"წარსულში რომ დავბრუნდე, იმავე გზას დავადგებოდი" - წერილი ციხიდან - კვირის პალიტრა

"წარსულში რომ დავბრუნდე, იმავე გზას დავადგებოდი" - წერილი ციხიდან

"ალასანია სამხედრო ბაზებში კამერების თანხლებით დაიარება და სამხედროების ბედი, ყოფა და საბრძოლო მზადყოფნა არ აინტერესებს"

"ობობას კრიმინალური ქსელი" ციხის საავადმყოფოებშია!"

"ჩვენმა შეშინებულმა ხელისუფლებამ უკრაინის მოვლენებში მფრთხალი და უპრინციპო პოზიცია აირჩია"

არაფერია მუდმივი, ცხადია, არც ძალაუფლება. თუმცა, ჩარლი ჩაპლინისა არ იყოს, უსიამოვნებაც ადრე თუ გვიან მთავრდება. სწორედ ამის იმედი აქვთ "მატროსოვის" ციხეში გამოკეტილ ყოფილ მაღალჩინოსნებს. დეკემბერში "კვირის პალიტრამ" ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ ჩაწერა, დღეს კი ჩვენს კითხვებს მრავალგზის მინისტრი ბაჩანა ახალაია უპასუხებს, რომელსაც კითხვები საპატიმროში შევუგზავნეთ.

- რამდენად დაცულად გრძნობთ თავს საპატიმროში და რა განსხვავებაა დღევანდელი და წინა ხელისუფლების პოლიტიკურ რეჟიმებს შორის, განსაკუთრებით სასჯელაღსრულების კუთხით, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით?

- აქ აშკარად გადამეტებული დაკვირვების ქვეშ ვარ. მეტიც, ჩემი ადვოკატის საუბრებსაც კი უსმენენ. დაცვის მხარის ნებისმიერი ტაქტიკური სვლა სასამართლო პროცესამდე ხდებოდა ცნობილი. მაგალითად, 8 იანვარს ვესაუბრე ჩემს ადვოკატებს სამეგრელოში არსებულ სიტუაციაზე, თუ როგორ უნდა დავამარცხოთ "ქართული ოცნება" ზუგდიდში და მთლიანად სამეგრელოში. მოულოდნელად 9-10-11 იანვარს იწყება დაკითხვები და 14 იანვარს მიყენებენ ახალ მოგონილ ბრალს. პასუხი მარტივია: მოისმინეს ჩვენი საუბარი, დარწმუნდნენ, რომ გადაწყვეტილი მაქვს მათ წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა და იფიქრეს, დამაშინებდნენ. უკანონო მიყურადების ამ ფაქტებზე გამოძიება არც დაწყებულა.

დღეს სასჯელაღსრულების სისტემა პრაქტიკულად არ არსებობს - მას მართავენ "კანონიერი ქურდები" და კრიმინალური ავტორიტეტები. საპატიმროები ციხის საავადმყოფოდან იმართება, "ობობას კრიმინალური ქსელი" სწორედ იქ არის! რამდენიმე თვის წინ არასრულწლოვანთა დაწესებულებაში პატიმრებმა პრეტენზიები გამოთქვეს პირობების გამო. სამინისტრომ პრობლემის მოგვარების ნაცვლად რამდენიმე არასრულწლოვანი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც ისინი კრიმინალურმა ავტორიტეტებმა დააშინეს. სოზარ სუბარმა ყველაფერი იცის. ამის დასტურია გეგუთის საპყრობილეში გოგა ძველაიას გარდაცვალებისა და ლევან კორტავას მკვლელობის ფაქტები. დადასტურდა, რომ მკვლელობა მოხდა ადმინისტრაციისა და კრიმინალების ერთობლივი მოქმედებით. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ ინფორმაციის დამალვა, თუმცა არ გახმაურებულა კრიმინალების მიერ პატიმრების ცემის, ციხის თანამშრომლების დაშინება-დაშანტაჟების ფაქტები.

- რას შეცვლიდით განვლილი წლებიდან და რას გააკეთებდით ისეთივე მიდგომებით, როგორსაც წლების განმავლობაში ამკვიდრებდით.

- მიხარია, რომ მომიწია სახელმწიფო სამსახურში ვყოფილიყავი საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში. "ვარდების რევოლუციამ" სათავე დაუდო ახალ საქართველოს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, ისეთი ღირებულებების გაძლიერებას შეუწყო ხელი, რომლის მოშლასაც ვერც ერთი ხელისუფლება იოლად ვერ შეძლებს. დღეს ხელისუფლება უტიფრად იყენებს ამ ინსტიტუტებს, სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ღვაწლს არც ახსენებს. ამას წინათ ამაყად გახსნეს სეზონი მესტიაში. არც უხსენებიათ, მესტიის გამოცოცხლება ჩვენი "ბრალი" და "დანაშაული" რომ არის. ასე იყო სტეფანწმინდაშიც, ჰესის გახსნისას, რომლის იდეაც ჩვენია და მშენებლობაც "ნაცმოძრაობის" დროს დაიწყო.

რას შევცვლიდი? გაცილებით მეტი კომუნიკაცია მექნებოდა მოსახლეობასა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. უფრო ნათლად უნდა ამეხსნა მტკივნეული რეფორმების არსი და მიზანშეწონილობა. ყველა ბრალდებაზე უმალვე უნდა მეპასუხა. არ ვგულისხმობ ისეთ პოლიტიკურ პირად რეკლამას, ბატონი ალასანია რომ აკეთებს - სამხედრო ბაზებში კამერების თანხლებით დაიარება და სამხედროების ბედი, ყოფა და  საბრძოლო მზადყოფნა არ აინტერესებს. უკვე 16 თვეა, პატიმარი ვარ სასამართლოს განაჩენის გარეშე, დაკავებულები არიან ჩემი თანამებრძოლები, ჩემს მეგობრებზე ზეწოლაა, მაგრამ წარსულში რომ დავბრუნდე, იმავე გზას დავადგებოდი. პათეტიკურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია, ვერანაირი პატიმრობა იმ საქმის კეთების პოზიტიურ განცდას ვერ გადაფარავს.

- სასჯელაღსრულების სისტემის გაკონტროლება გარკვეულ სისასტიკეს საჭიროებს, რადგან ალბათ, დანაშაულს ლმობიერებით ვერ დაამარცხებ. თქვენთვის ამ თანამდებობის ჩაბარება ამით ხომ არ იყო განპირობებული, გუნდში ხომ არ თვლიდნენ, რომ თქვენი პრინციპულობა სისასტიკეში გადავიდოდა და დაიმორჩილებდა ამ უწყებას? იყო თუ არა თქვენი მიდგომა ზედმეტად მკაცრი?

- სასჯელაღსრულების სისტემა დენთის კასრი იყო და მისი განაღმვა ურთულეს საქმეს წარმოადგენდა. კრიმინალური სამყარო მართავდა არა მხოლოდ ციხეს, არამედ მთელ სახელმწიფოს, ბიზნესის რეკეტი ჩვეულებრივი ამბავი იყო. "ვარდების რევოლუციამდე" სახელმწიფო აპარატი შეზრდილი იყო ქურდულ სამყაროსთან. ვფიქრობ, საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ იბარებდნენ "კანონიერი ქურდები" დიდმოხელეებს... საინტერესოა, სახალხო დამცველის 2005 წლის მე-2 ნახევრის ანგარიში, სადაც სოზარ სუბარი აღწერს, როგორ დაიწყო კრიმინალურმა სამყარომ კონტრშეტევა - ყალბი საინფორმაციო კამპანია... ჩემი მოსვლის შემდეგ კი მათი პრივილეგიები გაუქმდა და ისინი სხვა პატიმრების მსგავს პირობებში მოთავსდნენ. ციხის ბუნტის თემაც სწორედ ამ კამპანიის ნაწილი იყო. სამწუხაროა, რომ ამ კამპანიას ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა.

- როგორც სახალხო დამცველის ანგარიშებში იწერებოდა და დღეს თქვენი გუნდის ყოფილი წევრი ელენე თევდორაძეც აცხადებს, თქვენ ზედმეტად მკაცრად ეპყრობოდით პატიმრებს. რომ თქვენი დავალებით სპეცრაზმის წევრები სისტემატურად უსწორდებოდნენ ქურდული მენტალიტეტის მქონე პატიმრებს. თევდორაძის თქმით, სარდაფებში თვეობით უწევდათ გაუსაძლის პირობებში ყოფნა ურჩ მსჯავრდადებულებს. გულწრფელად სჯეროდა ბაჩო ახალაიას იმ მკაცრი მიდგომების, რომელიც დაამკვიდრა სისტემაში? ხომ არ გახდა სისტემის ხელმძღვანელთა გადაჭარბებული ძალა 27 მარტის ციხის ბუნტის მიზეზი, სადაც 7 პატიმარი დაიღუპა?

- "კანონიერი ქურდები" "მაყურებლების" მეშვეობით ეწინააღმდეგებოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ციხეებში იყო ათასობით ტელეფონი, უამრავი ნარკოტიკი და იარაღი. კრიმინალური სამყარო არ აპირებდა ამის დათმობას. ესხმოდნენ თავს ციხის თანამშრომლებს, სამედიცინო პერსონალს. შესაბამისად, პირველ ეტაპზე საჭირო გახდა ლეგიტიმური ძალის გამოყენება. ამას ისევ მოჰყვა კრიმინალთა დადგმული საინფორმაციო თავდასხმა. მას შემდეგ, რაც "კანონიერი ქურდების" იზოლირება მოხდა და გაქრა მაყურებლების ინსტიტუტი, პატიმრების თავდასხმებიც აღიკვეთა, ლეგიტიმური ძალის გამოყენებაც აღარ იყო საჭირო.

- 27 მარტს შეიძლებოდა თუ არა პროცესების უმსხვერპლოდ განმუხტვა? რას წყვეტდით თქვენ, როგორც უწყების ხელმძღვანელი. ფაქტის თვითმხილველი (ელენე თევდორაძე) ამბობს, ბაჩო ახალაია ყველაზე ნაკლები დამნაშავეა, ის განკარგულებებს ბოკერიასა და მერაბიშვილ-ადეიშვილისგან იღებდაო. თევდორაძე ასევე ამბობს, რომ პატიმრებს არ სურდათ სპეცრაზმის შესვლა ციხეებში და შესაძლებელი იყო მდგომარეობის განმუხტვა ძალადობის გარეშე. ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა პატიმრების დასჯა.

- ეს ღონისძიება იყო უკიდურესი აუცილებლობა. მის დაწყებამდე ადმინისტრაციამ რამდენიმეჯერ მოითხოვა, გაეთავისუფლებინათ დერეფნები და ფაქტობრივად მძევალი პატიმრები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ბუნტში; გარდა ამისა, ეს იყო უკიდურესი აუცილებლობა, რათა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მისცემოდა ფუნქციონირების საშუალება. ამასთან, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, ყველა თანამდებობის პირი ასრულებდა კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მათ შორის მეც.

- არაერთხელ გვსმენია ციხეში "წითელი პარასკევის", ანუ პატიმრების სასტიკი წამების შესახებაც...

- ტყუილია, ამაზე კომენტარიც ზედმეტია. ჩემი შეცდომა იყო, რომ თავის დროზე, ყველა ამ კითხვას დეტალური პასუხი არ გავეცი... ჩვენ რომ თვალი დაგვეხუჭა თუნდაც მინიმალურ გადახვევაზე, შეუქცევადი პროცესი დაიწყებოდა, შესაბამისად, სისტემის გაწმენდა და მართვა შეუძლებელი იქნებოდა.

- გირგვლიანის საქმეში თქვენი ძმის სახელიც ფიგურირებს. პროკურატურა გედავებათ, რომ დამნაშავეებს, იმის სანაცვლოდ, რომ თქვენი ძმის მონაწილეობა არ ეღიარებინათ, ციხეში პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებდით.

- ეს ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც სხვა საქმეების მსგავსად ჩამოეშლება ახალ ხელისუფლებას. ერთადერთი მოწმე ჰყავთ, სასულიერო პირი მამა ნიკოლოზი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, როგორ ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას პროკურატურაში.

- თქვენ ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში მოგიწიათ თავდაცვის მინისტრობამ. შეგიძლიათ შეგვიფასოთ, რა შეცდომები იყო თუნდაც ომის დროს და მას შემდეგ ამ უწყებაში?

- შეცდომებზე საუბარი ზედმეტია. ახალფეხადგმულმა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ხუთი დღით შეაჩერა რუსული შეიარაღებული მანქანა. რუსეთმა გამოიყენა ყველანაირი შეიარაღება. მიუხედავად ამისა, ლოკალურ ბრძოლებში არმიამ წარმატებებს მიაღწია და რუსეთს არ მისცა საშუალება მთელი საქართველოს ოკუპაციის(?!).

- ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს ადამიანები უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენო. ეს პროცესები საქართველო-რუსეთის ომის დროს გააქტიურდა.

- ესენი იმასაც ამბობენ, რომ ჩვენ ადამიანების ორგანოებით ვვაჭრობდით. ხელისუფლება საკუთარ დაგებულ მახეში გაება. არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ საზოგადოებას კვებავდნენ სიცრუით, რომ ჩვენ მკვლელები, სადისტები და მოძალადეები ვართ. ახლა ყველა ეს საქმე ჩამოეშალათ. სად არის გამოძიება რაფალიანცის საქმეზე, ან ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე? სამწუხაროდ, არსებული ხელისუფლება ცდილობს, საქართველო აგრესიულ, ტერორისტულ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს - ლაფანყურის ამბების ქოლგის ქვეშ განაცხადოს, რომ ჩვენ ვამზადებდით ტერორისტებს, ქართულ სპეცსამსახურებს დააბრალოს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტები... ერთ-ერთ საქმეში პროკურატურას მტკიცებულებად ბაღაფშის რუსული სააგენტოსთვის მიცემული ინტერვიუ უდევს. ამის შემდეგ რაღაზე უნდა ვილაპარაკო?!

- თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი თქვენი მინისტრობისას დახურულ ადგილად ითვლებოდა. ალასანიას უწყების მტკიცებით, სამედიცინო დეპარტამენტის შენობაში მოხვედრილი სისტემის მოწინააღმდეგეები, თუ სხვადასხვა საქმეში ბრალდებული პირები უმკაცრესი ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი ხდებოდნენ. შემდეგ ნაცემებს იქვე უტარებდნენ სამედიცინო დახმარებას.

- ასეთი ჭორები ზუსტად იმას ადასტურებს, რომ რეალურად დანაშაულს ადგილი არ ჰქონდა. საზოგადოების განწყობაზე გავლენის მოსახდენად ავრცელებს ხელისუფლება ასეთ ფანტასტიკურ ჭორებს. საბჭოთა სპეცსამსახურების ამ ხერხის აპრობირება "ოცნებამ" წარმატებით დაიწყო.

- რა კომენტარს გააკეთებდით 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებული '"სამგორის" სპეცოპერაციის შესახებ? "სამგორის" მეტროსთან მოკლული გორგაძის ძმის (ყოფილი პატიმარი) თქმით, სცენარი თქვენ მოამზადეთ. ოფიციალური ვერსიით, პატიმრების გაქცევა 3 პირს უნდა განეხორციელებინა. კერძოდ, მათ "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატები ციხის ეზოში უნდა გადაეყარათ, შემდეგ პატიმრები ამ იარაღით დარაჯს დააშინებდნენ, მერე კი მავთულხლართებიან 3-4 მ სიმაღლის ღობეზე (რომელშიც სიგნალიზაცია გადის) გადაძვრებოდნენ და მიიმალებოდნენ. მსგავსი მიამიტური გაქცევის გეგმა იძლევა თუ არა საზოგადოების დაეჭვების მიზეზს? სპეცოპერაციის თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდები უკვე განეიტრალებული იყვნენ, როცა სპეცრაზმს სთხოვდნენ, არ მოეკლათ, თუმცა ისინი მაინც დახოცეს... ამ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურამ თქვენ და მეგის ქარდავას ბრალი დაგიმძიმათ. მათი განცხადებით, "სამგორის" სპეცოპერაციის "გასაპრავებლად" პატიმრებისაგან აღიარებითი ჩვენება ძალადობრივი მეთოდებით მიიღეთ...

- გაქცევას რომ გეგმავდნენ, დასტურდება ოპერატიული ინფორმაციით, რომელიც დეპარტამენტში შემოვიდა რუსთავის #2 საპყრობილიდან. დღემდე მის რეალურობას გამოძიება არ დაუეჭვებია. პატიმრები 2013 წლის სექტემბერში ჩვენებებში აცხადებდნენ, რომ ბაჩანა ახალაიას ისინი არ უცემია, 2014 წლის იანვარში კი ცვლიან ჩვენებებს. ამის გარდა, მოწმე ლევან სუთიძემ (ერთ-ერთმა პატიმარმა) სასამართლოში განაცხადა, რომ ტყეში გაიტაცეს. რამდენიმე დღის წინ მოწმე გია გორგაძე (მოკლული გორგაძის ძმა, რომლის გაპარებასაც ცდილობდნენ) საჯაროდ აპირებდა სიმართლის თქმას, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა... ამის შემდეგ ის საინფორმაციო სააგენტოდან მოიტაცეს სამართალდამცავებმა. არც ერთ ამ საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს. ცალკე საკითხია სასამართლოსა და მოსამართლეებზე ზეწოლა. "სამგორის" სპეცოპერაციის დეტალებზე პასუხს ვერ გაგცემთ, ოპერაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტს არ ჩაუტარებია.

- რა კომენტარს გააკეთებდით ე.წ. ცოცხების შესახებ, რომელიც ბედუკაძემ გაახმაურა? თქვენი გუნდის წევრები უმეტესად მეგის ქარდავასკენ იშვერენ ხელს, ის თქვენი კადრი იყო სისტემაში. აღნიშნავენ, რომ თქვენ ქარდავა მართლაც ჩამოაშორეთ სასჯელაღსრულებას, თუმცა თავდაცვის სამინისტროში უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობა მიიღო.

- ე.წ. ცოცხების კადრები ბედუკაძემ კი არ გაახმაურა, დაგეგმა, დადგა, გადაიღო და გაავრცელა. ამას თვითონაც არ მალავს. კიდევ ერთი ფაქტი: როგორც გაირკვა, ბედუკაძე, ინაშვილი და სხვები "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეთანხმებით ამ კადრებს დაახლოებით წელიწად-ნახევარი ინახავდნენ. ანუ ეს ნიშნავს: მათ იცოდნენ ასეთი მძიმე დანაშაულების შესახებ და არ გამოააშკარავეს, ვინაიდან არჩევნებამდე პოლიტიკური მიზნებისთვის უნდოდათ გამოეყენებინათ. ანუ ფაქტობრივად დანაშაულის თანამონაწილენი იყვნენ.

- მოსახლეობა შეძრა კასრებსა და შს სამინისტროს არქივებში გადამალულმა სასტიკი წამების კადრებმა. როგორ აფასებს ბაჩო ახალაია ამ ფაქტს? თუკი მეგის ქარდავას ჯგუფი სჩადიოდა მსგავს დანაშაულს, უნდა სცოდნოდა თუ არა ამის შესახებ მერაბიშვილს და თქვენც? ასევე არსებობს ჩანაწერები პოლიტიკოსებზეც.

- ყველა სამართალდარღვევა უნდა იქნას გამოძიებული, მათ შორის ჩვენს დროს ჩადენილიც. თუმცა ბევრი კითხვა არსებობს მათ მიერ წარმოებული გამოძიების მიმართ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, შს მინისტრ ღარიბაშვილის მოადგილემ, ბატონმა ხვედელიძემ გამოაქვეყნა სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი კადრები გამოიყენა ხელისუფლებამ შანტაჟის მიზნით. შედეგად ხვედელიძეს მსუბუქი მუხლი შეუფარდა პროკურატურამ და დღეს ის თავისუფალია. სხვათა შორის, მეც იმავე მუხლით მაქვს პატიმრობა შეფარდებული. დღეს მასობრივად ხდება მიყურადება, გადაღება და შანტაჟი. ამაზე მეტყველებს უკანონო შეჭრა "ჯეოსელის" ოფისშიც. ისინი ცდილობენ მოსასმენი აპარატურის სერვერებზე დამონტაჟებას...

- არსებობს თუ არა გუნდში დაპირისპირება, აქვს თუ არა კითხვები ბაჩო ახალაიას გუნდის წევრებთან. უგულავამ აღნიშნა, რომ კითხვები აქვს თქვენთან. თეა თუთბერიძის თქმით, "ნაციონალების" არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თქვენს დაპატიმრებას გეგმავდნენ მერაბიშვილი და უგულავა-სააკაშვილი.

- "ოცნება" ცდილობს იმოქმედოს პრინციპით: "დაყავი და იბატონე", ვინაიდან ერთიან ოპოზიციურ ძალასთან პოლიტიკური ბრძოლა უჭირს. გავრცელებული ჭორები ხელისუფლების მიერ არის პროვოცირებული. რა კითხვებიც უნდა არსებობდეს, ჩვენ ერთმანეთში ვისაუბრებთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ "ქართული ოცნება" ნუ იფიქრებს, რომ მოგონილი ინსინუაციებით შეაფერხებს ჩვენს საქმიანობას. ჩვენ მოპოვებულ წარმატებას ამ უუნარო ხელისუფლებას წყალში არ ჩავაყრევინებთ.

