"ჩემს ცემას, სააკაშვილის გარდა, ყველას ვაპატიებ"
28-04-2014
"ჩემს ცემას, სააკაშვილის გარდა, ყველას ვაპატიებ"
"პროკურატურაში მთხოვეს, ამ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი არ დაისვასო"

"როცა ცემა დამიწყეს, მაშინვე ბაჩო ახალაიას ცოლისძმა მოვარდა და კვარაცხელია სასწრაფოდ გაიყვანა შემთხვევის ადგილიდან"

"სააკაშვილი სიავის გამკეთებელი ისევ არის, მას დღეს ფინანსებიც აქვს და ფსიქოლოგიური პრობლემებიც ძველებურად აწუხებს"


საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმის გამოძიება სრულდება. სისხლის სამართლის დანაშაულში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის წინააღმდეგ დაიგეგმა და განხორციელდა, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები არიან ეჭვმიტანილი. ამ საქმეზე მთავარმა პროკურატურამ დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორ ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროს გია სირაძეს. დაზარალებულის აზრით, უკანონო სპეცოპერაციის დამგეგმავ-შემსრულებლების საკითხი გადაწყვეტილია, თუმცა დამკვეთის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მისთვის უმნიშვნელოვანესია.
2005 წლის თავდასხმის შესახებ "კვირის პალიტრას" დეპუტატი ვალერი გელაშვილი ესაუბრა.


- ჩემი საქმის გამოძიება
მთავრდება - ახლა მთავარი შემკვეთის დადგენაზე მუშაობენ. დადგენილია, რომ მცემეს იმ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებმა, რომელსაც ერეკლე კოდუა ხელმძღვანელობდა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი ცემის დამკვეთები ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი იყვნენ, თუმცა ამას მტკიცებულებები სჭირდება. მათ როლზე ოქრუაშვილმაც ისაუბრა პროკურორებთან. უფრო მეტი მტკიცებულება გვექნება მაშინ, როცა სირაძეს და კოდუას დაიჭერენ. არა მგონია, მათ ასეთი ბრალდება თავის თავზე აიღონ და მიშას არ დაადონ ხელი.

- ადრე მითხარით, რომ თქვენი ცემის მონაწილეები დღემდე მუშაობენ უწყებებში.

- დიახ, ვახტანგ ზუხბაიაზე გითხარით, რომელიც მაშინ სპეცრაზმის უფროსი იყო. ერთი ხანობა გადადგა თანამდებობიდან, მაგრამ დღეს ისევ სპეცრაზმის უფროსია. მან და მისმა ხალხმა აღიარებითი ჩვენებები დაწერეს პროკურატურაში. პროკურატურაში მთხოვეს, ამ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი არ დაისვასო. მინდა საზოგადოებამ იცოდეს: ჩემს ცემას, მიხეილ სააკაშვილის გარდა, ყველას ვაპატიებ. კოდუა, სირაძე, მერაბიშვილი - არ მაინტერესებს, მე მინდა დაისაჯოს მთავარი შემკვეთი, რომლის ბრძანებითაც სასიკვდილოდ გამიმეტეს.

- თქვენ კი აპატიებთ ამ ხალხს დანაშაულს, მაგრამ ისინი ხომ ისევ უწყებებში რჩებიან და რას ეუბნებით საზოგადოებას? ხომ შეიძლება ახალ უკანონობაში გაერიონ?
- რაღაც პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ ამ ადამიანებს, მაგრამ ბოლომდე მათი გაწირვა არ იქნება გამართლებული. დარწმუნებული ვარ, მიშასთვის რომ არ დაეჯერებინათ, შეიძლება თავად გამხდარიყვნენ მისი აგრესიის მსხვერპლნი. ჩემს გალახვას კი სხვას დაავალებდნენ.

- რატომ გთხოვათ პროკურატურამ მათი პატიება?

- ხელისუფალმა უნდა შეძლო, აღკვეთო მსგავსი ქმედებები და ადამიანები დანაშაულსაც არ ჩაიდენენ. მეეჭვება, რომ მათი სურვილი იყო ჩემი ცემა ან რომელიმე მათგანს სიამოვნებდა ამ საქმეში მონაწილეობა. ჩემი მიზანია, მიშამდე მივიდე და ამისთვის რაღაცების პატიებაც მომიხდება.

- როგორც ცნობილია, ყველაფერი დაიწყო გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემული თქვენი ინტერვიუთი. ხომ არ შეცდით, როცა სხვის პირად ცხოვრებაზე ისაუბრეთ?

- 4 მილიონზე მეტი ზარალი მომაყენეს, სახლი წამართვეს და ეს ყველაფერი მაძლევდა ხელისუფლებაზე გაბრაზების მიზეზს, ამიტომ ცხელ გულზე საჭიროზე მეტი ვთქვი, რასაც დღეს მიზანშეწონილად არ მივიჩნევ. როცა "რეზონანსს" ეს ინტერვიუ მივეცი, ნასვამი ვიყავი, თუმცა ისეთი არაფერი მიკადრებია, რაც მიშას ოჯახს არ უკადრებია ჩემთვის.

- გარდა იმისა, რომ ქონება წაგართვეს, კიდევ ხომ არ მოხდა რამე ისეთი, რითაც თავი შეურაცხყოფილად იგრძენით?
- ერთ ფაქტს გავიხსენებ: მიშა ჯერ პრეზიდენტი არ იყო. 2003 წლის დეკემბერი იდგა. სანდრას ევროპიდან ნათესავები ჩამოუვიდნენ. სტუმრების გასამასპინძლებლად კარგი ღვინო უნდოდათ. ყიდვით არ შეიწუხეს თავი, ადგნენ და ავლაბარში ჩემს მარანში შეცვივდნენ. ღვინო ხომ წაიღეს, იქაურობაც მიანგრ-მოანგრიეს. ამაზე მეტი შეურაცხყოფა ქართველი კაცისთვის რა უნდა ყოფილიყო! შევცდი, ამ ყველაფრის შემდეგ მათთან კავშირი როგორ დავიჭირე?!.

- ისევ თავდასხმას დავუბრუნდეთ. როგორც ცნობილი გახდა, სახელმწიფოს დაცვის პროგრამაში ჩართვა მოითხოვეთ. ფიქრობთ, რომ დღეს ისევ არის საშიშროება, რომ ვინმე ფიზიკურად გაგისწორდეთ?
- უკვე გამაცნო პროკურატურამ უსაფრთხოების ჯგუფი, რომელიც ჩემთან იმუშავებს. კარგად ვიცი, რა ხალხთან მაქვს საქმე. ვერ ვიტყვი, რომ კოდუა რამეს გაბედავს, მაგრამ სააკაშვილი სიავის გამკეთებელი ისევ არის. მას დღეს ფინანსებიც აქვს და ფსიქოლოგიური პრობლემებიც ძველებურად აწუხებს. სიმართლე გითხრათ, არა მგონია, საქართველოში რამე მომიწყონ, ეს შეიძლება უფრო ვილნიუსში მოხდეს, სადაც ხშირად ჩავდივარ.

- რატომ გაბედავენ ამას ვილნიუსში?

- ვილნიუსში, ქალაქგარეთ, ერთ-ერთ პრესტიჟულ ადგილზე, როგორც ვიცი, "ნაციონალურ მოძრაობას" ნაქირავები აქვს სახლი, სადაც ხშირად იკრიბებიან. სახლს სტუმრობენ როგორც სააკაშვილი, ისე წითელი ცირკულარით ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ერეკლე კოდუაც. ამიტომ უფრო ადვილია ჩემზე თავდასხმა ვილნიუსში და არა საქართველოში.

- მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ერეკლე კოდუა დამნაშავედ ცნო, მისი მეუღლე, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი თქვენს წინააღმდეგ გააქტიურდა.

- ჟორჟოლიანს ურჩევნია, გაჩუმდეს - ხვალ მის ქმარს, დაპატიმრების შემდეგ, მდგომარეობა რომ არ დაუმძიმონ, შეიძლება ჩემი სიტყვა დასჭირდეს... შევუთვალე ეს, მაგრამ მაინც არ ჩუმდება. არ მესმის, დათვურ სამსახურს რატომ უწევს ქმარს? ალბათ, კოდუას მოშორება უნდა და მაღიზიანებს, რომ მის წინააღმდეგ განვეწყო და უფრო დიდი ხნით ჩაჯდეს ციხეში.

- სხვათა შორის, ბაჩანა ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილიც გააქტიურდა თქვენს საქმეზე.

- ვნახე მისი ნაწერი "ფეისბუკზე" და ვხვდები, ამ ქალბატონს რაც აწუხებს. მისი ოჯახი რაღაც კუთხით თანამონაწილეა ჩემს საქმეში. ჩემი დაცვის მაშინდელი უფროსი მალხაზ კვარაცხელია მამამისის პირადი დაცვის უფროსიც იყო. კვარაცხელიამ იცოდა, რასაც მიმზადებდა სააკაშვილის ხროვა. მისი ხელით ბევრი რამე გააკეთეს. მან განგებ დააზიანა ჩემი შეჯავშნული მანქანა, რომელშიც ვერავინ შემოაღწევდა და იძულებული გავხდი, სხვა ავტომანქანით გავსულიყავი ქალაქში... როცა ცემა დამიწყეს, მოვარდა ბაჩო ახალაიას ცოლისძმა და კვარაცხელია სასწრაფოდ გაიყვანა შემთხვევის ადგილიდან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნადარეიშვილის ოჯახიც ჩარეულია ამ საქმეში და ამიტომ ნერვიულობენ.

- ბაჩო ახალაიას მეუღლემ ისიც დაწერა, რომ თითქოს თქვენ ვენესუელის მთავრობაც გეძებდათ, მაგრამ ვანო მერაბიშვილმა გადაგარჩინათ, არ გადაგცათ უცხო ქვეყანას.
- საქმე ის არის, რომ პირველად 2006 წელს ჩავედი ვენესუელაში. ამ დროს ყველაფერი გარკვეული მქონდა სააკაშვილის ხელისუფლებასთან. მათ უკვე სასიკვდილოდაც ვყავდი გამეტებული. ყველაფერ ამის შემდეგ მაინტერესებს, როდის გადამარჩინა ვანო მერაბიშვილმა? ეს პრობლემა რომ მქონოდა, წერილს გაგზავნიდნენ და ხელს შეუწყობდნენ ჩემს დაპატიმრებას. თან ვენესუელის ციხე ისეთია, რომ იქიდან ცოცხალი ვეღარც გამოვიდოდი. მათ ხელს აძლევდათ ასეთ ციხეში მოხვედრილიყო კაცი, რომლის მოშორებაც თავად სცადეს...

უტა ბიწაძე
liaxvi
04 მაისი 2014 01:02
მართალს ამბობს ვალერი გელაშვილი: ყველანაირი ავი საქმის სულისჩამბერი იყო(და არის) სააკაშვილი!
არ იქნებოდა ახალიათა, თუ კოდუათა კლანი, იქნებოდა ძველაიათა კლანი, რომლებსაც იმავეს გააკეთებინებდა სააკაშვილი.

ახლაც, სანამ სააკაშვილი თავისუფლადაა, ყოველთვის იარსებებს ტერორის, არეულობის, შანტაჟის და მისთანათა საფრთხე!

მაგ გიჟბოროტამ შექმნა ისეთი პირობები, რომ დიდი ხელფასები მარტო ტერორით, დაყაჩაღებით, დარბევებით მიიღებოდა,-სხვა არაფრით!
და ვისაც ფული სულს ერჩია, ადვილად მოექცა გიჟბოროტას ხაფანგში.


ყველას ღმერთი გფარავდეთ მონსტრთან ბრძოლისას!
მონსტრი მარტოდ არაა. მას ყავს მაფიოზი ოჯახი საერთაშორისო საცეცებით. გაითვალისწინეთ ეს და იყავით მხნედ და ფრთხილად!




რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები