სკანდალური მოწმის აღიარება: "მე დავინახე, როგორ მოკლეს ზურაბ ჟვანია" (ექსკლუზივი)
31-03-2014
სკანდალური მოწმის აღიარება:  "მე დავინახე, როგორ მოკლეს ზურაბ ჟვანია" (ექსკლუზივი)
რას ჰყვება ზურაბ ჟვანიას სავარაუდო მკვლელობის თვითმხილველი

"ლევან სამხარაული მკვლელობის ადგილას ავიყვანე და ყველაფერი მოვუყევი"

რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს წყნეთის გზაზე

"ლევან სამხარაული ჟვანიას ამბავს შეეწირა. კარგად ვხვდებოდი, თუ ხმას ამოვიღებდი, მეც მომენტალურად გამაქრობდნენ"


ფოტოებმა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის მასალებიდან ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, საზოგადოებაში კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვი, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს. მოქალაქემ, რომელიც რედაქციაში გვესტუმრა, გაგვაცნო ერთი საკმაოდ სკანდალური ვერსია, რომელიც საზოგადოებისთვის დღემდე ნაკლებად იყო ცნობილი.
ჩვენი რესპონდენტი ამტკიცებს, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მოწმეა. ამ ეტაპზე მან ვინაობის გამხელაზე უარი თქვა, თუმცა აცხადებს, რომ მზად არის პროკურატურასთან სათანამშრომლოდ. ვინაიდან ამ საკითხისადმი საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია, თანაც გავარკვიეთ, რომ მას გოგლა ჟვანიასთვის ეს ამბავი უკვე მოყოლილი ჰქონდა, გადავწყვიტეთ, მისი მონათხრობი გამოგვექვეყნებინა:


ანზორ
ს:
- 2005 წლის 2 თებერვალს ასე, საღამოს ცხრა საათი იქნებოდა, წყნეთში რომ ავედი. ლოჭინისხევში პატარა მეურნეობა მქონდა და პირუტყვის ყიდვას ვაპირებდი. წყნეთში ცხოვრობდა ასეთი კაცი, თენგიზ შინდელაშვილი, რომელსაც დიდი "ფურა" ჰყავდა და საქონელი ქვეყნის გარედან შემოჰყავდა აქ გასაყიდად. სწორედ მასთან მქონდა საქმე, მაგრამ შინ არ დამიხვდა. რადგან ასული ვიყავი, თან ამინდიც უარესდებოდა - თოვა დაიწყო, გადავწყვიტე, დავლოდებოდი. იქვე ცხოვრობს რეზო ქოიავა, ჩემი მეგობარი  და იმასთან მივედი. რამდენიმე ხანში უკან მივბრუნდი, მაგრამ შინდელაშვილი ისევ არ დამხვდა. მისი ბიჭი მეხვეწა, შემოდით, დაელოდეთ, მალე მოვაო, მაგრამ აღარ გავჩერდი, გვიანი იყო უკვე.

12-ს ოცი წუთი აკლდა, როდესაც უკან გამოვბრუნდი. რადგან გზა მოყინული იყო და საბურავები ცურავდა, ნელა მოვდიოდი. წყნეთი-თბილისის გზის ბოლო მოსახვევში დიდი სისწრაფით გზა მომიჭრა წყნეთისკენ მიმავალმა ციმციმაანთებულმა ვაზ-07 მარკის მანქანამ (იხ. სქემაზე 2). საჭე ვეღარ დავიმორჩილე, მოვცურდი და გზის საპირისპირო მხარეს სავალი ნაწილიდან ხუთი მეტრით გადავედი. ხრამში რომ არ გადავვარდი, ბუჩქნარმა და ნაძვის კუნძმა მიხსნა, რომელზეც პირდაპირ "დაჯდა" ჩემი მანქანა. მერე რომ დავფიქრდი, ეს ვაზ-07 ესკორტს ეკუთვნოდა. მოკლედ, გაიჩხირა ჩემი 06 (იხ. სქემაზე 1), ვეღარც წინ წავედი და ვეღარც უკან, მარჯვენა გიტარაც გატეხილიყო. გზაზე გადმოვედი, მაგრამ რადგან იმ ადგილას აღმართზე, თან გაყინულ გზაზე, მოსახმარებლად მანქანას არავინ გამიჩერებდა, ცოტა ქვემოთ ჩასვლა გადავწყვიტე.

გზაზე ფეხი მიცურავდა, ამიტომ ტყის პირს ჩავყევი, ასე 150 მეტრი ჩავიარე და ის იყო, მივუახლოვდი იმ ადგილს, სადაც მაშინ ფიცრული (მოსაცდელი ფარდული. - ავტ.), ახლა კი თანამედროვე "ბოქსი" დგას, მანქანების ხმა გავიგონე და მალე გამოჩნდა კიდეც ქალაქის მხრიდან მომავალი "ტოიოტას" მარკის შავი ჯიპი  (იხ. სქემაზე 3), რომელსაც თეთრი ვაზ-06 (იხ. სქემაზე 4) მოჰყვებოდა. მესამე მანქანა მოგვიანებით შევნიშნე. მივხვდი, რომ რომელიღაც თანამდებობის პირის ესკორტი იყო და მათთვის დახმარების თხოვნას აზრი არ ჰქონდა. უცებ წინ მომავალმა ჯიპმა დაამუხრუჭა, ასე 10 მეტრი იცურა, ჩემამდე ხუთ მეტრში მოტრიალდა და შუა გზაზე, გარდიგარდმო გაჩერდა. აი, მაშინ ვიცანი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ჯიპი. ბატონ ზურაბს ჯერ კიდევ "მწვანეებიდან" ვიცნობდი და იმ პერიოდშიც ხშირად ვხვდებოდი.

მე ფარდულის კუთხიდან ვაკვირდებოდი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, თეთრი 06-დან გადმოვიდა მაღალი, სიმპათიური, შავთმიანი ბიჭი. თმა ისე ულაპლაპებდა სინათლეზე, რომ უეჭველად ბრიოლინი ან რაღაც ასეთი ესვა.

- ეს ყველაფერი ავტომობილების ფარების სინათლეზე ჩანდა?
- არა, ამ ადგილას გარე განათება იყო, ლამპიონები დგას. ბიჭს გრძელი პალტო გახსნილი ჰქონდა და ორი ცალი "სტეჩკინი" მოუჩანდა. ერთხანს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში ვმუშაობდი და იარაღს კარგად ვცნობ. ვიდრე ჯიპამდე მივიდოდა, ბიჭს ორ ადგილას გაუცურდა ფეხი, თითქოს ფეხსაც ითრევდა... მერე ჯერ ჯიპის მარცხენა მხარეს წავიდა, მაგრამ მობრუნდა, მარჯვნიდან მოუარა, უკანა კარი გააღო და ჩაჯდა. კარი მიიხურა, მაგრამ არ დაიკეტა, რადგან პალტოს კალთა მოჰყვა. ბიჭი მანქანაში ჩაჯდა თუ არა, ყვირილი გავიგონე: - რას შვრებით?! არ გამოვრიცხავ, ის დაზიანება, რომელიც ჟვანიას ტუჩზე ჰქონდა და ფოტოზეც აღბეჭდილია, სწორედ ამ დროს, ძიძგილაობისას მიაყენეს. მალევე გაისმა ორი გასროლა, მანქანის ოდნავ ღია კარიდან გამოვარდნილი ბოლიც დავინახე.

- ხმა გეცნოთ?
- კი, ზურაბ ჟვანიას ხმა იყო. მანქანა ნამდვილად მისი იყო. ამის მერე უკანა მარჯვენა კარის დაკეტვა ისევ სცადეს, თუმცა არც მეორე ცდაზე დაიკეტა, ისევ პალტოს კალთამ შეუშალა ხელი. მანქანა მყისიერად დაიძრა და თბილისისკენ დიდი სისწრაფით გაქროლდა. ის ორი მანქანაც უკან მიჰყვა. ყველაფერი სულ რაღაც ხუთ წუთში მოხდა.  როგორც ჩანს, ამ მესამე მანქანიდან ჩემი ლანდი დაინახეს და გავიგონე გინება, - ეს ვინღაა აქო?! აღარ დავაყოვნე, ვისკუპე ტყისკენ და გავიქეცი. ამ დროს დავხედე საათს და პირველის თხუთმეტი წუთი იყო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი ხუთ წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა, მკვლელობა, სადღაც პირველის ათ წუთზე მოხდა.

- იმ ერთი ახალგაზრდის გარდა, სხვა თუ დაინახეთ?
- არა, სხვა არავინ. იმ მესამე, შავ მანქანაში, თუმცა მარკა ვერ გავარჩიე ზუსტად, ან "მერსედესი" იყო, ან  BMW  (იხ. სქემაზე 5), მინა ჩაწეული იყო და ჩანდა, რომ ვიდეოკამერით ვიღაც ამ ყველაფერს იღებდა. იმ ბიჭს, რომელმაც, სავარაუდოდ, ჟვანია  მოკლა, ნებისმიერ დროს ვიცნობ, მეტიც, მე ის ამოვიცანი და გოგლა ჟვანიასაც ვაჩვენე.

- თუ ეს ყველაფერი ასე მოხდა, მანქანაში სისხლის კვალი არ დარჩებოდა?

- უნდა დარჩენილიყო. შეიძლება ჟვანია გაზის პისტოლეტით მოკლეს, რომელიც ახლო მანძილიდან ასევე კლავს ადამიანს და მისი ტყვია ორგანიზმში მჭიდროდ იჭედება, რაც სისხლდენას ხელს უშლის. ჟვანიას ორი მძღოლი ჰყავდა, რომელთაგან ერთ-ერთს მოგვიანებით შევხვდი. ამ ამბავსაც მოვყვები. 2005 წლის 2 თებერვალს 5 საათიდან რომელი მძღოლი მორიგეობდა, ეს უნდა გაირკვეს აუცილებლად.

- როგორც ბრძანეთ, სავარაუდოდ, დაგინახეს, მოწმე რომ ცოცხალი დატოვეს, ცოტა უცნაური ხომ არ არის?
- ვფიქრობ, რაღაც ჩრდილი დაინახეს, შესაძლოა, ვერც კი მიხვდნენ, რომ ადამიანისა იყო. უცნაური კია, მაგრამ არავის მოვუძებნივარ. შესაძლოა, ისე ეჩქარებოდათ, ჩემთვის დრო აღარ დაკარგეს... ტყეში შევვარდი და დავიმალე. ძალიან შევშინდი, მივხვდი, რომ საშინელების მოწმე გავხდი. მეგონა, ჩემს მოსაძებნად გამოგზავნიდნენ ვინმეს, მაგრამ არანაირი ხმაური არ ისმოდა. გზაზე გასვლა მეშინოდა და ტყე-ტყე ვიარე. ასე მივაღწიე ჩემს მანქანასთან. რადაც უნდა დამჯდომოდა, როგორმე უნდა გამომეყვანა და ქალაქში ჩამოვსულიყავი. დიდი წვალების შემდეგ გამოვედი და გატეხილი გიტარით ჩავედი ბაგებამდე. მანქანა იქ დავტოვე და ქალაქამდე ფეხით ჩავედი. მეორე დღეს ხელოსანი ავიყვანე და ისე წამოვიყვანე მანქანა.


- იმ ღამესვე დარწმუნდით, რომ ჟვანია მო
კლეს?
- დიახ, თუმცა როცა დილით ეს ყველაფერი დადასტურდა, კიდევ უფრო საშინლად გავხდი.
ეს რომ ვნახე, სასწრაფოდ წავედი ლევან სამხარაულთან, რომელიც ჩემი ახლო ნათესავი იყო. მაგრამ არ დამხვდა სამსახურში. ასე, თორმეტის ნახევარი იქნებოდა. მისაღებში ერთი ახალგაზრდაც ელოდებოდა, ვიცნობდი, ყვარლელი იყო, გვარად მჭედლიშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში მუშაობდა. ლევანი რომ მოვიდა, ჯერ ის ბიჭი შევუშვი, ცოტა ხანში კაბინეტიდან კამათის ხმა გაისმა, ლაპარაკი ფრაგმენტულად ისმოდა, ეს პოლიციის თანამშრომელი ლევანს ეუბნებოდა: - შენ ცხვირს ნუ ყოფ, ეგ შენი საქმე არ არისო. ლევანიც ეპასუხებოდა. გინებაზე რომ გადავიდნენ, ავდექი და მეც შევედი. როგორც კი დამინახა, მჭედლიშვილი წავიდა. ლევანს ვკითხე, რა ხდება-მეთქი. არაფერი ისეთი, ჩემი კლასელია და მეგობრულად წავკამათდითო. ლევანს ყველაფერი მოვუყევი, რაც ვნახე, სასწრაფოდ წამოხტა და მითხრა, წამიყვანე და ყველაფერი მაჩვენეო. მისი მანქანით წავედით, თვითონ დაჯდა საჭესთან და ყველაფერი ადგილზე ვაჩვენე. ძალიან დაფიქრებული იყო, მითხრა, დაახლოებით ვიცი ეს ამბავიო. ვფიქრობ, მჭედლიშვილი ლევანს მაშინვე მიუგზავნეს და მასზე ზემოქმედებას ცდილობდნენ. ლევანი ზურაბ ჟვანიასთან ძალიან ახლოს იყო.

- ფიქრობთ, რომ ლევან სამხარაული ჟვანიას საქმის ფალსიფიკაციას შეეწინააღმდეგა და ამიტომ მოიშორეს?
- დარწმუნებული ვარ. ლევანი ადეიშვილის მეგობარიც იყო, თან ენათესავებოდა კიდეც. ლევანის მამასაც ველაპარაკე ამას წინათ, ყველაფერი ვუამბე, თუმცა თვითონ არაფერს ამბობს... ამ ამბიდან ცოტა ხანში ლევანი ამერიკაში წავიდა სწორედ ჟვანიას საქმეზე, დნმ-ის ანალიზის პასუხები უნდა ჩამოეტანა. კარგად მახსოვს, როცა დაბრუნდა, მეორე დღესვე ისევ სამსახურში მივაკითხე. მდივანმა მითხრა, ცოტა ხანს დაელოდეთ, სტუმარი ჰყავსო. ლამის იგივე სიტუაცია გამეორდა. უცებ ლევანის კაბინეტიდან ხმამაღალი ლაპარაკი და გინება გაისმა, ისევ ვიღაცასთან ჩხუბობდა, კაბინეტში დიდი გაწევ-გამოწევა იყო. ავდექი და ისევ შევედი.

ჩემდა გასაკვირად ისევ მჭედლიშვილი დამხვდა, რომელიც სასწრაფოდ გავიდა კაბინეტიდან. ოღონდ გასვლისას, ლევანს დაემუქრა, ჩამოხვალ სოფელში და ნახავ, რაც მოგივა, ამას არ გაპატიებო. ლევანს კიდევ ვკითხე, რატომ გეჩხუბება-მეთქი, მაგრამ ისევ არ მიპასუხა. რა თქმა უნდა, ჟვანიაზე ჩამოვაგდე ლაპარაკი, რა ხდება ამ საქმეზე-მეთქი? მხრები აიჩეჩა, - დაივიწყე ყველაფერიო. იმავე კვირას, შაბათს ჩავიდა ყვარელში, მეგობართან ერთად იყო, როდესაც მჭედლიშვილი დახვდა გზაში და ესროლა. ლევანმა მანქანიდან გადახტომა მოასწრო და იქვე, ვენახში შევარდა, თუმცა მკვლელი გაეკიდა და ჩაცხრილა. მერე კი შინ მიბრუნდა, ორი ცეცხლსასროლი იარაღით -  გადაჭრილი თოფისა და "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტის ვითომ ერთდროული გასროლით მოიკლა თავი, რაც სრულიად გაუგებარი რამ არის. სავარაუდოდ, ისიც მოკლეს. დარწმუნებული ვარ, ლევანი ჟვანიას ამბავს შეეწირა.

კარგად ვხვდებოდი, რომ თუ ხმას ამოვიღებდი, მეც მომენტალურად გამაქრობდნენ, ამიტომაც ვდუმდი აქამდე. როცა ამ ერთი თვის წინ გოგლა ჟვანიას შევხვდი, ყველაფერი მოვუყევი, გოგლამ ახლა ყველაფერი იცის. ჩემთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი უტიფარი განცხადებები, რამდენი სიბინძურე თქვა. მეტად აღარ ვაპირებ გაჩუმებას.

მზად ვარ პროკურატურასთან სათანამშრომლოდ და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად.

სქემა:

1. მოწმის მანქანა (ვაზ-06)
2. ზურაბ ჟვანიას ესკორტის მანქანა (ვაზ-07)
3. ზურაბ ჟვანიას ჯიპი ("ტოიოტა")
4. თეთრი ფერის მანქანა (ვაზ-06)
5. შავი ფერის მანქანა (BMW ან "მერსედესი")



ნათია დოლიძე
ზვიადი
18 სექტემბერი 2014 19:49
ნაცების მოგონილი, რომ იყოს ცოტა ჭკვიანურ ვერსიას მოიგონებდნენ.ეს უფრო დღევანდელი ხელისუფლების ხელწერას ჰგავს.
lalo
12 აპრილი 2014 16:40
ეს ყველაფერი ისე მშვიდად წავიკითხე, უცხოპლანეტელიც რომ ეხსენებინა, აღარც ის გამიკვირდებოდა... ჰოდა, მივხვდი, რომ ამდენი მასალა, პორცია-პორცია რომ გამოდის დღის სინათლეზე, დროც რომ იწელება, ხალხში იკარგება აქტუალობის განცდა, ათი წელი რომ გავა და იტყვიან ახალი მოწმე ვიპოვეთო, მერე ნამდვილად აღარავის დააინტერესებს, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საცოდავი ზურაბ ჟვანია.
ლაშა
05 აპრილი 2014 21:42
...შესაძლოა გაზის პისტოლეტი იყო.. სტეჩკინი???

რედაქტორის რჩევით