"კახა კალაძე მაკრიტიკებს, რომელსაც ავიწყდება, როგორი გულანთებული "ნაციონალი" იყო" - კვირის პალიტრა

"კახა კალაძე მაკრიტიკებს, რომელსაც ავიწყდება, როგორი გულანთებული "ნაციონალი" იყო"

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის აზრით, ონიანი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია:

- ჩემი მიზანია, არ დავუშვა ადვოკატთა კორპუსის პოლიტიკური მოტივით დევნა. ორი კვირის წინ ონიანს უთხრეს, თუ ჩვენთან არ ითანამშრომლებთ, დაგიჭერთო და შეუსრულეს კიდეც. მე პროკურორივით დაუსაბუთებელ სისულელეებს ვერ ვიტყვი. წარმოადგინონ დასაბუთებული ბრალი და მე ვიქნები, თქვენ თუ გოგა ონიანი, ყველა აგებს პასუხს.

- ბრალი ხომ კონკრეტული მოქალაქის საჩივრის საფუძველზე წაუყენეს.

- ონიანს 15 თვის წინ უჩივლეს. საჩივარში ნათქვამია, რომ მან უკანონოდ დააპატიმრა მოქალაქე. ონიანმა 8 თვის წინ დაიწყო საადვოკატო საქმიანობა. 12 თვე განცხადება პროკურატურაში იდო და რეაგირება ამ დრომდე არავის მოუხდენია. საინტერესოა, ახლა რატომ გააქტიურდა პროკურატურა? საინტერესოა, ბაჩო ახალაიას პროცესი რომ არ მოეგო, მაშინ თუ დაიჭერდნენ?

- თქვენ პირადად იღებთ პასუხისმგებლობას მის უდანაშაულობაზე?

- ონიანს დიდ პატივს ვცემ ერთი ფაქტის შემდეგ, როცა დვანში საოკუპაციო ზოლთან აქცია ჩატარდა, გადავწყვიტეთ, გასაპროტესტებლად ადვოკატებიც წავსულიყავით, მაგრამ მხოლოდ 15 ადვოკატი მოვიდა, მათ შორის იყო ონიანიც. გარდა ამისა, იმიტომ ვაფასებ, რომ ზოგიერთივით პროკურორებთან არ დარბოდა და ადვოკატებს არ ასმენდა.

- ონიანის დაკავების შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხართ მართული. ხომ არ ამყარებს ამ ეჭვს თქვენი აქტიურობა, განსაკუთრებით იმით, როცა განაცხადეთ, დაკავებულ ადვოკატს პოლიციამ დაზიანებები მიაყენაო, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა?

-  კახა კალაძე მაკრიტიკებს, რომელსაც ავიწყდება, როგორი გულანთებული "ნაციონალი" იყო. როცა საქართველოში ჩამოდიოდა, სააკაშვილის მანქანაში სათადარიგო საბურავივით იჯდა და ერთად დასეირნობდნენ ბათუმის ქუჩებში. საზოგადოებას კარგად ახსოვს ჩემი ამბავიც - წინა ხელისუფლება მილიონ ევროსაც მთავაზობდა დუმილისთვის, სატელიტობა და ფული რომ მნდომოდა, ავიღებდი და ვერც ვერავინ გაიგებდა ამას.

- როგორ მოხვდა ონიანი ადვოკატურაში?

- ვისაც ჩაბარებული აქვს ადვოკატის, პროკურორის ან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, ადვოკატთა აღმასრულებელი საბჭო ვალდებულია, პირი ასოციაციაში გააწევროს. მე შვიდი თვე არ ვიღებდი ადვოკატად ონიანს. მისთვის უარი იმის გამო კი არ მითქვამს, რომ  ცუდი კაცი იყო, არამედ საკვალიფიკაციო გამოცდა ჰქონდა ჩასაბარებელი. ბოლოს სასამართლოში მიჩივლა, მოიგო პროცესი და იძულებული გავხდი, მიმეღო.

- ამბობენ, თითქოს ზურაბ ადეიშვილის დახმარებით გახდით ადვოკატთა კორპუსისთვის რჩეული.

- ადეიშვილი ჩემი ჯგუფელი და მეგობარი მართლაც იყო, მაგრამ როგორც იქცეოდა, მისი პატიება ძმისთვისაც არ შეიძლებოდა. დავუპირისპირდი და პირადად დამიწყო ბრძოლა. ადეიშვილს განსაკუთრებით ის აცოფებდა, რომ გებელსს ვეძახდი და ყველაფერს აკეთებდა, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე არ გავმხდარიყავდი.

გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი: -  ხატიაშვილმა ნაჩქარევად მოახდინა რეაგირება, მით უმეტეს, საეჭვოა მისი განცხადება, თითქოს ონიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაც არ დადასტურდა. ვწუხვარ, რომ ხატიაშვილი ისეთი ოდიოზური პირების გვერდით აღმოჩნდა, როგორიც თეა თუთბერიძეა.

- სამართლიანია ხატიაშვილის გადაყენების მოთხოვნა?

- ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება არ მიმაჩნია გამართლებულად. მას ასობით ადვოკატმა გამოუცხადა ნდობა. ზაზა ჩემი მეგობარია და მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვიღაც მართავს.

უტა ბიწაძე