"50 მილიონის ქონება, სახლ-კარი და თავისუფლება წამართვეს"
05-05-2014
"50 მილიონის ქონება, სახლ-კარი და თავისუფლება წამართვეს"
"მაშინ კახეთში ყველაფერს ზურაბ ადეიშვილი ყიდულობდა და ჩემს ქონებასაც მან "მიხედა"

"ნაციონალები" დამემუქრნენ, თუ იჩივლებ, შენს შვილებთან ერთად ისეირნებ ზონაზეო"


ხუთი შვილის მამა შოთა მამნიაშვილი იმ ბიზნესმენთა რიცხვშია, რომლებიც ყოფილმა რეჟიმმა, როგორც თავად ამბობს, პირწმინდად გაფცქვნა - 50 მილიონის ქონება, სახლ-კარი და თავისუფლება წაართვა. 2013 წლის იანვარში ის ამნისტიით გათავისუფლდა. შოთა მამნიაშვილი მის დევნა-შევიწროებას იმას უკავშირებს, რომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის დის ქმარია.


- 2005 წელს მე და ჩემმა პარტნიორებმა დავაარსეთ“"ბეგი
კომპანი", ვიყიდეთ ტერიტორია ლილოში და გადავწყვიტეთ აგვეშენებინა წისქვილკომბინატი. დიდი რაოდენობით კრედიტი გვქონდა აღებული ბანკ "რესპუბლიკაში"... კახეთში შევიძინეთ 2500 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა ხორბლის მოსაყვანად. ამას დაემატა კიდევ ორი წისქვილ-კომბინატი, სადაც კახეთში მოყვანილი ხორბალი იცლებოდა. სართიჭალაში გვქონდა თესლის დამამზადებელი ქარხანაც, ვაპირებდით საცდელი მეურნეობის აშენებას. ზარალის მიუხედავად, ვეწეოდით
ქველმოქმედებას და გაჭირვებულებს ფქვილს ვურიგებდით.

შევისყიდეთ ბიულერის”ხაზი (გერმანული ფირმა, რომელიც მსოფლიოში პირველია  დაზგა-დანადგარების წარმოებით) და ვზრდიდით წარმოებას. უბედურება 2008 წლიდან დაიწყო. ომის შემდეგ, შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფამ" თურქეთსა და აზერბაიჯანში იყიდა "კარმენის"”ფქვილი. ტომარა 45 ლარი ღირდა და წისქვილკომბინატებს გვთხოვა, 15 000 ტონა ფქვილი დაგვესაწყობებინა. ფქვილი დაბალი ხარისხის იყო. როდესაც საომარი მოქმედებები დასრულდა, სახელმწიფომ მოინდომა ამ ფქვილის გატანა ბაზარზე და ახლა რეალიზაცია მოგვთხოვა. ნორმალური ფქვილი რომ ყოფილიყო, ამის პრობლემა არც იქნებოდა, მაგრამ ამას დაერთო ფასების კრიზისი საერთაშორისო ბაზარზე და ფქვილის ღირებულებამ დაიწია 29 ლარამდე. მომწოდებელს ვთხოვეთ, რეალურ ფასში - 25-26 ლარში გაგვეყიდა. კანცელარიაში, პრემიერ ნიკა გილაურთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გვქონდა მოლაპარაკებები ფასის შეცვლასთან დაკავშირებით...

2009 წლის 9 ნოემბერს, სახლთან ჩემი ავტომანქანიდან ჩამომსვეს და წამიყვანეს პროკურატურაში... შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფას" (რომლის დამფუძნებელი იყო ეკონომიკის სამინისტრო) რატომ არ უხდით ფულსო. ავუხსენი, რომ ჩვენ, ორ ფირმას გვქონდა მუშა, ცოცხალი პროცესი და პროკურატურა რა შუაშია-მეთქი. თაღლითური გზით გინდათ ეს ფული მიითვისოთო. მე შემეძლო შპს-ისთვის ფული არც მიმეცა და საჯარიმო სანქციაზე წავსულიყავი. ბრალი დამდეს თაღლითობაში და გამიფორმეს ორთვიანი პატიმრობა. პროდუქტის ღირებულების ნაწილი გადახდილი მქონდა, დარჩენილი იყო 1 მილიონ 30 ათასი და ამ თანხის მითვისების მცდელობას მედავებოდნენ. თანხა კომპანიაში იყო, საქონელი ქსელში, ეს ყველაფერი  დასაბუთებული მქონდა, მაგრამ არად ჩააგდეს. შემდეგ გლდანის დაწესებულებაში მომივიდა უწყება, რომ თუ კრედიტს არ დავფარავდი, მთელ ჩემს ქონებას ბანკი წაიღებდა. 2009 წლის 27 დეკემბერს, ბანკის ხელში გადავიდა დაახლოებით 50 მილიონი ლარის ქონება (მიწები, საწარმოები, მათ შორის ფირმები "სელმა"”და "ბეგი კომპანი"). ვეჭვობ, რომ "ნაციონალები" ბანკთან”შეთანხმებულად მოქმედებდნენ... მაშინ კახეთში ყველაფერს ზურაბ ადეიშვილი ყიდულობდა და ჩემს ქონებასაც მან "მიხედა".

დღეს საქართველოში ხორბლის ბიზნესის 60%-ს აზერბაიჯანელები განაგებენ, ქართველები კი სულს ღაფავენ, ჩვენი ადგილი ამ ბიზნესში აღარ დარჩა... 10 წელი მომისაჯეს. დანაშაული, რა თქმა უნდა, არ მიღიარებია. 3 წელი და 3 თვე მომიწია სასჯელის მოხდამ და შემეხო ამნისტია. დღეს 5 შვილის მამას აღარაფერი გამაჩნია, სახლ-კარიც კი, ყველაფერი ბანკმა წაიღო.

- საჩივარი შეიტანეთ პროკურატურაში?
- საჩივარი ჩემმა ადვოკატმა შეიტანა. დღეს ფირმა აღარ არსებობს, გამოდის, ლიკვიდირებული ფირმის ვალი მაქვს. ახლა ეკონომიკის სამინისტრო მედავება 1 მილიონ 30 000 ლარს. შავ სიაში ვარ, ვერც კრედიტს ვიღებ, ვერც მუშაობას ვიწყებ. 

- პოლიტპატიმრის სტატუსს ითხოვდით, რატომ არ დაკმაყოფილდა თქვენი მოთხოვნა?
- პარლამენტის კომისია აპირებდა ჩემს ჩასმას პოლიტპატიმრების ე.წ. მეორე სიაში, ვინაიდან ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებდი როგორც ბიზნესმენი, პოლიტიკურად აქტიური და ის, რომ ჩემ მიმართ წაყენებულ ბრალს არ ვაღიარებდი. ჩემს საქმეს განიხილავდა ზაზა დიასამიძე (პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის წევრი), რომელიც გამესაუბრა, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიმიღია...
ციხეში ბევრი იყო პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული, 3-ათასკაციან დაწესებულებაში ვიყავი და იმდენი ბიზნესმენი იჯდა, გარეთ რომ გამოვსულიყავით, თავი ბიზნესფორუმზე მეგონებოდა - 3000 პატიმრიდან 2000 ბიზნესმენი ვიყავით.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაპატიმრებამდე ოპოზიციის მიტინგებზე ვაქტიურობდი, ვინაიდან არსებული რეჟიმის მიმართ პროტესტის გრძნობა მქონდა. გარდა ამისა, ვიყავი თამაზ ელიზბარაშვილის სიძე და დარწმუნებული ვარ, ეს ჩემი დევნის ერთ-ერთი ფაქტორი გახლდათ. ჩემი ბედი გადაწყვეტილი იყო - ციხეში უნდა ვმჯდარიყავი და ყველაფერი დამეკარგა. დღეს მინდა რაღაც გავაკეთო, მაგრამ კრედიტს ვერ ვიღებ, შავ სიაში ვარ, ვინ რას მომცემს და ვინ მენდობა? ვერც ნასამართლობას ვიხსნი, რადგან დანაშაული არ მიღიარებია.

- სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთ?

- ვაპირებდი, მაგრამ "ნაციონალები" დამემუქრნენ, თუ იჩივლებ, შენს შვილებთან ერთად ისეირნებ ზონაზეო. სამი წლის განმავლობაში "ნაციონალები" მანქანით უთვალთვალებდნენ ჩემს მეუღლეს... იქნებ სახელმწიფომ მიიღოს კანონი, გადახედონ ჩვენს საქმეებს და მოგვეცეს ფეხზე დადგომის საშუალება.

ნანა ფიცხელაური
Aasdfg
05 მაისი 2016 10:55
რამ გაგაბოროტათ, რატომ გონია ყველას რომ აუცილებლად სხვისი ქონება უნდა მიითვისოს რომ ფული იშოვოს ადამიანმა. შური და ბოღმა რატომ გაღრჩობთ თქვენი კაი ხალხო ნაცვლად იმისა რომ ერთმანეთს მხარში ამოუდგეთ ლანძღავთ მეტის ღირსი ხარო. შორს ვერ წახვალთ ამ ბოღმით. ვისაც ფული აქვს არ ნიშნავს იმას რომ ცუდი ადამიანია, თქვენ რომ ქონება იშოვოთ რას იზამთ ერთი როგორი კაი ტიპები გამოხვალთ. ან რას ხედავთ ცუდს თუნდაც მშობელს დაეტოვებინა ქონება, გასაკვირია? შესაშური? ვიღაც ღარიბი იქნება. ვიღაც მდიდარი, ბიზნესმენების გადასახადებით უდგას ამ ქვეყანას სული, და ეგენიც თუ გაასწორეს მიწასთან რა ჩემს ფეხებს იშოვიან აგერ ნახავთ. ბოღმის მთქმელი და შურიანი ისევ მაგ ვიწრო ხედვის არეალში რჩება, ამიტომ გაახილეთ თვალები, კი არ შეგშურდეთ მოტივაცია გაიჩინეთ იმის რომ მეტი იშოვოთ. არავინ არავისზე ნაკლები არაა ყველას აქვს პოტენციალი იყოს წარმატებული, ცოდნას როგორ გამოიყენებთ და რა მიზნით ეგ თქვენზეა, ციდან არაფერი ცვივა ყველა თვითონ შოულობს. ასე თუ იფრქვეოდა ბიზნესები და ხალხუს ფულები და ხელში იოლად ჩაიგდო ყველამ რატო თქვენ არ ჩაიგდეთ იოლი თუ იყო, აი მაგ ჩაგდებასაც ნიჭი უნდა, ვინც მასე ქნა. არაფერი იწყება ეგრევე წარმატებით, წარმატებამდე ბევრი მარცხის განცდა მოგიწევთ. სხვის გაკიცხვას და ფათურს მათ ცხოვრებაში ვინ რა იშოვა გაჭირვებიდან არ ამოიყვანს არავის. ეგ რომ შველოდეს საქართველო მილიონერების ქვეყანა იქნებოდა ყველა წუწუნებს ყველას ყველას შურს
ფუფა
19 მაისი 2014 09:45
5 შვილის მარჩენალ მამას კიდევ 50 მილიონი რომ დაგრჩება ... კარგით რა... თან 2005-ში საქართველოში... ბიზნესი თუ არსებობდა შესაბამისად პროდუქტიც უნდა ყოფილიყო, თუ პროდუქტი მარტო 50 მილიონის ქონებაა?... ამ ბიზნესმენებს ფერია ჯადოსნური ჯოხით უშენებდა ბიზნესებს? მერე ის წართმეული ქონება და ბიზნესები სააკაშვილ-ადეიშვილების ხელში გადავიდა, ოღონდ ფერიამ ჯადოსნური ჯოხით უჩინარი გახადა...
kolosi
08 მაისი 2014 21:28
ის 50 მილიონი საიდან ჰქონდა?-თვითონაც ხომ მიისაკუთა სხვისი ქონება?-რომელიც აპატიეს და დაიკანონა!-ახლა არ მითხრათ,პატიოსანი შრომით ჰქონდა მოპოვებული 50 მილიონიო.ჰოოოო სულ თავისი ოფლითა და გარჯით მოიპოვა,თოხითა და ბარით ხელში,ფეხჩაუხრელად შრომობდა!!!

რედაქტორის რჩევით