"ქმარი ემუქრებოდა, ან ჩემთან იქნები, ან მოგკლავო და აასრულა კიდეც"
19-05-2014
"ქმარი ემუქრებოდა, ან ჩემთან იქნები, ან მოგკლავო და აასრულა კიდეც"
"ამ არაკაცმა ერთხელ სოფოს დახრჩობაც სცადა, მეორედ ფანჯრიდან აგდებდა..."

"სოფო ჩვენი სამსახურის სახე იყო, მოფერებით მონიკა ბელუჩის ვეძახდით... მეზიზღება სოფოს მკვლელი!.."


გასულ კვირას თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, ტრაგედია დატრიალდა - 27 წლის სოფო ზურებიანს ყოფილმა მეუღლემ, 32 წლის ალექსანდრე ცოცხალაშვილმა 5 ტყვია დაახალა, მძიმედ დაჭრა სოფოს ძმა, თემზა ზურებიანი. 25 წლის თემზას ორი ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული, ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ ისევ მძიმე მდგომარეობაშია. ფინანსთა სამინისტროს სპეცრაზმელი ალექსანდრე ცოცხალაშვილი იმავე დღეს
დააკავეს...


სოფო ზურებიანი საჯარო რეესტრის თანამშრომელი იყო. იმ საბედისწერო დღეს სამსახურიდან საღამოს, 9-ის ნახევარზე გამოვიდა. როგორც ირკვევა, სოფოს მეუღლემ შეხვედრა სთხოვა, ისიც დათანხმდა და ერთმანეთს იუსტიციის სახლთან შეხვდნენ. ალექსანდრე ცოცხალაშვილმა სოფო სახლამდე მიაცილა. ოჯახის წევრების თქმით, ქმარი ცოლს შერიგებას სთხოვდა, სოფო კი კატეგორიულ უარზე იყო.
ეს გახდა მათი კონფლიქტის მიზეზიც. სოფოს ქმარი შინ შესვლის საშუალებას არ აძლევდა, ამიტომ სოფომ ძმას დაურეკა და გარეთ გამოსვლა სთხოვა.
გამოძიების მტკიცებით, ცოლისძმამ ალექსანდრეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ალექსანდრემ გინებას გინებითვე უპასუხა და თემზას სახეში სილა გააწნა. შემდეგ კი ტაბელური იარაღიდან ესროლა. ძმამ დისთვის მხოლოდ ამ სიტყვების თქმა მოასწრო: "სოფო, გაიქეცი!". ფაქტის თვითმხილველი ჰყვება, რომ სასოწარკვეთილი გოგო დახმარებას ითხოვდა და მშველელს უხმობდა, ახლა მისკენ გაემართა ქმარი. სოფომ გაქცევა სცადა, მაგრამ ქმარი გაეკიდა და რამდენიმე ტყვია დაახალა.

"სროლის ხმაზე გამოვცვივდით და დაჭრილი თემზა შეგვრჩა ხელში. სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ. თემზა დროდადრო გონს მოდიოდა და სოფო, სოფოო, გაიძახოდა. სოფო სისხლის გუბეში ეგდო. ფაქტობრივად, ხელში ჩამაკვდა. ტრაგედიის დღეს შინ იყო მამამისიც, ისიც ხმაურზე გამოვარდა და ამ საშინელების თვითმხილველი გახდა", - მითხრა მეზობელმა გოგონამ.

იუსტიციის სახლში მისულს თვალცრემლიანი თანამშრომლები დამხვდნენ.
"იმ დღეს გვიანობამდე შემოვრჩით სამსახურში. სოფომ საღამოს მუსიკა ჩართო, დაღლილები ვიყავით და ჩვენს გამხიარულებას ცდილობდა. სოფო ჩვენი სამსახურის სახე იყო, მოფერებით მონიკა ბელუჩის ვეძახდით. სულ მოღიმარი დადიოდა. ბოლო დროს ვატყობდით, რომ თვალები ჩაუქრა. ეს არ იყო ის ძველი სოფო, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია. სულ ანდრია ეკერა პირზე. ბიჭი 5 წლის არის. წელს სკოლაში უნდა შეეყვანა. ძალიან უხაროდა. სულ ამბობდა, არ იცით, როგორი ჭკვიანი შვილი მყავს, როგორც დიდს, ისე ველაპარაკებიო. მეზიზღება სოფოს მკვლელი. რამხელა ბოროტება ყოფილა მასში ჩაბუდებული," - მითხრა სოფოს თანამშრომელმა.
სოფო და ალექსანდრე 6 წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ ერთად მუხიანში. თებერვალში ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. როგორც ირკვევა, ზურებიანების ოჯახის პრობლემის შესახებ ნათესავებმაც არ იცოდნენ. თუმცა, რა ხდებოდა სოფოს სულში, ამის გაგება "ფეისბუკის" გვერდიდანაც შეიძლება. სოფოს გვერდზე მწერალ ოტია იოსელიანის სიტყვებს ვკითხულობთ: "ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნახევარი არგია სხვას და არც შენ - სხვის ნახევარს. ორივეს ცხოვრება დაღლილი წამებაა. ხანჯლით შუაში გაჩეხილები არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია".

ერთი თვეა სოფოს დედა ისრაელში წავიდა სამუშაოდ და ამ ტრაგედიის შემდეგ ჩამოვიდა.
'"სოფოს დედა განადგურებულია. მოთქვამს, - ჩემი შვილი სულ მეუბნებოდა, მასთან ვერ ვიცხოვრებო, მე კი მათ შერიგებას ვცდილობდი, არ მინდოდა, ოჯახი დაენგრია და ხედავთ, სადამდე მივედითო.
სოფოს ქმარი ძალიან ეჭვიანი ყოფილა. პათოლოგიური სიმთვრალეც ჰქონია, მაგრამ ამას ქალები მალავდნენ. რომ ეთქვათ ნათესავი კაცებისთვის, მოაგვარებდნენ ამ პრობლემას. ახლა ვიგებთ, რომ ბევრჯერ წამოსულა სოფო სახლიდან. ამ არაკაცმა თურმე ერთხელ მისი დახრჩობაც სცადა, მეორედ ფანჯრიდან აგდებდა... ახლა თურმე ამბობს, რომ მათი მოკვლა არ უნდოდა და ძმამ გამოიწვია, უნდა, რომ თავი დააღწიოს სასჯელს. ღმერთს შევთხოვთ, თემზა გადარჩეს, მის გარდა არავინ ჰყავთ მის მშობლებს. სოფოს ბიჭი ანდრია მეზობელთან არის და სულ დედას ეძებს. სამი დღეა ტანზეც არ გაუხდია. ამბობს, დედა მოვა და გამხდისო. არ ვიცი, როგორ ეტყვიან ამას... თურმე სოფოს ქმარი ემუქრებოდა, ან ჩემთან იქნები, ან მოგკლავო და აასრულა კიდეც", - გვითხრა ზურებიანების ნათესავმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ცოცხალაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ განზრახ მკვლელობა არ სურდა.
ბრალდებულის ჩვენებიდან: "მე იქ განზრახ მკვლელობის ჩასადენად არ მივსულვარ. ბავშვი მინდოდა მენახა. ვიფიქრე, მაღაზიაში რამეს ვუყიდი, 15 წუთი დავრჩები და წავალ-მეთქი. ამ დროს მომიხდა შელაპარაკება თემზასთან. მისთვის მოსაკლავად არ მისვრია, ასფალტზე ვისროლე და არა დამიზნებით".
ჯერჯერობით გამოძიებას არ დაუკითხავს დაჭრილი თემზა ზურებიანი, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ბრალდებულს 2 ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თეა ხურცილავა
sesi
15 ივნისი 2014 15:51
მაგის საქციელს გამართლება არ აქვს,მაგრამ თქვენი გასარჩევი არააა ეგ არავინ იცის იქ რა მოხდა და ენებს ნუ ატლიკინებტ ხვალ და ზეგ არავინ იცით ვინ რისი გამკეთებლები ხართ სხვის ცოდვაზე ნუ გახდებით ხოლმე ფრთიანი ანგელოზები ამ კომენტარებით ვერავის ვერაფერს ვერც უშველით და ვერც უთანაგრძნობ!
123
23 მაისი 2014 02:30
10-13 წლამდე? ადამიანი მოკვლა ამ ძაღლმა, მეორე კი სიკვდილის პირას არის. მაინც და მაინც 200 ადამიანი უნდა გამოასაღონ სიცოცხლეს სამუდამო პატიმრობა რომ მიცენ?


მიმიფურთხებია თქვენი სამართლისთვის.
xatoo
22 მაისი 2014 21:17
ეს ავადმყოფი ჩემს სასწავლებელში სწავლობდა,,ყოველტვის .მეშინოდა მისი,,მის სახეზე ყოველთვის სადისტობა,,ავადმყოპობა,,სისასტიკე იკითხებოდა,,გაღიმეებულიც კი არ მახსოვს

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები