შავი "ქეში" "კეზერასაგან"?!
23-06-2014
შავი "ქეში" "კეზერასაგან"?!
ვახტანგ მაისაია: "ნაციონალების" ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ფულის ჩამოსატანად მეც დეპუტატებს გავგზავნიდი"

19 ივნისს, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში შეაჩერეს და არადეკლარირებული მილიონი დოლარი უპოვეს, დიდი აჟიოტაჟი ატყდა. თუმცა, მანამდეც არაერთხელ ვრცელდებოდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ "ნაციონალებისთვის" აზერბაიჯანი საქართველოში "შავი ფულის" შემოტანის სატრანზიტო ქვეყანა იყო.
ნადირაშვილი და ჯაფარიძე კატეგორიულად უარყოფენ არადეკლარირებული თანხის არსებობას. ზურაბ ჯაფარიძემ ბაქოს ინციდენტზე ასეთი კომენტარი გააკეთა: "ბაქოში შეხვედრა
გვქონდა რამდენიმე ჩვენს კოლეგასთან. შუადღისას უნდა გამოვფრენილიყავით. როცა "ჩექ-ინი" გავიარეთ და საბაჟო კონტროლზე მივედით, ერთ-ერთმა მებაჟემ გადაწყვიტა, რომ უნდა შევემოწმებინე. უნდა მოეწყო პირადი ჩხრეკა. როგორც ჩანს, სახეზე არ მოვეწონე. ჩაატარეს პირადი ჩხრეკა. გამომართვეს პასპორტი, გააჩერეს ირმა და მასაც გამოართვეს პასპორტი. ამის გამო რეისზე 20 წუთით
დავაგვიანეთ, რის გამოც მოგვიბოდიშეს და გამოგვაცილეს ზრდილობიანად. როდესაც აეროპორტში დავბრუნდით, იქ უკვე მთელი საელჩო იყო. ნაცვლად იმისა, ეკითხათ, მართლა რაიმე პრობლემა ხომ არ გვქონდა, დაკავებულები იყვნენ იმით, რომ მებაჟეს ეკითხებოდნენ, რამდენი "მეშოკი" აღმოაჩნდათო".

"კვირის პალიტრა" აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს დაუკავშირდა:
- 19 ივნისს "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით შევიტყვეთ, რომ ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში ჩვენი მოქალაქეები, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე, შეჩერებული ჰყავდათ საბაჟო სამსახურის თანამშრომლებს. მაშინვე კონსულს დავავალე, გაჭირვებაში ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს დახმარებოდა. კონსული თავიდან ტელეფონით შეეცადა აეროპორტთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ მოახერხა, რის შემდეგაც აეროპორტში წავიდა. როდესაც მივიდა, დეპუტატები უკვე გათავისუფლებული ჰყავდათ. როცა საელჩოს თანამშრომლებმა იკითხეს, რატომ შეაჩერეს ქართველი დეპუტატები, აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა უპასუხეს, რომ იყო დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის გადატანის მცდელობა საზღვარზე.

- ჯაფარიძისა და ნადირაშვილის თქმით, მათ არანაირი თანხა არ ჰქონდათ და აეროპორტში მათი მეორედ გაჩხრეკა საელჩოს წარმომადგენელთა "დამსახურება" იყო.
- სირცხვილია, როცა პარლამენტის  წარმომადგენლები მებაჟისა და დიპლომატის მოვალეობებს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. რის საფუძველზე უნდა მოსთხოვოს დიპლომატმა მებაჟეს ის, თუ ვინ გაჩხრიკოს?! ნადირაშვილი და ჯაფარიძე ამბობენ, რომ თურმე ჩვენი თანამშრომლები მათ უთვალთვალებდნენ და კამერებით უღებდნენ - ეს საელჩოს შეგნებულად დისკრედიტაციის მცდელობაა. საერთოდ, მათი ვიზიტის შესახებ არაფერი ვიცოდით. არადა, ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როცა პოლიტიკოსები სხვა ქვეყანაში ჩადიან და შეხვედრებს მართავენ, თავიანთი სახელმწიფოების საელჩოებს აყენებენ საქმის კურსში. ვიმეორებ - არადეკლარირებულ თანხაზე თავად მებაჟეებმა ჩაგვაყენეს საქმის კურსში, ჩვენ კი არ მოგვიგონია.

ჩვენ ვიკითხეთ კიდეც, რა ბედი ეწია თანხას, უკან დაუბრუნეს დეპუტატებს, თუ კონფისკაციას დაექვემდებარა. თუმცა, იქვე არ გვიპასუხეს. ამაზე, პასუხს ალბათ, უახლოეს ხანში მივიღებთ. ასევე, აზერბაიჯანული მხარისგან ვითხოვთ დაკითხვის ოქმს, ჩხრეკისა და მოკვლევის მასალებს, მათ შორის - ვიდეომასალასაც. ყველა მასალა ოფიციალური ნოტით მოვითხოვეთ და ველოდებით პასუხს.

ვახტანგ მაისაია, პოლიტოლოგი: - ჩემი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში "ნაციონალებს" აზერბაიჯანიდან არაერთხელ შემოუტანიათ არადეკლარირებული თანხა. "ნაცმოძრაობას" პრობლემები შეექმნა, რადგან საქართველოში შემომწირველი არა ჰყავთ. დაფინანსების ძველი ქსელი, რომელიც აწყობილი ჰქონდათ ბიზნესმენ გიორგი კაპანაძისა და გიგი უგულავას ქვისლის, გიორგი ღონიაშვილის მონაწილეობით, გადაეკეტათ (უგულავას ქვისლი პროკურატურამ დააკავა), შესაბამისად, "ნაციონალებს" ქვეყანაში "შავი ფული" შემოაკლდათ. "ნაციონალების" ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ბაქოდან ფულის ჩამოსატანად მეც დეპუტატებს გავგზავნიდი, რადგან მათ საქართველოს საბაჟოზე ვერავინ გაჩხრეკდა - კანონით, სასამართლოს უნებართვოდ დეპუტატის გაჩხრეკა არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის მილიონი, რომელიც "ნაციონალებს" მოჰქონდათ, პარტიის მთავარი სპონსორის, დავით კეზერაშვილის ფული იყო. ის ამ ფულს საქართველოს ბანკებით ვერ გადმორიცხავდა, რადგან საზღვარგარეთიდან "ნაციონალებისთვის" დიდი ოდენობით ფულის გადმორიცხვა შესაბამისი ორგანოების ეჭვს აღძრავდა. რჩება ერთი გზა - ფულის არალეგალურად შემოტანა, რითაც ისარგებლეს კიდეც. ამ საქმეში სააკაშვილიც იქნება ჩართული. სხვათა შორის, თავად სააკაშვილი აცხადებდა, რომ აგვისტოს ომის დროს სუბელიანს ბაქოდან ფული "ქეშად" შემოჰქონდა. აზერბაიჯანულმა მხარემ დაადასტურა, რომ ქართველ დეპუტატებს არადეკლარირებული თანხები ჰქონდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, მოერიდნენ სკანდალს და ამიტომაც ოფიციალური უწყებები არ აკეთებენ კომენტარს. არ არის გამორიცხული, რომ პირველი ჩხრეკის შემდეგ, ნადირაშვილმა და ჯაფარიძემ ფული "პატრონს" დაუბრუნეს (ისინი, როგორც ცნობილია, აეროპორტიდან ქალაქში გაბრუნდნენ). მერწმუნეთ, ჯაფარიძესა და ნადირაშვილს აეროპორტში ტყუილად არავინ გააჩერებდა. საინტერესოა, რატომ არ ასახელებენ იმ ხალხს, რომელთაც აზერბაიჯანში შეხვდნენ?!

ჯაფარიძე აცხადებდა, რომ შეხვედრები აზერბაიჯანელ კოლეგებთან გამართეს. ქართველი დეპუტატების მტკიცებით, ბაქოში ვიზიტისას ისინი 15 ივნისის არჩევნებზე მარნეულში განვითარებულ მოვლენებს განიხილავდნენ (?!). თუმცა, აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის წევრი რასიმ მუსაბეკოვი აცხადებს, რომ მისთვის არაფერია ცნობილი: "ჩვენთან (მილი-მეჯლისში) ქართული დელეგაციის ვიზიტი არ შემდგარა. ვფიქრობ, ქართველი დეპუტატების ჩამოსვლა ბაქოში კერძო ვიზიტს უნდა უკავშირდებოდეს. მეტს ვერაფერს გეტყვით".

მაინც რა უნდოდათ ქართველ დეპუტატებს კერძო ვიზიტით ბაქოში და რატომ შეაჩერეს დიპლომატიური პასპორტის მქონე დეპუტატები საზღვარზე. ამ კითხვების დიდ ნაწილს პასუხი ალბათ, მაშინ გაეცემა, როდესაც აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო ამ ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურებისგან "ბაქოს სკანდალზე" ამომწურავ პასუხს მიიღებს.

უტა ბიწაძე
Erma
29 ივნისი 2014 19:27
Xომ შეიძლება სახელმწიფო თაავის Dონეზე იდგეს. საელჩომ კი არა მთვრობამ უნდა მოითხოვოს დამადასტურებელი Dოკუმენტაცია და ვიდეო მასალა. რამხელა შეურაწყოფაა მეზობელი ქვეყნის. დებუტატები რეისიდან მოხსნეს და იძულებულები იყვნენ მეორე დღეს Gამოფრენილიყვნენ.. ბატონო ხელისუფლებავ ესეც სამართლიაანობის აღდგენა ხომ არ არის.გააგებინეთ ხალხს რა მოხდა ბაქოში.

რედაქტორის რჩევით