რეპორტაჟი დათარსული ბინიდან - “ჩემი 5 წლის შვილი იმ ადგილებს ახტება, სადაც ჟვანიასა და იუსუპოვის ცხედრები ესვენა”
26-03-2014
რეპორტაჟი დათარსული ბინიდან - “ჩემი 5 წლის შვილი იმ ადგილებს ახტება, სადაც ჟვანიასა და იუსუპოვის ცხედრები ესვენა”
“ბავშვი ძილის წინ მეუბნება, - დედა, ჟვანია  ხომ არ მოვაო?”

“ზოგიერთი მოდის, მთხოვს სახლი ვაჩვენო და დანანებით აღნიშნავს -  ნეტა ეს ჩემს სახლში მომხდარიყოო”

“ვასიკო მაღლაფერიძემ ზუსტად 5 წუთში გამოგზავნა მუშები და კედელი გაგვირემონტეს. მას შემდეგ დავახლოვდით”


2005 წლის 3 თებერვლის ტრაგედიიდან ათი წლის შემდეგ ჩვენ საბურთალოს ქ. #53-ში იმ ბინას ვესტუმრეთ, სადაც ჟვანიასა და იუსუპოვის ცხედრები იპოვეს.  მისი მეპატრონე კვლავ ეკა კიკიანია.

ეკა კიკიანი: - განცხადება ბინის გაქირავების თაობაზე
„სიტყვა და საქმეში“ გამოვაქვეყნე 2004 წლის  6 დეკემბერს. მალევე დამირეკა დედამ და მითხრა, -  მაკლერ ხათუნას უნდა შენთან  შეხვედრა, ამბობს, კარგი კლიენტი მყავსო. სახლი მოსაწესრიგებელი იყო, ამიტომ მეორე დღისთვის დავუნიშნე შეხვედრა, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს,  სასწრაფოდ გვინდა დაქირავება და იქნებ დღესვე შევხდეთო. დავალაგე სახლი.

მაკლერი
ხათუნა მოვიდა მიშა ძაძამიასთან (ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი)  ერთად. მაკლერმა მითხრა, - კარგი ბიჭია, კარგი გადამხდელიო. ძაძამიამ ამიხსნა - ბათუმის საბაჟოზე ვმუშაობ და თბილისში სახლი სტუმრებისთვის მჭირდებაო. ვთხოვე,  იქნებ წინასწარ გადაეხადათ ორი თვის ბინის ქირა, რადგან მაკლერისთვის მისაცემი მქონდა თანხა, ასევე ჭაღი მქონდა გამოსაცვლელი და  თხელი ფარდა მქონდა. ძაძამიას და ჩემი სურვილიც იყო, რომ  სქელი ფარდა დაგვეკიდა, რადგან წინ ბარაკებია და ყველაფერი ჩანს.

გადამიხადეს 700 დოლარი, ორ დღეში დავცალე სახლი და დედასთან გადავედი საცხოვრებლად. 3 თებერვალს კი ასეთი ამბავი მოხდა ჩემს სახლში.

- ვისგან შეიტყვეთ, რომ  ზურაბ ჟვანიასა  და რაულ  იუსუპოვის ცხედრები თქვენს ბინაში იპოვეს?

-  ჩემს მოპირდაპირედ მცხოვრები მეზობელი ნანასგან. 3 თებერვალს,  დილით,  ანალიზების გასაკეთებლად ვიყავი.  ბაბუამ დამირეკა და მითხრა  -  ეკა,  შენს კორპუსში ჟვანია გარდაიცვალაო.

ნანას დავურეკე ამბის გასაგებად, რა ხდება ჩვენს კორპუსში-მეთქი.  მისგან გავიგე, რომ ჟვანია ჩემს ბინაში გარდაცვლილა.

ვაკის „ლეჩკომბინატიდან“ პირდაპირ აქ წამოვედი, ბევრი ხალხი დამხვდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, გამათბობელი მოხსნილი და ექსპერტიზაზე წაღებული იყო. ის ადგილი,  სადაც ცხედრები ესვენა,  ცარცით იყო მონიშნული. ტყავის სამეული მისაღებში მქონდა, რომელიც გამათბობელთან იყო გადატანილი.

ნანამ მითხრა, დილით ბავშვებს ვამზადებდი სკოლისთვის, ფანჯარაში გავიხედე და დავინახე შენი ბინის გისოსები მოგლეჯილი იყოო.



ქმარს დავუძახე,  მგონი ეკას ბინა გაქურდესო, ამ დროს დავინახეთ, მერაბიშვილი და ადეიშვილი მორბოდნენო. მითხრა  - გამიკვირდა და  ქმარს ვკითხე,  ეკა სად მუშაობს ასეთ ადგილზე, მისი ბინის გაქურდვაზე ადეიშვილი და მერაბიშვილი რომ მორბიანო?!  მერე ნანა შეუყვანიათ ჩემს ბინაში. ამბობს,  ჟვანიას ცხედარი რომ დავინახე, გავოგნდიო. ნანას გამოართვეს თეთრი მიტკალი, გადააფარეს ცხედრებს და ისე გაასვენეს.

- თქვენს მეზობელს მანამდე არ შეუნიშნავს აქ ზურა ჟვანია?

- ხშირად ვურეკავდი ნანას. ძაძამია ახალგაზრდა ბიჭი იყო და ნანას  ვეკითხებოდი -  ხომ არ გაწუხებს-მეთქი.

მეუბნებოდა,  იშვიათად მოდის, ფაქტობრივად, ვერც ვხედავ, ზრდილობიანი, კარგი ბიჭიაო. მხოლოდ მიშა ძაძამია ჰყავს ნანახი, ზურაბ ჟვანია არასოდეს შეუნიშნავთ მეზობლებს.

- იცნობთ თუ არა ნათელა მოდებაძეს, რომელიც ამბობს - დავინახე, როგორ  შემოიტანეს ამ სახლში შავი ყუთებიო?
- საერთოდ არ ვიცნობ ნათელა მოდებაძეს.  ის ამბობს,  რომ  თითქოს მისთვის უნდა მიმექირავებინა სახლი, ნამდვილად არ ყოფილა ასე. არც ერთი მეზობელი არ იცნობს ნათელა მოდებაძეს. რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ თითქოს ვასიკო მაღლაფერიძეს ვთხოვე სახლის გაქირავება, ესეც  ტყუილია.  მაშინ არ გამოვაქვეყნებდი განცხადებას  „სიტყვა და საქმეში“.

ვასიკო როცა „ბურჯანაძე-დემოკრატებში“ იყო,  ოფისი ზუსტად ჩემი სახლის გვერდით ჰქონდათ პეკინზე. ერთი კედელი გვყოფდა, ერთხელ წყლის მილი გასკდა, დიდხანს არ გაგვიკეთეს, ამიტომ გავიგე ვასიკოს ნომერი, დავურეკე და ვუთხარი - თქვენ კედელს ვერ აკეთებთ და ქვეყანას ააშენებთ-მეთქი? ზუსტად 5 წუთში გამოგზავნა მუშები და კედელი გაგვირემონტეს. მას შემდეგ დავახლოვდით, ერთხელ პეკინიდან აქეთ მოვდიოდი, მითხრა მე გაგიყვანო -  მაღაზიაში შევედით ერთად, ამიტომ ამბობს ის გამყიდველი,  თითქოს ვასიკოს ვთხოვე სახლის გაქირავება ან მას მივაქირავე.

- რამდენი ხნის შემდეგ დაბრუნდით ამ ბინაში საცხოვრებლად?

- 2008 წლის აგვისტოში, როცა მეორე შვილი გამიჩნდა. მანამდე დალუქული იყო აქაურობა, გავარემონტე, რამდენჯერმე მამაო მოვიყვანე და ბინა ვაკურთხებინე, შევცვალეთ ავეჯი, ის სავარძლები,  რომელზეც, სავარაუდოდ, ჟვანია და იუსუპოვი ისხდნენ, დედაჩემის აგარაკზე ავიტანე, მაგიდა კი მამას გავუგზავნე მუხათწყაროში.

აქამდე მშვიდად ვიყავი, მაგრამ რაც კადრები გავრცელდა ინტერნეტით,  საშინელი დისკომფორტი დამეწყო.  მაგიდა, სავარძლები, თეფშები,  რომელიც ფოტოზეა,  ჩემია.

ნარდი არ მქონია, ალბათ, თვითონ მოიტანეს. არ ვიცი,  სად ნახა ფოტოები, ჩემი 5 წლის შვილი ოთახში მარტო არ შედის და  იმ ადგილს ახტება,  სადაც  ცხედრები ესვენა.  ძილის წინ მეუბნება,  დედა, ჟვანია  ხომ არ მოვაო? მეკითხება,  რატომ მოკვდა ჟვანია, მე კი ვეუბნები, რომ დაბერდა და იმიტომ გარდაიცვალა-მეთქი. ყოველდღე ასე ვცხოვრობთ. ამ კადრების შემდეგ ძალიან დავითრგუნე.

ამ სახლის გაყიდვა მინდა, რადგან ჩემი უფროსი შვილი უკვე 17 წლისაა, თან მაღალ სართულზე მინდა ვიცხოვრო. ყველა ხვდება, რომ  ეს “ის” ბინაა.  არის ისეთი ხალხი, ვინც მოდის, მთხოვს, სახლი ვაჩვენო და დანანებით აღნიშნავს -  ნეტა ეს ჩემს სახლში მომხდარიყოო, ვერ ვხვდები ეს რატომ უნდა გინდოდეს?

თამარ ბოჭორიშვილი(სპეციალურად საიტისთვის)
ბულდოზერი
05 თებერვალი 2015 00:04
მე ვიყიდი მაგ ბინას, ოღონდ რეალური ფასი მითხარი OK?
რამდენი გინდა მაგ ბინაში?
ჩემი მისამართია kerati@interia.eu
qariman
26 მარტი 2014 23:44
ადამიანები არა ხართ "ადამიანებო",დაანებეთ იმ ცხონებულს თავი, გზამართალსაა და მისი სული მაინც მოასვენეთ იმ ქვეყნად, ახლა იმ ბინის რეკლამა დაიწყო სადაც ის ცხონებული დაღუპული იპოვეს,ხოლო ცხონებულის მეუღლე წელიწადნახევრის შემდეგ ლაპარაკობს იმას,რასაც შეეძლო დამნაშავეთა და გამოძიების ბედი გადაეწყვიტა ზუსტად წელიწადნახევრის წინ,ასე რომ მორჩით საკუთარი თავების რეკლამას, თორემ ზურაბ ჟვანიაზე რომ არ დარდობთ არ დარდობს არავინ, ყველამ ჩემზე კარგად იცით და ამიტომ ხართ "ადამიანები".რას ნიშნავს "ბავშვი იმ ადგილს ახტება სადაც ცხედრები ესვენაო" ბავშვი რომელიც ამ მომხდარი ტრაგედიიდან 5 წლის შემდეგ გაჩნდა ამ ცოდვილ ქვეყანაზე,-დედა რატომ უმახინჯებ ანგელოზს სულს!...დაიხსომეთ ჩვენი გარემომცველი სამყარო არაა მხოლოდ ის, რასაც ხელით ვეხებით და თვალებით ვხედავთ,ეს შესაძლოა 1%-იც არ იყოს იმ 100%-დან რაც ჩვენს გარშემო არსებობს და ის "გზამართალი" ყველას გასავლელი გვაქვს,იქ კი არ ჩანს ის, რაზედაც აქ ვლაპარაკობდით,იქ ჩანს მხოლოდ ის, რასაც ვფიქრობდით აქ და იმ ფიქრებიდან გამომდინარე "საქმენი ჩვენი საგმირონი", რასაც ჩვენი ინტუიციით ჯოჯოხეთს ვეძახით,რომელიც დამოუკიდებლად არ არსებობს იქ,მას ჩვენ აქ ვქმნით, თან მიგვაქვს და ვწამლავთ სასულეთს...
jondo
26 მარტი 2014 21:41
ეს არის 2005 წელს ვაილ მაღლაფერიძის ინტერვიუ:

"გავრცელებული ცნობების შესახებ ”ახალ ვერსიასთან” თავად ვასილ მაღლაფერიძე საუბრობს.
ვასილ მაღლაფერიძე: ”მე ვიცნობ ბინის გამქირავებელს - ეკა კიკიანს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან საერთოდ, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ. დახატეს ისეთი სურათი, თითქოს ამ ადამიანს მარტო მე ვიცნობ და ისიც მარტო მე მიცნობს დედამიწის ზურგზე, მეტს არავის.
ეს გოგო პარლამენტში მუშაობს... არჩევნების წინ საბურთალოზე ჩვენ გვქონდა შტაბბინა ”თანამგზავრთან”. ჩვენი წარმომადგნელი, კარლო ბარდაველიძე, რომელიც ცესკოში მუშაობდა, ერთხელ მოვიდა და მითხრა - ერთი გოგონაა, ცესკოში მუშაობს, მეზობლებმა ჩამოუშვეს წყალი და ბინა გაუფუჭეს, რატომ უნდა იყოს სალაპარაკო, იქნებ გაუკეთოთო. ჩვენც, რაკი შტაბბინაც საბურთალოზე გვქონდა ნაქირავები, თან არჩევნების წინ სალაპარაკო რომ არ ყოფილიყო, ავდექით და გავუკეთეთ. მანამდე კარლომ ორჯერ შემახსენა. ვუთხარი - გავუკეთებ-მეთქი. მერე დამავიწყდა. მესამეჯერ მოვიდა თვითონ ეს გოგო - ეკა კიკიანი. ჯამბულ ბაკურაძე იყო შტაბის უფროსი და ძალიან გაბრაზდა (ახლაც იხსენებდა ამ ამბავს) მაგრამ გააკეთეს. მერე აღმოჩნდა, რომ მამამისსაც ვიცნობ, ”ტელეიმედში” მუშაობს. გაირკვა, რომ მამამისთანაც საერთო ნაცნობები მყავდა, როგორც ხდება ხოლმე საქართველოში. არჩევნების შემდეგ მამამისმა მთხოვა, იქნებ რამე სამუშაო გამოჩნდესო, ცოტას ჟურნალისტობსო, ცოტას რაღაცაო, ნოდარ გრიგალაშვილიც იცნობს, მაგრამ არ გამოვიდა მისთვის სამუშაოს მოძებნა. "

რედაქტორის რჩევით