- როცა ლაფანყურში შეიარაღებული ჯგუფი გამოჩნდა და ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მოლაპარაკება დაიწყეს მასთან, იყავით თუ არა დედაქალაქში და სად შეიტყვეთ შეიარაღებული ჯგუფის გადაადგილების შესახებ?

სპეცოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება რა მოტივით მიიღო შსს-მ, თუ მათთან მოლაპარაკებაც მიდიოდა და შეიარაღებული პირები თანახმანი იყვნენ იარაღის დაყრაზე? ხომ არ შეეშინდა ქართულ მხარეს იმის, რომ ღამით შეიარაღებული დაჯგუფება რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდოდა, რაც გარკვეულ პრობლემას შეუქმნიდა საქართველოს?

ანტიტერორისტული ცენტრის სამმართველოს უფროსმა სანდრო ამირიძემ აღნიშნა, რომ ჯგუფთან მოლაპარაკების დროს შეამჩნია ერთი ნიღბიანი, რომელიც სახეს თავის ჯგუფის წევრებსაც არ უჩვენებდა. სავარაუდოდ, ამ კაცს აცილებდა ეს ჯგუფი. ამის თაობაზე ხომ არაფერი იცით?

გქონდათ თუ არა პრეზიდენტის ბრძანება სპეცოპერაციის დაწყებაზე? ერთ-ერთ გარდაცვლილს, ასლან მარგოშვილს, შს სამინისტროს ნებართვით გაცემული ტაბელური იარაღი ჰქონდა, როგორ მოახერხა ეს?

სად წვრთნიდნენ ჩეჩენ მებრძოლებს, იმავე ასლან მარგოშვილს, რომელიც მშობლებს ფინეთში ეგონათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოში 2012 წლის მარტში დაბრუნებულა?

საუბრობენ იმაზეც, რომ თქვენსა და მერაბიშვილს შორის უთანხმოება იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამბობენ, მერაბიშვილმა მოქმედება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ ძლიერ უწყებას ჩამოაშორეს და მისი მართვა თქვენ ჩაგაბარეს.

- ქვეყნის უსაფრთხოებას და საქართველოს მოქალაქეებს საშიშროება შეექმნათ და სახელმწიფო უწყებებმა მის აღმოსაფხვრელად კანონის ფარგლებში ოპერატიულად და ადეკვატურად იმოქმედეს. "ოცნების" ინსინუაციებზე შიდა დაპირისპირების შესახებ უკვე გითხარით (მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ლაფანყურის ოპერაციის შესახებ ბატონი ბაჩანასგან დეტალური ინფორმაცია მიმეღო და შევეცადე ყველა საკითხს დეტალურად შევხებოდი, ახალაიამ ზემოხსენებული კითხვები უპასუხოდ დატოვა. - ავტ.).

- ავი თვალით გიყურებენ ქურდული მენტალიტეტის წარმომადგენლები, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ვინმემ შური იძიოს?

- ქურდული სამყარო და ქურდული ცხოვრების წესები სახელმწიფოს ფუნდამენტს არღვევს და მათი დამარცხება გარდამტეხი მოვლენა იყო. მომავალშიც რომ დამჭირდეს მსგავსი ნაბიჯების გადადგმა მათ წინააღმდეგ, არც შევყოყმანდები.

ბოლოს, მინდა ვთქვა: დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, რომ პუტინი და მისი საბჭოთა იმპერიალისტური მენტალიტეტი საბოლოოდ დასამარდეს უკრაინაში. მან პირველი ბრძოლა მაიდანზე წააგო. ახლა გაათმაგებული ენერგიით მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში, ამჯერად ყირიმში. ჩვენმა შეშინებულმა ხელისუფლებამ კი ისევ არასწორი არჩევანი გააკეთა და ნაცვლად იმისა, რომ უკრაინის აქტიური და უპირობო მხარდაჭერის, ევროპისა და ამერიკის მხარეს დამდგარიყო, მისი მფრთხალი, უპრინციპო პოზიცია რუსეთის და ბაშარ ასადის სირიის მხარეს აღმოჩნდა. ეს სტრატეგიული შეცდომაა და სამარცხვინოა.

უტა ბიწაძე