“ნათესავს გაჰყვება ქალი ცოლად?!” – რატომ ჩამოიხრჩო გეგუთის ციხეში პატიმარმა თავი - კვირის პალიტრა

“ნათესავს გაჰყვება ქალი ცოლად?!” – რატომ ჩამოიხრჩო გეგუთის ციხეში პატიმარმა თავი

“როგორც  მისი მეგობრები ამბობენ, სიკვდილამდე წერილი ნამდვილად დაწერა”

რამდენიმე დღის წინ გეგუთის  #14 დაწესებულებაში პატიმარმა ავთანდილ მაისურაძემ თავი მოიკლა. ის აბაშაში გადაასვენეს.

გვესაუბრება პატიმრის დედა, ინგა მაისურაძე:

- ეს ხომ ქვეყანა არ არის. ადამიანებს ჯერ ტყუილად იჭერენ, შემდეგ ახრჩობენ. ერთ დიდ სუპერმარკეტში ვცხოვრობთ, სადაც ყველა და ყველაფერი იყიდება,  ვისაც რა უნდა,  იმას აკეთებს და პასუხს არავინ სთხოვს...  ჩემი შვილი  შეეწირა ფაშისტურ რეჟიმს, რომელიც  ციხეებში არსებობს. ციხეში ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ჩემს შვილს თავი არ ჩამოუხრჩვია, ვიღაცამ ჩამოახრჩო.  კითხვას ვსვამ: კაცი, რომლის საქმეც სტრასბურგშია გადაგზავნილი და ყოველდღე ელოდებოდა  დადებით პასუხს,  რატომ მოიკლავდა თავს?! იმედით იყო სავსე და ასეთ განაჩენს არ გამოუტანდა საკუთარ თავს. იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სტრასბურგშია გადაგზავნილი, დააკავეს პოლკიციელი. არ ვიცი,  იმ პოლიციელმა ჩააწყო თუ არა ჩემი შვილის მკვლელობა,  მაგრამ ცხადია, რომ ეს ყველაფერი ამ საქმეს უკავშირდება.

-  გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ შვილს სიკვდილამდე წერილიც დაუწერია…

- როგორ მისი მეგობრები ამბობენ, სიკვდილამდე წერილი ნამდვილად დაწერა. თუმცა ჩემამდე არ მოუღწევია. საინტერესოა, რატომ არ მაჩვენებენ ამ წერილს?!  ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ ცდილობენ საქმე შეთითხნონ და თვითმკვლელობად გაასაღონ.

- ერთ-ერთი ვერსიით,  ავთანდილის თვითმკვლელობის მიზეზი  თქვენი გათხოვება გახდა.

- სისულელე და ტყუილია ეს ამბავი.  ნათესავს გაყვება ქალი ცოლად?!  ადამიანი, რომელთანაც მე ვარ აბაშაში,  ჩემი ნათესავია -  დედამისი და დედაჩემი ნათესავები არიან. რატომ იხარშება ვიღაცეების თავში მსგავსი სისულელე და ამაზე კომენტარების გაკეთებას, რატომ მთხოვთ?! ეს არის აბსურდული სიდებილე. ამის გამო ჩემი შვილი არავითარ შემთხვევაში არ ჩამოიხრჩობდა თავს. მან კარგად იცოდა, რომ მე ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამდი და თუ რამეს გადავწყვეტდი,  აუცილებლად დავეკითხებოდი ჩემი ოჯახის წევრებს.  ამ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, რაღაც შეთითხნონ და თავი  დაიძვრინონ იმ უკანონობისგან, რაც ჩაიდინეს.

ამის შემდეგ  ქალბატონმა ტელეფონი მამაკაცს გადააწოდა, რომელიც ჩემი სახელით და გვარით დაინტერსდა,  შემდეგ კი გაღიზიანებულმა საკითხით დაინტერესების  მიზეზი იკითხა. სავარაუდოდ,  ეს სწორედ ის ნათესავი იყო, რომელზეც პატიმრის დედა საუბრობდა.

- სად იყავით მანმადე, პატიმრები თავს  რომ იხრჩობდნენ, მაშინ მაინც ხომ არ იყვნენ ნათესავები დაქორწინებულები ერთმანეთზე? ფაქტები მოიძიეთ და გაარკვიეთ, რატომ ჩამოიხრჩო ამდენმა ხალხმა ციხეებში თავი.  ჩვენი გაგვჭირვებია და ხალხი ჭორაობს,  მეტი საქმე არაფერი აქვთ.

უტა ბიწაძე(სპეციალურად საიტისთვის)