ოპერაცია "ჯაშუშები" - გრიფით "საიდუმლო" - კვირის პალიტრა

ოპერაცია "ჯაშუშები" - გრიფით "საიდუმლო"

"სათვალის ყური გავასწორე და გულში ჩავირჭვე"

"ალასანიამ და მისმა გუნდმა წინასაარჩევნოდ კარგად გამოიყენეს ჩვენი საქმე, მერე დავავიწყდით"

2011 წლის 17 სექტემბერს სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს - სერგო თეთრაძე (გადამდგარი პოლკოვნიკი, მზვერავი), დავით ლონდარიძე (ვიცე-პოლკოვნიკი, დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი), სერგეი ჩაპლიგინი (ყოფილი სამხედრო) და გია გორელაშვილი (ინჟინერი, რადიომოყვარული). სასამართლომ მათ ბრალი ჯაშუშობაში დასდო, თითქოს ისინი თავდაცვის სამინისტროდან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცემდნენ. ამ ოთხეულის დაკავება დაემთხვა საქართველოში ლონდარიძისა და ჩაპლიგინის თანაკურსელის, ბელორუსიის მოქალაქე ედუარდ ტომაშუკის სტუმრობას, რომელიც ასევე დააკავეს, მაგრამ  ჯაშუშობა”ვერ დაუმტკიცდა და გაათავისუფლეს. "კვირის პალიტრას" გია გორელაშვილი დაუკავშირდა, რომელმაც მოგვითხრო, თუ რა სასტიკად აწამეს. მან გაიხსენა სერგო თეთრაძე, რომლის გარდაცვალებასაც შეესწრო.

- ჩემი ამბავი პრესაში არ მომიყოლია. პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი ვარ და 1983 წლიდან საგარეჯოს საექსპორტო ღვინის ქარხანაში ვმუშაობდი. არ ვიცი, რატომ გავხდი "ნაციონალების" სამიზნე. ჩვენს საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. ვერაფრით გამოვიკვლიე, რატომ მომისაჯეს 8 წელი.

2011 წლის 17 სექტემბერს, დილის 6 საათზე, ჩემს სახლში 12-მდე სამხედრო პოლიციელი მოცვივდა, მითხრეს, უნდა გაგჩხრიკოთო, ისე რომ სასამართლოს დადგენილება არ წარუდგენიათ. მეზობლების დასწრებაზეც უარი მითხრეს. რადიომოყვარული ვარ და კორპუსის სახურავზე მქონდა რადიოსადგური. ვაჩვენე ლიცენზიაც. მრცხვენია, მაგრამ 2000 წელს ჩემი საკუთარი ტელევიზიით ("სამება") გადავყევი სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას". იარაღის კოლექცია გამომატანინეს, გავშალე იატაკზე. ყველაზე ძველი იარაღი, მოსინის შაშხანა, 2017-ში 100 წლის ხდება, მამაჩემის ბიძამ ჩამოიტანა ფინეთის ომიდან. ყველაზე პატარა კი ჩემხელაა, 1955 წლის გამოშვება. ჩხრეკაზე იყვნენ სამხედრო პოლიციის უფროსი ლევან ზაქრაძე, ზურაბ გოგიჩაიშვილი, ირაკლი გრძელიშვილი, ლაშა კვანტალიანი (იმათ გვარებს გისახელებთ, ვინც ამოვიცანი). ფლეშკა ჩამიდეს, არც ვიცი, რა იყო იმ ფლეშკაზე” ჩაწერილი. წაიღეს  ჩემი ნაშრომები - ნახაზები, მომახსნევინეს სამოყვარულო რადიოსადგურიც. სახლიდან წაღებული ნივთების ღირებულება 7 ათას დოლარამდეა შეფასებული და იარაღის გარდა, არაფერი დაუბრუნებიათ. გარდა ამისა, სამხედრო პოლიციიდან ჯგუფი გაგზავნეს საგარეჯოში, გაჩხრიკეს ჩემი და ჩემი ძმის სახლი და ქარხანა - ადმინისტრაციული ოთხსართულიანი კორპუსის ყველა კარი შეამტვრიეს, წაიღეს ჩემი სატელევიზიო აპარატურა და ძველი რადიოების კოლექცია. ევრაზიის კონტინენტზე კოლექციონერთა პირველ ასეულში 79-ე ადგილზე ვიყავი, ახლა კი მე-200-ზე ქვევით ვარ, ვინაიდან მათ ბევრი რამ არ დაუბრუნებიათ. საგარეჯოდან სულ 150.000 დოლარის ღირებულების მოწყობილობა გაიტანეს.

სამხედრო პოლიციაში უფროს ლევან ზაქრაძის კაბინეტში დამხვდნენ მისი მოადგილე მეგის ქარდავა, გიგი კალანდაძე, ბაჩო და დათა ახალაიები, ზაზა მჭედლიძე და სხვანი. ლევან ზაქრაძე მეკითხება, შენი ჯაშუშური პაროლი გვითხარიო... როგორ, ლონდარიძეს, ჩაპლიგინსა და თეთრაძეს არ იცნობო? ბრალად მიყენებდნენ ვითომ დათო ლონდარიძემ გადამიბირა, მე კი ფლეშკა ვიღაცისთვის უნდა გადამეცა რუსეთში, სავარაუდოდ, კრემლში. დაკითხვაზე ერთსა და იმავეს მიმეორებდნენ, - როდის მიიღე პოლკოვნიკის წოდება, აღიარე, რომ მათ იცნობო... ვუთხარი, ამ ხალხის სურათები მაინც მაჩვენეთ, იქნებ ვიცნო, ხალხო, რა გინდათ ჩემგან-მეთქი. ვინ არის შენი ხალხი, შენი დედა, ბატონობით ილაპარაკეო და მეგის ქარდავამ 3-4-ჯერ შემომარტყა კეფაში. შემდეგ მოიხსნა ქამარი, ყელზე მომაბა და მათრია კორიდორში. ლევან ზაქრაძემ შემოიტანა პლასტმასის მილი, ბიჭო, ამით აფრიალებდი არა მიტინგებზე დროშასო და წვივებში მირტყა. ვეუბნები, რა დროშა, რის დროშა, რაღაც გეშლებათ-მეთქი...

ამის შემდეგ ქარდავა უფრო გაცოფდა, მუხლებზე დამაყენა, თავზე ცელოფანი ჩამომაცვა და მგუდავდა. რომ დაინახა ჩემი გადმოკარკლული თვალები, ხელი წაიღო ცელოფანის მოსახსნელად, მაგრამ ხელი მაჯაზე ვტაცე, არ გახსნა-მეთქი, მაშინ ჩახია ცელოფანი და თითები ჩამკრა პირში... ამ არაკაცებს უნდოდათ მეღიარებინა, რომ იმ სამ კაცს ვიცნობდი და ფლეშკა ვიღაცისთვის უნდა გადამეცა. როგორც აღმოჩნდა, იმავეს სთხოვდნენ სერგო თეთრაძესაც. ლონდარიძისა და ჩაპლიგინისგან განსხვავებით, ჩვენ არაფერი გვიღიარებია. ციხეში ლონდარიძის ჩვენება მომიტანეს, სადაც ჩემზე წერდა, 10 წლის წინ გადავიბირეო. რომ ვერ გამტეხეს, ქარდავამ შემოიტანა რკინის საჭრელი დიდი მაკრატელი და მითხრა, მარჯვენას შეგინარჩუნებ, ბევრი რამ გექნება დასაწერი, ამიტომ მარცხენა ხელის თითებს დაგაჭრიო და დაჭრის იმიტაცია გაითამაშა - ზურგისკენ წამაღებინა ხელი, მაკრატელი ნეკა თითთან მიიტანა და გააჩხაკუნა. როცა იქ მყოფების გაოგნებულ სახეებს შევხედე, მივხვდი, ეს კაცი ამის გამკეთებელი იყო.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ქარდავასა და გიგი კალანდაძეს შევუთვალე, სადაც გნახავთ, იქ უნდა დაგაჭრათ ხელები-მეთქი.

- გენერალმა გიგი კალანდაძემაც გაწამათ?

- კამუფლაჟიანი გიგი კალანდაძე რომ დავინახე, ვიფიქრე, ნორმალური კაცი ჩანს-მეთქი. იკითხა, ამას "ატჟიმანიები" გააკეთებინეთო? ძალაგამოცლილს 4-5 აზიდვა გამაკეთებინეს. მერე პირქვე დამაწვინეს და კალანდაძემ ხელკეტი კუნთებში მირტყა, მერე პირში ჩამიდო და ხახაში დამიტრიალა. იქიდან კაპეზეში წამიყვანეს, შემდეგ ციხეში და სამი დღე სისხლს ვშარდავდი. “ერთხელაც ყური მოვკარი ჩემზე ამბობდნენ, - ეს კაცი მაზოხისტია, ვერაფერს მივაღწევთ, ესეც იმნაირი გაუტეხავიაო. მივხვდი, სერგო თეთრაძეზე იყო ლაპარაკი. ფანჯარა ღია დატოვეს, რომ გადავმხტარიყავი და ზურგში ესროლათ. დავაპირე კიდეც, მაგრამ გადავიფიქრე. ახალი გაკეთებული მქონდა ხერხემალზე დისკოზის ოპერაცია და ვთხოვე, ოღონდ ხერხემალში არ დამარტყათ-მეთქი. ამის გამგონე ქარდავამ სულ მუხლი და ბათინკის წვერი მირტყა ხერხემალში.

- თქვენ თეთრაძის გარდაცვალებასაც შეესწარით?

- ერთი კვირის მანძილზე ბადრაგს ყოველდღე შევყავდი ალექსანდრე მუხაძის კაბინეტში და გამეტებით მცემდნენ. ერთმა პატიმარმა მითხრა, შენამდე ვიღაც თეთრაძე შეჰყავთ მუხაძესთანო. ჯერ იმას აწამებდნენ, მერე - მე. ჩემი საკნის კარს ქვემოთ იმხელა ღრიჭო ჰქონდა, ასანთის კოლოფი გაეტეოდა. ერთ დღესაც ამ ღრიჭოდან დავინახე ჭაღარათმიანი კაცი, ძლივს მოლასლასებდა. ამ კაცს ყოველდღე წამებით ხდიდნენ სულს და ისეთი ღრიალი ისმოდა, ატანა შეუძლებელი იყო. მუხაძე მემუქრებოდა, ხომ გესმის მისი ღრიალი, შემდეგი შენ იქნებიო. 23 სექტემბერს თეთრაძის საშინელი ღრიალი ისევ გავიგონეთ, ნარზე შევდექით და დავინახეთ, საკაცეს მიარბენინებდნენ... გაიხსნა საკანი და დავინახე, საკაცეზე მკვდარი თეთრაძე ესვენა, თავი გვერდზე ჰქონდა გადაგდებული...

- იმ სამეულიდან მართლა არც ერთს არ იცნობდით?

- სამივე სასამართლოზე გავიცანი, თეთრაძეც იქ ვნახე, მაღალი, სიმპათიური კაცი იყო, რომელსაც ცხვირზე ჰქონდა სისხლნაჟღენთები, სახეზე - იარები და ამის დასაფარად სახეზე დერმაკოლი წაესვათ...

ერთ დღეს მუხაძე მეუბნება, ახლა ჩაგიშვებ "ქათმებთან" და მერე ჭიკჭიკით მოითხოვ, მუხაძესთან წამიყვანეთო. არაკაცი ვიყო, საჯდომზე პეპელა თუ არ დაგახატო, შტამპი მაქვს გამზადებული, ჩავაწებ მელანში, უკან დაგარტყამ, შეგაგდებ კამერაში”და "პეტუხი" ხარ გამართულიო. ბადრაგს დაუძახა და ფუქსებში ჩამიყვანა. ვეძებ რაღაცას, რითაც თავის მოკვლას შევძლებდი. 17 წლის შვილი მყავს გარდაცვლილი და თან გულში პატიებას ვთხოვ, გულის ჯიბეში სათვალე ვიპოვე, მოვაცალე ყური, გავასწორე, მისი ბოლო გისოსს მივაჭირე, წვერი კი გულში ჩავირჭვე. სისხლის გუბე დადგა. მორიგეებმა ძლივს დამიყოლიეს, რომ ამომეძრო. მას შემდეგ აღარ მაწამებდნენ, თუმცა, მომიხსნეს ჩემი ადვოკატები და ვიღაც ტარიელ კბილაშვილი დამინიშნეს - აფერისტი და საზიზღარი.

2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით საყოველთაო ამნისტიით გავთავისუფლდი.

- თქვენი დაკავება თბილისში ბელორუსი ედუარდ ტომაშუკის ჩამოსვლას დაემთხვა. რა კაცია ტომაშუკი, არც მას იცნობდით?

- სამივე დაკავებული თურმე ტომაშუკთან მსახურობდა ჯარში, თან კურსელებიც ყოფილან - ადრე თბილისში იყო სამხედრო სასწავლებელი, რომელიც ტომაშუკს ჰქონია დამთავრებული. 2000 წელს ინტერნეტში გახსნეს თბილისის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის საიტი, შევედი ფორუმში და ვხედავ, ვინმე ტომაშუკი მუდმივად წერს, ოთხი წელი ვსწავლობდი თბილისში, ისე როგორ უნდა მოვკვდე, იქ ვერ ჩავაღწიოო. ინტერნეტით გავიცანით ერთმანეთი, თბილისშიც დავპატიჟე. თურმე ეს ბელორუსი ელაპარაკება მის თანაკურსელ ლონდარიძესაც და მათ უსმენენ. ტომაშუკი მართლაც ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად და მანქანით დავხვდი აეროპორტში. ეს ხდება ჩემს დაკავებამდე 10 დღით ადრე. ბათუმში უნდა წავიდეთო და შევთავაზე, რომ ჩამოხვალ დამირეკე, ისევ მე გაგაცილებ-მეთქი.

- იყო საუბარი იმაზე, რომ ტომაშუკი სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო?..

- ტომაშუკი ჯაშუში რომ ყოფილიყო, გაუშვებდნენ?

- ბატონო გია, რეაბილიტაციისთვის თუ იღონეთ რამე?

- გრიფი "საიდუმლო" თავდაცვის სამინისტრომ დაადო და მანვე უნდა მოხსნას. ალასანიამ და მისმა გუნდმა წინასაარჩევნოდ კარგად გამოიყენეს ჩვენი საქმე, სულ თეთრაძეს გაიძახოდნენ, მერე დავავიწყდით. ისინი, ვინც ჩემს წამება-უკანონო დაპატიმრებაში მონაწილეობდნენ, დღეს ისევ თანამდებობებზე არიან. ლევან ზაქრაძე დაჰკითხეს როგორც მოწმე, ქარდავა და მუხაძე იძებნებიან, დანარჩენებს პასუხი არ უგიათ. როგორც გავარკვიე, ჩვენი დაკავება-წამებისა და სერგო თეთრაძის მკვლელობის დამდგმელი რეჟისორი ზაზა მჭედლიძე ყოფილა, მას სამხედრო პოლიციაში მაღალი თანამდებობა უკავია. სახელის რეაბილიტაციის გარდა, ვითხოვ ამ საშიში ადამიანების საზოგადოებისგან იზოლირებას და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას.

ნანა ფიცხელაური