"27 თებერვალს დაბადების დღე ციხიდან მომილოცა, - გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარო..." - რას ყვება 24 წლის გიგას ქვრივი
10-03-2014
"27 თებერვალს დაბადების დღე ციხიდან მომილოცა, - გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარო..." - რას ყვება 24 წლის გიგას ქვრივი
"ბედნიერ ცხოვრებაზე ვოცნებობდით, გეგმებს ვაწყობდით და ამ დროს დააკავეს..."

"მითხრა, - შენთვის ჯვარი მაქვს საჩუქრად, ძალიან მინდოდა ამ დღეს ჩემთან ყოფილიყავი, მაგრამ ახლა ვერ შემოგიყვანო"


გეგუთის კოლონიაში ცემით მოკლული 24 წლის გიგა ფარტენაძის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. 4 მარტს, ღამის 3 საათზე, საკანში პატიმართა კონფლიქტს ახალგაზრდა სპორტსმენის სიცოცხლე ემსხვერპლა. სავარაუდოდ, მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. გიგა ფარტენაძე ბათუმში ჩაასვენეს.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ  მკვლელობის ყველა
დეტალი მალე გახდება ცნობილი. თანამდებობიდან უკვე გადადგა გეგუთის კოლონიის უფროსი.

(სურათზე: გიგა ფარტენაძე)

სოზარ სუბარი:

- ვინც ამ საქმესთან პირდაპირ და ირიბად არის დაკავშირებული, ყველა პასუხს აგებს. პროკურატურამ პირადად ჩემი თხოვნით გამოძიება დაიწყო. როგორც წინა საქმეზე, სიმართლე ამჯერადაც უთუოდ გაირკვევა (მინისტრმა იგულისხმა კორტავას მკვლელობა. -
ავტ.). იმ საქმეზე პასუხისგებაში 13 პირია მიცემული, მათ შორის 7 თანამშრომელია. აქაც ძალიან ბევრი ჩვენებაა, რეალური სურათი გამოკვეთილია, მაგრამ გამოძიებას დრო სჭირდება. ვფიქრობ, ამ ტრაგედიის აცილება შესაძლებელი იყო.  ჩხუბი, ცხადია, ორ წუთში ვერ დასრულდებოდა. სად იყვნენ ზედამხედველები?!

- მკვლელობის მიზეზი რა იყო?
- გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ამაზე ვერ ვისაუბრებ. გეტყვით, რომ საკანში 5 კაცი იყო. ბრალი ჯერ არავის აქვს წარდგენილი. რამდენს წარედგინება, ჯერ საუბარი ნაადრევია. გამოძიება დაადგენს სიმართლეს.

უმძიმეს მდგომარეობაშია მოკლული გიგა ფარტენაძის ცოლი, 21 წლის ნინო ლომთათიძე. წყვილმა ციხეში მოაწერა ხელი, თუმცა ერთად ცხოვრება არ დასცალდათ.

ნინო ლომთათიძე:

- მე და გიგამ ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით, მაშინ თბილისში ვარჯიშობდა. ერთმანეთს მხოლოდ მესიჯებს ვუგზავნიდით. შემდეგ ბათუმში შევხვდით. წლინახევრის შემდეგ გამიმხილა, ძალიან მიყვარხარო. მეც ძალიან მიყვარდა. ბედნიერ ცხოვრებაზე ვოცნებობდით, გეგმებს ვაწყობდით და ამ დროს დააკავეს... თუ იურიდიულად არ დავადასტურებდით ჩვენს ურთიერთობას, მის ნახვას ვერ შევძლებდი, ამიტომ ხელი ციხეში მოვაწერეთ. ბოლოს 30 დეკემბერს ვნახე. მერეც ვთხოვდი, ძალიან მენატრები, შევხვდეთ-მეთქი. ძალიან ცუდი სიტუაციაა აქ, არეულია ყველაფერი, დაველოდოთ მდგომარეობის გამოსწორებას, ჩვენი სიყვარულის ხათრით ყველაფერს უნდა გავუძლოთო.

- ბოლოს როდის ესაუბრეთ?
- 27 თებერვალს დაბადების დღე ციხიდან მომილოცა. მითხრა, - შენთვის ჯვარი მაქვს საჩუქრად, ძალიან მინდოდა ამ დღეს ჩემთან ყოფილიყავი, მაგრამ ახლა ვერ შემოგიყვან. დალაგდება სიტუაცია, ჩამოგიყვან და ჩემი ხელით გადმოგცემ საჩუქარს, თუ არა და, ვინმეს ხელით გამოგიგზავნი, გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარო. მას მერე არ დაურეკავს, 4 მარტს ეს ამბავი გავიგე...

თეა ხურცილავა
თეონა
11 ივნისი 2015 23:15
მკვდარს უკვე აღარაფერი ეშველება,ვიღას სჭირდება ეხა თქვენი გამოძიება,როცა თურქის ცემისთვის ამდენი წელი მიუსაჯეთ მაშინ დამდგარიყავით გიგას და ჩვენ გვერდით,ხვალ გიგას დაბადებისდღეა,მისი სული უფალმა გაანათლოს,მიყვარხარ და სულ ჩვენს გულში დარჩები როგორც სამართლის მოყვარული თბილი და მოსიყვარულე ადამიანი
მზიპ
11 ივნისი 2015 23:03
ვის არ ვთხოვე დახმარება რომ სამართლიანად გამოიძიონ მპგრამ თანამდებობის პირებს ვინ დაიბარებს დაკითხვაზე თან ცნობილი პიროვნებები არ ვპრთ რომ დაინტერესდნენ.
mariam
11 ივლისი 2014 08:14
ძალიან ვწუხვარ

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები