"ჯიბის ქურდი ამედევნა, ჩანთაში ხელი რომ ჩამიყო, ვიგრძენი და ვუჩქმიტე"
30-06-2014
"ჯიბის ქურდი ამედევნა, ჩანთაში ხელი რომ ჩამიყო, ვიგრძენი და ვუჩქმიტე"
"ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში დანაშაული არ ხდებოდა, მითია"

გაიზარდა თუ არა "ქუჩური დანაშაულის" მაჩვენებელი საქართველოში


ორიოდე თვის წინ კოსტავას ქუჩიდან მეტროსადგურ "რუსთაველისკენ" მიმავალი მაღაზიასთან შევჩერდი. ის იყო, ჩანთიდან საფულე უნდა ამომეღო, რომ ვიღაცამ ჩანთაში ჩამიყო ხელი, საფულეს ხელი დასტაცა და გაიქცა. არ დავიბენი და ქურდს გამოვეკიდე. ახალგაზრდამ ერთ-ერთი სახლის ეზოს შეაფარა თავი. ჩემდა გასაკვირად, როცა 20-23 წლის ქურდი კუთხეში მივიმწყვდიე და ვუღრიალე, ახლავე დამიბრუნე საფულე-მეთქი, უსიტყვოდ გამომიწოდა.

ჩვენი თანამოქალაქეები
აღნიშნავენ, რომ ტრანსპორტსა თუ ხალხმრავალ ადგილებში ძალიან მომრავლდნენ ჯიბის ქურდები, დღე არ გავა, ვინმემ არ დაიწუწუნოს, რომ მობილური ამოაცალეს, მანქანა გაუძარცვეს, ვიღაც გალახეს ან დაჭრეს და ა.შ.

სტატისტიკა და ხელისუფლება კი იმაზე მიანიშნებს, რომ წინა წლებთან შედარებით საქართველოში იკლო დანაშაულმა, კრიმინოგენული ვითარება არ გაუარესებულა და
შეგვიძლია მშვიდად ვიძინოთ. მოქალაქეებს დანაშაულის მატების შეგრძნება რომ გაუჩნდათ, ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, იმით არის გამოწვეული, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, ახლა ტელევიზიებს არავინ ატერორებს და ისინიც აქტიურად აშუქებენ დანაშაულებს, რომელთაც წინა მთავრობა მალავდა.
ჩვენ მოქალაქეებს გავესაუბრეთ, = ზოგიერთმა ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მაია: "ამას წინათ სამარშრუტო ტაქსიში ჯიბის ქურდი ამედევნა, ჩანთაში ხელი რომ ჩამიყო, ვიგრძენი და ვუჩქმიტე. როცა ტრანსპორტიდან ჩამოვედი, გამომყვა, წინ გადამიდგა, ხელში პატარა დანით და დამემუქრა, ხმა არ ამოიღო, თორემ გამოგფატრავო... შეშინებულმა საფულე კი მივეცი, მაგრამ გამწარებული პოლიციაში მივედი. როგორც მითხრეს, იმ სამარშრუტო ტაქსიში მუდმივად "მუშაობს" ვიღაც ჯიბის ქურდი. მე სულ იმ ნომრით ვმგზავრობ და ერთხელ ხმამაღლა ვთქვი, ამ ტაქსიში თურმე ასე ხდება, ბევრი მგზავრი ჩივის-მეთქი, და მძღოლმა კინაღამ გამლახა, თქვენს ნივთებს თქვენ თუ ვერ მიხედეთ, მე რა ვქნაო".”

ლანა: "ორი თვის წინ, დაახლოებით ღამის 11 საათზე, დაბადების დღიდან შინ ვბრუნდებოდი. სადარბაზოსთან უცნობი ბიჭი შემეჩეხა, ტელეფონი დამიჯდა, დედაჩემია მძიმედ, სასწრაფო გამოვიძახე და აგვიანებს, იქნებ დამარეკვინოთო. ჯერ ვითომ ნომერს კრეფდა, მერე უცებ ჩემი აიფონიანად ადგილს მოსწყდა... პოლიციაში შევიტანე განცხადება, მაგრამ არაფერი ისმის".

თამარი:
"საბურთალოზე დახლი მაქვს. ერთ დღეს ორმა ახალგაზრდამ გამძარცვა - სიმწრით მოგროვებული 400 ლარი წამართვეს და გაიქცნენ. პატრული გამოვიძახე და იცით, რა მითხრეს, რატომ ისეთ ადგილას არ შეინახე, არ წაერთმიათო. არადა, იმ დღეს იჯარის ფული უნდა გადამეხადა. პოლიციამ დანაშაულს არასწორი კვალიფიკაცია მისცა, ნაძარცვად კი არა, ჩემი 400 ლარი დანაკარგად შეაფასა. წარმოგიდგენიათ? აბა, ძარცვა რაღას ნიშნავს?"

ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევებსა და მათ მიმართ პოლიციის დამოკიდებულება-რეაგირებაზე "კვირის პალიტრა" იურისტს, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორს, კახა კახიშვილს ესაუბრა:

- ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილის აზრით, ქვეყანაში დანაშაულმა (განსაკუთრებით ნაკლებად მძიმე კატეგორიის) იმატა...
- სტატისტიკურ მონაცემებში დაეჭვების საფუძველი არა მაქვს, თუმცა, არ მომწონს და მაკვირვებს, როდესაც დღევანდელ მონაცემებს ძველ ვირტუალურ წესრიგს ადარებენ. ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში დანაშაული არ ხდებოდა, მითია. სააკაშვილის დროს ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენების მიმართაც კი ნულოვანი ტოლერანტობა იყო, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ სასამართლო დამნაშავეს პატიმრობას უფარდებდა. დღეს ვითარება შეიცვალა - სასამართლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენების მიმართ აღარ იყენებს პატიმრობას აღმკვეთი ღონისძიების სახით. ის გადასულია არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე და პირობითი სასჯელით შემოიფარგლება. გახსოვთ, ვის ხელში იყო მობილიზებული ტელემედია, სამ არხზე საინფორმაციო გამოშვებებში სიუჟეტებიც კი ერთნაირი გადიოდა. მედია არაფერს ამბობდა მკვლელობებზე, ძარცვასა და გაუპატიურებაზე.

პრობლემა ის არის, რომ როდესაც პატიმრები ამნისტიით გამოვიდნენ, იმავდროულად, სასამართლო მეტ-ნაკლებად ტოლერანტული გახდა ქუჩის დანაშაულის (წვრილმანი ხულიგნობა, ქურდობა, ცემა, ყაჩაღობა) მიმართ, რომელიც აფუჭებს ფონს და აწუხებს საზოგადოებას. ის ტოტალური და პოლიციის პანიკური შიში საზოგადოებას ნელ-ნელა უქრება.

- როგორ უნდა იმუშაოს პოლიციამ დანაშაულის პრევენციისათვის, რათა შემცირდეს ქუჩის დანაშაული?
- შსს-მ პრევენციული მექანიზმები და ღონისძიებები უნდა შეიმუშაოს, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი ტიპის დანაშაული. პატრულმა უფრო აქტიურად უნდა დაიწყოს ქუჩებში პატრულირება, საჭიროა საპატრულო ეკიპაჟების დამატება, რომლებიც ღამის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას შიდა ქუჩებშიც.
პოლიცია ვერ გადაერთო ახალ რეჟიმზე. უკვე ნაკლებად სურს ჩაერიოს წვრილმან დანაშაულში და აცხადებს, რად მინდა ამდენი წერა-კითხვა, დოკუმენტების შეგროვება, რა აზრი აქვს, დამნაშავეს თუ დავიჭერ, სასამართლო მაინც გაუშვებსო. პოლიციამ ცხვირი კი არ უნდა ჩამოუშვას და თქვას, აღარ დავიჭერ იმიტომ, რომ მაინც უშვებენო, არამედ უნდა იმუშაოს, რომ თუნდაც ის მოქალაქე, რომელსაც პირობითი სასჯელი აქვს, კონტროლზე აიყვანონ და იმუშაონ მის რესოციალიზაციაზე. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ პატრული არა მარტო დადის ქუჩებში და ბენზინს წვავს, არამედ თუ საჭირო იქნება, რეაგირებასაც მოახდენს. პროკურატურა კი უნდა იდგეს სადარაჯოზე, რათა არ დაინერგოს ისეთი მანკიერი პრაქტიკა, როდესაც პოლიცია აღარ იბარებს განცხადებებს მომხდარ დანაშაულებზე, რათა არ გააფუჭოს სტატისტიკა.

ეს არის სისტემა, რომელიც ასაწყობი და დასახვეწია, რომ ვითარება ხელიდან არ წაგვივიდეს. პოლიციამ სტატისტიკის გალამაზება რომ ვერ გაბედოს, ამას პროკურატურის ადეკვატური რეაგირება სჭირდება.

ოფიციალური სტატისტიკა

ახლახან შს სამინისტრომ 2014 წლის 5 თვისა და ცალკე მაისის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
2014 წლის 5 თვეში რეგისტრირებულია 11 912 დანაშაული, აქედან 7 932 გაიხსნა. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 66,59%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ  პერიოდთან შედარებით დანაშაული 9,86%-ით შემცირდა.
2014 წლის მაისში რეგისტრირებულია 2 250 დანაშაული, აქედან 1 388 გაიხსნა. გახსნის კოეფიციენტია 61,69%. წინა წლის მაისთან შედარებით დანაშაულმა 13,63%-ით იკლო.

ნანა ფიცხელაური
....
03 ივლისი 2017 10:56
სასამართლო ტოლერანტული გახდაო ქუჩის დანაშაულის (წვრილმანი ხულიგნობა, ქურდობა, ცემა, ყაჩაღობა) მიმართო,ყაჩაღობისო ხალხოო!,ყაჩაღობისო!
მეა
03 ივლისი 2017 00:23
აუ ეს ამბსვი 2006 წელში მოხდა ახლა საიდან გამოთხარეს 2014 წლით??? ეგ ჩემი მეზობი იყო. მეც დამემართა მსჰავსი მღშუტკაში ჩანთიდან საფულე ამომავალა დავინახე და ვანიშნე ჩადე მეთქი ჩადო ტუჩებზე თითი მიიდო გაჩუმიო.მალევე ჩავიდა თან მგზავრობის საფასური გადამიხადა:))) მერე ერთხელ კუდევ ამოვიდა იმავე ნომერში რომ დამინახა ეგრევე გააჩერებინა მძღოლს და ჩავიდა ეს ყველაფერი იყო 21 წლის წინ და არა ახლა
mako
02 ივლისი 2017 23:48
ramdenime dgis win shemi mezobels satvirtodan akumulatorebi amoacalec,patruli ki gamoidzaxa magram amaod

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები