"ჩემი შვილი დაჩეხილია" - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი დაჩეხილია"

"ლელუკა ბევრ ბიჭს მოსწონდა და შეყვარებულიც ეჭვიანობდა"

"გამწარებულ დედას მითხრა, ახლა არ გინდათ ამ ამბის გახმაურება, გოგოა, სახელი არ გაუტყდესო"

საღამოს 11 საათზე, გორში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოს წინ, 14 წლის ბიჭმა უცნაური ხმა გაიგონა. სიბნელე იყო და ბიჭმაც მამას სადარბაზოსთან ჩამოსვლა და ფარნის ჩამოტანა სთხოვა. ეზოში ჩასულ მამას კი შეშფოთებულმა უთხრა, რაღაც გდია, ისეთ ხმას გამოსცემს, თითქოს ლეკვი წკმუტუნებსო. მამა-შვილმა ფარანი მიანათეს და შემზარავი სურათი იხილეს - სადარბაზოსთან გოგონა  ეგდო, არაადამიანურ ხმას გამოსცემდა და მხოლოდ ეს სიტყვები ამოილუღლუღა: "მიშველეთ, დამეხმარეთ!" თვითმხილველი მამაკაცი დაშავებული გოგონას ოჯახის ახლობელია, თუმცა, იმ წუთას გოგონა ვერ იცნო. "მაშინვე მივვარდი, წამოვწიე და ჩავძახე, შვილო, რა მოგივიდა-მეთქი!  უაზროდ მიყურებდა. პატრულს რომ  დავურეკე, მერეღა დავინახე გოგონას კანაფის წვრილი თოკი ჰქონდა ყელზე შემოჭერილი".

დაშავებული დედისერთა ლელუკა ვანიშვილი აღმოჩნდა, იგი უმძიმეს მდგომარეობაში გორის საავადმყოფოში მოათავსეს. იმდენად მძიმედ იყო, რომ მეორე დღესვე თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, გონზე მოვიდა. თუმცა, ჯერჯერობით მისი დაკითხვა ვერ ხერხდება.

გულიკო ბერიძე, ლელუკა ვანიშვილის დედა: - ბავშვი გონებაზე რომ მოვიდა, პირველად ეს მკითხა, დედა, ხომ არ მოვკვდებიო. სხეულზე უამრავი დაზიანება და მოტეხილობა აქვს. წელს ქვემოთ, ფაქტობრივად, დაჩეხილია. კისერზე კანაფის ძაფი ორჯერ ჰქონდა შემოხვეული, სასტიკად ნაწამებია.

- როდის გავიდა სახლიდან და ვის შეხვდა იმ დღეს?

- საღამოს 10-ის ნახევრიდან 10 საათამდე შუალედში. მე სამსახურში ვიყავი, ოჯახის წევრები შინ იყვნენ. სახლში უთქვამს, მარისთან მივდივარო, რომელიც იქვე, 100 მეტრში ცხოვრობს.  მარისთვის მესიჯი მიუწერია და უთქვამს, შEეყვარებულს სად ხვდებოდა. ზუსტად ემთხვევა იმ ადგილს, სადაც ჩემი შვილი დაშავებული იპოვეს. ლელუკა შეყვარებულს როცა ხვდებოდა, ამბობდა, ვხვდებიო. ვიცოდი, ბოლო დროს ნაჩხუბრები  იყვნენ. გოგოა, ბევრ ბიჭს მოსწონდა და მისი შეყვარებული მურად თოფჩიშვილი ეჭვიანობდა.

- თქვენ ეჭვი მაშინვე იმ ბიჭზე მიიტანეთ?

- პირველი დღიდან ვხვდებოდი, რომ ეს დანაშაული მისი ჩადენილი იყო.

დავადგინეთ, რომ იმ კორპუსში, სადაც ჩემი შვილი იპოვეს, თოფჩიშვილის ნათესავების დაკეტილი ბინაა და იმ ბინის გასაღები მათ აქვთ. შესაძლოა, იქ აიყვანა ჩემი შვილი და გაუპატიურება დაუპირა.

ჩვენი ეჭვის შესახებ პირველი დღიდან იცოდა გორის შინაგან საქმეთა სამმართველომ. მისი უფროსი იაგო საური და თოფჩიშვილის მამა, მურადი (ჯაგა) თოფჩიშვილი, მეგობრობენ, ერთად აქვთ ხეტყის ბიზნესი. პირველ დღეს გამომძიებელი ბექა ბეჟანიშვილი  მოვიდა და გამწარებულ დედას მითხრა, ახლა არ გინდათ ამ ამბის გახმაურება, გოგოა, სახელი არ გაუტყდესო.  წარმოიდგინეთ, ჩემი შვილი ისეა ნაწამები, ის გამიხდა სანატრელი, ნეტავ გაუპატიურებული იყოს და სასიკვდილო დაზიანებები არ ჰქონდეს-მეთქი.

ექიმებმა ისიც თქვეს, დაზიანებები ვარდნისგან აქვს მიღებულიო. შესაძლოა, ზემოდან გადმოაგდო დამნაშავემ. ეს გამომძიებელმა უნდა გამოიძიოს, მაგრამ ამას რომ გეტყვის, ის რას გამოიძიებს? უფრო მეტიც, უნდოდათ საქმისთვის თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიეცათ.

ჩემი შვილი რომ დაღუპულიყო, იტყოდნენ, თვითმკვლელობა მოხდაო და საქმეს დახურავდნენ.

ახლა კი სხვა გზა არა აქვთ, გაიგეს, ბავშვი გონებაზე მოდის, იციან, ყველაფერს იტყვის. იმდენი დაზიანება აქვს, აშკარად მოძალადისგან თავს იცავდა. მოძალადე სპორტსმენია და ეტყობა, მოერია.  ჩანს, თოკითაც ათრია, რადგან ყელის არეს ეტყობა  ნახახუნები და ერთ მხარეს გადაჭრილიც აქვს. ეტყობა, წიხლებსაც ურტყამდა, წელს ქვევით 6 მოტეხილობა აქვს. გამოძიებას არ ვენდობი, ამიტომ ალტერნატიული ექსპერტიზაც ჩავატარე.  ლელუკა სამი თვის წინ გორის მე-12 საჯარო სკოლიდან წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმში გადავიდა. ახლა გავიგე, რომ თურმე იმ სკოლის მე-11 კლასში სწავლობდა მისი შეყვარებულიც.

სოფო მიდელაშვილი,  წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სასწავლო ნაწილის გამგე: "ძალიან კარგი ბავშვები არიან ლელუკაც და მურადი თოფჩიშვილიც. როგორც ვიცით, ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ახლა ურთიერთობა არ ჰქონიათ. დაველოდოთ გამოძიებას, სიმართლეს ისინი დაადგენენ".

მურად თოფჩიშვილი, მურად თოფჩიშვილის მამა:

- თქვენს შვილს დაშავებული გოგონას დედა შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს. იმასაც ამბობს, რომ გორის სამმართველოს უფროსი გმფარველობთ.

-  არც კი ვიცნობ სამმართველოს უფროსს. რამდენიმე წელია ხეტყის ბიზნესიც აღარ მაქვს. ჩემი შვილი თვე-ნახევარია არ გაჰკარებია იმ გოგონას, ისინი დაშორდნენ. იმ დღეს სად იყო ჩემი შვილი, ვიცით, გაირკვა, რომ გოგონას არც შეხვედრია. 5 პედაგოგთან ემზადება, ჭიდაობაზე დადის, ვარჯიშობს, ყველა წუთი გათვლილი აქვს.  სიცრუეა, რასაც ისინი ამბობენ. ერთი კვირის წინ გამოუგზავნა მესიჯი გოგონამ და  ჩემმა შვილმა არც უპასუხა.

- გოგონას მეგობარი ამბობს, ლელუკამ მესიჯით შემატყობინა, მურადს რომ უნდა შეხვედროდაო.

- ჩემი შვილის ტელეფონის ზარებიც შემოწმებულია. გაირკვა, რომ არავითარი ურთიერთობა არ ჰქონიათ. დაკითხვას მეც ვესწრებოდი, იქ გავიგე, რატომ დასრულდა მათი ურთიერთობა, თუმცა, დეტალებზე საუბარი საჭირო არ არის.

- მაშინ თქვენს შვილს რატომ ასახელებენ?

- არ ვიცი. ამ გოგონას ჩვენც ვიცნობდით, როცა შეყვარებულები იყვნენ, ჩვენთანაც მოიყვანა, მაგრამ მერე დაშორდნენ და ამის გამო უნდა დაისაჯოს ჩემი შვილი?

- ოჯახის თქმით, სადაც ბავშვი იპოვეს, იმ კორპუსში თქვენი ახლობლის დაკეტილი ბინაა და გასაღები თქვენ გაქვთ.

- წარმოდგენა არა მაქვს, იმ ბინაში ვინ ცხოვრობს.

სამწუხაროდ, გამოძიება ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

თეა ხურცილავა