უკანონო მოსმენები გრძელდება?! - კვირის პალიტრა

უკანონო მოსმენები გრძელდება?!

"არ გვეგონა, ასე  ბრიყვულად თუ წამოეგებოდნენ ჩვენს ანკესზე"

გოგა ხაჩიძე: "აღიარონ, რომ უკანონოდ გვისმენენ და მერე ჩვენ ვიტყვით, რა გეგმები გვაქვს"

თინა ხიდაშელი: "ხაჩიძე კიდევ თუ გადაწყვეტს ასეთი ექსპერიმენტის ჩატარებას, ჩემს სახლთანაც ვეპატიჟები"

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წესების გარეშე ბრძოლა საქართველოს პოლიტიკური რეალობისთვის უცხო არასდროს ყოფილა. პოლიტიკოსების თამაშებს საზოგადოების ნაწილი შეშფოთებით ადევნებს თვალს და ვერ გარკვეულა, სად გადის ზღვარი ტყუილსა და სიმართლეს შორის. სხვა საკითხების მსგავსად, საზოგადოება პასუხს ითხოვს ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე, გრძელდება თუ არა უკანონო მოსმენები? ხელისუფლება მიყურადების ფაქტებს უარყოფს, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეებს ისევ უსმენენ. ამის დასადასტურებლად პარლამენტში უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ ექსპერიმენტიც ჩაატარა, რომელიც უმრავლესობისთვის ქილიკის საბაბი გახდა.

გოგა ხაჩიძე, პარლამენტარი: - ამ ქვეყანაში სიმართლის დადგენა თუ გინდა, ექსპერიმენტები უნდა ჩაატარო. მაგალითად, ყველამ ვიცით, რომ მოქალაქეებს ისევ უსმენენ, მაგრამ ვერ ვამტკიცებთ.  ამიტომაც გადავწყვიტეთ ექსპერიმენტის ჩატარება. მე და ჩემი კოლეგა ზურა ჯაფარიძე ტელეფონით ვესაუბრეთ ერთმანეთს არარსებულ აქციაზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან უნდა ჩაგვეტარებინა. მოვილაპარაკეთ, რომ მიგვეყვანა 10 აქტივისტი, მიგვეტანა პლაკატები და ყველა ის პროცედურა ჩაგვეტარებინა, რაც გულს უჩუყებს დღევანდელ ხელისუფლებას. მეორე დღეს ღარიბაშვილის სახლთან ოთხი კაცი მივედით. ჩვენდა გასაოცრად, სახლთან დაცვის სამსახურის გარდა, მობილიზებული დაგვხვდნენ შსს სამმართველოსა და განყოფილებების უფროსები, ასევე მრავლად იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი - ნახევარი თბილისის პოლიცია  დაგვახვედრა ღარიბაშვილმა. აქედან გამომდინარე, მარტივად დავადასტურეთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების ტელეფონებს უსმენენ.

- თქვენი ექსპერიმენტის შედეგის გახმაურების შემდეგ, სოციალურ ქსელებში აქტუალური გახდა ეს თემა. ზოგი იმასაც წერდა, რომ არარსებული აქციის შესახებ ინფორმაცია, რომელიც თითქოს პრემიერის სახლთან უნდა გამართულიყო, შსს-ში სანდო წყაროების მეშვეობით თქვენგან მოხვდა და არა მიყურადებით.

- "ნაციონალური მოძრაობის" ოფისშიც არავინ იცოდა ამ ოპერაციის  შესახებ.  სიმართლე გითხრათ, არ გვეგონა, ასე  ბრიყვულად თუ წამოეგებოდნენ ჩვენს ანკესზე.

- როგორ გაჩნდა ექსპერიმენტის იდეა?

- შემთხვევებს მოაქვს მსგავსი ოპერაციების ჩატარების აუცილებლობა. მაგალითად, ცოტა ხნის წინ დეპუტატებმა 7 რეგიონში დავგეგმეთ აქცია. უნდა შევხვედროდით ხალხს და გვესაუბრა იმ შეჩერებულ პროექტებზე, რომელიც წინა ხელისუფლებამ წამოიწყო და დღევანდელმა ჩაკლა. ერთმანეთს ტელეფონებით ვუკავშირდებოდით და ვთანხმდებოდით სხვადასხვა საკითხზე. როცა დანიშნულ დროს რეგიონებში ჩავედით, პროვოკატორები და ძალოვანები დაგვახვედრეს. ამით მივხვდით, რომ მოსმენილი ჰქონდათ ყველაფერი და მათი გამოჭერა გადავწყვიტეთ.

- გაიგებდით, ალბათ, შსს-ს ოფიციალურ პოზიციას ამ საკითხზე. მათი აზრით, მაღალი თანამდებობის პირების საცხოვრებელ სახლებს მუდმივად იცავს დაცვის სამსახური.

- შსს-მ სრულიად გაუაზრებელი და აბსურდული განცხადება გააკეთა - თურმე ღარიბაშვილის სახლს ყოველდღიურად ასე იცავენ. იქ ბევრი მაღალი თანამდებობის პირი დაგვხვდა, ჩვენ დავწერეთ მათი სახელები და გვარები... რატომ იყო მხოლოდ ის დღე გამონაკლისი, თუ მოსმენილი არ ჰქონდათ ჩვენი საუბარი? როდის იყო პრემიერის სახლს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირები ყარაულობდნენ?

დავით უსუფაშვილს უთქვამს, არასერიოზულ თემებზე კომენტარს არ ვაკეთებთო. თუ პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ  დეპუტატების უკანონო მოსმენა არასერიოზულია, მაშინ სერიოზული საკითხი ყოფილა ბუსუსებიან პრეზერვატივზე, ჩოხა-ახალუხით პარლამენტში სიარულსა და სხვა მარგალიტებზე საუბარი.

თინა ხიდაშელი, პარლამენტის უმრავლესობის წევრი: - ვწუხვარ, ხაჩიძის განცხადებებს ვინმე სერიოზულად თუ აღიქვამს. პრობლემაა, როცა პარლამენტის წევრმა არ იცის ელემენტარული რამ, - პრემიერ-მინისტრის სახლთან დაცვა მუდმივად დგას. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩემს სახლთანაც დგას დაცვა, იმიტომ, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარის სახლიც არის. ხაჩიძე კიდევ თუ გადაწყვეტს ასეთი ექსპერიმენტის ჩატარებას, ჩემს სახლთანაც ვეპატიჟები.

- ეგ გასაგებია, მაგრამ პრემიერის სახლთან სამმართველოსა და დეპარტამენტების უფროსები არ უნდა მდგარიყვნენ.

- სამმართველოს უფროსები იყვნენ თუ დაცვის თანამშრომლები, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მაღალი თანამდებობის პირებსა და მათ სახლებს ჰყავს დაცვა და ხაჩიძემ ეს უნდა იცოდეს.

- იმას, რომ მოსმენები გრძელდება, ხშირად ამბობენ ყოფილი ხელისუფლების წევრები. იმავეს ამბობს ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციაც. როგორ ფიქრობთ, რჩება დღეს ეს საკითხი პრობლემად?

- ამ კითხვას მე რომ მისვამთ, იცით, ალბათ, რა პასუხსაც გაგცემთ. უკანონო მოსმენების პოლიტიკური ნება დღევანდელ ხელისუფლებაში არ არსებობს. რომელიღაც დეპუტატი თუ ერთობა, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ.

ნინო გიორგობიანი, შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი: - პრემიერის სახლს სხვადასხვა უწყება ყოველდღიურად იცავს და არც ის დღე ყოფილა გამონაკლისი...

- როგორც ამბობენ, იქ იყვნენ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებიც.

- არასერიოზულია ეს ყველაფერი და მეტს ვერაფერს გეტყვით.

უტა ბიწაძე