"მე დავწერე ჟვანიაზე დასკვნა და თუ ვინმე იყო მოსაკლავი, მე ვიყავი" - კვირის პალიტრა

"მე დავწერე ჟვანიაზე დასკვნა და თუ ვინმე იყო მოსაკლავი, მე ვიყავი"

"შსს-სა და პროკურატურას აქვთ ჟვანიასა და იუსუპოვის გვამების პირველადი  ექსპერტიზის ფირები, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს..."

"როგორ ფიქრობთ, სამხარაულმა ჟვანიაზე რაღაც გაარკვია და ადეიშვილმა ის მოაკვლევინა?"

საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას მტკიცებით, სოციალური ქსელით გავრცელებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

როგორც ჩაჩუამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჟვანიას ცხედარს ტუჩზე, მხოლოდ ერთი დაზიანება აღენიშნებოდა.

"ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ტუჩის არეში არსებული დაზიანება და სხვა არაფერი. მეორე ცხედარს, რაულ იუსუპოვს საერთოდ არავითარი დაზიანება არ ჰქონდა. შესაბამისად, ეს წერია დასკვნაში. მე არ ვიცი საიდანაა ეს კადრები. მე ვიცი, რომ ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებდა პროკურატურა და ვთხოვ, წარმოადგინონ ის ვიდეო, რომლითაც დადასტურდება, რომ აღნიშნული ერთი დაზიანების გარდა ჟვანიას ცხედარს სხვა დაზიანება არ ჰქონია" - აცხადებს ჩაჩუა.

მისივე განმარტებით, ფოტოების ავთენტურობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. "უნდა ჩატარდეს ფოტოების ავთენტურობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა და მე ამის შესახებ აუცილებლად განვაცხადებ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ესაა ფალსიფიცირებული კადრები", - აღნიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა.

"არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. გვამი გავკვეთე და ვნახე, რომ ერთი წერტილი არ ჰქონია დაზიანებული" - აი, რას ყვებოდა ჩაჩუა "კვირის პალიტრასთან" 2 თებერვალს ჩაწერილ ინტერვიუში:

- კარგი იქნება, თუ ექსჰუმაცია ჩატარდება, თუმცა ამდენი წლის შემდეგ შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ძვლოვანი სტრუქტურა და ექსპერტები ნახავენ, რომ გვამზე ძვლოვანი პათოლოგია არ შეინიშნება. ექსპერტიზას ორი ვიდეოკამერა იღებდა, ერთი წუთითაც არ გამორთულა. შსს-სა და პროკურატურას აქვთ ეს ფირები, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

- ექსჰუმაციის შემთხვევაში, მოწამვლის დადგენა შესაძლებელია?

- ჩემთვის არ არის ცნობილი გამოკვლევის ისეთი მეთოდიკა, რომელიც ძვლის მიხედვით  CO-ს არსებობას ადგენდეს. შვეიცარიაში თუ ულტრათანამედროვე კვლევის მეთოდები არსებობს, არ ვიცი. ამ რანგის ექსპერტიზა საქართველოში არ ჩატარებულა.

ერთადერთი, რაც ექსჰუმაციის შედეგად შეიძლება დადგინდეს, ძვლოვანი ქსოვილის ტრავმის აღმოჩენაა. ათი საუკუნეც რომ გავიდეს, გამოჩნდება, ჰქონდა თუ არა ზურაბ ჟვანიას თავზე ჭრილობა.

- რა წერია თქვენს დასკვნაში?

- ჩემს საექსპერტო დასკვნაში ორივე გამოკვლევის (თბილისის და  FBI-ს) მონაცემებია შეჯამებული. ჟვანიასა და იუსუპოვის სისხლში აღინიშნებოდა ნახშირჟანგის (CO ) დიდი რაოდენობა, დაახლოებით 8-10 ერთეულით მაღალი იყო ამერიკელთა დასკვნაში.

- შესაძლებელია თუ არა CO -თი მოწამვლის ხელოვნურად გამოწვევა?

- COO-თი მოწამვლას ავტოფარეხში დაქოქილი მანქანის გამონაბოლქვიც იწვევს. რა მნიშვნელობა აქვს, ფილტვებიდან შევა ნახშირჟანგი ორგანიზმში თუ კუჭიდან? ძნელია იმის თქმა, პრემიერი მოიწამლა თუ მოწამლეს, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა. აჩვენონ ის ფირები საზოგადოებას და თქვან ყველაფერი! ამ საქმეზე დაკითხულიც კი არა ვარ, მაგრამ ერთი შემიძლია განვაცხადო: თუ დადგინდა, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა, იცოდეთ, გარდაცვალება აუცილებლად ნახშირჟანგით არის გამოწვეული. იმიტომ, რომ გვამზე დაზიანება არ ყოფილა!

- ალბათ, არ მიწყენთ, თუ შეგახსენებთ, რა გზით მოიპოვებოდა წინა რეჟიმის დროს ექსპერტიზის სასურველი დასკვნები. თქვენზეც ხომ არ ყოფილა ზეწოლა?

- არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. გვამი გავკვეთე და ვნახე, რომ ერთი წერტილი არ ჰქონია დაზიანებული.

- ოპერატორების გარდა ვინ ესწრებოდა ექსპერტიზას და რატომ?

- რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში იყვნენ ბატონი ზურაბის საოცრად შეშინებული და დამწუხრებული მეგობრები: გოგორიშვილი, მაჭავარიანი, ბარამიძე და სხვები. სანამ გვამის გაკვეთას დავიწყებდით, მორგში იყო ჟვანიას გუნდის თითქმის ყველა წევრი, სულ ცოტა, 20-25 კაცი. მისი მეუღლეც იქ იყო, გვამი ჯერ კიდევ თბილი იყო, ეფერებოდა და ტიროდა. შეიძლება, ამდენმა ადამიანმა ნახოს გვამი და ნატყვიარი გამოეპაროს? რაც შეეხება კეფაზე ჭრილობას (რასაც მისი ერთ-ერთი მეგობარი ავრცელებს), გამოკვლევის შემდეგ მხოლოდ კეფაზე კი არა, გულმკერდზეც კეთდება კვეთა.

- მაშინდელ სატელევიზიო ვიდეოფირში ჩანს, რომ ამ საკითხზე კომენტირებისას გურამ დონაძე მუდმივად დაგყვებოდათ. რატომ?

- რა ვიცი, რას გაიგებ, რა ედო გუნებაში, ალბათ, იმისთვის, რომ კომენტარები ლაკონიური ყოფილიყო, თუმცა, ეს არ მოუთხოვია. პროზექტურიდან გამოსვლის შემდეგ ტელევიზიებს პირველი ინტერვიუ მივეცი და დონაძე ნამდვილად გვერდით მედგა.

- ვინ და რატომ ეწინააღმდეგებოდა თქვენი ექსპერტიზის ბიუროს იმჟამინდელ უფროსს, ლევან სამხარაულს  FBI-სთან ერთად შემთხვევის ადგილზე ექსპერიმენტის ჩატარებაში? როგორც ვიცით, ექსპერიმენტით დადგინდა, რომ გაზის გამათბობელი გამართულად მუშაობდა და CO-ს არ გადაუჭარბებია სიცოცხლისთვის დასაშვები ნორმისთვის, ანუ ჟვანია და იუსუპოვი ბუნებრივი აირით არ გაგუდულან.

- ექსპერიმენტი ჩატარდა შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ და ოთახში ნახშირჟანგი აღარ დაგროვდა, მაგრამ ერთი წუთით თავი დავანებოთ ჟვანიას შემთხვევას, საქართველოში ბოლო ხანს ირანული "ნიკალათი" გარდაცვლილი 500-ზე მეტი გვამია გამოკვლეული. ტექნიკური გაუმართაობის გარდა, შეიძლება სხვა მიზეზებითაც დაგროვდეს CO.  ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ მწყობრიდან გამოსვლის ბრალი. ბატონ ლევანს ვუთხარი, ექსპერიმენტის დროს შესაძლებელია, იგივე შედეგი არ მიიღოთ-მეთქი და ვერც მიიღეს. ამერიკელებმაც დაწერეს დასკვნა, რომ ექსპერიმენტის დროს  CO-ს არ გადაუჭარბებია სიცოცხლისთვის დასაშვები ნორმისთვის.

- ამ ამბიდან სამ თვეში მოკლეს ლევან სამხარაული. საზოგადოების ნაწილი დღემდე ეჭვით უყურებს ამ ფაქტს და ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებას უკავშირებს.

- ზუსტად ვიცი, რომ ლევან სამხარაული თანაკლასელმა, დავით მჭედლიშვილმა მოკლა. ლევანი ზურა ადეიშვილისთვის უძვირფასესი ადამიანი იყო, უმცროს ძმასავით ჰყავდა და როგორ ფიქრობთ, სამხარაულმა ჟვანიაზე რაღაც გაარკვია და ადეიშვილმა ის მოაკვლევინა? ჩემი აზრით, ეს აბსურდია. მკვლელობის დღეს, 2005 წლის 22 მაისს, ლევანს თან ახლდა ვაკის პროკურატურის გამომძიებელი, რომელიც მკვლელმა მძიმედ დაჭრა. რისთვის უნდა მოეკლათ სამხარაული, რომელიც პირადად არც ერთი ექსპერტიზის ჩამტარებელი არ იყო? მე დავწერე დასკვნა და თუ ვინმე იყო მოსაკლავი, მე ვიყავი.

- დასკვნა ხელისუფლებისათვის მისაღები იყო და თქვენ რატომ უნდა მოეკალით?

- აბა, სამხარაული რას დაწერდა? ექსპერიმენტის შედეგი სამხარაულმა კი არა, FBI-მ იცოდა. დამიჯერეთ, ექსპერტიზის სამსახურის უფროსი იქნება თუ რიგითი ექსპერტი, გამოძიების გარეშე ვერანაირ ინფორმაციას ვერ მიიღებს. სამხარაულის შემთხვევა ტრაგედიაა, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე პირმა ჩაიდინა და დაამთავრა კიდეც სიცოცხლე თვითმკვლელობით.

- თქვენი აზრით, რატომ გაჯანჯლდა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება და როდის გაიგებს სიმართლეს საზოგადოება?

- არ ვიცი, რა გითხრათ. მხოლოდ დაპირება გვესმის - გაიხსნება, გაიხსნება... 30 წელი ვიმუშავე პრაქტიკულ ექსპერტიზაში და ჩემი გამოკვლეული არც ერთი გვამი საექსჰუმაციო არ გამხდარა. ამჯერად კი მინდა, ყველაფერი გაკეთდეს, რათა კითხვის ნიშნები მოიხსნას. ნახევარ საქართველოს სასაცილოდ არ ჰყოფნის ექსპრემიერის  CO-თი მოწამვლა, არადა, ფაქტია, ასე მოხდა. პროკურატურამ ოჯახს მაინც აჩვენოს ექსპერტიზის დროს გადაღებული ფირები. ოჯახის, ერისა და საქართველოს ისტორიის წინაშე ვაგებ პასუხს ჩემს დასკვნაზე.

ნანა ფიცხელაური