"ცხონებული ჟვანიას ტუჩზე მცირედი დაზიანება აღმოაჩინეს და ლამის დედამიწა შეძრან. ეს ტრაგედია კი არავის აინტერესებს"
31-03-2014
"ცხონებული ჟვანიას ტუჩზე მცირედი დაზიანება აღმოაჩინეს და ლამის დედამიწა შეძრან. ეს ტრაგედია კი არავის აინტერესებს"
"არავინ სვამს კითხვას, საიდან გაჩნდა მის სხეულზე იარები, რაც უტყუარად მიუთითებს უსასტიკეს წამებაზე"

შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალი გოგი თათუხაშვილი შვილის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობას მთავრობასა და მთავარ პროკურატურას აკისრებს. მისი ვაჟი, კუდ-ის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა თათუხაშვილი, პირველად 2014 წლის 24 თებერვალს თბილისის პროკურატურაში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მოწმედ დაჰკითხეს.

თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატისა და  ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის თქმით, შალვა თათუხაშვილს დათა ახალაიასა და ლევან ქარდავას
წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ზეწოლით აიძულებდნენ.

26 თებერვალს გენერალმა გოგი თათუხაშვილმა, რომელიც ორი დღე უშედეგოდ ეძებდა გაუჩინარებულ შვილს, განაცხადა: "სად არის შალვა ორი დღის განმავლობაში?.. გაფრთხილებთ, ფსიქიკურად ავად არის და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებს, რასთან რეაქციაში თქვენმა წამლებმა შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს".
გოგი თათუხაშვილს შვილის გარდაცვალებიდან მეორე
დღეს სკაიპით დავუკავშირდით: - ერთი თვის წინ ვითხოვდი, შალვას სისხლის ანალიზი გაუკეთეთ, ნარკოტიკი იყო თუ სხვა რამ, რომ ეს ექსპერტიზას დაედგინა. ეს პროკურატურას არ აძლევდა ხელს, ჩემი შვილი ხომ წამლების ზემოქმედების ქვეშ იყო. წამლებით გათიშული პროკურატურიდან რომ გამოვიდა, თავის მანქანაში კი არა, ვიღაცის მანქანაში ჩაჯდა...

ამის შემდეგ სკაიპით კავშირი გაწყდა და ბატონ გოგისთან ვეღარ შევძელით დაკავშირება. მეორე დღეს ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა, სოციალურ ქსელში შალვა თათუხაშვილის დაზიანებული გვამის ფოტომასალა გაავრცელა: "ცხონებული ჟვანიას ტუჩზე მცირედი დაზიანება აღმოაჩინეს და ლამის დედამიწა შეძრან. ეს ტრაგედია კი არავის აინტერესებს. არავინ სვამს კითხვას, საიდან გაჩნდა მის სხეულზე იარები, რაც უტყუარად მიუთითებს უსასტიკეს წამებაზე. აგერ, ბატონებო, ფოტომასალაც, ეგებ ახლა მაინც აღიქვათ მომხდარის არსი", - აცხადებდა ადვოკატი.

იმავე დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენა მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას შეუძლია და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დასკვნა ექსპერტიზის დასრულებისთანავე გასაჯაროვდება. განცხადებაში ასევე ნათქვამია: "2014 წლის 24 თებერვალს შალვა თათუხაშვილმა თბილისის პროკურატურაში ორი ადვოკატის თანდასწრებით მოწმის სახით დაკითხვისას გამოძიებას მისცა დათა ახალაიას მიერ ორგანიზებული და განხორციელებული 3 უდანაშაულო ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში მამხილებელი ჩვენება".

"კვირის პალიტრა" ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს ესაუბრა:
- შალვა პირველად 11 საათი ჰყავდათ დაკითხვაზე... ბოლო დაკითხვის შემდეგ დეტალურად მიამბო, როგორ აწამეს, როგორ აიძულეს გამომძიებლებმა დავით ძნელაშვილმა და გურგენ გილაურმა, დაედასტურებინა ის ჩვენება, რომელიც პირველი გატაცებისას ზეწოლით დააწერინეს. შალვას გარდაცვალების შემდეგ პროზექტურაში დავესწარი გვამის დათვალიერებას, შედგა ოქმიც, სადაც დეტალურად აღიწერა გვამზე თვალით ხილული დაზიანებები, დავესწარი გვამის გაკვეთას და ის, რაც გამოვაქვეყნე, ზუსტად ის დაზიანებებია, რაც მითითებულია ოქმში. მე მივახატე, თუ რაშია საქმე?!

- პროკურატურა ამბობს, რომ თქვენ, როგორც ბაჩო და დათა ახალაიების ადვოკატი და როლანდ ახალაიას მეგობარი, მოტივირებული ხართ, რომ მათ დაეხმაროთ და საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში...

- ჯერ ერთი, ახალაიებთან პროფესიული მოვალეობა მაკავშირებს. მეორეც, ვიცავ მხოლოდ დათა ახალაიას. რომ ამბობენ, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს დაზიანების ხანდაზმულობაო, არ იციან, ჰემატომა შარშანდელი რომ არ იქნება?

არ ვამბობ, რომ პროკურატურამ მოკლა თათუხაშვილი. მე ვამბობ, რომ მასზე ზეწოლა იყო, არაადამიანურად აწამეს, უმძიმეს დეპრესიულ მდგომარეობაში იყო, ბოლო დაკითხვიდან 5 დღის შემდეგ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის, ტანჯვისა და შეურაცხყოფის შედეგად გული გაუსკდა. 

- გოგი თათუხაშვილი ამბობდა, რომ შალვას ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ჩვენება სარწმუნოდ არ უნდა ჩაეთვალა გამოძიებას. თუ ასეა, რატომ შეიძლება ჩაითვალოს მისი მონაყოლი სარწმუნოდ, რომ გაიტაცეს და აწამეს?
- შეიძლება სულიერად დაავადებულმა ადამიანმა სწორად ვერ აღიქვას მოვლენები, მაგრამ ის ხომ სახეზეა, რომ კაცი ნაცემია და სხეულზე დაზიანებები აქვს.

- გამორიცხავთ, რომ მას ნებით, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიეცა ჩვენება?
- ნებით რომ მიეცა ჩვენება, რატომღა ატარებდნენ აქეთ-იქით? ჯერ გაიტაცეს და მერე მიიყვანეს შინ. ჩვენებაში პროკურატურამ შალვას დააწერინა, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციისას, ერთ ახალგაზრდას დათა ახალაიამ თავში ესროლა...

ნანა ფიცხელაური
luxo
26 აპრილი 2014 11:39
ნაციონალური პარტია უნდა გამოცხადდეს კანონ გარეშე, მისი თავკაცები გასამართლდნენ, წევრები -ვინც მოინანიებენ შეუნდოთ, ვინც არა- შევაჩვენოთ.
gelas
15 აპრილი 2014 09:00
გელა, შენ რომ ეკლესიის დანგრევა გაწუხებდეს ან საერთოდ რწმენასთან რაიმე გაკავშირებდეს, შვილმკვდარ ადამიანს ასეთ რამეს არ დაუწერდი... მაგრამ მაშინვე ცხადია შენი კომენტარებიდან რომ "ნაცები" გელანდება დღე და ღამე და ბოღმით სავსე გულს ბოროტებით იოხებ.
ეგრეც წაგივა საქმე, თავად ნახავ, როგორია ნაწამებ ახალგაზრდაზე ქილიკი, თან გარდაცვლილზე და მის მშობელზე.
ორმაგი სტანდარტებით რომ უდგები ცხოვრებას იმაზე იფიქრე ჯერ და მერე დადე თავი სამართლიანობაზე.
გელა
07 აპრილი 2014 02:39
ადამიანის დაღუპვა არის ტრაგედია...მითუმეტეს ახალგაზრდა ადამიანის...

სამწუხაროდ,დაღუპულს,შალვა თავთუხაშვილს,მამამისის ცოდვებმა უწია...

ე.წ. ,,გენერალი,, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი ბანდიტი,გოგი თათუხაშვილი,დაღუპული შალვა თათუხაშვილის მამა,იჯდა იმ სატვირთო მანქანის საჭეზე,რომლითაც ,2004 წელს გლდანის ეკლესია იქნა დანგრეული!

ე.წ. ,,გენერელი,, გოგი თათუხაშვილი ერთი პერიოდი თვით ,,იმპერატორის,, მიშა სააკაშვილის დაცვის უფროსადაც კი მუშაობდა,და ბევრი,ძალიან ბევრი სიბოროტე აქვს ჩადენილი...

რატომ არავის არ აინტერესებს,თუ საიდან, და რატომ ცხოვრობს საფრანგეთში,2012 წლიდან ,,მხედართმთავარი,, გოგი თათუხაშვილი? რომელი ქართულ-ფრანგული კულტურული ურთიერთობების გამრღმავებელია,ეს ,,დიდი,, სამხედრო მოღვაწე,ან რომელი ბიზნესმენია,ანდა დიპლომატია გოგი თათუხაშვილი,ეს უწიგნური, ყოფილი ტაქსის მძღოლი,შედგომ კიტოვანის გვარდიელი,ტეტია,ჩვეულებრივი ნაცი და ბანდიტი?

აი ეს უნდა აინტერესებდეს ხალხს,საზოგადოებას,ვინ არის სინამდვილეში ეკლესიის დამანგრეველი გოგი თათუხაშვილი,და რატომ ვერ ჩამოვიდა იგი საქართველოში თვით მისი საკუთარი შვილის დაგრძალვაზეც კი!

რედაქტორის რჩევით