"ამ ალქაჯმა ცოლი მომიკლა, მაგრამ არ დაავიწყდეს, რომ მე ცოცხალი ვარ" - კვირის პალიტრა

"ამ ალქაჯმა ცოლი მომიკლა, მაგრამ არ დაავიწყდეს, რომ მე ცოცხალი ვარ"

"გოგა ონიანმა ჩვენი გახსნილი საქმე მიიწერა და პრემიებიც გამოიწერა"

გასულ კვირას გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა ინტერვიუ პატიმარ თამარ ბაშარაძესთან, რომელიც გოგა ონიანს წამებაში ამხელდა. იგი აცხადებდა, რომ დანაშაული, რისთვისაც სასჯელს იხდის, არ ჩაუდენია: "ჯგუფური მკვლელობის თანამონაწილეობისთვის ვიხდი სასჯელს. მოკლული მზია ბორტიშვილის სახელი და გვარი საბრალდებო დასკვნიდან გავიგე, მას არ ვიცნობდი. თავიდან ბრალი დანაშაულის დაფარვაში დამდეს, მერე დამიმძიმეს. თითქოს ჯგუფმა 20 ათასი დოლარის გულისთვის მოვკალით ქალი... ბრალი არ მიღიარებია", - ამბობს იგი.

პატიმარი ქალის ამ ინტერვიუს მოკლული მზია ბორტიშვილის მეუღლე ვახტანგ თედიაშვილი გამოეხმაურა. ამბობს, რომ ბაშარაძის მონათხრობში სიმართლის მარცვალიც არ არის. ბატონმა ვახტანგმა რედაქციაში ორტომიანი საქმეც მოგვიტანა, სადაც ბაშარაძე განზრახ მკვლელობის ორგანიზატორობის ბრალდებით არის გასამართლებული. მასთან ერთად პასუხისგებაში მიეცა მისი მეუღლე - დავით ლორია, გიგო ნაკაიძე და ამჟამად ძებნილი ედუარდ ნაზაროვი.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თამარ ბაშარაძე იპოთეკური სესხების საშუამავლო ფირმაში მუშაობდა. მისი ქმარი დავით ლორია მოქალაქე ედუარდ ნაზაროვთან მეგობრობდა. ბაშარაძეს მევალე ლალი გოგოლაძე ხშირად აკითხავდა და ფირმისგან ითხოვდა თავისი თანხის დაბრუნებას. ვალის დასაფარად ბაშარაძემ დავით ლორიასა და მის მეგობარ ედუარდ ნაზაროვთან ერთად გეგმა შეიმუშავა - დიღმის მასივში ბინა იქირავა, შემდეგ დაუკავშირდა მზია ბორტიშვილს და აჩვენა ბინა, სადაც ქალს ლორია და ნაზაროვი დახვდნენ (ნაზაროვი ბორტიშვილს ბინის მეპატრონედ გაეცნო) და უთხრა, რომ ბინა 20.000 დოლარად სასწრაფოდ იყიდებოდა, რადგან მეპატრონეს ბანკის ვალი ჰქონდა. მზია ბორტიშვილი დათანხმდა და მოილაპარაკეს, რომ ფულს ბინის გაფორმების დღეს, 29 სექტემბერს, გადაუხდიდა. მითითებულ დღეს, დილით, ბაშარაძემ ბორტიშვილი ნაზაროვის მანქანით ბინაში მიიყვანა, სადაც ნაზაროვმა და ლორიამ გაგუდეს. შემდეგ კი  ბორტიშვილს ჩანთიდან 20.000 დოლარი  ამოაცალეს და გაინაწილეს. მერე ბაშარაძემ და მისმა მეუღლემ დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ჩანთა შეიძინეს და ბინაში დაბრუნდნენ, ჩანთაში გვამი ჩატენეს, შემდეგ ნაზაროვის მანქანაში ჩადეს და ჟინვალჰესთან, ხრამში გადააგდეს.

თამარ ბაშარაძემ 3.000 დოლარი იმავე დღეს გადასცა მევალე ლალი გოგოლაძეს.

ოჯახი მოკლულ მზია ბორტიშვილს რამდენიმე დღე ეძებდა.

ვახტანგ თედიაშვილი: - ეს ქალი უსასტიკესი მკვლელია. როგორც კი ჩემი მეუღლე დაიკარგა, პოლიციაში განვაცხადეთ, მაგრამ არც კი დაინტერესებულან გამოძიებით. ეს შემზარავი საქმე ჩემმა ოჯახმა და ჩემმა მეგობრებმა გამოვიძიეთ და მოკლულიც ვიპოვეთ.

- როგორ მიაკვლიეთ დანაშაულის კვალს?

- ჩემს მეუღლესთან ბოლო ზარი უცხო ნომრიდან იყო შემოსული, მაგრამ ის ნომერი გამორთული იყო ქსელიდან. იმ უცხო ადამიანის ტელეფონზე ძალიან ბევრი ზარი იყო შესული ვინმე თამარ ბაშარაძის ტელეფონიდან. ასე მივაგენით ბაშარაძეს (სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე ისე აპირებდა ბინის შეძენას, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდით. ალბათ, უნდოდა, მოულოდნელად გავეხარებინეთ). როცა ვკითხეთ, ის ნომერი ვის ეკუთვნოდა, ბაშარაძემ გვითხრა, არ ვიცნობო. სწორედ მაშინ გაჩნდა ეჭვი, რომ რაღაცას მალავდა...

- ბაშარაძე იცნობდა თქვენს მეუღლეს?

- ჩემს მეუღლეს ის მეგობართან გაუცნია, თუმცა თავიდან ბაშარაძე ამას უარყოფდა, გაიძახოდა, მზიასთან ურთიერთობა არ მქონიაო, მერე კი აღიარა... ამ ქალმა თავიდანვე სცადა პოლიციის მოტყუება, თქვა, თითქოს ჩემმა მეუღლემ ოჯახი დატოვა და სხვასთან წავიდა. თავიდან პოლიციამ ეს ვერსია სარწმუნოდ მიიჩნია და საქმის გამოძიება არც უცდია... იცით, რა იკადრა?  რესტორანში შევიდა, სუფრასთან მჯდომ მამაკაცს სთხოვა მობილური ტელეფონი. უცხო ადამიანის ტელეფონიდან მესიჯი გაგზავნა ჩემი მეუღლის დაქალთან. თითქოს მზია წერდა, კარგად ვარ, არ მეძებონ, სახლიდან წავედიო. როცა ეს მზიას დაქალმა შეგვატყობინა, ნომრის პატრონი დავკითხეთ, მან გვიამბო, რომ ვიღაც ქალმა ტელეფონზე დარეკვა სთხოვა და ტელეფონიანად გაქრა, მერე მან ბაშარაძეც ამოიცნო... ბაშარაძემ ბევრი ვერსია შემოგვიგდო, ასახელებდა არარსებულ პირებს. მაშინ ვეჭვობდი, რომ ბაშარაძეც გარეული იყო ამ საქმეში, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ამ საშინელი დანაშაულის ორგანიზატორი თავად იყო. გამწარებულმა ისიც კი შევპირდი, თუ ცოლს ცოცხალს ან მკვდარს მაპოვნინებდა, შევეცდებოდი, სასჯელისთვის თავი აერიდებინა და ქვეყნიდან წასვლაშიც დავეხმარებოდი...

როცა მისი დანაშაული გამოიკვეთა, პოლიციამ ჩემი მეუღლის ოქროს სამკაულები მცხეთაში ბაშარაძის სახლიდან ამოიღო. ბაშარაძემ მიიყვანა პოლიცია იმ ადგილას, სადაც ცხედარი გადააგდეს, ჟინვალჰესთან, ხევში, მაგრამ ცხედარი ხემ დაიჭირა...

ვითხოვდი ნაზაროვის დაკავებასაც, მაგრამ ამაოდ. მან ქვეყნიდან გაქცევა შეძლო. ვიცი, რომ ბოლოს უკრაინაში იყო. ვერ შევეგუები იმას, რომ ნაზაროვი დაუსჯელია. ქვეყნიდან გაქცევა დააპირა დავით ლორიამაც, რომელიც უკვე ბათუმში იყო და საზღვრის გადაკვეთას აპირებდა, მაგრამ პასპორტს ვადა ჰქონდა გასული და ეს ვერ მოახერხა.

რაც შეეხება გოგა ონიანს, მან ჩვენი გამოძიებული და უკვე გახსნილი საქმე ქალაქის სამმართველოში წაიღო. გახსნილი საქმე თვითონ მიიწერა და პრემიებიც გამოიწერა. ერთადერთი, რაც გააკეთა, ბათუმიდან ბრალდებული დავით ლორია ჩამოიყვანა, ისიც ისე, რომ ბაშარაძემ მიასწავლა მისი ადგილსამყოფელი...

ვერასოდეს შევეგუები იმას, რომ ახლა  ეს ქალი ტყუილებით სასჯელის შემსუბუქებას ცდილობს. ბაშარაძე მთელი სიცოცხლე იზოლირებული უნდა იყოს. სასამართლოზე სამუდამო პატიმრობას ვითხოვდი, მაგრამ 20 წელი მიუსაჯეს. ვერც იმას შევეგუე, რომ ამნისტია შეეხო და სასჯელი ჩამოაკლდა. ეს ალქაჯი  ცდილობს, პოლიტიკური ელფერი მისცეს ამ შემზარავ მკვლელობას, მაგრამ არ გამოუვა. ჩემი ჭრილობა მოუშუშებელია, მან 48 წლის მეუღლე მომიკლა და ოჯახი გაგვიუბედურა.

თამარ ბაშარაძეს თქვენი გაზეთიდან ვეტყვი: "ეტყობა, დაავიწყდა, მზია ბორტიშვილის მეუღლე რომ ცოცხალია. ჯობია, ჩუმად იყოს და სასჯელი ბოლომდე მოიხადოს.  თუ გარეთ გამოვა, ახსოვდეს, რომ ცოლი კი მომიკლა, მაგრამ მე ცოცხალი ვარ!.."

P.S. თამარ ბაშარაძის განაჩენი მისმა ადვოკატმა სააპელაციო წესით  გაასაჩივრა. "თამარმა ბინა იმიტომ იქირავა, რომ ყველასგან მოშორებით ემკურნალა მის ნარკომან მეუღლეს. მზია ბორტიშვილთან ურთიერთობა კი მხოლოდ იმიტომ ჰქონდა, რომ ის ითხოვდა იპოთეკის გზით ფულის გასესხებაში დახმარებას", - ამბობს ადვოკატი და მიიჩნევს, რომ ბაშარაძე მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უნდა დასჯილიყო. თავად ბაშარაძე აცხადებდა, რომ ნაზაროვმა მოკლა ბორტიშვილი და პოლიციაში იმიტომ არ განაცხადა, რომ ნაზაროვი შვილის მოკვლით ემუქრებოდა. თუმცა არც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბრალდებულის პოზიცია და განაჩენი უცვლელი დატოვა. დავით ლორიამ აღიარა დანაშაული და საპროცესო შეთანხმებით, 13 წელი მიუსაჯეს. კიდევ ერთ ბრალდებულს, გიგო ნაკაიძეს, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 3 წელი პირობითი სასჯელი შეუფარდეს, ედუარდ ნაზაროვს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

თეა ხურცილავა