“მეგობრებმა ჩემი დაჭრილი შვილი მიატოვეს, უპატრონოდ ეგდო 4 საათი"
27-03-2014
“მეგობრებმა ჩემი დაჭრილი შვილი მიატოვეს, უპატრონოდ ეგდო 4 საათი"
"სერგის  მეგობრისთვის უთქვამს -  ბიჭო, ეს იარაღი შეინახე, ნუ ამარიაჟებო"

"პოლიციელები  კარგა ხანს ეძებდნენ 6-სადარბაზოიან სახლში გარდაცვლილს, თითქმის ყველა სახლის კარი შეაღეს. ბოლოს  იმედი ამოეწურათ
"

სისხლიანი ტრაგედია თბილისში, წერეთლის გამზირზე, 21 მარტს მოხდა. საკუთარ ბინაში 22 წლის სერგი მირზაშვილი მეგობრის, არჩილ წიკლაურის  კუთვნილი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაიჭრა. სერგი საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის `გურიის" პრეზიდენტის, კობა მირზაშვილის ერთადერთი ვაჟია.

როგორც ჩვენ გავარკვიეთ, იმ საბედისწერო დღეს სტუმრად სერგი მირზაშვილთან მეგობრები მივიდნენ. ბიჭები
ლუდს სვამდნენ და საუბრობდნენ. სახლში სულ 7 ახალგაზრდა იყო. მათ შორის ერთი, 26 წლის არჩილ (ბაჩო) წიკლაური `ვალტერის~ პისტოლეტით შეიარაღებული. თურმე მან იარაღი ამოიღო და ათამაშებდა. მოკლულის დედა ამბობს, მის ვაჟს მეგობრისთვის უთქვამს -  ბიჭო, ეს იარაღი შეინახე, ნუ ამარიაჟებო. მართლაც შეინახა არჩილმა იარაღი, მაგრამ
ცოტა ხანში ისევ ამოიღო. თვითმხილველები ამბობენ,  რომ ამოღებისთანავე იარაღიდან გასროლა მოხდა. შემთხვევით გასროლილი ტყვია მისგან 5-6 მეტრის დაშორებით ფეხზე მდგარ სერგის პირდაპირ თავში მოხვდა. ბიჭი იქვე ჩაიკეცა.

სამწუხაროდ, მის არც ერთ მეგობარს დაჭრილის გადარჩენა არ უცდია. შეშინებულებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ექვსივე გაიქცა. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაული საღამოს 12-ის ნახევარზე მოხდა. ამის შემდეგ დამნაშავემ ქვეყნიდან გაქცევა გადაწყვიტა და სომხეთში გადავიდა.

გამოძიების მტკიცებით, წიკლაურის მიერ  საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, ღამის ოთხ  საათზე პოლიციაში უცნობმა დარეკა და აუწყა, რომ თბილისში, წერეთლის 6 ნომერში, მეორე სართულზე ახალგაზრდა იყო მოკლული. სამართალდამცველები  კარგა ხანს ეძებდნენ 6 სადარბაზოიან სახლში გარდაცვლილს, თითქმის ყველა სახლის კარი შეაღეს. ბოლოს ფაქტობრივად იმედი ამოეწურათ. იმასაც ფიქრობდნენ, ცრუ შეტყობინება ხომ არ იყო, მაგრამ დარჩენილი ერთი სადარბაზოც შემოიარეს და ტრაგედიის ადგილს ასე მიაგნეს. ბინის კარი ღია იყო, იქ შესულ  სამართალდამცველებს საშინელი სურათი დახვდათ, ახალგაზრდა ძირს ეგდო, ირგვლივ სისხლის გუბე იდგა. იმის მიუხედავად, რომ მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათი იყო გასული, დაჭრილს პულსი ისევ ესინჯებოდა.
სასწრაფოდ იგი მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე დღე აპარატზე შეერთებული ებრძოდა სიკვდილს, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

უმძიმეს მდგომარეობაში არიან  სერგის მშობლები. უჭირთ იმ ფაქტთან შეგუება, რომ  მათი ერთადერთი შვილი ცოცხალი აღარ არის.

სულისშემძვრელი აღმოჩნდა შვილმკვდარ დედის, ციცი ჩხაიძის მონათხრობის მოსმენა. დედა ტრაგედიამდე ორი დღით ადრე ლანჩხუთში იყო წასული და მომხდარი თავზარდამცემი ამბავი იქ შეიტყო:

ციცი ჩხაიძე:
- ჩემი ერთადერთი შვილი აღარ მყავს. იმ საღამოს 9-ის ნახევარზე ველაპარაკე. ძალიან მხიარული ბავშვი მყავდა. გამთენიისას, 5-ს 10 წუთი რომ  აკლდა,  პოლიციელმა  დამირეკა. თქვენს სახლში დაჭრილი ბიჭია ნაპოვნი და სახლის კარი ღიააო. ეს სრული შოკი იყო ჩემთვის. ეტყობა დამინდო, არ მითხრა, რომ ის ჩემი შვილი იყო. რომ ჩამოვედი, ჩემი შვილი მიხაილოვის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.  რეანიმაციაში აპარატზე შეერთებული დამხვდა, მსგავსი კეთილსინდისიერი, გულისხმიერი სამედიცინო  პერსონალი არ მინახავს, ისე ეპყრობოდნენ ჩემს შვილს, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არ მოსულა. მისი დედიკო რეანიმაციაში შედიოდა, უკოცნიდა ხელებს, ფეხებს, ლოცვებს უკითხავდა, ჯანმრთელობის  პარაკლისებს უხდიდნენ მამაოები, ყველაფერს ვაკეთებდით გადასარჩენად, მაგრამ აღარ მყავს ჩემი ერთადერთი. ჭრილობა თავში ჰქონდა. თქვენ არ იცით, როგორ უყვარდა სერგის სიცოცხლე. ბოლო დროს აჩემებული ჰქონდა უცხოეთში უნდოდა სასწავლებლად წასვლა. ძალიან თბილი დედა-შვილობა გვქონდა. ყველაფერს მეუბნებოდა, შეიძლება იმ წუთას რაღაც არ ეთქვა, მაგრამ მერე მაინც მეტყოდა. ძალიან მეგობრულად ვიყავით ერთმანეთთან. ისიც ვიცოდი, რომ შეყვარებული იყო ნინო ჭანტურიაზე.  ჩემი ბიჭი არ მყავს. მორწმუნე იყო. მოძღვარი დიდუბის ტაძარში ჰყავდა, მისი მამაო რომ გარდაიცვალა, მერე ახალი მოძღვარი არ აუყვანია. ცოტა ხნის წინ მითხრა, დედა, ერთ მამაოს ველაპარაკე და ფაქტობრივად აღსარება ჩავაბარე და მინდა მასთან ვიაროო. ძალიან მოსიყვარულე, კეთილშობილი შვილი მყავდა. თბილისის 51-ე სკოლა დაამთავრა. მეგობრული ბიჭი იყო. არ უყვარდა უსამართლობა, ვერ იტანდა ადამიანების ჩაგვრას. სწავლობდა ფერაძის სახელობის უნივერსიტეტში. წელს აკადემიური ჰქონდა აღებული.

-  იცნობდით იმ მეგობრებს, ვინც მასთან იყო იმ დღეს?

- ვიცნობდი. გურიაში 2 დღის წამოსული ვიყავი. არ მქონდა იმის შიში, რომ ჩემს შვილს სახლში მარტო ვტოვებდი. ვიცოდი , ის ცუდს არასოდეს ჩაიდენდა. მართლა მისი ყველა ნაბიჯი ვიცოდი. ძალიან სტუმართმოყვარე იყო. ჩვენს სახლში ხშირად მოდიოდნენ მისი მეგობრები. ამ ტრაგედიის შემდეგ ის მეგობრები არც საავადმყოფოშიც გამოჩენილან. არავინ გაგვკარებია. მითხრეს, რომ  წიკლაურს გაუვარდა იარაღი. მათთან მეგობრობდა სერგი. წიკლაურს მეც ვიცნობ, დიდი ხანია არ მინახავს, მის დედასთან ეზადებოდა ჩემი შვილი მათემატიკაში. არ ვიცი,  რა მეგობრები არიან ისინი.  ვიცი, ადამიანი გაჭირვებაში არ უნდა მიატოვო. მათ მიატოვეს დაჭრილი ბავშვი და გაიქცნენ. ყველა დეტალი ჯერ არ ვიცი, არ მეუბნებიან.

ახლა ისეთი გასაჭირი მაქვს, მაგის თავი არ მაქვს. მერე მე პირადად ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები ყველაფერს. უნდა მითხრან, მეგობრებმა რატომ დამიტოვეს ჩემი ერთადერთში შვილი ამდენი საათი მარტო დაჭრილი. მართლა მინდა ვიცოდე იქ რა მოხდა. ახლა არ მცალია, დედიკომ ბავშვი უნდა დაიტიროს, ისე როგორც ეს მას ეკადრება. ისიც ხომ იცით, მკვლელმა  გადაკვეთა საზღვარი. ჯერ არ ვიცი დანარჩენებთან შეთანხმებული იყო თუ არა ეს,  მაგრამ ფაქტია, მისი საზღვრის გადაკვეთამდე არც სასწრაფოში დაურეკავს ვინმეს და არც პოლიციაში. უპატრონოდ ეგდო ჩემი შვილი 4 საათი. პატრულმა ყველა სართული ჩამოიარა და შემთხვევით წაასწყდნენ ბავშვს. ძირს იყო სერგი დაგდებული, სისხლში გასვრილი და გათიშული. ისეთი გამწარებული ვარ, მისი მეგობრებისთვის კითხვის დასმის თავიც არ მაქვს, ან რა უნდა ვკითხო მათ, როცა ასე მიატოვეს ჩემი შვილი. ამ წუთას ჩემი შვილის გარდა არავინ და არაფერი მაინტერესებს. ჩემი ერთადერთი აღარ მყავს. ჩემი უთბილესი ბიჭი. სიყვარულის ბუშტს ვეძახდი, მშვიდობის მტრედი იყო. ჩვენი პირველი სიყვარულის ნაყოფი. ახლა ვხედავ ჩემი სერგი რამდენ ადამიანს ჰყვარებია. უამრავი ადამიანი მოდის სამძიმარზე”.

ფაქტზე მოკვლევა დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურამ დაიწყო. ძალოვნებმა დანაშაულში მხილებული არჩილ წიკლაურიც დააკავეს. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, წიკლაურმა თავად გამოთქვა პოლიციაში ჩაბარების სურვილი და დაბრუნდა საქართველოში. გამოძიებამ უკვე დაკითხა შემთხვევის ადგილზე მყოფი ახალგაზრდები. მათი ჩვენებები იდენტურია. ყველა ამბობს, რომ წიკლაურს იარაღი შემთხვევით გაუვარდა. ამიტომ პროკურატურამ წიკლაურს ბრალი 116-ე მუხლით წაუყენა - ადამიანის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა, - რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ძალოვნებმა მკვლელობის იარაღიც ამოიღეს. `ვალტერის~ სისტემის პისტოლეტი საქმეში ნივთმტკიცებად დევს. ისიც ცნობილია, რომ იარაღი უნომროა და ლულა თვითნაკეთია. რატომ ატარებდა წიკლაური იარაღს, ამ კითხვაზე პასუხს ალბათ ის გამოძიებას გასცემს. ცნობილია ისიც, რომ არჩილ წიკლაური ადრე იარაღის უკანონო ტარება შენახვისთვის ნასამართლევია. მაშინ პატიმრობას გადაურჩა, საპროცესო გაუფორმეს და 5 წელი პირობითი მიესაჯა. ეს ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. პროკურატურამ 116-ე მუხლთან ერთად, მას იარაღის უკანონო შეძენა, ტარება-შენახვაში ბრალი წაუყენა.

26 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურორმა ეკა ჭაავამ წიკლაურის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა. თუმცა ამას არ დაეთანხმა ბრალდებულის ადვოკატი და მან გირაოს, 5000 ლარის შეფარდება ითხოვა წიკლაურისთვის. ადვოკატის მტკიცებით, აფექტში მყოფმა წიკლაურმა შიშის გამო დატოვა საზღვარი, როცა გაცნობიერა მომხდარი, უკან დაბრუნდა და ჩაბარდა პოლიციას.
სასამართლომ 26 წლის არჩილ წიკლაურს პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება. 

თეა ხურცილავა(სპეციალურად საიტისთვის)
ета все
19 მარტი 2015 15:11
კი აუცილებლად ! ღმერთი მაღალია, ყველაფერს ხედავს, ყველაფერი იცის და პირველ რიგში უზენაესი მოსამართლე ისაა!
kanoni
12 მარტი 2015 11:32
ета все ...შენ როგორც ამბობ მაშინ სერგის მკვლელს და მიმტოვებლებსაც დაუბრუნდება ოჯახში უბედურება.
igive
11 მარტი 2015 22:59
ета все....როგორც ამბობ გამოდის რომ დაუბრუნდება სერგის მკვლელსაც და მის მიმტოვებლებსაც იგივე.????????

რედაქტორის რჩევით