"თათუხაშვილის საქმით უსინდისოდ სპეკულირებენ"- რა აკავშირებთ შალვა თათუხაშვილსა და დათა ახალაიას - კვირის პალიტრა

"თათუხაშვილის საქმით უსინდისოდ სპეკულირებენ"- რა აკავშირებთ შალვა თათუხაშვილსა და დათა ახალაიას

ეკა ბესელია: "ზაქარეიშვილს უნდოდა თათუხაშვილი შეურაცხადად გამოეცხადებინა, რის შემდეგაც მისი ჩვენება ძალას დაკარგავდა"

პალიკო კუბლაშვილი: "პროკურატურამ თათუხაშვილი კონსპირაციულ ბინაში წაიყვანა და მაგრად დაამუშავა"

გელა ნიკოლაიშვილი: "არ არის გამორიცხული, ახალაიებს მათი მამხილებელი მოწმე დაეშინებინათ, დამუქრებოდნენ..."

თავარმა პროკურატურამ კუდ-ის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის, შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების საქმეში არსებული მასალები გაასაჯაროვა. 3 მარტს მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. "კვირის პალიტრა" საპარლამენტო უმცირესობის წევრ პალიკო კუბლაშვილსა და უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას ესაუბრა.

პალიკო კუბლაშვილი, პარლამენტარი: - ეს საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. პროკურატურა გვეუბნება, რომ თათუხაშვილმა დაცვის პროგრამაში ჩასმა მოითხოვა, რათა დათა ახალაიასგან ყოფილიყო დაცული. თუმცა, ის 25 თებერვალს დაიკარგა და 17 მარტამდე პროკურატურას დაცვის არც ერთი ღონისძიება არ გაუტარებია. ერთადერთი, რაც გააკეთეს, თათუხაშვილის გარდაცვალების შემდეგ შეადგინეს ოქმი, სადაც წერია, ვინაიდან ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი გაგვეპარა, ეს ნიშნავს, რომ უარს აცხადებდა დაცვაზეო. ჯერ ერთი, სად არის დაცვის პროგრამის მოთხოვნის დოკუმენტი, რომელზეც ხელს თათუხაშვილი უნდა აწერდეს? თუ თავად აცხადებდა, რომ ცუდი ბიძიები ანგარიშს გაუსწორებდნენ და მოგვიანებით იკარგება, პროკურატურას არ უნდა ეფიქრა, რომ შესაძლოა ამ ადამიანს მართლაც გასწორებოდნენ? მაგრამ რეალობა სხვა იყო - პროკურატურამ წაიყვანა კონსპირაციულ ბინაში და მაგრად დაამუშავა. გარდა ამისა, როგორ გაიპარა ფანჯრიდან, როცა ყველას უძრავი გისოსები აქვს?

- გასაგებია, მაგრამ პროკურატურას მოწმე თათუხაშვილი ცოცხალი უფრო არ გამოადგებოდა სასამართლოზე?

- მას ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს და იცოდნენ, რომ ეს არ დაიმალებოდა. წარმოგვიდგინეს არაფრის მთქმელი ვიდეომასალა, სადაც ორივე მხარე არ ჩანს და არ ისმის, რა კითხვა დაისვა და რა პასუხი მიიღო კითხვის დამსმელმა. ჩვენ ვიხილეთ პრესკონფერენციის მსგავსი რაღაც, ისიც არ ვიცით, ესწრებოდნენ თუ არა დაკითხვას ადვოკატები.

- პროკურატურა ამბობს, რომ ადვოკატები დაკითხვას ესწრებოდნენ. გავრცელებულ მასალებში ჩანს, რომ თათუხაშვილი თავაზიანად ექცევა გამცილებელ პროკურორებსაც. ზეწოლა თუ იყო, თავაზიანობას შეინარჩუნებდა?

- სად არიან ეს ადვოკატები? დღემდე არავის მოუსმენია მათი პოზიცია. ოქმის მიხედვით, დაკითხვა დასრულდა 20:00 საათზე, შალვა თათუხაშვილმა კი პროკურატურა 3:30 საათზე დატოვა. რა ხდებოდა დაკითხვის დასრულების შემდეგ, იყვნენ თუ არა მასთან ადვოკატები, არავინ იცის. გარდა ამისა, რატომ არ იჭერენ გულგრილობისთვის დაცვის წევრებს? გაიხსენეთ ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი ძაძამია, ის სწორედ ამისთვის აიყვანეს წინასწარ პატიმრობაში.

- კომიტეტის სხდომაზე ყველაზე მეტად სამგორის სპეცოპერაციის ამსახველი ფირის გაშვებამ გაგაღიზიანათ. რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ის\ინი დამნაშავეები იყვნენ?

- მაეჭვებს, რატომ გაიტაცეს პრესკონფერენციის დარბაზიდან ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა, რომელიც მოწმე იყო და უნდა განეცხადებინა, რომ ზეწოლის მსხვერპლი გახდა? ასევე საეჭვოა მეორე მოწმის - თათუხაშვილის გარდაცვალებაც, რომელიც ასევე გატაცებული ჰყავდათ. ამდენი საეჭვო დეტალის მიუხედავად, მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე ირაკლი შოთაძე მორალს გვიკითხავენ, რისი უფლებაც არა აქვთ.

- ეს იყო პრეცედენტი, როცა პროკურატურის წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში მოვიდა და დეპუტატებს ანგარიში ჩააბარა. შეხვედრაზე ისე ჩანდა, რომ მისი პასუხები არ გაინტერესებდათ, მთავარი იყო, ჩაგეჭრათ.

- ჩვენ გვინდოდა პასუხები კითხვებზე... თუმცა, შოთაძესთან რა პრეტენზიაც უნდა გვქონდეს, ვიტყვი, მთავარი პროკურორისგან განსხვავებით,  რომელსაც სახეზეც არავინ იცნობს, ის გამოჩნდა მაინც. მთავარი პროკურორი მხოლოდ ერთადერთი სურათით იცის ხალხმა, ახალი ფოტო მაინც გადაუღონ, სხვა თუ არაფერი. ამ კაცის დამალვა იმაზე მეტყველებს, რომ დღესაც ოთარ ფარცხალაძე მართავს პროკურატურას.

- ბოლო დღეებში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც ხელისუფლების წისქვილზე არ ასხამს წყალს. მათ შორის არის ნუგზარ წიკლაურის ცემაც...

- მითხარით, ლოგიკურია, იტაცებდე მოწმეებს? მთავრობა იმპულსურად მოქმედებს და ლოგიკას ნუ ეძებთ. ეს არის ფარცხალაძისა და მისი კრიმინალური დაჯგუფების ნამოქმედარი.

ეკა ბესელია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი: - "ნაციონალები" ყოველთვის მანიპულირებდნენ ადამიანების ტრაგედიით. თათუხაშვილის საქმითაც უსინდისოდ სპეკულირებენ. ორი დღე გაჰყვიროდნენ, თათუხაშვილი პროკურატურაში მოკლესო. დავიბარეთ წარმომადგენელი პროკურატურიდან, მაგრამ ვნახეთ, რომ ამათ ეს საქმე არ აინტერესებდათ და დებოში მოაწყვეს.

- დამაჯერებელი იყო პროკურორის მოადგილის გამოსვლა?

- "ნაციონალებმა", როგორც ყოველთვის, იხულიგნეს. შეურაცხმყოფელ კითხვებს სვამდნენ, თან პასუხები არც აინტერესებდათ. სამგორის სპეცოპერაციის შესახებ, სადაც 3 უდანაშაულო ახალგაზრდა სახალხოდ დახვრიტეს, გაგონებაც არ უნდათ. როგორ შეიძლება მათ დაუჯერო, რომ თათუხაშვილზე ნამდვილად წუხან?! რაც შეეხება პროკურორის პასუხებს, დამაჯერებელი იყო იმ სივრცეში, სადაც აღმოჩნდა და რა კითხვებზეც მიეცა საშუალება, რომ ეპასუხა.

- რატომ დაუშვა მსგავსი შეცდომა პროკურატურამ, როცა განაცხადა, თათუხაშვილი ფანჯრიდან გაიპარაო, როცა გისოსებით არის შეკრული?

- რა მნიშვნელობა აქვს საიდან გაიპარა? ესენი ჭანჭიკებზე ყურადღების გადატანას ცდილობენ, რათა გზიდან გადაგვიყვანონ და შეცდომები დავუშვათ. ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი არ უნდა ლაპარაკობდეს  თათუხაშვილის ოჯახის სახელით. ის ახალაიებს იცავს მაშინ, როცა თათუხაშვილს აქვს ახალაიების წინააღმდეგ მიცემული ჩვენება. ეთიკის კანონი უკრძალავს ადვოკატს იმ ორი პირის დაცვას, რომელთა ჩვენებებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ზაქარეიშვილმა დაანიშვნინა ფსიქიატრიული ექსპერტიზა თათუხაშვილის გონებრივი მდგომარეობის შესამოწმებლად და არა იმის დასადგენად, ნამდვილად იყო თუ არა ნაცემი. უნდოდა შეურაცხადად გამოეცხადებინა, რის შემდეგაც მისი ჩვენება ძალას დაკარგავდა.

- თქვენ თუ ხედავთ რაიმე საეჭვოს ამ საქმეში? ან რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ პროკურატურის უდანაშაულობა ამტკიცოთ?

- თათუხაშვილი მნიშვნელოვანი მოწმე გახლდათ და ხელისუფლების ინტერესებში იყო, გამოსულიყო სასამართლო პროცესზე. თუ ვინმეს მისი სიცოცხლის ხელყოფა არ უნდოდა, ეს უნდა ყოფილიყო პროკურატურა და თუკი ვინმეს მისი გაქრობა უნდოდა, ეს იქნებოდა ის მხარე, რომლის წინააღმდეგაც მისცა ჩვენება. რატომ არ ინტერესდება უმცირესობა, რა მოხდა სამგორში? იმ დროს სასჯელაღსრულებისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტებს ძმები ახალაიები ხელმძღვანელობდნენ. სწორედ ამ უწყებებს შორის დაიგეგმა სპეცოპერაცია. სინამდვილეში, არავითარი ციხიდან გაქცევა არ ყოფილა, სიუჟეტი წინასწარ დაგეგმეს ძმებმა ახალაიებმა და ტრაგიკული გმირებიც თავად მოიფიქრეს. ამაზე შემზარავი ფაქტი რა უნდა იყოს?! შეიძლება ასეთ დანაშაულს აფარებდე ხელს პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად?!

გელა ნიკოლაიშვილი, იურისტი:

- არავინ ამბობს, სად იყო ეს კაცი 25 თებერვლიდან 17 მარტამდე და 18-დან 23 მარტამდე. ოჯახი ამბობს, რომ თათუხაშვილს პროკურატურაში აწამებდნენ (თუმცა ამას ვერ ამტკიცებენ), პროკურატურა აცხადებს, რომ ის ჩვენებაა სწორი, რომელიც თათუხაშვილმა მათ მისცა - გაიქცა და ტყეში იმალებოდა. ადვოკატი ამბობს, შალვას ძმამ კონსპირაციულ ადგილას მიმიყვანაო, ე.ი. იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი. თათუხაშვილი სად იყო, ვის ხვდებოდა და რას ჰყვებოდა, ყველაფერი უნდა თქვას ოჯახმა. ოჯახმა და მათმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ შალვას სხეულზე ჰქონდა წამებით მიყენებული დაზიანებები, რის შედეგადაც შინ, ძილში გარდაიცვალა. აქ ბევრი საეჭვო გარემოებაა, კერძოდ ის, რომ 18 მარტს თათუხაშვილი შინ მივიდა, შემდეგ ადვოკატს შეხვდა და უთხრა, მაწამესო. აბსურდულია, რომ ადვოკატმა მის დაცვის ქვეშ მყოფს ვერ შეჰკადრა, დაზიანებები მაჩვენეო. თუ ის შეჰკადრა, წამოდი, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაგიტაროთ, გადახრები ხომ არა გაქვსო, ის ვერ უთხრა, დაზიანებები მაჩვენეო? ისიც უცნაურია, რომ შეხვედრისას არც მისი ჩვენება ჩაიწერა (არც კალმით და არც ვიდეოთი).

თუ მართლაც აწამეს, უნდა გაირკვეს, ვის ინტერესებში შედიოდა ეს. არ არის გამორიცხული, ახალაიები მათ მამხილებელ მოწმეს დამუქრებოდნენ...

- პროკურატურას რატომ უნდა ეწამებინა მნიშვნელოვანი მოწმე, რომელმაც უკვე მისცა ჩვენება?

- როცა ადამიანი 8 წელი კუდ-ში სპეცრაზმის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, არათუ ინფორმაცია, უამრავ საქმეშიც ექნებოდა მონაწილეობა მიღებული, რაც მის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენო. სავარაუდოდ, თათუხაშვილს წინ დაუდეს მტკიცებულებები, რომ ამ ყველაფერზე პასუხს აგებდა. ამიტომაც მისცა აღიარებითი ჩვენება. როგორც ჩანს, ვიღაცებისაც ეშინოდა ან სინდისი ქენჯნიდა, რომ ჩამშვების სახელი დაერქმეოდა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა, რაც ალკოჰოლურმა მოწამვლამ გამოიწვია, თან ფსიქოტროპულ წამლებს სვამდა... ფირი, რომელიც აჩვენეს, გადაღებულია შუშის შენობაში, ოთახებშიც შუშის კედლებია. იქ ადამიანი აწამო და გაისროლო კი არა, ერთი რომ დაიყვირო, ხუთივე სართულზე გაიგონებს კაცი. სადღაც სარდაფში თუ წაიყვანეს, სხვა საქმეა.

უტა ბიწაძე

ნანა ფიცხელაური