სამართლებრივი ექო-ტრონი - კვირის პალიტრა

სამართლებრივი ექო-ტრონი

მსოფლშეგრძნების საიდუმლო

იმდენი ვიფიქრე, რა უნდა დამეწერა და როგორ, რომ ფიქრში ლამის ერთი თვე გავიდა. თუმცა ბოლოს მივხვდი, სულ ტყუილად ვიმტვრევდი თავს, რადგან გულწრფელობას ვერც ერთი ლამაზი სიტყვა და ფრაზა ვერ შეცვლის. გადავწყვიტე, ასე უბრალოდ, ყოველგვარი შეფუთვის გარეშე დავბრუნებულიყავი იქ, სადაც ჩემი ადგილია - ჟურნალისტიკაში! როგორც ყოფილ სახელმწიფო მოხელეს, ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იყო ჟურნალისტი, დიდი პატივია. განსაკუთრებით კი იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ქვეყნის განვითარების მთავარი საიდუმლო კანონის უზენაესობაა. ეს თითქოს ვიცით, ვაღიარებთ და მთავარ ღირებულებას ვუწოდებთ კიდეც, თუმცა... მეჩვენება, რომ ჩვენთვის კანონის უზენაესობის პრინციპი მენტალურად უცხოა, რადგან მაგალითად, ბიძინა ივანიშვილსაც კი მიაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის ღამით საკნიდან გაყვანა ტრაგედია არ არის...

ფილოსოფოსი ოსვალდ შპენგლერი ამბობდა: "ყველა დიდ კულტურას ახასიათებს მსოფლშეგრძნების საიდუმლო ენა, რომელიც სრულიად გასაგებია იმისთვის, ვისი სულიც მთლიანად ეკუთვნის ამ კულტურას". თუ ჩვენებური, თანამედროვე მსოფლშეგრძნებით ვიმსჯელებთ, აბსოლუტურად გასაგებია ნომერ პირველი მოქალაქის განცხადება, რომ ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა ტრაგედია არ არის. მართლაც, რა მოხდა მერე? გააუპატიურეს თუ ნამუსი ახადეს? მაგრამ თუ ვფიქრობთ, რომ ევროპული ღირებულება და ევროპული მსოფლშეგრძნება ჩვენი განვითარებისთვის აუცილებელია, მაშინ კანონის პატივისცემა და დაცვა უნდა ვისწავლოთ... უნდა გადავწყვიტოთ, გვჭირდება კი საერთოდ ევროპული ღირებულებები? და თუ ეს ღირებულება ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია,  კარგად გავაანალიზოთ, რა გვინდა და რატომ.

სამართლიანობის აღდგენის რთულ გზაზე, რომელიც პროკურატურაში არჩევნების შემდეგ პრიორიტეტად მიიჩნეოდა, ჩვენ, როგორც ამ საქმეში გამოუცდელები, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გასაზიარებლად, ხან უცხოელ ექსპერტებს ვიწვევდით, ხან სხვადასხვა ქვეყნებში დავეხეტებოდით. ასე აღმოჩნდა საქართველოს პროკურატურის დელეგაცია

(შეგახსენებთ, მაშინ თქვენი მონა-მორჩილი ამ უწყებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა) ბერლინის გენერალურ პროკურატურაში (გერმანია ფედერალური მოწყობის სახელმწიფოა და ყველა მხარეს საკუთარი გენერალური პროკურატურა აქვს).

როცა სამართლიანობის პრინციპებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ბერლინის პროკურორმა ძალიან საინტერესო ამბავი გვიამბო: 2002 წელს გოეთეს ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა მაგნუს გაფგენმა ფრანკფურტელი ბანკირის შვილი გაიტაცა. სკოლიდან შინ მიმავალი 11 წლის იაკობ ფონ მეტცლერი თითქოს ცამ ჩაყლაპა. რამდენიმე დღეში მშობლებს გამტაცებელი დაუკავშირდა და მილიონი დოლარი მოსთხოვა. დასახელებული თანხა უყოყმანოდ გადაიხადეს, თუმცა გამტაცებელმა ბავშვი არ დააბრუნა. ბუნებრივია, პოლიციას საყოველთაო თვალთვალი ჰქონდა დაწესებული და მალე სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის სტატუსით გაფგენი დააკავეს... 24-საათიანმა დაკითხვამ შედეგი არ გამოიღო. გაფგენი ამტკიცებდა, რომ ბავშვის გატაცებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

მაშინ ფრანკფურტის პოლიციის უფროსის მოადგილემ გადაწყვიტა, სხვა მეთოდებით ემოქმედა და ბრძანება გასცა, გაფგენისთვის სხვანაირად "მოევლოთ"... პოლიციელი გაფგენს დაემუქრა, თუ ბავშვის ადგილსამყოფელს არ დაასახელებ, სასტიკი წამება არ აგცდებაო. ეჭვმიტანილს ისიც განუმარტეს, რომ მუქარა რეალური იყო, რადგან ამ საქმისთვის საგანგებოდ გაწვრთნილი სპეციალისტი ვერტმფრენით უკვე მოფრინავდა და გაფგენი საკუთარ თავზე გამოცდიდა მის "პროფესიონალიზმს". მუქარამ გაჭრა - გამტაცებელმა ბავშვის ადგილსამყოფელი დაასახელა... ადგილზე მისულ პოლიციელებს შემზარავი სურათი დახვდათ - პოლიეთილენის პარკში გახვეული 11 წლის ბიჭუნას ცხედარი იქვე ახლოს, სარწყავ არხში ეგდო. ამ საზარელმა მკვლელობამ მთელი გერმანია შოკში ჩააგდო, თუმცა მალე საზოგადოება უპრეცედენტო ვნებათაღელვამ მოიცვა. საქმე ის გახლდათ, რომ სასტიკ მკვლელზე მორალური ზეწოლის გამო, პოლიციელები, რომლებიც საზოგადოებამ გმირებად შერაცხა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, გაასამართლეს და დამნაშავედაც ცნეს. მეტიც, გაფგენს სახელმწიფომ მორალური კომპენსაციის სახით 3 ათასი ევროც კი გადაუხადა. მკვლელმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მისი უფლებები შეილახა, პოლიციელებმა მძიმე ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენეს, თანაც რამდენჯერმე ჰკრეს ხელი გულმკერდის არეში, რამაც მისი კედელზე მიხეთქება გამოიწვია.

გაფგენს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ საზოგადოება დიდხანს მსჯელობდა, მართებული იყო თუ არა სახელმწიფოს ქმედება. პოლიციელები ხომ ერთადერთი მოტივით - 11 წლის ბიჭუნას სიცოცხლის გადასარჩენად მოქმედებდნენ...

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სასტუმროს ნომერში ჩანაწერი გავაკეთე და ევროპული ღირებულებების ლაბირინთში გავეკვეხე: რა უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი? კანონები? ისინი ხომ ყველა საუკუნეში იცვლება, ღირებულებების მიხედვით, სიცოცხლის ღირებულება კი უცვლელია. მაგრამ ხვალ მაინც უნდა ვკითხო პატივცემულ პროკურორს, რა მოსაზრებით იხელმძღვანელეს, როცა პოლიციელები პასუხისგებაში მისცეს?

მეორე დღეს ბერლინის გენერალურმა პროკურორმა გასაოცარი პასუხი გამცა: კარგად გვესმოდა ამ შემზარავი ამბის ასპექტები, მეტიც, ყველა ჩვენგანს მორალურად სრულიად გამართლებულად მიგვაჩნდა პოლიციელთა ქმედება, მაგრამ ეს მათი დაუსჯელობა საფრთხეს შეუქმნიდა ნდობას კანონის უზენაესობისადმი. გაფგენის დანაშაული გაფგენის დანაშაულია, მაგრამ ეს სამართალდამცველი სტრუქტურის თანამშრომელს არ აძლევს უფლებას, დანაშაული თავად ჩაიდინოს. ნდობა კანონის უზენაესობისადმი სახელმწიფო მოწყობის ქვაკუთხედია, მისი შერყევის უფლება კი არავის აქვს!

ამ ამბავმა ჩემს ქართულ ცნობიერებაში დიდი არეულობა გამოიწვია... ბერლინიდან კარლსრუეში მივემგზავრებით, მატარებლის ფანჯრიდან ლამაზი გერმანული სოფლები მოჩანს, კოხტა, მოვლილი. ჩვენი ქვეყნის უბედობაზე ვფიქრობ - რით ვერ დაგვადგა საშველი. კლიმატი უკეთესი გვაქვს, ბუნებაც, ქაღალდზე გაწერილი კანონებიც არაფრით ჩამოუვარდება გერმანულს... უფრო კომფორტული "ევრორემონტიანი" კაბინეტებიც გვაქვს და ტექნიკური პროგრესიც ჩვენს პროკურატურაში უფრო იგრძნობა. წარმოიდგინეთ, ბერლინის პროკურატურაში საქმის ელექტრონული წარმოების შესახებ ალბათ, არაფერი სმენიათ, ბერლინის გენერალურ პროკურორს სამუშაო მაგიდა ათეულობით ტომით ჰქონდა გადაჭედილი... აბა, რა გვჭირს, რატომ ვერ შედგა ჩვენი სახელმწიფო? ჩვენ დაკარგული გვაქვს ნდობა კანონის უზენაესობისადმი, ეს ცნება ჩვენს ცნობიერებაში არ არსებობს და მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა ჩვენს უფლებებს არღვევენ, მანამდე კი ჩვენთვის კანონი იმიტომ არსებობს, რომ დაირღვეს... ჩვენ ჩვენი გაგების კანონი გვაქვს.

P.S. ჰო, ვანოს საკნიდან გაყვანაზე გამახსენდა... "ნაცმოძრაობის" "ფეისებს" რატომღაც ახლა გაახსენდათ კანონის უზენაესობა. არადა, ვინ მოსთვლის, ძალაუფლების ზენიტში მყოფმა "პატივცემულმა გვამებმა" რამდენჯერ (თანაც უმოწყალოდ!) ახადეს ნამუსი საბრალო კანონს... ალბათ, არ ღირს ამ შეცდომის გამეორება, რადგან ნამუსახდილი კანონი ბუმერანგივითაა - ყოველთვის ბრუნდება უკან.