ლევან ბუხაიძე - "მას შემდეგ განახევრებული ვარ"
09-06-2014
ლევან ბუხაიძე - "მას შემდეგ განახევრებული ვარ"
"ცხოვრება მიდის და რაღაცები ქარწყლდება ორი რამის - "შარდენ-ბარისა" და ოქროყანის სასაფლაოს გარდა"

"ჩემი ინფორმაციით, იმ ოთხიდან არც ერთი არ არის საქართველოში. ისინი რომ სასათბურე პირობებში ჰყავდათ, ამით ხელისუფლებამ მთელი ქვეყანა ფეხებზე დაგვიკიდა"

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ცოცხალი მოწმე ლევან ბუხაიძე "კვირის პალიტრასთან"
8-წლიან დუმილს არღვევს


შემზარავი ტრაგედია, რომელმაც წინა ხელისუფლების რეჟიმს გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა, "შარდენ-ბარიდან" დაიწყო... 2006 წლის 27 იანვარს ორი მეგობარი - სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე კუდ-ის თანამშრომლებმა
ოქროყანის სასაფლაოზე "დასასჯელად" აიყვანეს, საიდანაც ცოცხალი მხოლოდ ლევანი დაბრუნდა... ლევან ბუხაიძე წლების შემდეგაც უემოციოდ ვერ იხსენებს იმ ტრაგედიას თავის პირველ საგაზეთო ინტერვიუში:


- ლევან, 5 ივნისს სასამართლო პროცესზე თქვენი დაკითხვის შემდეგ, დათა ახალაიას ადვოკატმა განაცხადა, ბუხაიძემ საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება მისცაო.
- ეგ კაცი პროვოკატორია,
ცდილობს მოთმინება დაგვაკარგვინოს. ზაქარეიშვილს რომ ჰკითხო, მე ჩემი მეგობარი ვაწამე და მოვკალი. ძალიან მიჭირს, მაგრამ ვცდილობ, არაფრად ჩავაგდო მისი პროვოკაციული გამოხდომები. ვიღაცების დავალებას ასრულებს და შეგნებულად ავრცელებს ცრუ ვერსიებს. ტყუილად ირჯება ზაქარეიშვილი, ის იმ სიცრუის მანქანის ნაწილია, რომელიც მე, ერთადერთ ცოცხალ მოწმეს, ყველა ხერხით მებრძოდა.

- ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პროკურატურას აქვს შოკისმომგვრელი მასალები, რომელიც საქმეს სხვა მიმართულებით წაიყვანს.

- გამოძიების შედეგი შოკისმომგვრელი შეიძლება იყოს იმ ხალხისთვის, ვისაც ესენი მალავდნენ. მალე ყველაფერი გამოჩნდება.

- რით დაიწყო და როგორ დასრულდა 2006 წლის 27 იანვრის კოშმარული ღამე?

- "შარდენ-ბარში" მისვლამდე, მე, სანდრო და ჩვენი მეგობრები ბარ "კაიზერში", სიონის ეკლესიასთან ახლოს, ნინოობას აღვნიშნავდით. ბარიდან რომ გამოვედით, სანდრომ მეგობარ გოგონას, თათია მაისურაძეს დაურეკა, რომელიც "შარდენ-ბარში" იყო და ჩვენც იქ მივედით ყავის დასალევად... იქვე, მეორე მაგიდასთან ისხდნენ ვასილ სანოძე, თაკო სალაყაია, დათა ახალაია, გურამ დონაძე, ოლეგ მელნიკოვი და თათია მაისურაძე. სანდრო თათიას დაელაპარაკა, რის შემდეგაც ბარიდან წამოვედით...

- გამოსვლამდე სანდროს კონფლიქტი ვისთან მოუვიდა?

- ამას მე არ შევსწრებივარ, საპირფარეშოში გავედი და შესაძლოა, იმ დროს მოხდა რამე. სხვა სუფრის წევრები ამბობენ, რომ სანდრომ შეურაცხმყოფელი რეპლიკები ესროლა მათ... გარეთ გამოსულები ლესელიძის ქუჩას ფეხით გავუყევით. 12 გრადუსი ყინვა იყო და მანქანები აღარც დადიოდა. მალე ML-ის მარკის ვერცხლისფერი ჯიპი წამოგვეწია, გადმოხტნენ, ხელები გადაგვიგრიხეს და მანქანაში ჩაგვყარეს. გვითხრეს, პოლიციის თანამშრომლები ვართო. საბუთები და მობილურები ჩამოგვართვეს და ოქროყანაში აგვიყვანეს. გზაში სანდრომ იკითხა, სად მიგყავართ, აქეთ განყოფილება არ არისო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ერთმა გაარტყა. მიგვიყვანეს სასაფლაოზე და პირდაპირ ცემა დაგვიწყეს. ცალ-ცალკე გვცემდნენ, მას შემდეგ სანდრო აღარ მინახავს... მირტყამდნენ ხელებს, წიხლებს და იარაღის ტარს. ერთხანს ჭკუა გადამეკეტა, წინააღმდეგობას ვუწევდი, წამოდგომა ვცადე და ჩემს დასაშოშმინებლად გერონტი ალანიამ ჰაერში გაისროლა... ბოლოს, როცა ნაცემი ძირს დამაგდეს, ვიღაცამ დაიძახა სანდროზე, გაიქცაო, რაზეც ალანიამ უპასუხა, გამოსირებულები რომ ხართ, იმიტომ გაიქცაო. სანდროს ლანდი არ დამინახავს, არც გაქცევის ხმა გამიგონია. მოძალადეებმა ტანსაცმელი გამხადეს და ყველა ერთად მცემდა, ძირითადად, სახეში მირტყამდნენ. ერთმა ტელეფონი მომანათა სახეში - ალბათ, ფოტო გადამიღო. გულზე ჯვარი და ხატი მეკიდა და ალანიამ მითხრა, ცოცხალი რომ ხარ, ამ ჯვარს და ხატს უმადლოდეო და წავიდნენ...

წელი ძლივს ავითრიე და ფორთხვით ამოვედი ზემოთ, ტანსაცმელს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე, ეტყობა, წაიღეს. ფეხშიშველმა ძლივს გამოვაღწიე სასაფლაოდან.

- მეგობარი არ გიძებნიათ?
- გზადაგზა ვეძახდი სანდროს, მაგრამ ხმა რომ არ გამცა, ვიფიქრე, ალბათ, თავს უშველა-მეთქი. შიშველს ორმა მანქანამ ჩამიარა, მაგრამ ასეთ ყინვაში მაისურისა და საცვლის ამარას არ გამიჩერეს. ავტოგასამართ სადგურს მივადექი, კარი დაკეტილი დამხვდა და ვერანდაზე ავედი. იქ მუყაო ვიპოვე და ცოტა ხანს იმაზე დავდექი, რადგან საშინლად გაყინული ვიყავი. იქვე ორი დაგდებული მანქანა ვნახე, ვიფიქრე, შალითებს მოვხსნი, შემოვიხვევ და მერე პატრონს დავუბრუნებ, ან ფულს მივცემ-მეთქი. ამ დროს  ფანჯარაში შევნიშნე, რომ პირველ სართულზე სპირალიანი გამათბობელი ენთო, მივხვდი, ვიღაც იყო შიგნით. ჩამოვედი და კარზე ვაბრახუნე. მოხუცმა დარაჯმა გამიღო. ავუხსენი, დაგვაყაჩაღეს, გთხოვთ, დამარეკვინეთ-მეთქი. ტელეფონი არა მაქვს და ვერც პოსტს დავტოვებო, მითხრა. მერე მოხუცმა პლედი მომახურა და გავითიშე...

დილით გზაზე ვიღაც მამაკაცი გამოვიდა, გამოვართვი მობილური და პატრულს დავურეკე. ჩამიყვანეს პოლიციაში. მათაც ვუთხარი, მე და ჩემი მეგობარი დაგვაყაჩაღეს-მეთქი, ვინაიდან არ ვიცოდი, რა მოხდა... დავიწყეთ სანდროს ძებნა, მეგობრებთან, ახლობლებთან, შემდეგ საავადმყოფო გადავამოწმეთ, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. ბოლოს ჩვენი მეგობრები ავიდნენ ოქროყანაში და ცხედარი ტყეში იპოვეს.

- ლევან, მეორე მხარე მუდმივად აპელირებს იმით, რომ გაქცევისას სანდრო ხევში გადაიჩეხა და ამიტომ დაიღუპა, მისთვის სასიკვდილო ჭრილობები არ მიუყენებიათო...

- გარდაცვლილი სანდროს მხოლოდ ფოტოები ვნახე. ისეთი დაზიანებები აქვს, დარწმუნებული ვარ (სპეციალისტებიც ადასტურებენ ამას), ჩავარდნით ვერ მიიღებდა. ჭრილობები ჰქონდა ყელის არეში, პარალელური ნასერი ჭრილობები როგორც ტანზე, ისე მკლავებზე... სხვა ვერსიებთან ერთად, პოლიცია დანაშაულის დაფარვის ვერსიაზეც მუშაობდა და ამ ბრალდებით დამაკავეს. ორი დღე იზოლატორში გავატარე. მერე რამდენიმე ჩვენება მივეცი. პირველ ჩვენებაში დავწერე, დაყაჩაღების მიზნით გაგვიტაცეს და გვცემეს-მეთქი (თავიდან ასეც მეგონა).

- ამოცნობის პროცედურამ როგორ ჩაიარა?

- მე მხოლოდ ალანია ამოვიცანი, დანარჩენებს გამოძიებამ დაადო ხელი.

- ოლეგ მელნიკოვი რომ არ უნდა ამოგეცნოთ, ვინ დაგავალათ და ვინ დაგემუქრათ?
- გამომძიებელმა დამალაპარაკა ქალაქის იმჟამინდელ პროკურორ გიორგი ღვინიაშვილთან. მითხრა, ყველაფერი კარგად არის, არ ინერვიულო, მანქანით მოგაკითხავენ და ადვოკატის გარეშე წამოდიო. შეხვედრისას მითხრა, საქმე გამოძიებულია, დამნაშავეები - დაკავებულიო. მნიშვნელობა არა აქვს, ამოიცნობ თუ არა, ჩვენ მაინც გამოძიებული გვაქვს ყველაფერი, შენ მხოლოდ პროცედურა ჩაატარეო. როდესაც 4 ეჭვმიტანილი წარმომიდგინეს, მათგან მხოლოდ ალანია ამოვიცანი, ღაჭავასა და აფციაურზე ვთქვი, ჰგვანან იმ პირებს-მეთქი, მაგრამ მათთვის ხელი მაინც არ დამიდვია. ბიბილურიძე საერთოდ ვერ ამოვიცანი, იმ ღამით ყველაზე მკაფიოდ დამამახსოვრდა ალანია და ვერცხლისფერი ML-ის ჯიპი...
ამოცნობიდან ორ დღეში ისევ დამიკავშირდა გიორგი ღვინიაშვილი და უკვე სხვა ტონით მეუბნება, - მელნიკოვი იქ არ ყოფილა, იცოდე, ტყუილად არ ამოიცნო და თუ ამოიცნობ, შენზე აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, ცრუ ჩვენების მიცემისთვის პასუხისგება მოგიწევსო.

მელნიკოვი ბარიდანვე მახსოვს, ისეთი სპეციფიკური გარეგნობა აქვს, არ შეიძლება, ერთხელ ნახო და არ დაგამახსოვრდეს. ღვინიაშვილის მუქარამ უფრო გამიმყარა ეჭვი, რომ მელნიკოვი იყო დანაშაულის თანამონაწილე. სასამართლოზეც დავინახე, როგორ ცდილობდნენ, მელნიკოვის საქმიდან სუფთად გამოყვანას. მე და სანდროს თითქოს გარეთ მოგვივიდა რაღაც კონფლიქტი და იმ ოთხეულმა (ალექსანდრე ღაჭავა, გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, მიხეილ ბიბილურიძე) თავისი ინიციატივით დაგვსაჯა, რაც აბსურდი იყო. სხვათა შორის, მელნიკოვის ფოტო პირველად ზვიად ძიძიგურმა მაჩვენა და მაშინ მეცნო ძალიან, თუმცა, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი...

- როგორ ფიქრობთ, მაინც ვინ გასცა თქვენი დასჯის ბრძანება?
- იმ სუფრიდან მიიღეს შეკვეთა, ამათ მიხედეთო, კონკრეტულად კი ვერავის დავადანაშაულებ. ეს პროკურატურამ დაადგინოს. რვა წელი გავიდა სანდროს გარდაცვალებიდან, ირინა შვილის სიკვდილსა და უსამართლობასთან ბრძოლას გადაჰყვა, ოჯახი განადგურდა. ჩემზე და ჩემს ოჯახზე აღარაფერს ვამბობ, ჩვენ რაც გადავიტანეთ, ეს ცალკე თემაა...

მე და სანდრო ბანკში ვმუშაობდით ერთად. ძალიან გულღია და პირდაპირი ბიჭი, ნამდვილი ვაჟკაცი იყო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სანდრო აღარ არის და ამის შემდეგ ჩემს პირადზე როგორ ვილაპარაკო? მე ცოცხალი მაინც დავრჩი. ცალკე სანდროს დაკარგვამ საშინელ დღეში ჩამაგდო, მერე ამდენმა გაურკვევლობამ და ეჭვებმა დამღალა. თავიდან რაღაც სვანურ გარჩევებზე ლაპარაკობდნენ. ამბობდნენ, ბრილიანტები ვერ გაიყვესო და ათასი სიბინძურე უნდოდათ დაებრალებინათ, მაგრამ ვერ მოახერხეს.
ჩემი ინფორმაციით, იმ ოთხიდან არც ერთი არ არის საქართველოში. ისინი რომ სასათბურე პირობებში ჰყავდათ, ამით ხელისუფლებამ მთელი ქვეყანა ფეხებზე დაგვიკიდა. მე მას შემდეგ განახევრებული ვარ.

- სანდროს მამამ მითხრა, საქმეში ახალი, აქამდე გაუხმაურებელი ფიგურანტები იკვეთებიანო.

- ეს საქმე მალე დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. მთელი ქვეყნისთვის უნდა გახდეს ცხადი, ვინ, რა, როდის და რატომ ჩაიდინა.

- "შარდენ ბარში" თუ ყოფილხართ მას შემდეგ?
- მე და ჩემი მეგობრები რამდენჯერმე სპეციალურად შევედით, მინდოდა, მომხსნოდა ის სიმძიმე, რასაც წლებია ვატარებ, მაგრამ ამაოდ. ცხოვრება მიდის და რაღაცები ქარწყლდება ორი რამის - "შარდენ-ბარისა" და ოქროყანის სასაფლაოს გარდა.

ნანა ფიცხელაური
თეკლა
12 დეკემბერი 2016 12:20
თუ ქვეყანაში კანონი არ გაკანონდა და ყველას საკადრისი პასუხი არ მოეთხოვა კარგად ვხედავთ რომ ეს დანაშაული არც პირველი იყო და არც უკანასკნელი აღმოჩნდა.მასზე ადრეც და მის შემდეგაც მრავალი სასტიკი მკვლელობები მოხდა. სულ უბრალო მიზეზის გამო სწირავენ ადამიანები ერთმანეთს.საოცრება კიდევ ისაა რომ ამ 3 მილიონიან ქვეყანაში,სადაც თითოეულ ადამიანს თვალის ჩინივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ რომ ქართველი ერი სამუდამოდ არ გაქრეს და არ გადაშენდეს.მკვლელს 7-10 წელს უსჯიან,როცა 30 და 100 მილიონიან ქვეყნებში მკვლელობის ჩამდენი სიკვდილით ისჯება.ე.ი. გამოდის რომ იმათ უფრო მეტად უღირთ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და მკაცრი კანონი აქვთ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე,ვიდრე ჩვენ.
ნიკოლოზი
06 დეკემბერი 2016 11:35
ვკითზულობ კომენტარებს და ამდენი ტვინგაყინული და ამაზრზენი აზროვნების არსება ცხოვრებაში არ შემხვედრია. თურმე მოსაკლავად კი არა მორალის წასაკითხად აუყვანიათ "ანგელოზ" ჯალათებს ოქროყანაში ბიჭები. 12 გრადუს სიცივეში გააშიშვლეს უმოწყალოდ ცემეს ოთხმა შეიარაღებულმა მუტრუკმა, ტყეში მიატოვეს და ფაქტიურად ორივე სასიკვდილოდ გაიმეტეს და ამ დროს მითომ შეფარულად აშკარად ამართლებენ მოძალადეების და მათი მფარველების არაადამიანურ ქმედებებს.ვაი თქვენს პატრონს.
luxo
06 დეკემბერი 2016 09:47
ყველაფერი უტაქტობითა და ამპარტავნობით იწყება, რაც შემდეგ ცხოველური ინსტიქტების გამარჯვებით მთავრდება, (ცუდი აღზრდის გარდაუვალი შედეგი.)

რედაქტორის რჩევით