ლევან ვასაძე: სამართლიანობის აღდგენა
07-04-2014
ლევან ვასაძე: სამართლიანობის აღდგენა
"შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ელიტის დაუსჯელობამ ხომ არ შვა სააკაშვილის კორუმპირებული ელიტა? და მათი დაუსჯელობა რას შობს მომავალში?"

ლევან ვასაძის წერილი: "ერი და სახელმწიფო"  "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე გასული წლის მარტში გამოქვეყნდა . ამჯერად ექსკლუზიურად გთავაზობთ მომდევნო წერილს, რომელიც "ერი და სახელმწიფოს" ერთ-ერთი ნაწილის დაკონკრეტებას ეძღვნება.

ჩემს წერილში "ერი და სახელმწიფო", რომელიც დიდი აღმოჩნდა გაზეთის ფორმატისათვის და ამიტომ რედაქციის რჩევით, გაზეთის ინტერნეტსაიტზე გამოქვეყნდა, ვეცადე, შემომეთავაზებინა სამი ნაწილისაგან შემდგარი ერთიანი ნააზრევი. ეს ნაწილებია:
დასავლური კულტურის ანალიზი ჩვენი ღირებულებების ჭრილში, სააკაშვილის რეჟიმის კრიტიკა და 24 რეკომენდაცია სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ჩვენს ახალ ხელისუფალთ.  უაღრესად მადლობელი ვარ "კვირის პალიტრისა" და რაც მთავარია, ჩვენი თანამოქალაქეებისა ასეთი ცოცხალი გამოხმაურებისათვის. ნამდვილად არ ველოდი, თუ ჩემს სატკივარსა და ნააზრევს ასეთი გაზიარება მოჰყვებოდა, არც მაქვს ამის
კადნიერება და ამპარტავნება. იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ ასეთ მტკივნეულ თემებზე ერთი აზრი ვერ იარსებებს და რომ სამწუხაროდ, ბევრის კრიტიკის ობიექტიც გავხდი. მაგრამ რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს ადამიანისთვის თანამოქალაქისაგან უსამართლობისა და ცილისწამების მოთმენა, ამდენი თანამემამულის თანადგომა უდიდესი ნუგეშის მომცემია. 

წერილის თემატური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაშინვე ჩაფიქრებული მქონდა იქ გაჟღერებული ეროვნული იდეოლოგიური პლატფორმის ჩემეული ხედვის მომდევნო წერილებად გაშლა და დაკონკრეტება, თუმცა იმთავითვე არ შემიდგენია მათი თანამიმდევრობა, რადგან მიმაჩნია, რომ ამ თანამიმდევრობის განმსაზღვრელ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების დინამიკა უნდა იყოს. მსურს რა, ეს გაშლა-დაკონკრეტება იყოს საგაზეთე ზომისა, მიწევს, გადავიდე უფრო შემცირებულ ფორმატში, რაც თავისთავად მოითხოვს მეტ ლაკონიურობას. ამიტომ წინასწარ ვიხდი ბოდიშს ამ და მომდევნო წერილების შესაძლო ნაკლები ანალიტიკურობისა  და დეკლარატიულობისათვის.
დღეს, ჩემი აზრით, საზოგადოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა სამართლიანობის აღდგენა გახლავთ. ეს ტერმინი შემთხვევით ვერ დამკვიდრდებოდა ქართველ საზოგადოებაში. თვითონ მისი გაჩენა მეტყველებს იმაზე, თუ რას ელის ჩვენი საზოგადოება ახალი ხელისუფლებისაგან.

მის საპირისპიროდ ქვეყნის გარედან შემოვიდა მეორე ტერმინი "კოაბიტაცია", რომელიც ქართულად თანაცხოვრებას ნიშნავს და თავის თავშივე უნებლიეთ აღიარებს იმას, რომ საქმე გვაქვს ორი განსხვავებული მსოფლმხედველობითი საწყისის თანაცხოვრების დაძალებასთან.

2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" სძლია მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალურ მოძრაობას" ორი მიზეზით: პირველი, ხალხს აღარ სურდა ეცხოვრა სახელმწიფოებრივ ტერორში, და მეორე, ხალხს იმედი ჰქონდა, რომ მისი მაწამებელი და შეურაცხმყოფელი უზურპატორები დაისჯებოდნენ.
მაწამებელთა და შეურაცხმყოფელთა დასჯა მრავლისმიმტევებელ ქართველ საზოგადოებას სურდა არა რაიმე ბნელი შურისძიების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ ქვეყნის ჯანმრთელობისათვის აუცილებელი სამართლიანობის განცდა აღდგენილიყო საქართველოში.

წლინახევრის თავზე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით ტერორი შეწყდა, მაგრამ სამართლიანობის სისტემური აღდგენის ნასახიც კი არ ჩანს.

აქვე უნდა დავძინოთ, რომ როდესაც ამის გამო ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის უდიდესი მსხვერპლი და ღვაწლი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გაიღო ჩვენი საზოგადოებისათვის, ჩაიგდო რა თავი უკიდურეს საფრთხეში სააკაშვილის დესპოტურ რეჟიმთან პირადი დაპირისპირებით. ეს თავგანწირვა ბევრ ჩვენგანს არ გამოუჩენია და ასეთი ნაბიჯის გადამდგმელ პიროვნებას უსათუოდ ეკუთვნის ჩვენი საზოგადოებისაგან მეტი ნდობა და მოთმინება. და ამ კონტექსტში საკმაოდ უმწიფარად ჩანს მისი უსამართლობაში დადანაშაულება, მით უმეტეს, ისეთი პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც თავიდანვე სააკაშვილის კარზე ვერ მოხვდნენ ამის დიდი სურვილის მიუხედავად, ან რომლებიც სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის ნაწილი იყვნენ და მხოლოდ იმიტომ განუდგნენ მას, რომ დესპოტის გადმოგდებული ლუკმა ეცოტავათ.

სამართლიანობის აღდგენის პროცესს ჩვენი საზოგადოება უკვე წელიწადზე მეტია ელოდება. იგი გაგებით ეკიდება ახალი მთავრობის რთულ მდგომარეობასაც, რომელიც განპირობებულია საქართველოს საგარეო პოლიტიკური საჭადრაკო დაფის უკიდურესი სირთულით. მაგრამ მიუხედავად დასავლეთის დიდი წნეხისა, მაინც გაუგებარია, რატომ არ ჩანს არანაირი სისტემური წინსვლა სამართლიანობის აღსადგენად.
ხშირად გვესმის, რომ ჩვენს სახელმწიფოს ახლა არც მაგისთვის სცხელა და არც მაგის საკომპენსაციო ფული აქვს. მაგრამ ქართველი საზოგადოებისათვის ფული არ არის მთავარი, მადლობა ღმერთს, ჯერ ასე არ გადავგვარებულვართ, გარედან ამის გამუდმებული მცდელობის მიუხედავად.

მიუხედავად უდიდესი გაჭირვებისა, ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ღირსების შეგრძნება. ასეთ ქვეყანაში ძალიან ძნელია სახელმწიფოებრივი მშენებლობა წინ წასწიო, თუ ადამიანებს ჩამორთმეული ღირსების შეგრძნება არ დაუბრუნე. ახალი მთავრობის მოხელეებისაგან ხშირად გვესმის, რომ ეს ძნელია(?!). ეგ ჩვენთან ბავშვმაც კი იცის, მაგრამ ის, რომ ხალხი ვერ ხედავს ახალი მთავრობისგან სამართლიანობის აღდგენის  სისტემურ მცდელობასაც კი, არის ან ახალი ხელისუფლების პირველი სერიოზული შეცდომა, ან საზოგადოებისათვის ჯერ გაუგებარი სტრატეგიული ჩანაფიქრი.

330 000 - ეს არის ციფრი სააკაშვილის რეჟიმის ცხრაწლიან პერიოდში დაპატიმრებული ადამიანებისა. იგი ამ მაჩვენებლით საქართველოს მსოფლიოში პირველ, სამარცხვინო ადგილზე ამყოფებს. ეს არის ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 7.5%, ქართული ეთნოსის დაახლოებით 10% და სამუშაო ასაკის ქართველი მამაკაცების 35%. ამდენი ხალხი, თავისი ქვეყნის მოსახლეობასთან შეფარდებით, ციხეში 9 წელიწადში არ ჩაუყრია მსოფლიოს არც ერთ თანამედროვე ხელისუფლებას. თუ დავუშვებთ, რომ ერთ ქართველ კაცს საშუალოდ 4 უახლოესი ოჯახის წევრი-ნათესავი მაინც ჰყავს, გამოდის, ეს უბედურება ოჯახის დონეზე შეეხო 1.5 მილიონ კაცზე მეტს. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყნის 40%-მდე იყო ციხეში", რადგან ქართულ ოჯახში ადამიანისათვის შვილის, ძმის, დის ან მშობლის ციხეში მოხვედრა უარესია, ვიდრე თავად ამ ადამიანის დაპატიმრება. და თუ საქართველოში 3 მილიონი ქართველიღა დავრჩით, ეს 1.5 მილიონი ნიშნავს, რომ ყოველი მეორე ქართველი "იყო" ციხეში ამ ცხრა წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის წყალობით.

ამ 330 000-დან, თითქმის არც ერთი პატიმარი არ გამოუშვიათ ციხიდან ფულის გადახდის გარეშე. ხალხი აიძულეს გაეყიდათ ყველაფერი, რათა გაეთავისუფლებინათ თავიანთი ახლობლები. სააკაშვილის რეჟიმის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენების ოფიციალური სტატისტიკა იყო გამაოგნებელი 0.1%, რაც 5-ჯერ ნაკლებია პუტინის სასამართლოს 0.5%-ზეც კი და 120-ჯერ ნაკლებია სტალინის ტროიკების 12%-ზე გასული საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს.

ახალი ხელისუფლება ვერავითარ ახალ საქართველოს ვერ ააშენებს ასეთი დათრგუნვილი, დაშინებული, შეურაცხყოფილი, ღირსებააყრილი მოსახლეობით. იგი ვერ შეძლებს ეკონომიკის წინ წაწევას, ქვეყანაში ჯანსაღი კულტურული პროცესების სტიმულირებას, გადაშენების პირას მისული ეროვნების შობადობის გაზრდას, თუ არ გააჩენს სამართლიანობის განცდას მოქალაქეში, შეგრძნებას იმისა, რომ მისი ღირსეულად და შეურყვნელად ცხოვრების უფლებები დაცულია, არა მხოლოდ უახლოეს მომავალში, არამედ უახლოეს წარსულშიც.
ახალ ხელისუფალთ კერძო და საჯარო საუბრებში არგუმენტად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ ჩვენს სახელმწიფოს არა აქვს ფული, რომ დაუბრუნოს ამ გაწეწილ და დაჩაგრულ ხალხს. ჯერ ერთი, როგორც უკვე ვთქვით, ქართველი ხალხისათვის ფული არ არის მთავარი.

ბოდიში მაინც მოუხადონ ხალხს სახელმწიფოს სახელით, რადგან ახლა მას ისინი წარმოადგენენ.  მერე აიღონ და ყველა ის პოლიტიკოსი, მოსამართლე, პროკურორი და ბადრაგი გაასამართლონ კანონით, ვინც ამას სჩადიოდა, მათი უკანონო ქონების კონფისკაცია მოახდინონ და რამდენსაც შეძლებენ, იმდენი კომპენსაცია მისცენ ხალხს. სხვა სახის კომპენსაციებიც მოიფიქრონ, მაგალითად, სამართლიანობის აღდგენის კომისია შექმნან, რომელშიც შევლენ სახელისუფლებო სამივე შტოს ხელმძღვანელი და პატრიარქი და გამოიმუშაონ სამართლიანობის აღდგენის მეთოდიკა, ანუ აიყვანონ ეს პროცესი სახელმწიფო პრიორიტეტის რანგში არა სიტყვებით, არამედ საქმით. რეჟიმის მსხვერპლთ სიცოცხლის ბოლომდე საგადასახადო და სამედიცინო შეღავათები დაუწესონ და ა.შ. უამრავი რამის გაკეთება შეიძლება. და ჩვენი ზოგიერთი მოხელის გასაგონად ვიტყვი, ეს იქნება არა სახელმწიფოს ხარჯი, არამედ სახელმწიფოს მოგება, რადგან წელში გამართული, რეაბილიტირებული მოქალაქე მეტს შეიტანს იმ ბიუჯეტში, რომლითაც სახელმწიფო იკვებება. სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს, როდესაც გვესმის, ამდენს ჩვენი სასამართლო ვერ მოერევაო.

აგერ, სააკაშვილის სასამართლო 330 000 კაცის უკანონო დატუსაღებასა და გაწეწვას მოერია და ახალი ბიუროკრატია იმ ბანდის კანონით გასამართლებას ვერ უნდა მოერიოს, ვინც ეს ხალხი აწამა? აბა, რისთვის აირჩია ხალხმა ახალი მთავრობა? მხოლოდ იმისათვის, რომ ტერორი შეწყვეტილიყო? როდემდე უნდა ვაუპატიუროთ ქართველი საზოგადოება ტელევიზორში "ნაციონალების" და მათი გოშია ფსევდოჟურნალისტების მოსმენის დაძალებით? ნუთუ არ არის გასაგები, რომ თუ კანონდამრღვევი პოლიტიკოსები, მოხელეები, მოსამართლეები და იდეოლოგები სამაგალითოდ და ჯგუფურად არ დაისჯებიან კანონის შესაბამისად, ერთიანი სამართლებრივი პროცესის ფარგლებში, მაშინ ახალ პოლიტიკოსებსა და მოხელეებს ვეღარაფერი შეაჩერებთ იმავე გზაზე? რა გადაარწმუნებს აწი მათ იმ აზრში, რომ შეგიძლია მოქალაქეებზე იძალადო, აუპატიურო, მილიონები წაართვა, მოჰპარო ფული გზებისა და შენობების სამშენებლო ხარჯებიდან და მერე დაუსჯელად დაჯდე ოპოზიციაში და იქიდან მათვე ჭკუა არიგო, ან სულაც დასავლეთს, შენს მენტორს, შეაფარო თავი და იქ იცხოვრო ნებისმიერ დასავლელ მოქალაქეზე დაცულად და დალხინებულად? შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ელიტის დაუსჯელობამ ხომ არ შვა სააკაშვილის კორუმპირებული ელიტა? და მათი დაუსჯელობა რას შობს მომავალში? რა არის ერთი წლის განმავლობაში ორი კინკილა მერაბიშვილისა და ახალაიას დაკავება იმასთან შედარებით, რაც ამ ბანდამ გაუკეთა ქვეყანას ცხრა წლის მანძილზე?

რა სამართალზე ვაპირებთ დავაფუძნოთ ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, თუ მოსახლეობას ვთავაზობთ ამხელა უსამართლობის ჩაყლაპვას? ვის უნდა მერე ასეთი რამის ჩამყლაპავი მოსახლეობის მთავრობად ყოფნა? რის შექმნას შეძლებს ასეთი ეროვნული გვამი მომავალში, რომელი ქვეყნის გამთლიანებას და რომელი სამშობლოს დაცვას?

რატომ არ შედგა "ნაციონალური მოძრაობის", როგორც რეპრესიული, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის სასამართლო პროცესი აქამდე, რა, დასავლეთი არ გვაძლევს უფლებას? ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, თუ იგი არის ჭიაყელა რესპუბლიკა, რომელსაც ელჩები და დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები მართავენ დღემდე? განა ჩვენ თვითონვე არ ვახდენთ დასავლური სისტემის მართლა კარგი და მისაბაძი მხარეების დისკრედიტაციას დასავლეთის ასეთი მითოლოგიზაციით საქართველოში? ჯერ ერთი, დასავლეთს არა აქვს უფლება, ქვეყნის სუვერენულ პროცესებში ჩარევისა და თუ იგი სამართლიანი და დემოკრატიულია, რატომ ვერ უნდა გაიგოს ჩვენი სიმართლე?

და თუ იგი არ არის სამართლიანი და დემოკრატიული, მაშინ რაღას ნიშნავს საქართველოს სწრაფვა დასავლეთისაკენ? დასავლეთს ძალიან სჭირდება საქართველო ამ რეგიონში, იქნებ არანაკლებ, ვიდრე საქართველოს - დასავლეთი. ამიტომ ჩვენი კანონები დავიცვათ, სამართალი აღვადგინოთ და იმედია, კანონის მოყვარული დასავლეთიც გაგვიგებს. თუ სააკაშვილის კორუმპირებული რეჟიმის მიერ ანგაჟირებული რამდენიმე დასავლელი პოლიტიკოსი არ შეწყვეტს ჭიჭყინს დასავლურ პრესაში, სასამართლოებში მათაც გავცეთ პასუხი.  მაგალითად, აშშ-ში მოქმედებს კონგრესის მიერ ჯერ კიდევ გასულ ათასწლეულში მიღებული Foreign Corrupt Practices Act, რომელიც უცხოურ კორუფციაში მხილებული ამერიკელი მოქალაქეების სისხლის სამართლის პასუხისგებას ითვალისწინებს ამერიკული კანონმდებლობით. მსგავსი სამართლებრივი ნორმები არსებობს დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოშიც.

ეს აქტები და ნორმები ამ განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებმა ჩვენს დასაცავადაც მიიღეს და მათი გამოყენების ძალიან ფართო და ეფექტური პრაქტიკა არსებობს. ჰოდა, გამოვიყენოთ ისინი.

ახლა ბიზნესზე. 9,940 - ეს არის ჯერ კიდევ დაუდგენელი, ოფიციალური ციფრი სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაწეწილი ბიზნესმენებისა. ზოგი მათგანი ციხეში ჩაგდებით და ზოგიც დაპატიმრების მუქარით აიძულეს, ეჩუქებინათ სახელმწიფოსათვის, სააკაშვილისა და მასთან დაახლოებული პირებისათვის თავიანთი ქონება: აქციები, მიწები, ქარხნები, დაწესებულებები, კომპანიები, სახლები, მანქანები, ფული. ერთი წელი გავიდა და მათგან ერთმა კაცმაც კი ვერ დაიბრუნა საკუთარი ქონება. ისევ გვესმის, სახელმწიფოს ამის ფული არა აქვსო. ფული რა საჭიროა იმ აქტივის შემთხვევაში, რომელიც ერთს წაართვეს და მეორეს გადაუფორმეს?! დაუბრუნეთ ძველ მფლობელს, საარბიტრაჟო კომისია მაინც შექმენით, მიწითა და სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი სხვა აქტივებით მაინც გაუკეთეთ ხალხს ნაწილობრივი კომპენსაცია, პროცესის დასაწყისი მაინც დაგვანახეთ! ვინ არ გაიგებს, რომ ამას დრო სჭირდება, ვინ არ გაიგებს, რომ კომპრომისები საჭიროა ყველა მხრიდან? ასე პირში წყლის ჩაგუბება და წაყრუება წელიწად-ნახევრის განმავლობაში როგორ შეიძლება?  რა ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს აშენებაზე ვსაუბრობთ ამ ვითარებაში? რა არის საერთოდ ინვესტორი? ოცი წლის განმავლობაში 10 უცხოელი ინვესტორი მაინც ჩამოგვითვალეთ, რომლის უკანაც სინამდვილეში ქართველი არ დგას, რომელმაც მთელ მსოფლიოში იწვალა, წელებზე ფეხი დაიდგა, თავის სამშობლოში კაპიტალი და გამოცდილება ჩამოიტანა, არა იმიტომ, რომ სხვაგან მეტს ვერ იშოვიდა და ქართველზე დაუზარელ და მადლიერ თანამშრომლებს ვერსად იპოვიდა, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე უფრო მას ეს ქვეყანა უყვარს.

და მას აქ დახვდნენ ეს ქართულგვარებიანი მანქურთები, გაწეწეს და ახლა ზოგი პოლიტიკაშია, ზოგი პროკურორია, ზოგი კი უცხოეთში ბაირამობს. ეგ ათი ათასი კაცია თქვენი მესაქმეობის ხერხემალი, ეროვნული ენერგიის ლოკომოტივი და ასე უნდა მიაგდოთ ისინი?!  აბა, რისთვის აგირჩიეს?!

მიუხედავად, როგორც უკვე ვთქვით, პირადად ბიძინა ივანიშვილის დიდად დასაფასებელი თავგანწირვისა ქვეყნისათვის, იძულებულნი ვართ, ვაღიაროთ, რომ ახალი ბიუროკრატიის ნაწილმა სუსტად დაიწყო, ხალხის მთავარ მოთხოვნას ყური არ უგდო და ამით საფუძველი ჩაუყარა სრულიად უადგილო და მოულოდნელ უკუსვლას ახალი ხელისუფლების რეიტინგისა და გააჩინა სივრცე პოლიტიკური გვამების რეანიმაციისათვის.  
ღმერთმა ქნას, რომ ეს დროებითი მდგომარეობა იყოს და რომ გასული წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და ივანიშვილის მიერ განცხადებული პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სამართლიანობის აღდგენის პროცესმა სისტემური, გააზრებული, კანონიერი და საზოგადოებისათვის გასაგები დინამიკა შეიძინოს. ჩვენი ახალგაზრდა და ენერგიული პრემიერი ჯერჯერობით ამის იმედის ქონის საშუალებას გვაძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული სახელმწიფოს ეფექტური წინსვლა და მშენებლობა მერამდენედ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

ქართულ კულტურაში სამართლის ამ ნაწილს, რომელსაც ჩვენი დისკუსია ეხება, ტყუილად არ ჰქვია სისხლის სამართალი. 

ღმერთმა ნუ ქნას, რომ სახელმწიფოს დემონსტრატიული არასისტემური მიდგომის შედეგად გაწამებულმა ადამიანებმა თავად აიღონ ხელში სისხლის სამართლის აღდგენა, მიაკითხონ სახლებში ტელევიზორებიდან ჩვენს დამმოძღვრავ "ნაციონალ"–აქტივისტებს, ჩააკითხონ მათ იდეურ მამებს თუ დედებს ბუდაპეშტებსა და შეერთებულ შტატებში და ადგილზე აგებინონ მათ პასუხი ღირსების აყრისათვის და სიცოცხლის უფლების ჩამორთმევისათვის.
ზოგჯერ გვესმის, რომ "გაფუჭებულ" ყოფილ ტუსაღებს ამის გამბედაობა არ ეყოფათ და რომ საქართველოში კაცი ვერ მოინახება, რომელიც თავს დაიცავს სახელმწიფოს გარეშე. ისინი, ვინც ასეთ აზრს გამოთქვამენ და ვინც ასეთი ახალი ქართველის ჩამოყალიბებაზე ოცნებობენ, არ იცნობენ ჩვენი ერის ხასიათს და ძალიან ცდებიან ამ შეფასებაში. ვშიშობ, თუ ასე გაგრძელდა და სისხლის სამართლის აღდგენა ადამიანებმა თავად დაიწყეს, მაშინ ეს დიდ დარტყმას მიაყენებს საქართველოს სრული ვესტერნიზაციის პროცესს, რომელზეც ასე ოცნებობენ ჩვენი ლიბერასტები, მაგრამ ასევე იგი დიდად დააზიანებს ქართული სახელმწიფოს განვითარებას, რაზეც ასე ოცნებობს ყველა მამულიშვილი. 

ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სრული ვესტერნიზაციისა და სელექტიური ვესტერნიზაციის მომხრეთა ინტერესები ამ შემთხვევაში ემთხვევა და იქნებ ეს არც იყოს პარადოქსი ჩვენი მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური სინამდვილისა.

ლევან ვასაძე
დავითი
22 აპრილი 2014 15:30
მერედა ხომ უყურებ რა ხდება ამ ქვეყანაში. იკისრე რაღაც შენ თავზე და ხალხიც გვერდით დაგიდგება. ხალხი დარჩა მარტო ერთი კლანის მმართველობის ქვეშ. ხალხის იმ კატეგორიას ვინც შენებურად აზროვნებს უნდა წინამძღოლი. ხოდა მიხედე ამ ხალხს და მაგ ქართული სულიერებასაც ნუ ჩავახჩობთ. შენ მიდი და ჩვენ მოგყვებით
glaxuna
13 აპრილი 2014 01:01


სრულ, თან მიზანმიმართულ დ ე მ ა გ ო გ ი ა ს ხო არ ეწევი,აი შეგნებული რომ გაქვს,ისეთ დემაგოგიას ..
ქართველი ხალხის...დეზორიენტირება,დემორალიზება,დეგრადირებისათვის,რომ...

და რა უშლის ხელს,შენი მოწონებული ივანიშვილის ხელისუფლებას (თან,რომ ეთაყვანები,და თან აკრიტიკებ ?!!!) ....განავითაროს საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ა ,დაამკვიდროს ს ა მ ა რ თ ლ ი ა ნ ო ბ ა და კანონის უზენაესობა, საბოლოოოდ აღკვეთოს შერჩევითი სამართალი,განავითაროს ეკონომიკა ,აამუშაოს ,,მილიარდიანი,, ფონდები,აამუშაოს ქარხნები,დაასაქმოს მოსახლეობა,დაგვანახეთ თქვენი მენეჯერული შესაძლებლობბები (არჩევნებამდე ივანიშვილმა ...ეკონომიკა ვიციო და ვერავინ მასწავლის,ამდენი სესხის აღება არ შეიძლებაო და მერე...მისმა მინისტრმა ხადურმა,მილიარდი ისესხა,ბიუჯეტის არ ჩაგვივარდესო...) თ ვ ა ლ ს ა ჩ ი ნ ო თ აღიაროს და დაიცვას ადამიანის უფლებები და ღ ი რ ს ე ბ ე ბ ი,და ეს გახდეს ქართული სახელმწიფოებრიობის ცხოველმყოფელობის არსი...
ეროვნულ-სამართლებრივი,თანამედროვე,მუდამ პროგრესირებადი სახელმწიფოს შესაქმნელად!!!

ასეთ ქმედებებს და მზრუნველობას დაინახავს ხალხი და აქედან გამომდინარე...,,ნაციონალებს,, არანაირი პოლიტიკური ავანსი აღარ ექნება,რა საჭიროა ასე ცოცხებით და კვერცხებით დევნა,რაში უნდა ჭირდებოდეს ეს მ ო ტ ი ვ ი რ ე ბ უ ლ,პროფესიონალურ და კომპეტენტურ ხელისუფლებას ?!!!...


რომლის მიზანი უნდა იყოს...სახელმწიფოებრიობის განვითარება, ეკონომიკურად და ფინანსურად განმტკიცება,მისი უშიშოების უზრუნველყოფა...

სამართლიანობა ხ ო ლ ო დ ასე დამკვიდდრდება,და პატივისცემით მხოლოდ ასე განიმსჭვალებამ ა ს ო ბ რ ი ვ ა დ ხალხი არსებული ხელისუფლების მიმართ ,იმედით და მოკრძალებით ...

რა საჭიროა გაუთავებელი შოუები,და ის,რომ რა ცუდები იყვნენ ,,ნაციონალები,, ?!
და ასეთი იდეური ,,წიაღსვლები,,...საქმით ა ჩ ვ ე ნ ე თ რას და როგორ აკეთებთ და რისი უნარი გაქვთ..ს ა ქ მ ი თ ....

თორე ხალხს არ დავიწყებია 2003 წლამდე საქართველოს ,,სახელმწიფო,,...კრიმინალში ჩაფლული,800 მილიონიანი ბიუჯეტით,მოშლილი სახელმწიფო სტრუქტურები, კეტებიანი და ლაგარტკებიანი თავდაცვის სამინისტროთ,გაუსაძლისი კორუფცია ყველგან და ყველაფერში,15-ლარიანი პენსია,მოშლილი საგანმანათლებლო სისტება,ფაქტიურად უხელფასო პედაგოგები,უმიზნო და უფინანსო ჯანდაცვის სამინისტრო..უელექტრო ენერგიით,უხელფასოდ და უსამართლობით გაუბედურებული და უპერსპექტივო,ფაქტიურად არ შემდგარი საქართველოს ,,სახელმწიფო,,...


და დღეს,მიუხედავ კიდევ გადასალახი უამრავი პრობლემებისა, საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო მზადაა ...ც ი ვ ი ლ ი ზ ე ბ უ ლ დასავლეთ ევროპასთან ა ს ო ც ი ე ბ ი ს ა და უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეულებების ხელმოწერისათვის!!!

და რაშიც არასწორად გაატარეს ,,ნაციონალებმა,, რეფორმები და შეცდომები დაუშვეს,თავად გ ა ა ს წ ო რ ე დ და დაგვანახეთ...თქვენი ინტელექტი,ეროვნულობა და კომპეტენტურობა...

რა საჭიროა ამდენი,მუდმივი ლანძღვა-გინება ?!!

თქვენ რითი ხართ უ კ ე თ ე ს ე ბ ი ,,ნაციონალებზე,, ...დ ა გ ვ ა ნ ა ხ ე თ ?!

მეტი კომპეტენტურები,შემწყნარებლები,კეთილსინდისირები,ეროვნულები,კანონიერების და მართლწესრიგის დამცველები მეტი პრიფესიონალები ?!

რითი ხართ უ კ ე თ ე ს ე ბ ი ?!


ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ,რ ე ა ლ უ რ ა დ
თქვენი ე.წ. ,,სამართლიანობის აღდგენა,, იქნება...მხოლოდ ოლიგარქიულ კრიმინალურ-კლანური მმართველობის სისტემის აღოძინების დასაწყისი,რომლის უშიშროებას ძირითადად რუსეთის სპეც-სამსახურები უზრუნველყოფენ,რადგან...

რადგან,ასეთ მმართველობას ა რ ა ნ ა ი რ ი ...სახელმწიფოებრივი,კულტურული,ინტელექტუალური...პროგრესირება არ მოყვება!!!
შედეგად,ეტაპობრივად...
დასავლეთი ზ რ დ ი ლ ო ბ ი ა ნ ა დ დაგვემშვიდობება,და შეწყვიტავს....პოლიტიკურ,სამხედრო,ფინანსურ დახმარებებს ...



ოლიგარქიულ-კლანური მმართველობას მოყვება სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირების დაკნინება,
ხალხის დ ა შ ი ნ ე ბ ა ,კლანური მმართველობის ქვეშ მყოფი სახელმწიფო სტრუქტურებიდან და კლანების მიერ კონტროლირებადი კრიმინალური სამყაროთი და...რასაც,დროის მცირე დროში ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ბ ი ს დამცრობა-დაუძლურება მოყვება,მერე კი...
ხალხისათვის გაუსაძლისი ვითარება ,,შეიქმნება,,არა მარტო სოციალური,ეკონომიკური,არამედ ..უსამართლობისაგან გ ა ბ ე დ უ რ ე ბ უ ლ ი და უიმედო...მერეე..
ერთადერთ ,,პერსპექტივად,, ,,გამოჩნდება,, ...რუსულ-მონღოლური ახალი,აზიური იმპერია,სახელად ,,ევრაზიული კავშირი,, !!


ანუ საქართველოს სახელმწიფოებრიობა მე-3-ედ გაუქმება და ფაქტიურად 1921 წლის გამეორება,დაკარგული ტერიტორიებით და გაუქმებული სახელმწიფოებრიობით...


ამისათვის ალბათ თქვენ და თქვენისთანა მილიონერ-მილიარდერებისათვის რუსული ფულის შენარჩუნება იქნება პირობად,პუტინისა და მისი რეჟიმისაგან,მაგრამ...როგორც კი ამას გაგაკეთებინებენ,მალევე მოგისროლებენ ს ა ნ ა გ ვ ე ზ ე !!!

წაიკითხეთ...სერგოს,ფ.მახარაძის,ბ.მდივანის და მისი ხალხის ბიოგრაფიები...ჯერ ,,საქმე,, გააკეთებინეს,მერე სულ მალე ,,უკლონისტებად,, გამოაცხადეს და ...


ასე,რომ არ ვიფიქროთ....

დაანახეთ მოსახლეობას რ ე ა ლ უ რ ა დ (საინტერესოა რამდენი იქნება მომავალ წელს სახელმწიფოე ბიუჯეტი ?!!!) ,რომ საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ი ს განვითარება-განმტკიცებისათვის მოქმედებთ და არა ...სიძულვილის და ბოღმის ნთხევის პროპაგანდას ეწევით,( რომელსაც არანაირი პერსპექტივა არა აქვს,ერის ი დ ე უ რ ი გაერთნებისათვის...) რომლის ინტერესებებია მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილოელი იმპერიის მესვეურებისათვის....რადგან: დეზორიენტირებულმორალიზებული,დეგრადირებული ხალხი,მოსახლეობა, დღეს 21-ეუკუნეში,მხოლოდ და მხოლოდ რუს-მონღოლთა იმპერიას ჭირდება !!!
jeq
11 აპრილი 2014 21:20
ბატონო, ლევან ნაცები და ქოცები ერთმანეთს შეეკრენ ნაალაფარს იყოფენ,რომელ კანონიერებაზეა საუბარი. სანამ დროა ჩაგვიდექით სათავეში შექენით ახალი პარტია და ქართველი ერი გაიმარჯვებს. ბატონ ბიძინას დიდი მადლობა ნაცების მოშორებისთვის, მაგრამ ახლა მეორე დარტყმაა მისაყენებელი კოჰაბიტირებულებზე.


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები