"ხელში სისხლიანი დანა ეჭირა და გოდებდა, შვილი შემომაკვდაო" - კვირის პალიტრა

"ხელში სისხლიანი დანა ეჭირა და გოდებდა, შვილი შემომაკვდაო"

"ჩემმა ძმამ მამა მკვლელად აქცია"

"ცოლს მუშტითყბა ისე ჩაუმტვრია, რომ  გოგოს ოპერაცია დასჭირდა, ერთხელ დანითაც დაჭრა"

69 წლის გოგი სადუნაშვილმა რამდენიმე დღის წინ 42 წლის ვაჟი, ლევანი, დანით მოკლა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ბრალდებულმა მკვლელობის იარაღი - სისხლიანი დანა - გადასცა სამართალდამცველებს და შვილის მკვლელობაც აღიარა.

სადუნაშვილები მცხეთაში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში ცხოვრობენ. მათთან მიმავალს ლევანის დედა, ლილი სადუნაშვილი შემომხვდა. უბადრუკი ქოხი დამანახა - აქ მოხდა ჩვენი უბედურება, იქ შესვლაც არ შეიძლება. ჩემს ქალიშვილთან წამოდითო და გზა ნინო სამყურაშვილის სახლისკენ განვაგრძეთ.

ნინო სამყურაშვილმა ტრაგედიის დეტალები გვიამბო: - მიჭირს საუბარი, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა. მამაჩემი ჩემმა ძმამ აქცია მკვლელად. მან მთელ ოჯახს სიცოცხლე გაგვიმწარა.

დალხენით არ ვცხოვრობდით, მაგრამ მშობლების მოფერება და ზრუნვა არ გვაკლდა. მამა ცეკვის მასწავლებელი იყო, საოცრად ლაღი ადამიანი. ჩვენი სახლიდან სულ სიმღერის ხმა გამოდიოდა. ჩემი უმცროსი ძმა, დიტო დაბადებიდან  ავადმყოფობდა და მშობლებს ხშირად საავადმყოფოში უწევდათ ყოფნა. მე და ლევანი შინ მარტოები ვიყავით.

ლევანი მეშვიდე კლასში იყო, ქუჩის ბიჭებს რომ აჰყვა. 16 წლისამ თელაველი გოგო შეირთო ცოლად და სამი ქალიშვილი შეეძინათ. ჩემი ძმა სულ სვამდა და ცოლს უმოწყალოდ სცემდა...  ერთხელ მუშტით ყბაც ჩაუმტვრია და გოგოს ოპერაცია დასჭირდა. მერე დანითაც დაჭრა. საბოლოოდ, ჩემმა რძალმა ბავშვები დაგვიტოვა და წავიდა. ჩემს ძმისშვილებს უამრავი ტკივილი აქვთ გადატანილი. ახლა დიდები არიან, გათხოვდნენ... ლევანს შეეძლო შვილები უმოწყალოდ ეცემა იმის გამო, თუ ჯიხურიდან სასმელს არ მოუტანდნენ. რაც დრო გადიოდა, უფრო აუტანელი ხდებოდა. ამას მისი ნასამართლობაც დაემატა.

პირველად გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ცოლი კი ჰყავდა, მაგრამ გოგო შეაცდინა. მაშინ  მალე გამოვიდა ციხიდან. ამას მოჰყვა 7-წლიანი პატიმრობა ყაჩაღობის ბრალდებით... მერე ორი წელი ქურდობისთვის იჯდა. სულ სვამდა და მშობლებს სასტიკად სცემდა, ამიტომ ისინი ჩემთან გადმოვიყვანე. შინ არც სკამი დამიტოვა და არც ჭურჭელი, სულ დამილეწა. ერთხელ დედაჩემი ფეხებით ათრია.

20 მაისს კი ეს ტრაგედია დატრიალდა. უბედური შემთხვევით 7 წლის შვილი დავკარგე. წელს მისმა კლასმა დაამთავრა და ბავშვებმა ჩემი შვილის სახელზე წარწერიანი მაისური მომიტანეს. გული კინაღამ გამისკდა. სამსახურში უფროსს გავეთავისუფლე და შინ წავედი. მამაჩემი დამხვდა - არ ვიცი, რა ვქნა, ლევანი ისევ საშინლად მთვრალიაო. ვტიროდი და მამას შევეხვეწე, - დღეს ლევანზე ნუ ვილაპარაკებთ-მეთქი... ცოტა ხანში მამაჩემის განწირული ყვირილი შემომესმა: - ნინო, მიშველეო. სახეშეშლილს ხელში სისხლიანი დანა ეჭირა და გოდებდა ლევანი შემომაკვდა, პოლიციაში დარეკეო... მკლავდა, თავი ვერ დავაღწიე, პიანინოზე დანა იდო, ავიღე და ჩავარტყი. ნეტავ, ციხიდან ცოცხალი არ გამოვიდე, დედაშენს თვალებში ვერ შევხედავ, შვილი მოვუკალიო. მამას ტუჩიდან სისხლი სდიოდა, თვალი ჩალურჯებული ჰქონდა,  ყელზე ნაკაწრები და ნაჭდევი ეტყობოდა, ჩანს, ახრჩობდა... ლევანს ერთი ოთახი ჰქონდა. სულ 8 კვადრატული იქნება, ის მამაჩემმა თავისი ხელით ააშენა მას მერე, რაც სამი წლის წინ ჩემმა ძმამ სახლს ბენზინი მიასხა და დაწვა...

ოთახში რომ შევვარდი, საშინელი სურათი დამხვდა. ჩემი ძმა სისხლის გუბეში ეგდო. მან მამა მკვლელად აქცია და ვინ იცის, რამდენი ქალი გააუბედურა - სულ ახალ-ახალი ქალები მოჰყავდა, ჩემი ცოლიაო. ყველას სცემდა და ყველა გაურბოდა. შარშან ოზურგეთიდან ჩამოიყვანა ავადმყოფი გოგო. მასაც სცემდა. არაყი მაგიდაზე უნდა ჰქონოდა, სასმელი აუცილებლად ცოლს უნდა დაესხა. გამოზომილად თუ არ დაასხამდა, ამისთვისაც შეეძლო ეცემა. ჩემმა ძმამ მშობლებს სიცოცხლე გაუმწარა. ერთხელ ჩემ თვალწინ მუცელი გამოიჭრა და ნაწლავი გამოიტანა ხელით. მერე ჭრილობა თავისი ხელით გაიკერა(?!).

ქალბატონ ლილისაც უჭირს შვილზე საუბარი: - მთელი სიცოცხლე ქუჩა-ქუჩა ბარგაკიდებულები დავდიოდით. ჩემს ქმარს ერთხელ ისე სცემა, საავადმყოფოში იწვა. ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე, ღამით, ლევანი მიუჯდა მწოლიარე გოგის, მეგონა, რაღაცას ელაპარაკებოდა, თურმე  ახრჩობდა. გოგიმ სიმწრით მოახერხა, მისთვის ხელი დაეჭირა...

P.S. სასამართლო პროცესზე გოგი სადუნაშვილმა განზრახ მკვლელობაში თავი დამნაშავედ არ ცნო. მას მაინც განზრახ მკვლელობა წარუდგინეს. ოჯახი ახლა სასამართლოს ვერდიქტს ელის. იმედი აქვს, გამოძიება გარემოებებს შეისწავლის და საქმის გადაკვალიფიცირება უფრო მსუბუქ სასჯელზე  მოხდება.

P.P.S. სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როცა მორიგი ოჯახური ტრაგედია დატრიალდა. 29 მაისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკში, 43 წლის ავთანდილ არჯევნიშვილმა მამა, ბეჟან არჯევნიშვილი სადისტურად მოკლა. 66 წლის მამაკაცს ეძინა, როცა ფანჯრიდან მთვრალი გადაიპარა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. იმ ღამეს ხმაური არც ერთ მეზობელს არ გაუგია.

გივი ცანგაშვილი, მეზობელი: - ბეჟანი წესიერი კაცი იყო,  ყველას უყვარდა. ავთანდილი კი სიმთვრალეში არანორმალური ხდებოდა.  იმ დღეს სოფელში შუქი ჩაქრა. გვიან ღამით ჰყავს მამა მოკლული. ახლა ამბობს, მძინარეს ხის ნაჭერი ჩავცხე თავშიო. არადა, დილით მოვიდა ჩემს მეუღლესთან, - წუხელ ვიღაცამ მამა მომიკლაო. უნდოდა მკვლელობა სხვისთვის დაებრალებინა. პოლიციამ წაიყვანა დასაკითხად და იმავე დღეს აღიარა დანაშაული... ოთახში საშინელი სურათი დამხვდა, ბეჟანს თავი შუაზე ჰქონდა გადახლეჩილი. როგორც ჩანს, დაუნდობლად ურტყამდა. ბავშვობაში ავადმყოფობდა და მშობლებს სულ სამკურნალოდ დაჰყავდათ. ძალიან ნაკითხი და განათლებული ბიჭია, მაგრამ ეს საშინელება დაატრიალა...

თეა ხურცილავა