"ცხონებული ჟვანიას ტუჩზე მცირედი დაზიანება აღმოაჩინეს და ლამის დედამიწა შეძრან. ეს ტრაგედია კი არავის აინტერესებს" - კვირის პალიტრა

"ცხონებული ჟვანიას ტუჩზე მცირედი დაზიანება აღმოაჩინეს და ლამის დედამიწა შეძრან. ეს ტრაგედია კი არავის აინტერესებს"

"არავინ სვამს კითხვას, საიდან გაჩნდა მის სხეულზე იარები, რაც უტყუარად მიუთითებს უსასტიკეს წამებაზე"

შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალი გოგი თათუხაშვილი შვილის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობას მთავრობასა და მთავარ პროკურატურას აკისრებს. მისი ვაჟი, კუდ-ის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა თათუხაშვილი, პირველად 2014 წლის 24 თებერვალს თბილისის პროკურატურაში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მოწმედ დაჰკითხეს.

თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატისა და  ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის თქმით, შალვა თათუხაშვილს დათა ახალაიასა და ლევან ქარდავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ზეწოლით აიძულებდნენ.

26 თებერვალს გენერალმა გოგი თათუხაშვილმა, რომელიც ორი დღე უშედეგოდ ეძებდა გაუჩინარებულ შვილს, განაცხადა: "სად არის შალვა ორი დღის განმავლობაში?.. გაფრთხილებთ, ფსიქიკურად ავად არის და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებს, რასთან რეაქციაში თქვენმა წამლებმა შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს".

გოგი თათუხაშვილს შვილის გარდაცვალებიდან მეორე დღეს სკაიპით დავუკავშირდით: - ერთი თვის წინ ვითხოვდი, შალვას სისხლის ანალიზი გაუკეთეთ, ნარკოტიკი იყო თუ სხვა რამ, რომ ეს ექსპერტიზას დაედგინა. ეს პროკურატურას არ აძლევდა ხელს, ჩემი შვილი ხომ წამლების ზემოქმედების ქვეშ იყო. წამლებით გათიშული პროკურატურიდან რომ გამოვიდა, თავის მანქანაში კი არა, ვიღაცის მანქანაში ჩაჯდა...

ამის შემდეგ სკაიპით კავშირი გაწყდა და ბატონ გოგისთან ვეღარ შევძელით დაკავშირება. მეორე დღეს ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა, სოციალურ ქსელში შალვა თათუხაშვილის დაზიანებული გვამის ფოტომასალა გაავრცელა: "ცხონებული ჟვანიას ტუჩზე მცირედი დაზიანება აღმოაჩინეს და ლამის დედამიწა შეძრან. ეს ტრაგედია კი არავის აინტერესებს. არავინ სვამს კითხვას, საიდან გაჩნდა მის სხეულზე იარები, რაც უტყუარად მიუთითებს უსასტიკეს წამებაზე. აგერ, ბატონებო, ფოტომასალაც, ეგებ ახლა მაინც აღიქვათ მომხდარის არსი", - აცხადებდა ადვოკატი.

იმავე დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენა მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას შეუძლია და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დასკვნა ექსპერტიზის დასრულებისთანავე გასაჯაროვდება. განცხადებაში ასევე ნათქვამია: "2014 წლის 24 თებერვალს შალვა თათუხაშვილმა თბილისის პროკურატურაში ორი ადვოკატის თანდასწრებით მოწმის სახით დაკითხვისას გამოძიებას მისცა დათა ახალაიას მიერ ორგანიზებული და განხორციელებული 3 უდანაშაულო ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში მამხილებელი ჩვენება".

"კვირის პალიტრა" ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს ესაუბრა: - შალვა პირველად 11 საათი ჰყავდათ დაკითხვაზე... ბოლო დაკითხვის შემდეგ დეტალურად მიამბო, როგორ აწამეს, როგორ აიძულეს გამომძიებლებმა დავით ძნელაშვილმა და გურგენ გილაურმა, დაედასტურებინა ის ჩვენება, რომელიც პირველი გატაცებისას ზეწოლით დააწერინეს. შალვას გარდაცვალების შემდეგ პროზექტურაში დავესწარი გვამის დათვალიერებას, შედგა ოქმიც, სადაც დეტალურად აღიწერა გვამზე თვალით ხილული დაზიანებები, დავესწარი გვამის გაკვეთას და ის, რაც გამოვაქვეყნე, ზუსტად ის დაზიანებებია, რაც მითითებულია ოქმში. მე მივახატე, თუ რაშია საქმე?!

- პროკურატურა ამბობს, რომ თქვენ, როგორც ბაჩო და დათა ახალაიების ადვოკატი და როლანდ ახალაიას მეგობარი, მოტივირებული ხართ, რომ მათ დაეხმაროთ და საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში...

- ჯერ ერთი, ახალაიებთან პროფესიული მოვალეობა მაკავშირებს. მეორეც, ვიცავ მხოლოდ დათა ახალაიას. რომ ამბობენ, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს დაზიანების ხანდაზმულობაო, არ იციან, ჰემატომა შარშანდელი რომ არ იქნება?

არ ვამბობ, რომ პროკურატურამ მოკლა თათუხაშვილი. მე ვამბობ, რომ მასზე ზეწოლა იყო, არაადამიანურად აწამეს, უმძიმეს დეპრესიულ მდგომარეობაში იყო, ბოლო დაკითხვიდან 5 დღის შემდეგ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის, ტანჯვისა და შეურაცხყოფის შედეგად გული გაუსკდა.

- გოგი თათუხაშვილი ამბობდა, რომ შალვას ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ჩვენება სარწმუნოდ არ უნდა ჩაეთვალა გამოძიებას. თუ ასეა, რატომ შეიძლება ჩაითვალოს მისი მონაყოლი სარწმუნოდ, რომ გაიტაცეს და აწამეს?

- შეიძლება სულიერად დაავადებულმა ადამიანმა სწორად ვერ აღიქვას მოვლენები, მაგრამ ის ხომ სახეზეა, რომ კაცი ნაცემია და სხეულზე დაზიანებები აქვს.

- გამორიცხავთ, რომ მას ნებით, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიეცა ჩვენება?

- ნებით რომ მიეცა ჩვენება, რატომღა ატარებდნენ აქეთ-იქით? ჯერ გაიტაცეს და მერე მიიყვანეს შინ. ჩვენებაში პროკურატურამ შალვას დააწერინა, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციისას, ერთ ახალგაზრდას დათა ახალაიამ თავში ესროლა...

ნანა ფიცხელაური