რატომ ვერ აღადგენს სამართლიანობას ახალი მთავარი პროკურორი
27-01-2014
რატომ ვერ აღადგენს სამართლიანობას ახალი მთავარი პროკურორი
"მწარე სიმართლე სჯობს მუდმივ გაურკვევლობას"

"არ შეიძლება ადამიანების თავზე სისხლის სამართლის საქმე დამოკლეს მახვილივით მუდმივად ეკიდოს"

"საზოგადოებისთვის იმედის გაცრუება ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, რაც ამ ხელისუფლებამ შეიძლება ჩაიდინოს"


საქართველოს მთავარ პროკურორად გიორგი ბადაშვილის დანიშვნას გახმაურებული საქმეების გახსნის მოლოდინი და სამართლიანობის აღდგენის იმედი უკავშირდება. ფარცხალაძის გადადგომის შემდგომ სამთავრობო კულუარებში ამ თანამდებობაზე სხვადასხვა კანდიდატურა სახელდებოდა, მათ შორის ცნობილი პოლიტიკოსები და იურისტები, თუმცა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ პოსტზე, იურისტთა წრისთვისაც თითქმის უცნობი კადრი დაინიშნა.
ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ბადაშვილის უკან ყოფილ მთავარ პროკურორს, თანამდებობიდან სკანდალურად წასულ ოთარ ფარცხალაძეს ხედავს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით ირაკლი ღარიბაშვილი პროკურატურის სისტემაზე ერთპიროვნული კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს. მთავარი კი მაინც ის არის, რის გაკეთებას შეძლებს მთავარი პროკურორი.


ამირან გიგუაშვილი, "პოლიტიკისა და სამართლის
ცენტრის" თავმჯდომარე, ადვოკატი:


-პრემიერმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მოსალოდნელი იყო. თუ  ღარიბაშვილის საკადრო პოლიტიკას დავაკვირდებით, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ არჩევანს საზოგადოებისთვის ცნობილ პოლიტიკურ ფიგურაზე ან იურისტ პოლიტიკოსზე არ შეაჩერებდა. ეს მისი სტილია, რასაც დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც.

დადებითია ის, რომ თუ მთავარ პროკურორად რომელიმე პოლიტიკური ფიგურა, მაგალითად, ეკა ბესელია დაინიშნებოდა, "ნაცმოძრაობის" ლიდერებს მიეცემოდათ საშუალება, განეახლებინათ რიტორიკა პოლიტიკურ დევნასა და ანგარიშსწორებაზე. ამიტომაც პოლიტიკური წარსული მთავარი პროკურორისათვის ზედმეტი ტვირთი იქნებოდა და ვფიქრობ, ამ მხრივ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
რაც შეეხება მინუსებს, ახალ პროკურორს წინ დიდი გამოწვევები ელოდება  - ბევრი მუშაობა მოუწევს საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, გახმაურებული საქმეების გახსნას და სამართლიანობის აღდგენას უკავშირდება, რისი იმედიც საზოგადოებას ნაკლებად აქვს.

- რა გაძლევთ ასეთი სკეპტიკური მოსაზრების საფუძველს?
- ის რეალობა, რაც არის. მოდი, ეს საკითხი ორად გავყოთ: გახმაურებული საქმეები (ჟვანიას, გირგვლიანის, რობაქიძის...) და სამართლიანობის აღდგენა. გამოძიება ცოცხალი პროცესია, რომელიც დროსთან არის დაკავშირებული. რაც მეტი დრო გადის, უფრო რთულია საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. მაგალითად, ჟვანიას საქმე იმდენმა გამომძიებელმა გააფუჭა თუ გააყალბა, იმდენჯერ იქცა პოლიტიკური სპეკულაციის საგნად, რომ ასპროცენტიანი სიმართლეც რომ ფაქტებად დაიდოს, მისი დამაჯერებლობის ხარისხი მაინც დაბალი იქნება. ყოველთვის გამოჩნდებიან პირები, რომლებიც ეჭვს შეიტანენ გამოძიების ობიექტურობაში.

რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ესეც ერთგვარ ფიქციად იქცა. სამართლიანობის აღდგენა რიგითი მოქალაქისთვის შოუდ გადაქცეული სასამართლო პროცესები კი არა, წართმეული ქონების დაბრუნება და შელახული ღირსების აღდგენაა. შეიძლება წინა მთავრობისგან გამწარებულ მოქალაქეს დღეს ძალიან უხარია, მერაბიშვილს რომ დაარბენინებენ აქეთ-იქით, ან გალიაში გამომწყვდეულ ახალაიას რომ ხედავს, მაგრამ ეს აღტაცება მალე გადაუვლის და დაუსვამს კითხვას ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ კი ხელისუფლებას: "რა სარგებელი მივიღე მე მერაბიშვილ-ახალაიას დაპატიმრებით?"ცხადია, ვინც  დააშავა, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ სამართლიანობის აღსადგენად მხოლოდ მათი დაპატიმრება საკმარისი არ არის.

- თუ ასეა, ისმის კითხვა: რისი გაკეთება შეუძლია ახალ მთავარ პროკურორს და რა უნდა ქნას იმ ათასობით კაცმა, რომელთაც ქონება წაართვეს, ღირსება შეულახეს და დღემდე უშედეგოდ ელოდებიან საჩივრებზე რეაგირებას?
- ახალმა პროკურორმა უპირველესად სამართლიანი და კვალიფიციური გამოძიების სტანდარტები უნდა დაამკვიდროს. აუცილებელია რეალური და არა კოსმეტიკური საკადრო ცვლილებებიც, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის საკანონმდებლო ბაზის შეცვლა. დღეს არსებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ზურაბ ადეიშვილის შექმნილია, რომელიც რეპრესიულ მანქანასა და ფულის ამოღების მექანიზმს წარმოადგენდა. როგორ შეიძლება სამართლიანობის აღდგენა იმ კანონით, რომლითაც ყველა ის უსამართლობა და უკანონობა ხდებოდა, რის გამოც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ხალხმა მაშინდელ ხელისუფლებას უნდობლობა გამოუცხადა?! უნდა აღდგეს დაზარალებულის ინსტიტუტი და გამოძიების ვადები. არ შეიძლება ადამიანების თავზე სისხლის სამართლის საქმე დამოკლეს მახვილივით მუდმივად ეკიდოს. დაზარალებულს კი უნდა ჰქონდეს საშუალება, გაეცნოს საქმეს და სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს საპროცესო მოქმედებებში. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე ათასობით მოქალაქეს, პროკურატურა იმ ადამიანური რესურსით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და კანონებით, რაც დღეს აქვს, ვერ შეძლებს ასეთი მასშტაბური ამოცანის გადაწყვეტას.

ეს შეუსრულებელი მისიაა, რომელსაც ვერც კბილაშვილი დასძლევდა, ვერც ფარცხალაძე და ვერც ბადაშვილი მოახერხებს... ცხრა წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულის გამოვლინებას და პარალელურად მიმდინარე დანაშაულთან ბრძოლას, ამ პირობებში პროკურატურა ვერ მოახერხებს. რაც მალე ეტყვიან ამ სიმართლეს ხალხს, მIით უკეთესი იქნება. უფრო კი ის აჯობებს, თუ ხელისუფლება დროულად შექმნის არა კომისიას ან საპარლამენტო კომიტეტს, არამედ დაიწყებს მუშაობას სრულიად ახალი, სპეციალური საგამოძიებო ორგანოსა და კანონმდებლობის შექმნაზე, რომლის ფუნქციაც სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს არსებული სამართალდარღვევების შესწავლა იქნება.

რაც შეეხება კომპენსაციას, ამ საკითხის გადაწყვეტაც შეიძლება, თუკი მას რამდენიმე წელიწადზე გადაანაწილებენ (მოგეხსენებათ, სამართალი ურმით დადის) და ჩვენს მოქალაქეებს ეცოდინებათ, რომ გვიან, მაგრამ მაინც აღდგება მათი შელახული უფლებები. მწარე სიმართლე სჯობს მუდმივ გაურკვევლობას. საზოგადოებისთვის იმედის გაცრუება ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, რაც ამ ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინაშე შეიძლება ჩაიდინოს.
fdvgbsev
01 თებერვალი 2014 19:44
ერთი რომელ თქვენგანს წაართვეს ქონება და რატომ?
ანა
28 იანვარი 2014 13:15
100%-ი სიმართლეა რასაც ამირან გიგუაშვილი აცხადებს. ვფიქრობ საკადრო რეფორმასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები.

არა მარტო სისხლის სამართალში, საერთოდ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით მასშტაბური საკანონმდებლო ინიციატივებია განსახორციელებელი და ოცნებას ამით უნდა დაეწყო, თუმცა გვიანი ჯერ კიდევ არ არის.
.
28 იანვარი 2014 13:05
რძალმა ძროხა ვერ მოწველა, ბაკი (საქონლის სადგომი)ბრუდეაოო

ასეა ეხლა კანონის პრობლემაზე საუბარი.

რედაქტორის რჩევით