"ბიჭი განადგურებულია, საბრალო ძმის ცხედარს დასტირის და თან იცის, რომ მამამ მოუკლა" - კვირის პალიტრა

"ბიჭი განადგურებულია, საბრალო ძმის ცხედარს დასტირის და თან იცის, რომ მამამ მოუკლა"

გასულ კვირას ერთმა დედა მოკლა, მეორემ - შვილი

"შვილმა დედის ცხედარს თავზე ცელოფანი შემოახვია, მერე გვამი  ზეწარში გაახვია და თოკით გაკოჭა. საღორეში

მიწა ამოთხარა და მიცვალებულს მიაყარა"

სამწუხაროდ, დღეს არაერთი მოქალაქე იხდის სასჯელს ოჯახის წევრის მკვლელობისთვის. მათ რიცხვს ახლახან კიდევ ორი დამნაშავე შეემატა: ერთმა დედა მოკლა, მეორემ - ვაჟი.

უმძიმესი დანაშაული სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაძგნარში, ბუცხრიკიძეების ოჯახში მოხდა. 1952 წელს დაბადებულმა ომარ ბუცხრიკიძემ თავის ვაჟს, 32 წლის პაატა ბუცხრიკიძეს, დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

თამაზ ნადირაძე, მეზობელი: - 24 აპრილს, საღამოს 11-ის ნახევარი იქნებოდა, ომარის არაადამიანური ღრიალი რომ გავიგონე, თამაზ, მიშველეო. სახლში რომ შევვარდი, მითხრა, ჩემმა შვილმა დამღუპა, თავი მოიკლაო. პაატა იატაკზე ეგდო, მკლავები გადაშლილი ჰქონდა, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, ბიჭს ჭრილობა მუცელში, ჭიპთან ჰქონდა. მივვარდი, პულსი გავუსინჯე, მაგრამ არ ესინჯებოდა. შუბლზე ხელი რომ დავადე, უკვე გაყინული იყო. სისხლის დიდი გუბე არ იდგა, ცოტა სისხლი იყო. ვფიქრობ, იმიტომ, რომ წვრილი დანა აქვს ჩარტყმული და, ალბათ, სისხლი ორგანიზმში ჩაიღვარა. მამამისი ქალივით მოთქვამდა, დამღუპა, ეს რა ქნაო. პაატა ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ მაინც გამოვიძახეთ სასწრაფო. ექიმმაც დაგვიდასტურა, დიდი ხნის გარდაცვლილიაო. მერე პოლიციაც გამოიძახეს.

- მამამ აღიარა შვილის მკვლელობა?

- თავიდან პოლიციელებთანაც იმავეს ამბობდა, თავი მოიკლაო, მაგრამ რომ ჩაეძიენ, უთქვამს, წავკამათდით, პაატას დანა ეჭირა, ვძიძგილაობდით, ვცდილობდი, დანის წართმევას და ამ დროს მოხვდა დანაო, არადა, ბიჭს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა. უთქვამს, შვილმა მცემა, ჯერ სახრახნისი ჩამარტყა, მერე სარიო. არადა, დანარტყამი არ ეტყობოდა. რა მოხდა სინამდვილეში, მხოლოდ ომარ ბუცხრიკიძემ იცის. ნასვამი იყო და საშინელება ჩაიდინა. ომარს დალევა უყვარს, პაატა კი არასოდეს სვამდა, სიგარეტსაც კი არ ეწეოდა.

- ჩხუბის მიზეზი რა იყო?

- ძალიან უჭირდათ. მათი შემოსავალი სოციალური დახმარება იყო. ომარი ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ იქ მუშაობდა და ამის პენსიაც ეძლეოდა... უმუშევრები იყვნენ და ჯართს აგროვებდნენ. ომარს მეუღლე 2008 წელს გარდაეცვალა და მას მერე მამა-შვილი მარტო ცხოვრობდა. პაატას ძმაც ჰყავს, ის ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად. მათი კამათი არასოდეს მისულა გაწევ-გამოწევამდე. იმ დღეს აგრობარათის გამო უჩხუბიათ. პაატა ეუბნებოდა, მოდი, 50-ლარიანი ვაუჩერი ფულში გავცვალოთ, მაღაზიაში ვალი მაქვსო. ამაში ფულს არავინ იძლევაო, უთქვამს ომარს. მას დაუჟინია, ტელევიზიით მოვისმინე, ფულს მოგცემენო. კამათი საღამოს დაიწყეს, მერე თითქოს დამშვიდდნენ, მაგრამ ჩანს, ისევ განაახლეს ჩხუბი. პაატას ძმა, ლაშა, განადგურებულია, რა უნდა თქვას - წინ უსვენია ძმის ცხედარი, დასტირის და თან იცის, რომ მამამ მოუკლა...

ტრაგედია დატრიალდა გასულ კვირას თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში - 38 წლის ანზორ ბოგველაძემ დედა, დეზდემონა ჩხაიძე, წამებით მოკლა. გარდაცვლილს თავში ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული. ბოგველაძე რამდენჯერმე ნასამართლევია. პირველად გაუპატიურებისთვის მოხვდა ციხეში, მეორედ გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავეს, მესამედ კი მეზობელთან ჩხუბის გამო. იგი ცოტა ხნის წინ ამნისტიით გათავისუფლდა.

65 წლის დეზდემონა ჩხაიძე გეოგრაფიის მასწავლებელი გახლდათ.

დავით არაბიძე, სკოლის დირექტორი: "დეზდემონა ჩემი მასწავლებელიც გახლდათ. ძალიან განიცდიდა შვილთან კონფლიქტს. ბოლო დროს ნათესავთან ცხოვრობდა. ამას არ ამბობდა სკოლაში, ერიდებოდა".

ვაჟა ბერუაშვილი: სოფელ ეწრის რწმუნებული: - ანზორის მამა პროფტექნიკუმში მუშაობდა. მათ ყველა პატივს სცემდა. ანზორი რაგბის თამაშობდა, თბილისში ცხოვრობდა, მერე შეიცვალა... დიდხანს იჯდა ციხეში. საწყალი დედამისი სულ ციხის კართან იდგა. რომ გამოვიდა, მას მერე სულ შინ იყო. უსაქმოდ რომ არ ყოფილიყო, დედამისმა ორი ძროხა უყიდა. მეზობლები მათთან სტუმრობას ერიდებოდნენ, ანზორის ეშინოდათ. ისიც შინიდან იშვიათად გამოდიოდა.

- რატომ მოკლა დედა, მიზეზი ცნობილია?

- ეს ამბავი შაბათს შევიტყვეთ, არადა, ტრაგედია ხუთშაბათ საღამოს მომხდარა, საცოდავი ქალი მეორე დილით ისევ ცოცხალი ყოფილა. გვამი შემდეგ ზეწარში გადაუხვევია და თოკით გაუკოჭავს. ცხედარს თავზე ცელოფანი ჰქონდა შემოხვეული. მერე მიწა ამოუთხრია და მიცვალებულისთვის მიუყრია. ამბობდა, ასე იმიტომ გავკოჭე, მინდოდა, ცხედარი მამაჩემის საფლავზე ამეტანა და იქ დამესაფლავებინაო. გვამი მიწიდან რომ ამოთხარეს, საშინელი სანახავი იყო. თავი გადახლეჩილი ჰქონდა. ამბობს, სკამი ჩავარტყიო, მაგრამ პროკურორი რომ ჩაეძია, თქვა, რკინის ძელი ჩავარტყიო. წარმოიდგინეთ, ცხედარს მიწა მიაყარა და მერე უბანში ისე დადიოდა, ვითომც არაფერი მომხდარიყოს.

ანზორის ძმა თბილისში ცხოვრობს. მასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. როცა შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს, ძმისკენ საცემრად გაიწია, მაგრამ მასთან არ მიუშვეს...

დამნაშავეები, ალბათ, მალე წარდგებიან სასამართლოს წინაშე და წლებს ციხეში გაატარებენ, თუმცა, იმაზე დიდი სასჯელი არაფერია, როცა მთელი სიცოცხლე დედისა თუ შვილის მკვლელის სახელით ცხოვრება მოგიწევს.

თეა ხურცილავა