ვინ დახოცა შეყვარებული ექიმები? - კვირის პალიტრა

ვინ დახოცა შეყვარებული ექიმები?

6 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის დეტალები

"დომნას რომ ვხედავდი, მის უკან ჩემი შვილის სიკვდილი მელანდებოდა"

2008 წლის თებერვალს ოფთალმოლოგიურ კლინიკა "ნასოში," ამავე კლინიკის დამფუძნებელი, 41 წლის ზურაბ გვანცელაძე და მისი თანამშრომელი, ანესთეზიოლოგი დომნა კილაძე მოკლულები იპოვეს. საქმე ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

ჟანა გვანცელაძე, მოკლული ზურაბ გვანცელაძის დედა: - მეექვსე წელია შვილის მკვლელის დასჯას ვითხოვ, მაგრამ უშედეგოდ. 2008 წლის 5-6 თებერვალს (ზუსტად მკვლელობის დღე დაუდგენელია), ჩემი შვილი თანამშრომელთან ერთად თავის კაბინეტში მოკლეს. ზურა წლების მანძილზე ჯავრიშვილის კლინიკაში მთავარი ექიმი გახლდათ. მერე შენობა დაიქირავა და ოფთალმოლოგიური კლინიკა "ნასო" გახსნა, სულ 6 თვე იმUუშავა, მერე შვილი მომიკლეს...

5 თებერვალს საღამოს წალკის მონასტრის ექვსი მონაზონი მიიღო. უკითხავთ, რამდენი გადაგიხადოთო, არაფერია საჭირო, ჩემთვის ილოცეთო, უთქვამს. ეს ტრაგედიის შემდეგ იღუმენიამ მითხრა... მეორე დილით დახოცილი ზურა და დომნა კილაძე თანამშრომელმა იპოვა. იმავე დღეს ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს დომნა კილაძის მეუღლე, ზაზა გუბელაძე, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.

ზურა და დომნა ჯავრიშვილის კლინიკაში ერთად მუშაობდნენ. მერე ზურამ დომნა თავის კლინიკაში წაიყვანა.

დომნამ ჩიყვის ოპერაცია გაიკეთა, ზურა საავადმყოფოში ვერ მიდიოდა სანახავად... გვიან ღამით დომნას დამ დაურეკა, იქნებ წამოხვიდეო... ეს რომ გავიგე, ვკითხე, რამე ხომ არ ხდება თქვენ შორის-მეთქი. მაშინ გამენდო - დომნა მიყვარს, ქმარს რომ გაშორდეს, თავისი ორი შვილით ცოლად მოვიყვანო.

იმ ღამეს ზურა საავადმყოფოში რომ არ მისულიყო, ქალი მოკვდებოდა. დას უთქვამს, გამოვიდა ნარკოზიდან, მაგრამ მთელი დღე სძინავსო. ზურას დომნას მდგომარეობა არ მოსწონებია, მოუთხოვია მისი ისევ საოპერაციოში დაბრუნება - სისხლძარღვი ჰქონია გახსნილი. ასე გადაარჩინა. ეს ფაქტი მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.

გუბელაძე ჩემს შვილს ემუქრებოდა, ერთხელ მეც შევესწარი კლინიკაში. დომნა თურქეთში იყო, კონსილიუმზე. ზაზამ ჩემი შვილი გარეთ გაიყვანა, რაზე ისაუბრეს, არ ვიცი, მაგრამ ზურა რომ შემობრუნდა, ლოყა გაწითლებული ჰქონდა. მითხრა, ხელი გამარტყაო. უთქვამს, ახლა ამას გაკმარებ და დანარჩენი მერე იყოსო. დომნას რომ ვხედავდი, მის უკან ჩემი შვილის სიკვდილი მელანდებოდა. ერთხელ ვუთხარი, ან გაშორდი ქმარს, ან ისე მოიქეცი, როგორც გათხოვილ ქალს შეეფერება-მეთქი. მითხრა, განქორწინებას ვაპირებ, ქმარსაც ველაპარაკე, მაგრამ მითხრა, ბიზნესს ვიწყებ, ახლა არ მაწყობს განქორწინება და ცოტა ხანს მაცადეო.

იმ საბედისწერო დღეს ზურამ შინ ივახშმა და გვიან ღამით ისევ წავიდა სამსახურში. უკანა კარი კარგად არ იკეტებოდა, ეშინოდა, ვინმეს არ შეემტვრია და ღამე იქ რჩებოდა... დარწმუნებული ვარ, ზაზა გუბელაძემ მოკლა ჩემი შვილი. გუბელაძე მკვლელობის დღესვე დააკავეს (თავდაცვის სამინისტროში ლოჯისტიკის სამმართველოს სამედიცინო სამსახურის უფროსი იყო), მაგრამ კეზერაშვილმა და ლადო ჭიპაშვილმა გამოაშვებინეს.

ჩემს მოკლულ შვილს ზურგზე გუბელაძის ფეხსაცმლის ანაბეჭდი აღმოაჩნდა. გუბელაძე ამას ასე ხსნის: მიცვალებულები რომ დავინახე, მივხვდი, ზურამ ჯერ ჩემი ცოლი მოკლა და მერე თავი მოიკლა, გამწარებულმა მკვდარ გვანცელაძეს წიხლი ჩავარტყიო. დიდხანს ვმუშაობდი პროკურატურაში და ბევრ რამეში ვერკვევი. ექსპერტიზის დასკვნით, ზურას და დომნას ჭრილობები დანით ჰქონდათ მიყენებული. ერთი და იმავე ხასიათის ჭრილობების მიყენება მსხვერპლისთვის და საკუთარი თავისთვის შეუძლებელია. ვფიქრობ, გუბელაძეს თანამონაწილეც ჰყავდა. დღემდე ისიც არ დაუდგენიათ, ორივე ერთი და იმავე დანით თუ იყვნენ მოკლული. ჩემი შვილის ტანსაცმელზე გუბელაძის ტანსაცმლის ბოჭკოვანი მიკრონაწილაკები აღმოჩნდა, რაც იმას ადასტურებს, რომ ისინი იმ დღეს შეხვდნენ ერთმანეთს...

დომნა კილაძის დედის, 78 წლის ლენა ბაბუნაშვილის ჩვენებაც გააყალბეს - თითქოს მკვლელობის დღეს ზაზა შინიდან არ გასულა. ôარადა, მკვლელობის სავარაუდო დროს მისი მანქანა სათვალთვალო ვიდეოკამერამ აღმაშენებელზე დააფიქსირა. გუბელაძე იძულებული გახდა, ეთქვა, რომ ცოლს ეძებდა. ფირზე ჩანს სამხედრო ტანსაცმელში ცაცმული პირი, რომელიც "ნასოს" შორიახლოს ტრიალებს და ძალიან ჰგავს ზაზა გუბელაძეს. ის კი ამბობს, ცოლს რესტორანსა და კაფეებში ვეძებდი, მერე გავიარე ცოლის სამსახურთან, დავინახე შუქი, მაგრამ არ შევედიო.

გუბელაძის სახლის ჩხრეკისას მისი ჩანთიდან სისხლისფერი ლაქებით ერთჯერადი შპრიცი ამოიღეს. ეს დაილუქა, საქმეში დევს ოქმიც, მაგრამ არავის მიუქცევია ყურადღება, ვფიქრობ, მკვლელობის დროს გუბელაძეს ნარკოტიკი ჰქონდა გაკეთებული.

გამოძიებამ დაზარალებულად მე არ მცნო, სამაგიეროდ, დაზარალებულად 6 თვის მერე ცნო ზაზა გუბელაძე. ეს იმიტომ, რომ საქმის მასალებს არ გავცნობოდი. უწმინდესის კურთხევით ჩემი შვილი ყველა წესის დაცვით დავკრძალეთ, მან მითხრა, მოკლა თუ თავი მოიკლა, მის ცოდვას ჩემს თავზე ვიღებო.

ჩვენ ზაზა გუბელაძეს დავუკავშირდით, თუმცა ინტერვიუზე უარი გვითხრა.

- დავიღალე, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, რასაც გვანცელაძის დედა ამბობს, ის დაწერეთ. გმადლობთ, რომ დამიკავშირდით, მაგრამ უფლება მაქვს, არ გავაკეთო კომენტარი. ეს მისი აზრია, რა ვქნა, ვერ შევაცვლევინებ.

დავუკავშირდით პროკურატურის პრესსამსახურსაც, მაგრამ კომენტარის მოპოვება ვერ შევძელით. ერთადერთი, რაც პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, ის არის, რომ ჩვენი კითხვები პროკურორ პროკოფი ჭანკოტაძეს გააცნეს, თუმცა მისგან პასუხსაც უშედეგოდ ველოდეთ.

თეა ხურცილავა