“ყველაზე მეტად იმის მეშინია, ვანო არ იყოს გამოსული ფსიქიატრიულიდან”
27-03-2014
“ყველაზე მეტად იმის მეშინია, ვანო არ იყოს გამოსული ფსიქიატრიულიდან”
მეოთხე სართულიდან გადმოგდებული გოგონას ოჯახმა სასამართლო პროცესი წააგო

“სულ მგონია, რომ ვიღაც მითვალთვალებს”

სწორედ მამისთვის უთქვამს, რომ 250-ჯერ იყო ჩემს სახლთან, მითვალთვალებდა, ფოტოებს მიღებდა და მერე ისტერიკულად ათვალიერებდა


იმ საზარელი შემთხვევიდან, როცა გვანცა ადამია უნივერსიტეტის მეორე კორპუსის აივნიდან გადმოაგდეს, ათი თვე გავიდა. უპასუხო სიყვარულისთვის ვანო ღონღაძემ გვანცა სასიკვდილოდ გაიმეტა. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ოთხთვიანი წოლითი რეჟიმი, ექიმები, წამლები, რეაბილიტოლოგები, ფსიქოლოგები - ერთი სიტყვით, გოგონამ მძიმე
ათი თვე გამოიარა.
ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მოძალადე ვანო ღონღაძე ფსიქიკურად დაავადებულია და მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. ის წინასწარი დაკავების საკნიდან პირდაპირ ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როდის დაასრულებს ვანო მკურნალობის კურსს, არავინ იცის.

გვანცა ადამია:
- დღესაც მიჭირს მეორე კორპუსში შესვლა. იქაურობა ჯოჯოხეთად მეჩვენება, მაგრამ
სხვა გზა არ მაქვს. ოქტომბრიდან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დავიწყე მუშაობა. დეკანმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა შემომთავაზეს, - თუ იმუშავებ, გულს გადააყოლებ და შემოსავალიც გექნებაო. დავთანხმდი.

- მკურნალობა კიდევ გჭირდება?
- მედიკამენტებს აღარ ვიღებ, მაგრამ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. კონსულტაციებზე ქირურგთან დავდივარ. ყველაზე რთული მაინც, ფსიქოლოგიური მდგომარეობაა: მას მერე ღამე მშვიდად არ მძინებია. სახლიდან გასვლის შიშიც მაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შებინდდება. მშობლები მხვდებიან მეტროსთან, რომ სახლამდე მიმაცილონ. სულ მგონია, რომ ვიღაც მითვალთვალებს. ქუჩაში რომ დავდივარ, ხალხს ვაკვირდები და თუ ვინმე არ მომეწონება, თავს ვარიდებ. ყველაზე მეტად იმის მეშინია, ვანო არ იყოს გამოსული ფსიქიატრიულიდან. ამდენი ხანი ვინ აჩერებს საავადმყოფოში პაციენტს? აბსოლუტურად დაუცველი ვარ.

- როგორც ვიცი, ვანოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა.

- ასეა. ის სასამართლომ შეურაცხადად ცნო. ავადმყოფს რა პასუხი მოვთხოვოთო და იძულების წესით, სამკურნალოდ ხონში გაუშვეს. მისი დიაგნოზი იყო არადიფერენცირებული შიზოფრენია. ახლაც რომ დამესხას თავს, ამაზე პასუხს ვინ აგებს?

- ვიცი, რომ სამედიცინო დასკვნაში, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზამ შეადგინა, ეჭვი გეპარებოდათ...
- ამაში არა მხოლოდ ჩვენ, არამედ პროკურატურასაც და გამომძიებელსაც ეპარებოდათ ეჭვი. უცნაური იცით, რა იყო? ექსპერტიზამ ხომ მშობლების ჩვენებებიდან, მონათხრობიდან გამოიტანა დასკვნა და სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ექსპერტი, თამარ ნიკოლაიშვილი ამბობდა, - მშობლებს შეიძლება, ვერ შეემჩნიათ ვანოს ფსიქიკური აშლილობაო. როგორ ვერ უნდა შეემჩნიათ, როცა თავად ჰყვებოდნენ ჩვენების მიცემისას, თუ რა მდგომარეობაში იყო მათი შვილი. პირდაპირ თუ ირიბად ყველა ამბობს, რომ ეს დასკვნა სანდო არ არის. მიუხედავად ამისა, სამედიცინო დასკვნის გასაჩივრებაზე პროკურატურამ უარი გვითხრა, - სამხარაულის ექსპერტიზის პასუხი გასაჩივრებას არ ექვემდებარებაო.

- ვიცი, რომ სასამართლოში სარჩელი შეიტანეთ, მორალური და მატერიალური ზიანისთვის კომპენსაციას ითხოვდით. როგორ დამთავრდა ეს პროცესი?

- ადვოკატმა გვითხრა, რომ გვქონდა მოთხოვნის საფუძველი. ექსპერტიზის დასკვნიდან, მშობლების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ვანოს 11 წლის ასაკში აღმოაჩნდა ფსიქოლოგიური პრობლემები. ძაღლს შეუშინებია. დაჰყავდათ ნევროპათოლოგთან, რომელიც ფსიქიატრთან ვიზიტს სთხოვდა, შიზოფრენია რომ გამოერიცხათ. მისმა ოჯახმა კი შვილს მკურნალობა შეუწყვიტა. დედამისი თავს იტყუებდა, რომ მის შვილს არაფერი სჭირდა. ორი წლის წინ, ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, ვანოს აგრესიას ახლობლებიც ატყობდნენ.

თურმე, არაფერს ჭამდა და ამბობდა, - მოწამლული ვარო. თუ შეჭამდა, მერე გულს ირევდა. დღესაც ამბობს, შიზოფრენია გენიოსების დაავადებააო. მამამისის ჩვენებაში წერია, რომ ვანოს პრობლემები ბავშვობიდან ჰქონდა; საჭმელს არ ჭამდა, რადგან ეგონა, მოწამლული იყო და გარკვეული პერიოდი წყალსაც არ სვამდა თურმე. სწორედ მამისთვის უთქვამს, რომ 250-ჯერ იყო ჩემს სახლთან, მითვალთვალებდა, ფოტოებს მიღებდა და მერე ისტერიკულად ათვალიერებდა... ერთი სიტყვით, ჩვენ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ვითხოვდით ოჯახისგან, იმის გამო, რომ მათ ვანოს დაავადების შესახებ იცოდნენ და არანაირი ზომები არ მიიღეს, რომ მას საზოგადოებასთან ურთიერთობა არ ჰქონოდა. პროცესი წავაგეთ. უფრო მეტიც, სასამართლო პროცესებს ვანოს მშობლები არც კი ესწრებოდნენ, მხოლოდ ნათესავები და ადვოკატი მოდიოდნენ. ახლა სააპელაციოში ვაპირებთ გასაჩივრებას.

მასალა ვრცლად იცილეთ ჟურნალ “გზაში"
ნია
06 აპრილი 2014 16:42
ნატა გეთანხმები. სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერ ააწყობ. ფული არ არის მთავარი...
ანო
05 აპრილი 2014 11:25
ერთი თქვენ გადმოეგდეთ ვინმეს და ვნახავდით როგორ არ იჩივლებდით... გაუმართლა რომ გადარჩა ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს
სოფო
01 აპრილი 2014 20:44
ძაან დიდი ბოდიში მარა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რო ამ გოგოს ფულის გარდა არაფერი აინტერესებს. თვითონ გადარჩა და კარგადაა ღმერთლის წყალობით და ის ბიჭი... მე რომ ვიყო ამ გოგოს ადგილას თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი, რომ რაც არ უნდა იყოს ჩემს გამო ესეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ადამიანი. ''უწყალო მონის'' იგავი მახსენდება სახარებიდან და დავაკოპირებ: 23 ამიტომ ჰგავს ცათა სასუფეველი კაცსა მეფესა, რომელიც მოისურვა თავისი მონებისათვის ანგარიშის გასწორება. 24 როცა დაიწყო ანგარიში, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც ათი ათასი ტალანტი ემართა მისი. 25 და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაიხედა, ბატონმა ბრძანა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც კი ებადა, და გადაეხადა. 26 მონა დაემხო პირქვე, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. 27 ბატონს შეებრალა ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. 28 ამ მონას გამოსვლისთანავე შეხვდა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა, დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო. 29 პირქვე დაემხო თანამონა, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. 30 მაგრამ მან არ ინდომა, არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს არ გადაუხდიდა. 31 მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და აუწყეს ყოველივი მომხდარი. 32 მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: 'ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. 33 განა არ გმართებდა, შეგეწყალებინა შენი თანამონა, როგორც მე შენ შეგიწყალე?' 34 განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს არ გადაუხდიდა. 35 ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველივე თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს.“

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები