა, როცა 25 წლის პატიმარი მწვავე აპენდიციტით გარდაიცვალა. პატიმარი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ საავადმყოფოში არ გადაიყვანეს და ოპერაცია არ გაუკეთეს. "მას მწვავე აპენდიციტი ჰქონდა, ბრმა ნაწლავი გაუსკდა და გარდაიცვალა. არადა, მისი ღრიალი მთელ ციხეს ესმოდა, კაცი ორი დღე დახმარებას ითხოვდა, ყვირილით რომ დაიღალა, თურმე ტკივილისგან გმინავდა, ექიმი კი არც მისულა მასთან. ტკივილისგან სულ დაიგრიხა, ებრძოდა ტკივილს, მაგრამ ბოლოს ძალა გამოელია და გარდაიცვალა"(!).

ნანა კაკაბაძემ სასჯელაღსრულების მინისტრს კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდა ციხეებში არსებულ კორუფციაზე და სუბარისგან რეაგირებას ელოდა.

"სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ველოდი რეაგირებას. ეს ეხებოდა კორუფციას სისტემაში, პატიმრების ცემას და კიდევ სხვა ფაქტებს. მაშინ სოზარ სუბარს დავპირდი, თუ არ მოახდენდა რეაგირებას, ამ საქმის დეტალებს გავასაჯაროებდი. მან ეს არ გააკეთა, ამიტომ გაწვდით პატიმრის წერილს, სადაც კორუფციის ფაქტია მოყვანილი. იქნებ გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ მაინც დასაჯონ დამნაშავე თანამშრომლები", - ამბობს კაკაბაძე. წერილს ხელს აწერენ მსჯავრდადებულები სულხან მაკარიძე და დავით ასათიანი (სტილი დაცულია):

"8 დეკემბერს 10 დღის განმავლობაში მოშიმშილე პატიმრები უნდა გავსულიყავით სად-ის #6 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში. საკანში შემოვიდა დირექტორი დავით დოჩიაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად. თანმხლებნი დარჩნენ საკნის კართან. საკნის სიგრძე დაახლოებით 10-11 მეტრია, დოჩიაშვილი და მისი მოადგილე ჩამოსხდნენ ჩვენს საწოლზე. დოჩიაშვილმა შემოგვთავაზა #7 ეტაპირების სანაცვლოდ მისთვის გადაგვეხადა ათასი დოლარი კაცზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით, მოვთხოვეთ მთავარი ექიმის საბუთი, ანუ გარანტია იმის, რომ თუ ასეთ ავადმყოფებს, 10 დღის ნაშიმშილარ პატიმრებს, გადაგვიყვანდნენ მეშვიდეში, გაეცა ექიმს დასკვნა, რომ ჩვენ არაფერი დაგვემართებოდა და შეიძლებოდა ჩვენი ეტაპირება. ამის მოსმენა არ მოეწონა დოჩიაშვილს, ადგა და გარეთ გავიდა, გვითხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. თუმცა მის ნაცვლად საკანში მალე შემოვარდა სპეცრაზმი, ხელები გადაგვიგრიხეს ისე ძლიერად, კინაღამ მოგვტეხეს, დაგვადეს ხელბორკილები და ასე ცემა-ცემით წამოგვიყვანეს მეშვიდე დაწესებულებაში ღამის 4 თუ 5 საათზე. მიგვაჩნია, რომ მეექვსე დაწესებულების დირექტორს სამედიცინო ნაწილიდან ჩვენი მეშვიდე დაწესებულებაში გადაყვანის უფლება არ ჰქონდა, რადგან იქ არ არსებობს სამედიცინო ნაწილი. ჩვენ კი "ნაცმოძრაობის" პერიოდში უამრავი წამება გვაქვს გამოვლილი. ჩვენს წამებაზე საქმეც არის აღძრული. თუმცა ახლაც იგივე გრძელდება. ჩვენ მკურნალობა ვერ ჩაგვიტარდება მეშვიდე დაწესებულებაში, რადგან იქ არ არის სამედიცინო ნაწილი. არადა, წამების დროს დაგვიმტვრიეს ხერხემლის მალები, გვაქვს ჰეპატიტის უმძიმესი ფორმები, თავის მძიმე ტრავმები და კიდევ სხვა სახის დაავადებები. ჩვენი ყოფნა მეშვიდე დაწესებულებაში სიკვდილის ტოლფასია.

მე, სულხან მაკარიძეს, მეექვსე დაწესებულებამ და მისმა დირექტორმა დამიკარგა ყველა პირადი ნივთი, არ გამომატანეს, რისი ღირებულებაც რამდენიმე ათასია. ასევე დამიკარგეს "ლარიოკის" კარტა და ორ კვირაზე მეტია, საჭირო ნივთებს  ვერ ვყიდულობ. ჩემი მოთხოვნაა, დამიბრუნონ ჩემი ნივთები ან ამინაზღაურონ დანაკარგი. უკვე მერამდენე დღეა ვშიმშილობთ, ვართ მარტო წყალზე და ვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას.

ვინაიდან ჩვენ არ გადავუხადეთ მოთხოვნილი თანხა დირექტორს, ამიტომ მოგვექცნენ ასე.

ვითხოვთ ციხის საავადმყოფოში ან ისეთ დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც სამედიცინო ნაწილია. თუ ჩვენი პროტესტი არ იქნება გათვალისწინებული, გადავალთ მშრალ შიმშილობაზე. მოთხოვნაა, დროზე მოახდინოთ ამ ფაქტებზე რეაგირება".

ნანა კაკაბაძის თქმით, მსგავს ფაქტებზე ოპერატიული რეაგირება უნდა მოეხდინა სასჯელაღსრულების სამინისტროს. "სულ იმას ვამბობ, დაისაჯოს დამნაშავე, პრეცედენტი შეიქმნას და მეორედ ხომ იგივე აღარ განმეორდება? ვაცხადებ, დღეს ციხეებში სერიოზული პრობლემებია. იმ მასშტაბის წამება თუ არ არის, რაც იყო ბაჩო ახალაიას დროს, ეს არავის აძლევს დამშვიდების უფლებას.

პრობლემები უნდა მოგვარდეს, თუ არ გვინდა დავემსგავსოთ იმ რეჟიმს, რომელსაც ძლივს დავაღწიეთ თავი.

ისეთი სიგნალები მოდის, ისეთ ამბებს ვიგებ, თმა ყალყზე მიდგას. რეაგირებას მოვითხოვ სასჯელაღსრულების სამინისტროსგან, დანაშაულის დაფარვა დაუშვებელია".

თეა ხურცილავა