გვამის სუნით გამოვლენილი დანაშაული - სექსისას გარდაცვლილ 60 წლის პარტნიორს 50 წლის ქალი ბენზინით წვავდა (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

გვამის სუნით გამოვლენილი დანაშაული - სექსისას გარდაცვლილ 60 წლის პარტნიორს 50 წლის ქალი ბენზინით წვავდა (ექსკლუზივი)

”მეზობელი მიხვდა, რომ ცეცხლი ადამიანს ეკიდა. გიჟს ჰგავს, ეს რა ვნახეოა"

"კარგი კაცი იყო, ყველაფერი მოჰქონდა ამ ქალთან, საჭმელი, სასმელი..."

"შეიძლება მაგის შვილებისაც კი შეეშინდათ  - მომკლავენო"

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მომხდარი ამბავი ჰოლივუდის ტრილერს ჰგავს. 50 წლის ქალმა, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია,  მასთან სქესობრივი ურთიერთობისას დაღუპულ მამაკაცს ბენზინი გადაასხა და გვამი ცეცხლს მისცა. მძიმე სუნმა  ადგილობრივების ყურადღება მიიქცია, ერთ-ერთი იქ მცხოვრები სუნის "კვალს” გაჰყვა და შემზარავი სურათი ნახა ...

ო.დ.(ადგილობრივი მაცხოვრებელი): - ქალზე რა გითხრათ?! ერთი ჩვეულებრივი ქალია, არც ძალიან ლამაზი და არც მახინჯი. აქ აზერბაიჯანელები და სომხები ერთად ვცხოვრობთ და არ ვჩხუბობთ. ქალი სულ  ბოსტანში მუშაობს... რას წარმოვიდგენდით, თუ ადამიანს დაწვავდა.

- ქალს ოჯახი ჰყავს?

- არა, მარტოა. მაგის შვილები არ ვიცით, სად არიან. ის ჩვენთან ერთად ბარაკებში ცხოვრობს.  შულავერში ადრე მატყლის ფაბრიკა იყო,  ბევრი ცხვარი ჰყავდა ხალხს და მატყლს ამ ფაბრიკაში აბარებდნენ.  ჩვენი ქალებიც აქ მუშაობდნენ. უცხოებიც იყვნენ, მაგალითად, რუსები…. მათთვის პატარა საერთო საცხოვრებელი იყო აშენებული. ფაბრიკა რომ დაინგრა, ეს საცხოვრებელი, ბარაკებად იქცა.  სახლი ვისაც არ ჰქონდა, ამ ბარაკებში დარჩა. ზოგი ბარაკი ცარიელი იყო და იქაც ვიღაც უცხოები შესახლდნენ. ეგ ქალიც საიდანღაც მოვიდა და დასახლდა. არავის დაუშლია...  ის კაცი ამ ქალთან დადიოდა. უფრო საღამოობით მოდიოდა ...

- თქვენი მეზობელი ქალი რას ამბობდა თავის სტუმარზე?

- აზერბაიჯანელია.  ჯერ ამბობდა, ბოლნისიდან არისო; მერე თქვა, - დმანისიდანო. მაგრამ კარგი კაცი იყო, ყველაფერი მოჰქონდა ამ ქალთან, საჭმელი, სასმელი... ღამეც რჩებოდა. ასე 60 წლის იქნებოდა...

- რამდენის?!

- 60-ის, ისეთი ღონიერი და ჯანმრთელი იყო, ძალიან გამიკვირდა, რომ მოკვდა... აფსუს!

- მისი გარდაცვალების ამბავი როგორ გაიგეთ?

- ქალს არაფერი  უთქვამს.  ღამე ისეთი ცუდი სუნი მოდიოდა, ერთი მეზობელი ამდგარა და დაინტერესებულა, - აბა, სუნი საიდან  მოდისო?  იარა, იარა და სახლებს რომ გასცდა,  მინდორზე ნახა, რომ რაღაცას ცეცხლი ეკიდა. მივიდა და ის ქალი დაინახა. მარტო წვავდა მკვდარს.  ცხედარს ცეცხლი ახალი წაკიდებული ჰქონდა და ეს მეზობელი  მიხვდა, რომ ადამიანს წვავდა. იყვირა და გამოვარდა... ახლა გიჟს ჰგავს, - ეს რა ვნახეო. პოლიცია რომ მოვიდა და ეს ქალი დაიჭირეს, მერე გავიგეთ,  რომ  კაცი საწოლში მომკვდარა... ეს დიდი სირცხვილია იმ კაცის შვილებისთვის, ზოგი ასეთ მამას არც დამარხავს.

- ქალი მარტო როგორ მოერია გვამს?

- რა ვიცი, ეტყობა შეეშინდა, მკვდარი სახლში არ მინახონო და ეს მოიფიქრა, - გვამი ტომარაში ჩაედო, გაეთრია და დაეწვა. შიშით მოერია, რა! შეიძლება მაგ კაცის შვილებისაც კი შეეშინდა, - მომკლავენო. აბა, ისე მკვდარს ოთხი კაციც ვერ ერევა ხოლმე...

ეთერ ერაძე(სპეციალურად საიტისთვის)