"პატარამ თითქოს ამოისუნთქა... მაგრამ ექიმმა თქვა, ეს ბოლო ამოსუნთქვა იყოო" - კვირის პალიტრა

"პატარამ თითქოს ამოისუნთქა... მაგრამ ექიმმა თქვა, ეს ბოლო ამოსუნთქვა იყოო"

4 წლის ნინო საკუთარმა ფსიქიკურად დაავადებულმა ბიძამ მოკლა

"იმ საბედისწერო წუთებში ბავშვის დედა მეორე ოთახში ლოცულობდა "

თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე, ჟორჟოლიანების სახლში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა - 4 წლის ნინო ჩიჟუკს ფსიქიკურად დაავადებულმა ბიძამ თავში შანდალი ჩაარტყა და მოკლა. შემზარავი ტრაგედიის დროს გოგონას დედა, თამუნა ჟორჟოლიანი, მეორე ოთახში იყო, როცა რაღაცის დაცემის ხმა მოესმა, ოთახში შევიდა და შოკის მომგვრელი სურათი იხილა. თამუნამ პირველად იატაკზე დაგდებული ძმა დაინახა, მას ხელებზე ვენები გადაეჭრა და იქაურობა სისხლის შხეფებით იყო მოსვრილი. და ძმას მივარდა, მაგრამ ამ დროს იქვე თავისი გოგონაც შენიშნა. გამწარებული დედა ახლა შვილს ეცა, თან კიოდა და შველას ითხოვდა...

სასწრაფო დახმარების ბრიგადა 5 წუთში მივიდა. პატარა ნინიკოს თავის არეში ღია ჭრილობა და თავის ქალისა და სახის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა. ექიმებმა რეანიმაციული სამუშაო მაინც ჩაატარეს, მაგრამ, სამწუხაროდ, პატარის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. ვენებგადაჭრილი თამაზ ჟორჟოლიანი გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც დღემდე მკურნალობს.

სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. უმძიმეს მდგომარეობაშია გოგონას დედა, თამუნა ჟორჟოლიანი, რომლის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, პატარა ნინო კი 19 ივნისს მიაბარეს მიწას. გოგონა ბებიას ბათუმიდან ესტუმრა, მალე ისევ ბათუმში, მამასთან უნდა დაბრუნებულიყო.

კარის მეზობელი: "თამუნას ტირილის ხმა რომ მომესმა და გარეთ გავედი, უკვე სასწრაფოც მოსულიყო. ოთახის ერთ კუთხეში თამუნა იჯდა, ხელები სულ სისხლში ჰქონდა მოსვრილი და ისტერიკულად ყვიროდა, მიშველეთო. თამაზი ძირს ეგდო და სისხლისგან იცლებოდა. თამუნა ჩემს ბინაში შევიყვანე, მერე გავიგეთ, რომ ბავშვი ცოცხალი აღარ იყო. ხელოვნური სუნთქვაც ჩაუტარეს, პატარამ თითქოს ამოისუნთქა, გამწარებულ დედას იმედი მიეცა, მაგრამ ექიმმა თქვა, ეს ბოლო ამოსუნთქვა იყოო. მერე პოლიციაც მოვიდა და სახლში არავინ შეუშვეს. ვიცოდით, რომ თამაზი დაავადებული იყო, მაგრამ აგრესია არასოდეს შეგვიმჩნევია. ხშირად ვხედავდით, ეზოში ბავშვს რომ ასეირნებდა".

ზაირა ალფაიძე, ოჯახის ნათესავი: "თამუნა იმ საბედისწერო წუთებში მეორე ოთახში ლოცულობდა. ოთახიდან სულ რაღაც 10 წუთის გასული იყო. პატარა ნინო მაგიდასთან იჯდა და ხატავდა, იქვე იჯდა თამაზიც. ის ფსიქიკურად დაავადებულია, მაგრამ რას წარმოვიდგენდით, ასეთი საშინელება თუ დატრიალდებოდა. თამაზის 20 დღით ადრე დედამისისთვის უთქვამს, აქ ვერაფერს ვაკეთებ და მონასტერში მინდა წასვლაო. დავპირდი, მე წაგიყვან-მეთქი, მაგრამ ცოტა ხანი მაცალეთო. დედამისს სულ ექიმებთან დაჰყავდა. ფსიქიატრიულშიც ბევრჯერ იწვა. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი ოჯახები დაუცველები არიან. დაავადებულებს ცოტა ხნით ათავსებენ საავადმყოფოში და შემდეგ ოჯახის წევრები იძულებული არიან, ასეთი ავადმყოფები შინ წაიყვანონ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ბევრ ოჯახში მოხდა მსგავსი ტრაგედია. ფსიქიკურად დაავადებული იზოლირებული უნდა იყოს!

თამაზი 19 წლის იყო, მოულოდნელად მამა ინსულტით რომ გარდაეცვალა და მაშინ მიღებულმა სტრესმა გაუმწვავა მდგომარეობა. არადა, მანამდე სპორტს მისდევდა, ბატუტზე ხტომაში ჩემპიონიც კი გახდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია. თამუნა ბათუმშია გათხოვილი, მეუღლე უმუშევარი ჰყავს, ძალიან უჭირდათ და ამიტომ დედამისმა თბილისში წამოიყვანა. აქ ბაღში შეიყვანეს პატარა. თამუნას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, უცხო ენებიც იცის, მაგრამ სამსახური ვერსად იშოვა. საოცრად არტისტული იყო პატარა ნინო, ყველას უყვარდა. ბიძამისიც თავს ევლებოდა. სავარაუდოდ, პირველად მან გადაიჭრა ვენები. ბავშვმა რომ სისხლი დაინახა, ალბათ, იყვირა და შეიძლება, ამ დროს მოქნეული ხელი ძლიერად დაარტყა პატარას, ნინო წაიქცა და საფეთქელი მიარტყა მაგიდას. თამაზი აპარატზე იყო შეერთებული, მხოლოდ ახლა მოხსნეს. მის სანახავად არც ერთი ნათესავი არ მისულა, ყველა გამწარებულია.

გულნარა ვასაძე, ოჯახის ახლობელი: - ოჯახს მხოლოდ დაავადებული თამაზის პენსია ჰქონდა, სოციალურად დაუცველები არიან, ამიტომ სულ ვეხმარებოდი. რამდენიმე თვეა ბავშვი ბებიასთან იყო. თამუნა და ნინო ბათუმში 18 ივნისს მიდიოდნენ. დედამისი ამბობდა, ცოტა ფულს მოვაგროვებ და გავატანო. ძალიან უვლიდა თამაზი ნინოს და უცებ ეს დატრიალდა. ღრიალით ჩამოვიდა ბავშვის მამა, საშინელი სანახავი იყო.

გამოძიება გრძელდება. ჭრილობების მოშუშების შემდეგ 28 წლის თამაზ ჟორჟოლიანს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

თეა ხურცილავა