"ჩემმა ქმარმა სცემა, საცემი იყო და იმიტომ!"
05-05-2014
"ჩემმა ქმარმა სცემა, საცემი იყო და იმიტომ!"
ნოშრევანის სასტიკი რევანში!

"თუ ეს ვენდეტაა, უგუნური ვენდეტაა და იმაზე არანაკლები ცოდვა, რასაც ერეკლე კოდუა სჩადიოდა"


ოფიციალური ინფორმაციით, 3 მაისს, დაახლოებით 13 საათზე, ირაკლი აბაშიძის 56 ნომერში მდებარე სილამაზის სალონში, ბიზნესმენ დავით კოდუას 4 წლის ვაჟი ჰყავდა მიყვანილი, რა დროსაც მას თავს დაესხნენ შავებში ჩაცმული ადამიანები და სასტიკად გაუსწორდნენ. ექიმების ინფორმაციით, დავით კოდუას აქვს ყბის მოტეხილობა, გატეხილი აქვს ცხვირი, აღენიშნება სხვა დაზიანებებიც. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. იმავე საღამოს სამართალდამცველებმა
დააკავეს ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე, რომელიც თავად გამოცხადდა პოლიციაში და დანაშაული აღიარა.

შს სამინისტრო ნოშრევან ნამორაძის აღიარებით ჩვენებას აქვეყნებს:
ამონარიდი ჩვენებიდან: "დათო კოდუა შემთხვევით შემხვდა ბარნოვის ქუჩაზე. მე მასთან მქონდა გარკვეული პრეტენზიები იმის გამო, რომ 2008 წელს დავით და ერეკლე კოდუებმა დაგეგმეს ჩემი დაჭერა - შემომიცვივდნენ
სახლში, ჩამიდეს ნარკოტიკი. ამის სანაცვლოდ წაიღეს მთელი ჩემი ქონება. ეს იყო მოტივი. მანამდე შევხვდი დათო კოდუას და ვუთხარი, რომ ეს ამბავი ასე არ დამთავრდებოდა და სიმართლე უნდა დადგენილიყო - ქონება უნდა დამბრუნებოდა. მან არ ისურვა ამ ყველაფრის მოგვარება. შემთხვევით შევხვდი ბარნოვის ქუჩაზე და ვცემე. ჩემი ერთი წლის ბავშვი იყო მომსწრე იმის, როგორ შემომიცვივდნენ სახლში და ჩამიდეს ნარკოტიკი. მე ამას არ ვაპატიებდი არც ერეკლე კოდუას და არც დათო კოდუას".

სამართალი ურმით რომ დადის, ალბათ, ამის შედეგია შურისმაძიებელთა გამოჩენაც, რაც ცივილიზებულ სამყაროში აღმაშფოთებელი ფაქტია და ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. თუმცა, მივყვეთ თანამიმდევრობით...

ჩვენ საბერძნეთში მყოფ დავით კოდუას დედას, ლაურა ღაჭავას დავუკავშირდით: - დათო ჩემი 4 წლის შვილიშვილის თვალწინ სცემეს. 4 მაისს, ოქროს დაბადების დღე ჰქონდა და სალონში წაუყვანია... მითხრას, ამიხსნას ვინმემ, რა დააშავა ჩემმა შვილმა ისეთი, რომ სასიკვდილოდ გაიმეტეს?.. არც ერთ დედას არ ვუსურვებ ამ მდგომარეობაში ყოფნას.

ქეთი, ფაქტის თვითმხილველი, მაღაზიის გამყიდველი: - დათო კოდუას და მის ოჯახს კარგად ვიცნობ. დღის პირველი საათი იყო, კივილი რომ მომესმა. მეგონა, ბავშვები იყვნენ. მაღაზიაში კლიენტები მყავდა და ვერ მივატოვე. მერე ისევ რომ გავიგონე ქალის განწირული კივილი, გარეთ გავედი. დასისხლიანებული დათო ძირს ეგდო, თავს ეხვია სალონის თანამშრომლები, ბავშვის ძიძა დახმარებას ითხოვდა. მალე სასწრაფო მოვიდა. დათო უგონოდ იყო და მანქანაში ჩააწვინეს. მალე მოვიდნენ მისი მცველები, ბავშვი და ძიძა მათ წაიყვანეს სალონიდან.
არ ვიცი, იმ დღეს დათო სალონში დაცვის გარეშე რატომ მივიდა. არ ვიცი, ვინ რატომ გაუსწორდა ასე საშინლად.
თავდამსხმელები მე არ მინახავს, მაგრამ ამბობენ, 3 მაღალი, გამხდარი ბიჭი იყოო. როგორც ამბობენ, სალონში მყოფ დათოს მობილურზე დაურეკეს და ამ ზარზე გავიდა გარეთ.

გიორგი კოდუა, დაზარალებულის ძმა:
- თავდამსხმელებმა მანქანა მოშორებით გააჩერეს და ფეხით გაიქცნენ... ვერ გეტყვით, რა ხდება... მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ საქართველოში ყველა დაუცველია... შეიძლება, დღისით, მზისით, ადამიანს ასე დაესხნენ თავს?! სამართალდამცველები ამბობენ, რომ ადგილზე იყო სათვალთვალო კამერები, რომელთაგან ერთი მუშაობდა, მეორე - არა.

- სამართალდამცველებს ჩაჰბარდა და დანაშაული აღიარა ნოშრევან ნამორაძემ, რომელიც თქვენს ძმებს დათოსა ერეკლეს ქონების წართმევასა და ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს... იგი ამბობს, რომ შური ასე იძია...
- ეს თუ შურისძიებაა, არ ვყოფილვართ ქრისტიანები. მაშინ ყველამ ავიღოთ იარაღი. ან თავდასხმით რას უშველი? ამით გულს თუ მოიფხან, თორემ რას მიაღწევ! რაო, სამართალი აღასრულა? მას თუ თავისი სამართალი აქვს, მაშინ მე ჩემი მაქვს, სხვას კიდევ - თავისი.
საქართველოში ხუთი მილიონი სამართალი შეიძლება არსებობდეს და მაშინ დავერიოთ ერთმანეთს, რაღად გვინდა პროკურატურა, შსს ან სასამართლო?!

თავდამსხმელი, ალბათ, დარწმუნებულია, რომ გაუშვებენ ან ფულს გადაახდევინებენ და შემდეგ გაუშვებენ.
დავით კოდუას ცემაში ბრალდებული ნოშრევან ნამორაძის მეუღლე ნინო სუთიძე ქმარს საქციელს უწონებს.

- დავით კოდუას ჩემი მეუღლის წილი უნდოდა და რადგან ნოშრევანი არ უფორმებდა, თავის ძმას მიაკითხა და ჩემი მეუღლე დააჭერინა.

2008 წელს ერეკლე კოდუას დავალებით ჩვენს სახლში შემოცვივდნენ სოდ-ის თანამშრომლები და დიდი ოდენობით წამალი ჩაგვიდეს. იმ დღეს ნოშრევანი ვერ დააკავეს, მაგრამ მეორე დღეს აიყვანეს. ნანუკა ჟორჟოლიანი ტყუის, როცა ამბობს, რომ ჩემი ქმარი დათო კოდუას დიდი ხნის მეგობარი იყო. ისინი მეგობრები არასდროს ყოფილან. ამბობს, ბავშვობის მეგობრები იყვნენო. მაშინ გამოაქვეყნოს ჟორჟოლიანმა მათი ბავშვობის დროს გადაღებული ფოტოები. ვადასტურებ, რომ ჩემი ქმარი იცნობდა დათო კოდუას, რომელმაც ბიზნესი წაართვა. ნოშრევანი დაიჭირეს, მაგრამ სამ დღეში გამოუშვეს. სამაგიეროდ, გადაგვახდევინეს 500 ათასი ლარი, "ტიფლის დეველოპმენტში" დაგვათმობინეს 50%-იანი წილი და წაგვართვეს 80 000-იანი მანქანა "რენჯროვერ სპორტი".

როცა ჩვენს სახლში სოდი შემოვარდა და იქაურობა გაჩხრიკა, მე ქუჩაში ვიყავი ჩემი მანქანით. გამაჩერეს და "რენჯროვერი" წამართვეს, მაგრამ ისეთი დრო იყო, ვერაფერს იზამდი. რას დავაკლებდით კოდუებს?
ახლა საჩივარი გვაქვს შეტანილი პროკურატურაში, იმედი გვაქვს, სიმართლე დადგინდება. ნოშრევანი დილით ვნახე, დანაშაულის მერე არ მინახავს. ვიცი, რომ სცემა, საცემი იყო და იმიტომ! მან ნოშრევანს ყველაფერი წაართვა, ახლა ქუჩაში შეხვდა, ვეღარ მოითმინა და სცემა... რა არის გასაკვირი?

- ხომ არ იცით, მასთან ერთად ვინ იყო შემთხვევის ადგილზე? თქვენს მეუღლეს უთქვამს, მარტო ვიყავიო, მაგრამ თვითმხილველების მტკიცებით, კოდუა რამდენიმე ადამიანმა სცემა...

- არ ვიცი, ვერ გეტყვით, ვინ იყო მასთან ერთად. კმაყოფილი ვარ ჩემი ქმრის საქციელით!
ჩემმა ქმარმა დანაშაული აღიარა, თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში და ჩაჰბარდა. მას ნიღაბი არ ჰქონია.
ალბათ, სამართალი მალე იზეიმებს. კოდუების დრო დამთავრდა, ჩადენილისთვის მათ პასუხი უნდა აგონ!
ნანუკა ჟორჟოლიანი, დავით კოდუას რძალი: - როგორც ბავშვის ძიძა ამბობს, დათოს სამი შავებში ჩაცმული პირი სცემდა, ხოლო მეოთხე, გვერდზე იდგა. ძიძამ ჩხუბში ჩარევა სცადა, მაგრამ მისთვის უთქვამთ, უკან დაიხიე, ადგილიდან ფეხი არ მოიცვალო, თორემ გესვრითო... ცემით გული რომ იჯერეს, გაიქცნენ... როგორც გაირკვა, არ უცდიათ დათოს სადმე წაყვანა, მანქანაში ჩატენა, უბრალოდ, დემონსტრაციულად სცემეს... ხმამაღლა ვიტყვი: ვისაც ნაცემი გელაშვილის ნახვა გაუხარდა, ის არის ნაძირალა! და ვისაც დღეს ასეთი ნაცემი დათო კოდუას ნახვა გაუხარდა, ისიც ნაძირალაა! ვისაც უნდა ჰკითხოთ, გეტყვით, რომ დათო ძალიან მშვიდი ადამიანია, მისთვის უცხოა გარჩევები, ჩხუბი და დავიდარაბა.

ნოშიკო იყო დათოს მეგობარი. როდესაც ის სოდ-მა ნარკოტიკებზე დააკავა, მაშინ ის იყო დათო კოდუას პარტნიორი და ციხიდან არაერთხელ შემოუთვალა დათოს, რომ მოეგვარებინა ეს პრობლემა. ვინაიდან დათომ ვერ შეძლო მოგვარება, შემოუთვალა, გავიყაროთ ბიზნესშიო. გამოძიებამ დაადასტურა, რომ ნოშიკოს უძრავი ქონება თბილისში მის ცოლს და დედას გადაუფორმდა. როდესაც ამბობს, ბიზნესები დაგვათმობინესო, იქნებ ჩამოგვითვალონ, ან დოკუმენტაცია გვიჩვენონ, რაზეა საუბარი. რაც შეეხება ავტომანქანას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის ავტომანქანა, რომელიც მის ცოლს ჩამოერთვა, ჭიკაიძის უწყების ბალანსზეა. ამასთან,  ვინც ნოშიკო დააკავა, ის ადამიანები დღეს პოლიციაში მაღალ თანამდებობებზე არიან, ყველა მათგანი დაჰკითხა ჭიკაიძის უწყებამ და ყველა მოჰყვა, რეალურად რა ვითარებაში დაიჭირეს ნამორაძე. ამბობს, ჩამიდესო, მაგრამ ის საკუთარ ნარკოტიკზე დაიჭირეს. ზუსტად იმ ხელისუფლებამ დააკავა ჩემი ძმა მარიხუანისთვის, რომელმაც დააკავა ნამორაძე და მასზე დიდხანს იჯდა ციხეში.  ნამორაძეს მოუწევს იმის თქმა, ვინ იყო დანარჩენი სამი ადამიანი. მარტო როგორ იყო? ამდენი თვითმხილველია და ამბობენ, ოთხნი იყვნენო. ძიძა კარგად იცნობს ნოშიკოს და მას აუცილებლად ამოიცნობდა, დათოსთან სახლში ბევრჯერ არის ნამყოფი. გამოძიება დაადგენს იყო თუ არა ის შემთხვევის ადგილზე. ალბათ, შემდეგ გამოვა ეს კაცი და იტყვის, რომ დანაშაული თავზე ააღებინეს.

გოგა ხაჩიძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი: - ჩვენს ქალაქში ნელ-ნელა ისეთი სიტუაცია ბრუნდება, როგორიც 90-იან წლებში იყო - წიკლაურის ცემის ფაქტი, ახლა კოდუას ცემა 4 წლის ბავშვის თვალწინ... ასეთი ფაქტები გიჩენს სურვილს, იფიქრო საკუთარი თავის და ახლობლების დაცვაზე.

მე მართლა დავფიქრდი, იარაღით ხომ არ ვიარო,იმიტომ, რომ არავინ იცის, რა იქნება ხვალ და ზეგ! მაქვს იარაღიც და ტარების უფლებაც და ალბათ, გამოვიყენებ ამ უფლებას. "ქართული ოცნების" დეკლარირებული პოლიტიკაა ის, რომ უნდა განადგურდეს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მისთვის მიუღებელია. რა მნიIშვნელობა აქვს, რა იყო თავდასხმის მიზეზი?

გოგა ხაინდრავა, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - ეს არის ყოვლად დაუშვებელი და აღმაშფოთებელი ფაქტი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კარგა გვარიანად გადაგვარებული ვყოფილვართ. ის, რომ დათოს ძმა პოლიციაში მუშაობდა, კანონს არღვევდა და დანაშაულს სჩადიოდა, საბაბი არ არის იმისთვის, რომ მისი ძმა სასიკვდილოდ გაიმეტონ. ეს არ შეიძლება! არც შვილი აგებს მამის ცოდვებზე პასუხს და არც - ერთი ძმა მეორის დანაშაულზე.
თუ ეს ვენდეტაა, უგუნური ვენდეტაა და იმაზე არანაკლები ცოდვა, რასაც ერეკლე კოდუა სჩადიოდა.
ეს არის სრულიად შეუწყნარებელი რამ. მე კარგად ვიცნობ დავით კოდუას, თავის დროზე ჩემთან მუშაობდა, ძალიან სასარგებლო საქმეებს აკეთებდა საქართველოსთვის და სახიფათო დავალებებსაც ასრულებდა. ამიტომ შეუწყნარებელია ეს ამბავი. ეს ფაქტი ძმას უკავშირდება, მის ბიზნესს თუ სხვას, სულერთია - ასეთი რამ დაუშვებელია! ჩვენ თუ გვინდა, სახელმწიფოდ და ცივილიზებულ ერად ვიქცეთ, კანონს უნდა დავემორჩილოთ. ის, რომ პატარა ბავშვის თვალწინ ჩაიდინეს დანაშაული, უფრო ამძიმებს საქმეს. გამოდის, არაკაცებთან გვქონია საქმე. კაცები ვართ, ჩხუბიც მოგვსვლია, მაგრამ ყველაფერს თავისი წესი აქვს. უამრავი უსამართლობა და ცილისწამება, წნეხი და დაპატიმრებაც გამოვიარე. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ - ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და ერეკლე კოდუა დამნაშავეები არიან, აზრად არ მომდის ვენდეტა, ამას არ ვაკეთებ და ველოდები, სასამართლო როდის გამოიტანს განაჩენს. და თუ ვერ დაუმტკიცებენ დანაშაულს, ჩემი მოსაზრება მხოლოდ ჩემს მოსაზრებად დარჩება.

ნაცრეჟიმის დანაშაულები ერთ და ორ წელიწადში ვერ გაიხსნება, ეს რთული პროცესია. დაზარალებულია უამრავი ადამიანი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმის საბაბი, რომ ერთმანეთს ქუჩაში დავხვდეთ და ცხვირ-პირი დავალეწოთ... ასე სადამდე მივალთ.

ვალერი გელაშვილი, დეპუტატი:- ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დამთავრდეს ეს განუკითხაობა! ამაზრზენია, რაც ხდება...
9 წელიწადი ველოდებოდი ჩემი ცემის ფაქტის გამოძიებას. მე თავს ისე არ დავიმცირებ, რომ ვინმეზე შური ვიძიო. წლების განმავლობაში ვილნიუსში ვცხოვრობდი, ირაკლიც და მისიანებიც იქ ქართულ რესტორანში დადიოდნენ. რამდენჯერმე შევხვდით, მაგრამ შურისძიებაზე არასდროს მიფიქრია.

ნანა ფიცხელაური
თეა ხურცილავა
ლალი პაპასკირი
qeti
09 მაისი 2014 17:15
ამ მთავრობას მივმართავ გამოიძიეთ მტყუან -მართალი,ნუ დაგვაბრუნებთ წარსულში.თუ სამართალი არ იქნა ისევ ქურდების გასარჩევი იქნება ეს ამბავი?მიეცით ხალხს იმის რწმენა ,რომ მათ უფლებებს მუკერძოეუბლად სახლმწიფო იცავს.
simartle
09 მაისი 2014 12:23
არ ვიცი ამ კომენტარს გამოაქვეყნებს თუ არა კვირის პალიტრა,მაგრამ არ შემიძლია რომ არ ვთქვა.კომენტატორების დიდი უმრავლესობა არც კი იცნობენ არც ნამორაძეებს და არც სუთიძეებს,მთელი ინფორმაცია ამ ხალხის შემოეფარგლებათ რომ ნამორაძემ კოდუა გალახაო და საკმარისია რადგან კოდუა ნაცი იყოო.ვაი თქვენს პატრონს.თუ სუთიძეების და ხაინდრავას ტიპის ხალხის დაბრუნება მოგწონთ.შვილები მაინც არა გყავთ?თუ 90-იანებში ტყეში ხეებზე იჯექით?არ იცით რომ ეგ ხალხი მკც]ვლელები ,ყაჩაღები,ნარკომანები არიან?ბიზნესი ქაართვეს?და საიდან ჰწონდა ნამორაძე-სუთიძეს ეგ ბიზნესი?რატომ არ კითხულობთ.არ გეყოთ ამ ქოცებს 2 წელი სულ ტყუილებში ცხოვრება?
david67
08 მაისი 2014 19:23
Tbiliseli. შავი გაგება სჯობია თუ წითელი?საერთოდ როდესაც ვერ აღწევს ადამიანი სამართალს ეგრეთწოდებული კანონიერი გზით, ასეთი შედეგით მთავრდება, ზოგჯერ უარესითაც. შენ გინდა შავი უძახე და გინდა ნარინჯისფერი.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები