"ონიანი ცნობილი ზონდერია!" - კვირის პალიტრა

"ონიანი ცნობილი ზონდერია!"

"ოთახში ყვირილით შემოვარდა ონიანი - არ იცი, რომ ჩვენია ეს ქვეყანა, ჩაგალპობ ციხეშიო"

გოგა ონიანი: "ხელს ვერ ამაღებინებენ ბაჩო ახალაიას დაცვაზე და პოლიტიკურ საქმიანობაზე"

ბაჩო ახალაიას ადვოკატს,  გოგა ონიანს, სასამართლომ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ოჯახმა პროცესის დასრულებისთანავე გადაიხადა თანხა და რამდენიმე საათში ის უკვე თავისუფალი იყო. "ნაცმოძრაობის" ლიდერები ამბობენ, გოგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრას აპირებდა და ხელისუფლებამ მოწინააღმდეგე მოიშორაო. არადა, ოპონენტები ონიანს ხშირად ახსენებენ ძალოვან უწყებებში მუშაობის პერიოდს. ამბობენ, რომ ბევრჯერ უნახავთ სამოქალაქო ფორმით დამრბევ პოლიციელთა შორის... ონიანს ადვოკატების ჯგუფიც უპირისპირდება. ისინი სოციალურ ქსელებში წერენ: "ჩვენ წლების განმავლობაში ვიცავდით იმ პატიმრებს, რომელთაც ზონდერი გოგა ონიანი აკავებდა... პოლიციიდან და პროკურატურიდან გამოძევებული პირები, რომლებიც 9 წელი თავისი ხალხის წამების მეტს არაფერს აკეთებდნენ, ასე უპირობოდ არ უნდა ხდებოდნენ ადვოკატები. ადვოკატობა იმუნიტეტი არ უნდა იყოს".

ონიანი თავისუფალია და მას ისევ აქვს ადვოკატობის უფლება... მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, ასევე განზრახ უკანონო დაკავება ედება ბრალად. და ეს ხდებოდა მაშინ, როცა იგი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ონიანმა 2011 წელს შპს„"დაო-პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი მხოლოდ იმიტომ დააკავა, რომ მან "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურები დაამზადა. დღეს ონიანს დაზარალებულად ცნობილი შათირიშვილიც ამხელს: "ონიანმა მაგიდაზე დადო  ქაღალდში გახვეული მარიხუანა და მითხრა, შენ იცი, რაც მოგივაო. დამემუქრა, რომ ჩემი ოჯახიდან, ჩემი მეუღლის სამუშაო და ჩემი სამუშაო ოფისებიდანაც "ამოიღებდნენ" ნარკოტიკს. მოგვიანებით სახლის ეზოში მოსასმენი აპარატურაც ვიპოვეთ. ონიანმა მომთხოვა მეთქვა, რომ ნარკოტიკი ჩემი იყო. ვარჩიე, "მეღიარებინა" დანაშაული, რათა ოჯახისთვის საფრთხე ამერიდებინა".

ციხიდან გამოსულმა ონიანმა განაცხადა: "იმ პერიოდში ჩემი უშუალო ხელქვეითი იყო ლექსო ჭიკაიძე, დღევანდელი შს მინისტრი. ჩემი ხელმძღვანელი კი ჯაბა მაღლაკელიძე, რომელსაც სასჯელაღსრულების სისტემის უსაფრთხოების სამსახური აბარია. მინდა, მათ მივმართო, სჩადიოდა თუ არა ონიანი დანაშაულს, ან მათ თუ ავალებდა ისეთ რამეს, რაც კანონს ეწინააღმდეგებოდა? ხშირად მესმის ბრალდებები 26 მაისთან, 17 ივნისთან დაკავშირებით. ამ პერიოდში პოლიციის გარნიზონის ყველა დანაყოფი მოვლენათა ცენტრში იყო. რატომ არის დღეს ონიანი დამნაშავე, ის კი, ვინც წლების განმავლობაში ჩემი ხელქვეითი იყო, თანამდებობის პირი და ხელისუფლების ფავორიტი?!"

ონიანს უპირისპირდება დიჯეი ლევან მდინარაძეც, ბერა ივანიშვილის მეგობარი. იგი 2007 წლის ოქტომბერში დააკავეს.

"ის ცნობილი ზონდერია, ამ გარეწრის დავალებით მანქანაში ჩამტენეს. ონიანი მეუბნებოდა, რომ სახელმწიფო ღალატისთვის დამიჭირეს. მაიძულებდა, მეთანამშრომლა მათთან. არაფერი რომ არ გამოუვიდა, განაჩენიც გამომიტანა - მარიხუანა ჩაAმიდო. ზუსტად მახსოვს, რაც მითხრა: აი, ხომ არიგებდი "მაიკებს", ვნახოთ, რას გიშველის ახლა შენი ბიძინა, პირობას გაძლევ, მინიმუმ 7 წელი იჯდებიო". ლევან მდინარაძე სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამბობენ, რომ ონიანი პატიმრების ცემა-წამებაშიც მონაწილეობდა. ქსნის კოლონიის ერთ-ერთი პატიმარი დამიკავშირდა: "ის მწამებელი ზონდერია! ჩემთან იჯდა ერთი ბიჭი, პატიმრების თვალწინ ისე სასტიკად სცემა ონიანმა, რომ სათესლე ჯირკვლის ამპუტაცია დასჭირდა".

კიდევ ერთი პირი, ვინც დაგვიკავშირდა, ყოფილი პროკურორის ძმა გახლავთ: "ონიანის გამო წლებია, ჩემი ძმა ციხეშია გამოკეტილი", - ამბობს თემურ ტოლიაშვილი. მის ძმას, მამუკა ტოლიაშვილს სასჯელთა შეკრებითობის კანონით 35 წელი მიუსაჯეს. იგი პროკურატურაში 1995 წლიდან მუშაობდა და 2006 წელს, როგორც ამბობს, "ნაცმოძრაობის" "ორგულობის" გამო დაითხოვეს.

თემურ ტოლიაშვილი: - 2007 წლის 3 ივლისს ჩემს ძმას შელაპარაკება მოუხდა ონიანის უახლოეს მეგობარ გიორგი დონაძესთან, რომელიც ვაკე-საბურთალოს მეხუთე ქვეგანყოფილების თანამშრომელი იყო. ჩემი ძმა პოლიციაში დაიბარეს, მეც მივედი... ოთახში დონაძესთან ერთად ყვირილით შემოვარდა გოგა ონიანი - მაშინ ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო - გიორგის ხელი როგორ დაარტყიო. არ იცი, რომ ჩვენია ეს ქვეყანა და ჩაგალპობ ციხეშიო. არც მამუკამ დაიხია უკან და გაშველებამდე მივიდა საქმე. მერე პროკურატურამ მოიკვლია მასალები და საქმეზე არაღძვრის დადგენილება გამოიტანა... ამ ფაქტიდან თვე-ნახევარში ჩემს ძმას შელაპარაკება მოუხდა ვინმე ალექსანდრე ხერგიანთან. ის ძებნილი იყო და ბიძაშვილის, პაატა ხერგიანის სახლს აფარებდა თავს. ჩემი ძმა კორპუსის ამხანაგობის უფროსი იყო. ხერგიანს უთქვამს, აქ თურმე "პალაჟენიას" შენ ამყარებ, ნაძაღლარი კაციო. ხერგიანი ხანჯლით გამოედევნა და ცოლ-შვილი შეაგინა. ვეღარ მოითმინა მამუკამ და მეგობარს დაურეკა, რომელმაც ორლულიანი თოფი მოიტანა. ხერგიანები ეზოში ისხდნენ და სვამდნენ. ჩემმა ძმამ იარაღის კონდახი ჩაარტყა სახეში ალექსანდრე ხერგიანს. ამ დროს უკნიდან მისმა ბიძაშვილმა პაატამ შებოჭა. მამუკა ტკივილისგან ისე გამწარდა, რომ მას ყური მოაჭამა. ალექსანდრე ხერგიანმა კი  ჩემს ძმას ფეხში ესროლა, მერე მოატრიალა თოფი და კონდახი თავში ურტყა.

დარტყმის დროს იარაღი გავარდა და ტყვია მის ბიძაშვილს მოხვდა. ის ბიჭი დაიჭრა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოში წაიყვანეს და ალექსანდრე ხერგიანი დააკავეს. მამუკა გადარჩა, მეორე კი გარდაიცვალა. აღიძრა საქმე ორი ადამიანის - მამუკა ტოლიაშვილისა და პაატა ხერგიანის განზრახ მკვლელობის მუხლით. საქმე გადაეცა ქალაქის სამმართველოს მკვლელობების განყოფილებას. იმ პერიოდში იქ უფროსი იყო გოგა ონიანი, რომელმაც შეთხზა საქმე, თითქოს მამუკა ტოლიაშვილმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.  ამასაც არ დასჯერდა ონიანი და დონაძის ფაქტზე შეწყვეტილი საქმე ისევ აღძრა და ბრალი წაუყენა. იმ საქმისთვის 11 წელი დაემატა მამუკას, დააბრალეს მკვლელობაც და საბოლოოდ 35 წელი მიუსაჯეს. ამ დროს საბადრაგოს უფროსი იყო გიორგი დონაძე და 3 წელი და 8 თვე ორთაჭალაში, "კრიტში" ამყოფეს, სადაც დაავადმყოფდა და ხუთი ოპერაცია დასჭირდა...

ამ ბრალდებებთან დაკავშირებით თავად გიორგი ონიანსაც დავუკავშირდით.

- თქვენ უკანონო დაკავებაში არაერთი ადამიანი გამხელთ. თემურ ტოლიაშვილმა განაცხადა, რომ მისი ძმა თქვენი მსხვერპლია...

- ტოლიაშვილმა 19 წლის ბიჭი მოკლა. დაკითხვაზე ამბობდა, კი ბატონო, მე მოვიტანე ე.წ. A"აბრეზი", ჯაჯგურის დროს ჩემივე იარაღიდან გასროლილი ტყვიით დავიჭერი, მაგრამ მე არ მისვრია იმ ბიჭისთვის და არ მომიკლავსო. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მის ბრალეულობას ადასტურებს. სამი ინსტანცია გაიარა ამ საქმემ და საბოლოოდ დამნაშავედ ცნეს...

ეს არის ერთი კაცის მოფიქრებული სცენარი. ჰგონიათ, ამით ხელს ამაღებინებენ ბაჩო ახალაიას დაცვაზე ან პოლიტიკურ საქმიანობაზე. ვთქვი კიდეც, რომ ვაპირებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მე ვერ დამაშინებენ.

- თქვენი მეგობრის, გიორგი დონაძის ცემაში ბრალი წაუყენეთ ტოლიაშვილს და საქმე განაახლეთ...

- ესეც აბსურდია. იმ საქმეში უტყუარი მტკიცებულებები არსებობს...

- გვითხრეს, ერთ პატიმარს ისე სცემეთ, რომ სათესლე ჯირკვლის ოპერაციაც კი დასჭირდა...

- გამოიძიონ ყველაფერი! თუ ასეთი ადამიანები არსებობდნენ, სად იყვნენ აქამდე? როგორც კი "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, კრიმინალებმა ჩათვალეს, რომ მათი დრო მოვიდა. ერთი ამბობს, რომ ბერას მეგობარი იყო და იმიტომ დაიჭირეს, მეორე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მაისურის გამო დააპატიმრეს...

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კვლავ აპირებთ მონაწილეობას?

- მინდა, ვაზისუბანში ვიყარო კენჭი და სავარაუდოდ, ასეც მოვიქცევი.

თეა ხურცილავა