"ახალაიამ მკლავი მაგიდასა და სკამის საზურგეს შორის დამადებინა და წიხლით ჩამიტეხა"
17-02-2014
"ახალაიამ მკლავი მაგიდასა და სკამის საზურგეს შორის დამადებინა და წიხლით ჩამიტეხა"
რას ჰყვება ე.წ. მუხროვანის ამბოხების ერთ-ერთი ფიგურანტის, კობა ოთანაძის დეიდაშვილი, ყოფილი პოლიციელი ზაზა სანდოძე

"ვგიჟდები, კოდუას რომ არავინ ახსენებს, თითქოს უფრთო ანგელოზი იყოს"

"ირაკლი ფირცხალავამ ხელკეტი ისე გამეტებით ჩამარტყა, თავი გადამიხეთქა"


ყოფილი პოლიციელი ზაზა სანდოძე ე.წ. მუხროვანის ამბოხების ერთ-ერთი ფიგურანტის, კობა ოთანაძის დეიდაშვილია. იგი ამ საქმისთვის გასამართლებულ პირთა შორის 41-ე ბრალდებულად იქცა და ზოგიერთი მაღალჩინოსნის ახირების გამო სასჯელიც მოიხადა. თუმცა მანამდე, იმის გამო, რომ "დაფარული დანაშაული" არ აღიარა (კუდ-ი მას
ძებნილი კრიალაშვილის, ოთანაძისა და ამირიძის გადაადგილებაში ხელის შეწყობას ედავებოდა), სანდოძე სასტიკად აწამეს და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. "კვირის პალიტრასთან" საუბარში რესპონდენტი ჰყვება, რომ უთანხმოება მათ ოჯახებსა და წინა რეჟიმის მაღალჩინოსნებს შორის "მუხროვანის ამბამდე" კარგა ხნით ადრე დაიწყო.



-
მე და ჩემი ძმა წლების განმავლობაში პოლიციაში ვმუშაობდით. მე წალკაში განყოფილების უფროსი გახლდით, ქვემო ქართლის სამხარეოსა და სამინისტროშიც ვმუშაობდი, ჩემი ძმა კი მარნეულის პოლიციის უფროსი იყო, ვასილ სანოძემ დააკავა, რის შემდეგაც ერთ კვირაში სამჯერ ჩამომაქვეითეს. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდებოდა და დამავალეს, მესხეთ-ჯავახეთში "ნაციონალების" სასარგებლოდ იმუშავეო (ასპინძელები ვართ და რეგიონში დიდი საახლობლო გვყავს). "ნაციონალების" სასარგებლოდ აგიტაცია და ხმების შეგროვება მომთხოვეს.

- ვინ მოგთხოვათ?
- ვინ და გენერალურმა პროკურორმა ეკა ტყეშელაშვილმა... ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი დეიდაშვილი კობა ოთანაძე კენჭს იყრიდა სამცხე-ჯავახეთში. ჩემი ძმის უშუალო ზედამხედველმა პროკურორმა მითხრა, სანოძემ დაგვავალა, იქ გელა ლონდარიძე (საფინანსოს უფროსი, რომლის მოადგილეც ვანო მერაბიშვილის ბიძა იყო) უნდა გავიდესო. ცხადია, კობას მეტი შანსი ჰქონდა და ყველანაირად უშლიდნენ ხელს. სად იყო მუხროვანი, როცა კობას ემუქრებოდნენ, ქვეყნიდან წადი, თორემ დაგიჭერთო. საბოლოოდ, "ნაციონალებმა" მიაღწიეს იმას, რომ კობამ მოხსნა თავისი კანდიდატურა.

გავიდა წელიწადი და მუხროვანის ამბოხების გამო 41 კაცი დაგვაპატიმრეს. იმ წელს აღდგომა აპრილში იყო და კობა მამაჩემის საფლავზე ვნახე, მას შემდეგ არ მინახავს, ჩემი ძმის საქმეებზე დავრბოდი. რუსთავში ვცხოვრობთ და ჩემმა ბავშვებმაც შეამჩნიეს, რომ სხვადასხვა ავტომანქანით დაგვდევდნენ. ორგანოში დიდხანს ვიმუშავე, თანამშრომლების 99%-ს ვიცნობ და გამაფრთხილეს, კობას გამო გითვალთვალებენო.

- როგორ და რა ვითარებაში აგიყვანეს?
- 2009 წლის 9 მაისს, საღამოს, თბილისში ვიყავი, მეგობარს შევხვდი და დიდ დიღომში, "გუდვილთან" ამედევნენ მანქანებით. მცხეთისკენ წავედი და ტრასაზე BMW-დან რამდენჯერმე ისროლეს. გავჩერდი, უცნობმა პირებმა თავიანთ ავტომანქანაში გადამსვეს და კუდ-ში მიმიყვანეს. ამიყვანეს ირაკლი კოდუას კაბინეტში, სადაც მის გარდა დათა ახალაია და გია ლორთქიფანიძე დამხვდნენ. თავდაპირველად გია კრიალაშვილსა და მის ადგილსამყოფელზე მეკითხებოდნენ. არადა, გია არასოდეს მენახა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ უკრაინაში იყო სამხედრო ატაშედ. როგორ თუ არ იცნობო, გაგიჟდნენ და ახალაიამ და კოდუამ ცემა დამიწყეს. როცა ავუხსენი, რომ კრიალაშვილის კი არა, ოთანაძის ნათესავი ვიყავი, ახალაიამ მომიგო, მთლად უკეთესი, სამივეს პოვნაზე 300 ათასია დაწესებული, ამ თანხას შენ მოგცემთ, პოლიციაში ამდენს ხომ ვერ იშოვიო. მითხრეს, თუ უარს იტყვი შენს მეათეკლასელ შვილს წამალს ჩავუდებთ და ორ დღეში გვერდზე მოგიჯდებაო.

- კონკრეტულად რას მოითხოვდნენ?

- აინტერესებდათ, სად იყო, რაზეც უარი ვთქვი. არ ვიცოდი, სად იყვნენ, რომც მცოდნოდა, ვიტყოდი? ახალაიამ და კოდუამ ისევ ცემა დამიწყეს. ცემასაც ხომ გააჩნია? რაც ხელში მოხვდათ, ყველაფერს მირტყამდნენ. მალე შემოემატათ ერთი კაცი, რომელიც როგორც შემდეგ ამოვიცანი, ირაკლი ფირცხალავა იყო, ბუტა რობაქიძისა და ზურა ვაზაგაშვილის საქმეში რომ ფიგურირებს და დღეს ანგელოზად მოაქვს თავი. დათა ახალაიამ უთხრა, შენ იმ ხალხს ტყე-ტყე დაეძებ, ისინი კი თბილისში დანავარდობენ, მანქანით დაატარებს ეს კაციო. ფირცხალავას ხელკეტი ეჭირა და ისე გამეტებით ჩამარტყა, თავი გამიხეთქა. სახეზე სითბო ვიგრძენი, სისხლი მდიოდა, ძირს დამაგდეს და ნახევარი საათი გონის დაკარგვამდე მცემდნენ. გონზე რომ მოვედი, შხაპის ქვეშ ვიყავი, თანამშრომლები წყალს მასხამდნენ. შემდეგ კოდუას მოადგილის კაბინეტში დამსვეს და გახეთქილ თავზე ხელსახოცები დამაყარეს. ახალაიამ თავისას რომ ვერ მიაღწია, მკლავი მაგიდასა და სკამის საზურგეს შორის დამადებინა და წიხლით ჩამიმტვრია. იმ არაკაცებმა თავი გამიხეთქეს, ორივე მხარეს 3-3 ნეკნი ჩამიმტვრიეს და თვალი ლამის ბუდიდან ამომიგდეს. საშინელი სანახავი ვიყავი. ვგიჟდები, გარეწარ კოდუას დღეს რომ არავინ ახსენებს, თითქოს უფრთო ანგელოზი იყოს.

ჩემგან რომ ვერაფერი გაიგეს, დათა ახალაიამ უთხრა თავის ბიჭებს, აგერ არის ავტომატი, თუ საჭირო გახდა, წამალიც წაიღეთ და მანქანაში ჩაუდეთო. შემდეგ ფირცხალავას მიუბრუნდა, წაიყვანე და რაც გინდა, ის უქენით, გინდ მოგიკლავთო.

მიმიყვანეს ჯვრის მონასტერთან და მეკითხებიან, გაქცეულები სად გადაიყვანე, სად გადაუხვიეო. მე მაინც იმას ვიმეორებდი, რომ ჩემს მანქანაში არავინ მჯდარა. ფირცხალავამ ჩასადებად გამზადებული ავტომატი გადმოიღო და სროლა დამიწყო, ვითომ დახვრეტას მიპირებდა. ვუთხარი, მესროლე და ბარემ მომკალი-მეთქი, რაზეც მიპასუხა, გაიქეცი და გესვრიო. შემდეგ მითხრა, შენს მანქანას დავათვალიერებთ, იქ ავტომატები იდება და რასაც გეტყვიან, იმას დაწერო. მოიყვანეს ჩემი ავტომანქანა (უფრო სწორად, ჩემი ამერიკელი მეგობრის, მის სახელზე იყო, სატრანზიტო ნომრებით, უბრალოდ, მე ვსარგებლობდი იმ დღეებში), საბარგულში სამი ავტომატი ჩაედოთ, სავარძელზე კი სამი ფორთოხალი დადეს, თითქოს გაქცეულებს დარჩათ. დასაკითხად მცხეთის პოლიციის სამმართველოში წამიყვანეს, სადაც კვლავ უარვყოფდი, რომ იარაღი ძებნილების იყო. ვეუბნებოდი, ვაღიარებ, რომ ავტომატი ჩემია, მათ ვერ დავაბრალებ-მეთქი. დილის 10 საათზე პოლიციის უფროსმა ალექსანდრე მაისურაძემ ვისკი გამომიგზავნა, დალიე, ტკივილს გაგიყუჩებსო.

- ვითომ რატომ იზრუნა თქვენზე?
- სხვა რამ აწუხებდათ, ექსპერტიზის ჩატარებას მიპირებდნენ და უნდოდათ, ამ გზით ნარკოტიკი შეეპარებინათ. რაღა არ შემომთავაზეს: "კოკა-კოლა",“"ბორჯომი", მაგრამ არაფერი დავლიე.
ძირს დაგდებული ველაპარაკებოდი, ფეხზე ვერ ვდგებოდი, ტვინის შერყევის გამო გამუდმებით ვაღებინებდი. ხელს ვერ ვაწერდი ოქმს, გამომძიებელმა ხუციშვილმა ხელი დამიჭირა და ისე მოაწერა.
ექსპერტიზაზე სამხარაულში წამიყვანეს. მითხრეს, გარეთ დაგველოდეო. შევიდნენ ექიმთან და გავიგონე, როგორ უთხრეს, დასკვნაში ნარკოტიკის ზემოქმედება ჩაუწერეო.

მიუხედავად იმისა, რომ აიძულებდნენ, ექიმმა უარი თქვა ამ დავალებაზე. პოლიციელებმა ვიღაცას დაურეკეს და ექიმს დაალაპარაკეს, მაგრამ მაინც ვერ დაითანხმეს. ღმერთმა გაახაროს ის ადამიანი, არ ვიცი მისი გვარი... ხელით შემიყვანეს სასამართლო დარბაზში და 5 წუთში გამომიტანეს განაჩენი. გადამიყვანეს გლდანის მერვე დაწესებულებაში, სადაც დამხვდა ჩემი მეგობარი ექიმი. ციხის დირექტორ თამაზ მელაძესაც კარგად ვიცნობდი, თბილისში ერთად ვმუშაობდით. სწორედ მათ გადამარჩინეს კარანტინის ჯოჯოხეთს. წესია ასეთი, პატიმრებს 40 დღეს აჩერებენ კარანტინში - სამკაციან უჰაერო სარდაფში უამრავი პატიმარია შეყრილი. მე კიდევ ეგ მინდოდა? ალბათ, ვერც გადავიტანდი. მელაძემ და იმ ექიმმა პირდაპირ კორპუსში გადამიყვანეს. ექიმი ქალი შემოვიდა და რომ დამინახა, ატირდა, მთელი არაფერი მქონდა, თან საშინლად გაშავებული ვიყავი. დათა ახალაია მელაძეს გამუდმებით ურეკავდა, გინდა თუ არა, ეგ კაცი კარანტინში უნდა მოხვდესო, რაზეც უარი უთხრა, იქ მოკვდება და ამას ჩემს თავზე ვერ ავიღებო. საკანში ამიყვანეს და 2 თვე ფეხზე ვერ ვდგებოდი.

- რა მუხლები გქონდათ წაყენებული და რამდენი წელი მოგისაჯეს?
- სასამართლო წელიწადი და 2 თვე მიმდინარეობდა. თავდაპირველად 5 მუხლი წამიყენეს: იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადატანა, დანაშაულის დაფარვა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამის გარდა, ამბოხებასა და შეთქმულებაშიც დამდეს ბრალი. მერე ყველაფერი მომიხსნეს და დამიტოვეს იარაღის ეპიზოდი.

როდესაც საკანში პროკურატურიდან მოვიდნენ, სიმართლე ვთქვი, რა და როგორ მოხდა... შემდეგ შემოდიოდნენ კუდ-ის თანამშრომლები და მაიძულებდნენ, მეღიარებინა, რომ ვიცოდი. მუხროვანის ამბოხება რომ მზადდებოდა, თითქოს ოთანაძეს, კრიალაშვილსა და ამირიძეს მიმოსვლაში ვეხმარებოდი, თითქოს ცხინვალში უნდა გადამეყვანა, საიდანაც რუსეთში გადავიდოდნენ. მემუქრებოდნენ, მოგკლავთ, თუ არ აღიარებ, რომ იარაღი და ტყვიები შენიაო (ჩემს სახლში შევიდნენ და ტყვიები ჩემი მეუღლის პარფიუმერიის ყუთში ჩააწყვეს).

- მაინც რა იყო მუხროვანი - მითი თუ სინამდვილე? ან რატომ იყო ასეთი საშიში ოთანაძე?

- ეს იყო სააკაშვილის დადგმული სპექტაკლი. როცა ბრძანება გასცა, მიწიდან ამოთხარეთ ოთანაძე და კრიალაშვილიო, როგორ ფიქრობთ, ვის გვამებს მოითხოვდა იმ ჩანაწერში მერაბიშვილი? მუხროვანის ამბოხებისათვის გასამართლებულ ბიჭებს სასამართლოზე ვხვდებოდი და დარბაზში შეყვანამდე ერთ ოთახში გვიწევდა ყოფნა. ჯარისკაცები ჰყვებოდნენ, რომ იმხანად, კარვების ქალაქად რომ იქცა თბილისი, ბურჯანაძესა და მის მომხრეებს უნდოდათ კახეთის გზატკეცილის გადაკეტვა და ასეთ შემთხვევაში მუხროვანის სატანკო ბატალიონს უნდა დაეშალა აქცია, რაზეც უარი უთქვამთ, არც მიტინგების დაშლაში და არც აღლუმში არ მივიღებთ მონაწილეობასო.

- საქმე თუ გაასაჩივრეთ?
- როგორც კი ციხიდან გამოვედი, გავასაჩივრე, მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა და არც არაფერი უკითხავთ. საჩივარი შევიტანე ახალაიას, კოდუასა და ფირცხალავას წინააღმდეგ. ვერ მოვისვენებ, სანამ ჩემი წამებისთვის არ დაისჯებიან.

ნანა ფიცხელაური

ეგნატე
18 ივლისი 2018 09:23
აი ესეთების სიმართლის დასაცავად უნდა გამოვიდეს და დადგეს ხალხი და არა კლუბური ნარკუშების სიმართლის დასაცავად
.
13 ივნისი 2015 23:17
არ უნდა დათმოთ არავითარ შემთხვევაში,ვაიმეეეე ვინც ნაციონალებს იცავს უფლის არ ეშინიჺთ
ნინო
13 ივნისი 2015 08:22
ასტი გამწრებული პიროვნება გვარებს ასახელებს და ადებს ხელს და მტავრობას კიდიატ. ყველა ერტი ნეხვია ამ მტავრობაში.მოვა ახალი ,მტავრობა და ახლა ამატ ვნახავტ ამის დგეში და ასე ვუყუროტ ამატ კატა- ტაგვობანსსსსსსს?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები