"მოროშკინამ დარბაისელი დაჩანგლა"
26-05-2014
"მოროშკინამ დარბაისელი  დაჩანგლა"
"მაქვს ინფორმაცია, რომ პრემიების სახით გაცემული ორ მილიონზე მეტი თანხა დარბაისელის ჯიბეში დაილექა..."

"მისი ყველა ქმედება ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად... დარბაისელი "ნაცმოძრაობის" ზონდერია და შეკრულია ოპოზიციასთან"


ციხეების, პატიმრებისა და სისტემის ადმინისტრაციის "ცუდი ბიჭების" თემა წინასაარჩევნოდ ისევ აქტუალურია. ამჯერად სკანდალის მიზეზი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში პრემიების გაცემა გახდა. თანხა ერთობ "მოკრძალებული" იყო - ერთ თვეში ორ მილიონ ლარზე მეტი.“პრემიის ლაურეატების”გვარ-სახელები საზოგადოებას "ნაციონალურმა მოძრაობამ" წარუდგინა ჩვეული გულმოდგინებით, მოგვიანებით კი დარბაისელის მადაზე მისმა მრჩეველმა ლალი
მოროშკინამ ატეხა განგაში. ამ ყველაფერს კი დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტრი დარბაისელის თანამდებობიდან დარბაისლურად გამოთხოვება მოჰყვა. პრემიების ასე გულუხვად დარიგებამ საზოგადოების მძაფრი აღშფოთება გამოიწვია, თუმცა ხელისუფლების მკაცრი კრიტიკა მადააღძრული ჩინოვნიკების მიმართ მოსახლეობას არ მოუსმენია. მეტიც - ირაკლი ღარიბაშვილმა ლამის ქების სიგელი გადასცა დიმიტრი დარბაისელს და ვაჟკაცურ ნაბიჯად
შეაფასა მისი გადაწყვეტილება (ნებით თანამდებობის დატოვება ადვილი არ არის, ცხადია), სკანდალის მთავარი მიზეზი კი არც გახსენებია.

ამ საკითხზე "კვირის პალიტრა" გახმაურებული ამბის მთავარ გმირს - დიმიტრი დარბაისელს დაუკავშირდა, რომელმაც ვრცელი საუბარი არ ისურვა, თუმცა ძალიან გვთხოვა, მისი განცხადება გამოგვეყენებინა, როგორც კომენტარი:


"მე ძალიან მძიმე პერიოდში მომიწია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობამ. დასამალი არ არის, რომ ეს უმძიმესი სფეროა. პატიმრებთან მუშაობა და ურთიერთობა განსაკუთრებულ უნარს მოითხოვს თანამშრომლებისგან, მით უმეტეს, როცა დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომებია საჭირო. დეპარტამენტი, მისი თანამშრომლები ნამდვილად ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივუახლოვდეთ სასურველ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ მე, როგორც მენეჯერმა, საჭიროდ ჩავთვალე და თავად მივიღე გადაწყვეტილება თანამშრომლებისათვის პრემიების გაცემის შესახებ, რათა მათ მეტი მოტივაცია ჰქონოდათ. მათ 24-საათიან რეჟიმში, უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა ყველაზე რთულ, გარდამავალ პერიოდში. ისინი, ფაქტობრივად, ვერ ნახულობენ საკუთარ ოჯახებს და სამსახურში უწევთ ღამეების თენება. სწორედ ასეთი მუშაობის შედეგია, რომ მათ რეალურად შეცვალეს ის ნეგატიური ტენდენციები, რომელთაც ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების სისტემაში ჩემს დანიშვნამდე. ჩემმა გადაწყვეტილებამ გააჩინა კითხვები და გამოიწვია უკმაყოფილება".

როგორც დარბაისელი აღნიშნავს, ძნელი იყო, საზოგადოებისთვის აეხსნა, როგორ ერთგულად ემსახურებოდა სასჯელაღსრულების სისტემას და მთელ საქართველოს, ამიტომ გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება. რაც შეეხება ზონდერების თემას, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავს აბსურდულ ბრალდებაზე რამის თქმას არ აპირებს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტში განვითარებულ მოვლენებზე "კვირის პალიტრა" დარბაისელის ყოფილ მრჩეველ ლალი მოროშკინასაც ესაუბრა.

- დიმიტრი დარბაისელის გადადგომა ჩემი კი არა, მთელი საქართველოს დამსახურებაა.
ის ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ თავისი ნებით გადადგა და ქვეყანა უყვარს, თუმცა საქმე სხვაგვარად გახლავთ - დარბაისელი ნარკომანია და იცოდა, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე მას დასჭირდებოდა ნარკოლოგიურიდან ცნობის აღება, რასაც ვერ შეძლებდა. თანამშრომლებს მძიმე სამუშაოს შესრულებისთვის გამოვუწერე პრემიებიო, ამბობს. სამი კვირის მოსული იყვნენ დეპარტამენტში, ჯიბეები რომ გაივსეს და მაინტერესებს, დაღლა და ღამეების თენება სამ კვირაში მოასწრეს? მაქვს ინფორმაცია, რომ პრემიების სახით გაცემული ორ მილიონზე მეტი თანხა დარბაისელის ჯიბეში დაილექა. უნდა დაიკითხოს ყველა თანამშრომელი - დაგვიდასტურონ, რომ მართლა მიიღეს გამოწერილი პრემიები. იქნებ "ნაციონალების" ე.წ. ობშჩიაკში დააბრუნეს, რომელსაც დარბაისელმა მისცა გზა - ვინ იცის! მე სასამართლოში შემაქვს სარჩელი ტონი მონტანას”(ასე ვეძახი დარბაისელს) წინააღმდეგ და ის პასუხს აგებს ყველა დანაშაულზე.

- პრესკონფერენციებზეც არაერთხელ ახსენეთ დარბაისელი და მისი გუნდი, რომლებსაც ზონდერებს უწოდებთ. გაქვთ ასეთი ბრალდების მტკიცებულებები?

- "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს გეგმა, როგორ უნდა გაიმეორონ უკრაინული მაიდანი საქართველოში. დიმიტრი დარბაისელი "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერია, შეკრულია ოპოზიციასთან და მათ ინტერესებს ემსახურებოდა დეპარტამენტში. ციხიდან უნდოდათ სიტუაციის არევა და ამისთვის დარბაისელს იყენებდნენ. მას 250-კაციანი კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმი ექვემდებარებოდა.

საინტერესოა ისიც, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დარბაისელმა დეპარტამენტი "ნაციონალური მოძრაობის" ერთგული ზონდერებით გაავსო. ყველა ამოცნობილია და მათ მიმართ უნდა დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.

- როგორ ფიქრობთ, თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელს მთლიანი სისტემა ხელთ ეპყრა, მინისტრი რას აკეთებდა ამ დროს?
- სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ რამდენჯერმე გამოთქვა სამსახურიდან წასვლის სურვილი და სწორედ იმ მორალური წნეხის შედეგი იყო მისი განცხადებები. დარბაისელის ყველა ქმედება ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ამ კაცმა ისიც კი გაბედა, რომ ციხეების მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი დაეკავებინა. მან კარგად იცოდა, რომ მონიტორების შეურაცხყოფის გამო სკანდალი ატყდებოდა, რაც ხელისუფლებას დააზარალებდა. სუბარი თვითონ იყო სახალხო დამცველი და, როგორ ფიქრობთ, როცა უჩა ნანუაშვილის თანამშრომლები, ფაქტობრივად, დააპატიმრეს, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა? მოკლედ, სოზარ სუბარს დარბაისელთან მუშაობა არ უღირდა და სწორედ ეს იყო მიზეზი, მას გადადგომის შესახებ განცხადება გაეკეთებინა.

- ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თქვენ სამსახურში არ დადიოდით და ისე იღებდით ხელფასს. ეს ინფორმაცია დეპარტამენტიდან რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა...
- როცა ზონდერები მოიყვანა დარბაისელმა უწყებაში და რამდენიმე კარგი თანამშრომელი გააგდო, მისი მიზნები და მოყვანილი ხალხი ამოვიცანი. ამიტომ ავდექი და ამის შესახებ მოდულში მივიტანე ინფორმაცია. დარბაისელს, ცხადია, არ უნდოდა, მათ გვერდით ვყოფილიყავი, ამიტომ შემომთავაზა, სამსახურში არ მევლო და ხელფასს ისე მივიღებდი. ეგონა, კონფორმისტი ვიყავი და მის შეთავაზებას დავთანხმდებოდი. დეპარტამენტში განვითარებულ მოვლენებზე მიტანილ განცხადებაზე მოდულში რეაგირება არავინ მოახდინა, სამაგიეროდ, ეს ინფორმაციები "ნაციონალების"”ხელში მოხვდა.

- გახმაურდა მერაბიშვილის მატროსოვის ციხიდან გაყვანის საკითხი. როგორ ფიქრობთ, სიმართლეა ოპოზიციის განცხადება, რომ მათი ლიდერი ციხიდან კონსპირაციულად გაიტაცეს და მთავარ პროკურორს მიჰგვარეს?
- როგორც დეპარტამენტში მითხრეს, ვიღაც სუსტი აღნაგობის პატიმარი, თავზე გადაფარებული პიჯაკით, მართლაც გაიყვანეს ციხიდან დარბაისელის დავალებით, მაგრამ მაშინ არავის უფიქრია, რომ ეს შეიძლებოდა მერაბიშვილი ყოფილიყო. ის ცოტა ხნის წინ 2006 წლის ბუნტის გამეორებასაც გეგმავდა ციხეში, სპეცრაზმით აპირებდა, დაუმორჩილებელ პატიმრებს გასწორებოდა, მაგრამ მინისტრის პრინციპულობის წყალობით დაგეგმილი პროვოკაცია ჩაიშალა. ჩვენ მოვითხოვთ, დაიწყოს ამ საქმეების გამოძიება. გამოსაძიებელია პატიმარ ფარტენაძის მკვლელობის საქმეც. იგი იმ ციხეში მოკლეს, სადაც არ უნდა გადაეყვანათ. გამოძიების დასრულების შემდეგ გამოაშკარავდება დარბაისელის ნამდვილი მიზნები და პასუხსაც აგებს ყველაფრისთვის. 

- სკანდალი პრემიების დარიგებით დაიწყო... თუმცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის განცხადებით, თქვენც მიიღეთ სოლიდური პრემია...
- დამიმტკიცონ, რომ 27 ათასი მაქვს პრემიის სახით მიღებული - დადონ ყველა ფურცელი, ყველა მამხილებელი დოკუმენტი... სასამართლოში საია-სთან ერთად დავიწყებ პროცესს და ამ ბრალდებების გამო ყველა აგებს პასუხს. მათ 40-40-ათასლარიანი პრემიები აქვთ აღებული. მე მოვითხოვ, გამოქვეყნდეს ჩემი ხელფასის ამონაწერი 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან გათავისუფლებამდე.

უტა ბიწაძე

.
05 თებერვალი 2015 11:39
ისე აღებული 40 000 პრემია დეკლარაციაში რატომ არ აქვს ასახული?
123456
29 მაისი 2014 16:49
დიმიტრი დარბაისელი ნარკომანი ნამდვილად არ არის, საიდან მოდის ამდენი ჭშორი არ ვიცი, მე მას არ ვამართლებ, მაგრამ ყველაფერ საშინელებას ნუ მივაწერთ ერთ ადამიანს.

რედაქტორის რჩევით