ახლა "რიჟას" ჯერია?!
16-06-2014
ახლა "რიჟას" ჯერია?!
"უგულავასა და კეზერაშვილს არ უშველით თავის მართლება"

"ჩემი დანაშაული ის იქნებოდა, რომ სელექციით ნარჩევ ქართულ ნაგვებთან ერთად უკანონობა ჩამედინა..."


დიდი რაოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი დააპატიმრეს. შსს-ს ინფორმაციით, ყოფილმა ხელისუფლებამ ევროპიდან ფულის გათეთრებაში დახმარება იმ ბიზნესმენებს სთხოვა, რომლებიც ნებით თუ ძალით მუდმივ სამსახურში იყვნენ სააკაშვილის მთავრობასთან. ამჯერად "ნაციონალების" ლიდერ გიგი უგულავას იმედი გაუცრუვდა, ძველმა პარტნიორმა მათი შეთავაზება უკანონობად ჩათვალა, პოლიციას "ნაციონალების" გეგმები გაანდო და თანამშრომლობაც შესთავაზა...
"რიჟა" რიჟას" ბაზრობს", - ამ სიტყვებით მოიხსენიებდა უგულავა კაპანაძეს "ფეისბუკის" გვერდზე, გივი თარგამაძემ კი ძველ პარტნიორს "ბოზობის ჩემპიონატში გამარჯვებული" უწოდა. "კვირის პალიტრას" ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე ესაუბრა:


- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2004 წელს დაუსაბუთებელი ბრალით დააკავეს ფეროშენადნობთა ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილე ტარიელ ცინცაძე. გვქონდა ინფორმაცია,
რომ ბიზნესის წართმევას გვიპირებდნენ. გადავწყვიტეთ,„ლობი გვეპოვა. მოვნახეთ სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან მისასვლელი გზები და ე.წ. დაკრიშკვა ვთხოვეთ. სიამოვნებით დაგვთანხმდა და მფარველობაში 2 მილიონი აშშ დოლარი და ფეროშენადნობთა ქარხნის წილის 25% მოგვთხოვა. ჩვენ ორ ტრანშად, 500-500 ათასი დოლარი მისივე მოწოდებულ ანგარიშზე ჩავრიცხეთ და გვეგონა, ამით ზეწოლა შეწყდებოდა, თუმცა შევიტყვეთ, რომ დაცვის ნაცვლად დაჭერას გვიპირებდნენ. ალასანიას ვკითხე, - რატომ ვერ მოგვიგვარე ეს საქმე-მეთქი. მიპასუხა, - ყველაფერს დავალაგებო, თან გამაფრთხილა, დარჩენილი 1 მილიონი ჩაგვერიცხა და გამერკვია ფეროს 25%-იანი წილიც. ეს შეხვედრა შედგა ერთ-ერთ რესტორანში. თემურ ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ ნიღბიანები დამესხნენ თავს, ჯიბეში ნარკოტიკი ჩამიდეს და დამაკავეს.

თვე-ნახევარი ვიჯექი ციხეში და თავისუფლების სანაცვლოდ, პროკურატურამ 1 მილიონი ლარი მომთხოვა. ამ მილიონიდან 10 000 ლარი დასჭირდა "დანაშაულისთვის" საპროცესო გარიგებას, რაშიც მედავებოდნენ, დანარჩენი 990 000 სამართალდამცავების დახმარების ფონდში გადავრიცხე.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაგვიბარეს კანცელარიაში და წილების დათმობა მოგვთხოვეს კერძო კომპანია "ინტერპაიპის" სასარგებლოდ. არ დავთანხმდით და სახელმწიფომ დაგვაკისრა 60 მილიონი ჯარიმა. ჩემმა კომპანიონმა ილია კოკაიამ დაურეკა მაშინდელ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს კახა დამენიას, რომელიც მერაბიშვილის და ადეიშვილის კადრი იყო. ის  მოგვიანებით შეგვეხმიანა, - ქარხანას გახევენ“და დაჭერას გიპირებენო. მე და ჩემმა კომპანიონებმა ქვეყანა დავტოვეთ.

უცხოეთში ყოფნისას კეზერაშვილს შევხვდით, მითხრა, სააკაშვილს უნდა წილები დათმოთ, ეს თქვენი უსაფრთხოებისთვის აჯობებსო.

ვიცოდით, უცხოეთში ვერაფერს დაგვაკლებდნენ, ამიტომ აქციები ლობირების ხელშეკრულებით გადავუფორმეთ ინგლისურ კომპანია "სტემკორს", რომელმაც  უკრაინულ კომპანია "პრივატ გრუპთან" ერთად მოახერხა 112 მილიონი დოლარის გადახდა "ჭიათურმანგანუმისა" და "ვარციხეჰესის" აქტივებში, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნება შევძელით. 

- ჩამოსვლის შემდეგ "ნაციონალებთან"  თანამშრომლობა მაინც ააწყვეთ?

- დაბრუნებისთანავე გამოგვიგზავნეს პალიკო კუბლაშვილი, - ადეიშვილს უნდა, სიღნაღში 300 ათასად იყიდოთ პოლიციის შენობის ნანგრევები და 500 ათასი გადაიხადოთ სასტუმროს მშენებლობაშიო. მეტი რა გზა იყო, დავთანხმდით. მოგვიანებით ვანო მერაბიშვილმა რუსთავში ახალი ავტობაზრობის გაკეთება მოგვთხოვა, რომელიც 20 მილიონი აშშ დოლარი ჯდებოდა. მშენებლობის პროცესი გაგვიჭიანურდა, რისთვისაც ჩვენი უკრაინელი პარტნიორები დააკავეს, მეც მოდულში მიკრეს თავი. თურმე ჩემი დაკავების რეალური მიზანი დაშინება იყო: თუ დროულად არ დავასრულებდი ავტობაზრობის მშენებლობას, დამიჭერდნენ. დავაჩქარეთ მშენებლობა და მერაბიშვილმა იარაღიც გვაჩუქა.
ილია კოკაიას ვეუბნებოდი, - კარგად დავმალოთ მათი ნაჩუქარი იარაღი, არ დაგვხოცონ ამით და მერე არ თქვან, ერთმანეთი ამოხოცესო.

- თქვენს ინტერვიუებში ხშირად ახსენებთ ქრთამს, რომელიც უგულავასთვის უნდა მიგეცათ. შუამავალი კი მისი ქვისლი იყო, რომელიც პოლიციამ ფაქტზე დააკავა...

- ჩვენ გვაყიდვინეს გუდაურში სასტუმრო და საბაგირო გზები, რაშიც 10 მილიონი ევრო გადაგვახდევინეს, ხოლო მოგვიანებით 2 მილიონის ინვესტიცია განვახორციელეთ. ერთი წლის თავზე ხელისუფლებას გაეხსნა მადა და 10 მილიონად ნაყიდი ქონება ერთ ლარად დაგვათმობინა. როდესაც გავაპროტესტეთ, გვითხრეს,  ახლა ჯობს, ასე მოიქცეთ, მოგვიანებით გიგი უგულავა სანაცვლოდ რაიმეს შემოგთავაზებთო. გუდაურის სანაცვლოდ მოგვცეს თბილისის ზღვაზე 20 ჰექტარი მიწა, ისიც იმ პირობით, რომ იქ 5-მილიონიან ინვესტიციას განვახორციელებდით. ვიცოდით, თუ ინვესტიციას ჩავდებდით, იმასაც წაგვართმევდნენ. ამ დროს არჩევნები ახლოვდებოდა და დროს ვაჭიანურებდით, რის გამოც მერიამ 200 ათასი აშშ დოლარის ჯარიმა დაგვაკისრა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სხვებს ჩამოაწერეს ჯარიმები და ჩვენც შევიტანეთ განცხადება. ამის მერე
ღონიაშვილი მეუბნება, - გიგიმ დამაბარა, 50 ათასს თუ გადაიხდი, ჩამოგაწერ ამ ჯარიმასო.
სანამ არ გადამახდევინეს 50 ათასი, მანამდე საქმე მსვლელობაში იყო. ესეც არ იკმარეს და თვითმმართველობის არჩევნებისათვის ფულის გათეთრებაში მოინდომეს ჩემი გამოყენება...

- უგულავას თქმით, პრობლემები გქონდათ ფინანსურ პოლიციასთან, რის გამოც გაიძულეს, სამართალდამცავებთან გეთანამშრომლათ...

- სისულელეა. არანაირი პრობლემა ფინანსურ პოლიციასთან არ მქონია. არ უშველით გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და ალექსანდრე გოგოხიას თავის მართლება, რადგან ფულის გათეთრების ფაქტებზე საგამოძიებო ორგანოებს საკმარისი მტკიცებულებები გადავეცი.

- "ნაციონალური მოძრაობის" აზრით, ტყავის გადასარჩენად ნათელმირონიც კი ჩაუშვით.

- ესეც "ნაციონალური" ნაგვების მორიგი პიარხრიკია, რომლითაც ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას. მტკნარი სიცრუეა - არანაირი ნათესაური კავშირი არ მაქვს ღონიაშვილთან. ჩემი დანაშაული ის იქნებოდა, რომ სელექციით ნარჩევ ქართულ ნაგვებთან ერთად უკანონობა ჩამედინა...

უტა ბიწაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით