"მადლენამ ჩემი ოჯახი ამოწყვიტა" - კვირის პალიტრა

"მადლენამ ჩემი ოჯახი ამოწყვიტა"

"ოცი წელია, ჩემს მიცვალებულებს ვეძებ"

"მუსიკის მასწავლებელი უცებ კახეთის "მხედრიონის" უფროსი გახდა"

"მადლენა მთელ კახეთს აზანზარებდა, მისი ყველას ეშინოდა"

კახეთის "მხედრიონის" ყოფილ უფროსს მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილს (რომელიც ცოტა ხნის წინ დააკავეს) რამდენიმე კაცის განზრახ მკვლელობის ორგანიზატორობაში ედება ბრალი. მართალია, მას შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ გურჯაანში ყველას ახსოვს უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნის, ვასილ იმერლიშვილის, სახლში დატრიალებული ტრაგედია - დანაშაულებრივმა ჯგუფმა ოჯახის ხუთი წევრი მოკლა და შემდეგ ცხედრები გააქრო. ჩვენ იმერლიშვილების ოჯახის ერთ-ერთ გადარჩენილ წევრს, დავით იმერლიშვილს მივაკვლიეთ. როცა ჩვენი მისვლის მიზეზი გაიგო, ინტერვიუზე უარი არ უთქვამს და შოკის მომგვრელი დანაშაულის დეტალები ექსკლუზიურად გვიამბო.

დავით იმერლიშვილი: - მადლენამ ჩემი ოჯახი ამოწყვიტა. ჩემი უფროსი ბიძაშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასიკო იმერლიშვილი, უშიშროების მაშინდელი მინისტრის, იგორ გიორგაძის, მოადგილე იყო. 1993 წლის 9 აგვისტოს მომიკლეს ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილი ვასიკო და მოხუცი ბებია, მანამდე კი მეორე ბიძაშვილი გია მოსკოვში მოკლეს.

ობლად გავიზარდე, მშობლები რომ დამეხოცა, 9 წლის ვიყავი და ბიძამ ჩემს ბიძაშვილებთან ერთად შვილივით გამზარდა. ეს ტრაგედია რომ დატრიალდა, აფხაზეთის ომში ვიბრძოდი. თავზარდამცემი ამბავი თვე-ნახევრის შემდეგ, ომიდან დაბრუნებულმა გავიგე. სოფლის ცენტრში მეზობლის ბიჭმა რომ დამინახა, გაკვირვებულმა მკითხა, ცოცხალი ხარო? მერე დაამატა, სახლში არ შეხვიდე, დანაღმულიაო. ენა ჩამივარდა, რომ უნდა მეკითხა, რას მეუბნები, ერთი კარგად ამიხსენი-მეთქი, სწრაფად გამშორდა.

სახლისკენ წავედი. ბიძაჩემს ძაღლები ჰყავდა, როგორც კი დამინახავდნენ, სიყვარულით მეგებებოდნენ. საწყლები გათიშული ეყარნენ, ურეაქციოდ, ეტყობა, რაღაც გაუკეთეს. მეორე სართულზე რომ ავედი, გავოგნდი, მარტო კედლები იყო დარჩენილი, ყველაფერი გაეტანათ... მერე გავიგე, რომ ჩემიანები დაუხოცავთ.

- რას საქმიანობდნენ ოჯახის სხვა წევრები?

- უმცროს ბიძაშვილს, გიას, ანტიკვარული იარაღის კოლექცია ჰქონდა, ყველა რეგისტრირებული. ნაწილი ჩემთან ინახებოდა, ნაწილი - ბიძაჩემთან. 1993 წელს მე და გიამ რუსეთში პორტვეინი, ღვინო და არაყი წავიღეთ, მაგრამ ვერ გავყიდეთ. მაშინ საქმეში მადლენა ჩაერია, მოგება სამად უნდა გაგვეყო. დავუტოვეთ პროდუქცია და წამოვედით. მერე მადლენამ აღარ მოინდომა თანხის განაწილება, არადა, მანამდე გიას აცნობა, ყველაფერი გორკის ავტოქარხანას ჩავაბარე და სანაცვლოდ ახალი 15 "ვოლგა" უნდა მოგვცენო. აქედან 5 მადლენასი უნდა ყოფილიყო, 10 - ჩვენი.

- არ მოგცათ მანქანები?

- მადლენა რომ აღარ გამოჩნდა, გია წავიდა მოსკოვში, მას მერე აღარც გვინახავს. სამაგიეროდ, მადლენამ ვასიკოსთან გამოგზავნა კურიერი, გია მოსულია ლარსის საზღვართან, ახალი მანქანები მოჰყავს, პრობლემები ექმნება მესაზღვრეებთან და დაეხმარე ძმას მანქანების გადმოყვანაშიო. ვასიკო თავისი წითელი "ნივით" წავიდა და ერთ საათში გურჯაანში დაუნახავთ, რომ ვასიკოს უკვე უნომრო მანქანის საჭეს ვიღაც უცნობი ეჯდა, მას მერე ვასიკოც გაქრა. იმ საღამოს ჩვენს სახლში მოსულან სამხედროფორმიანი რუსები და უთქვამთ ბიძაჩემისთვის, კარგად არის საქმე, ვასიკოს ველაპარაკეთ რაციით, საზღვარი გადმოკვეთეს და ცოტა ხანში მოვაო. ბიძაჩემმაც საკლავი დაკლა, შვილების მოლოდინში სახლში დიდი სუფრა გაშალა, ამის მერე რა მოხდა, ეს უკვე მადლენამ იცის.

ბიძია გივი, ბიცოლა ლამარა და ბებიაჩემი გაქრნენ, არც მათი საფლავები მაქვს.

გავიგე, რუსებთან ერთად გურჯაანელებიც ყოფილან გარეული მათ სიკვდილში. არავის უფიქრია მათი მოძებნა, თითქოს არც ყოფილიყვნენ, მე კი წლებია, დეტალებს ვიკვლევ.

- დაგვისახელეთ მათი ვინაობა?

- ის ხალხი მაშინ მადლენას პირად დაცვაში იყვნენ. ერთს პორტუგალიამდე ვდიე, ამის გამო სახლიც გავყიდე, მაგრამ ვერ შევხვდი. ის ახლა ესპანეთის მოქალაქეა.

- რუსეთში გიას ცხედარიც არ გიპოვიათ?

- არა. 1993 წელს, როცა მადლენა სხვა დანაშაულისთვის დააკავეს, მოსკოვში შევხვდი მისი საქმის გამომძიებელს. მითხრა, 3 მილიონი რუბლით დაგვაფინანსე და თქვენი ოჯახის საქმესაც გამოვიძიებთო. ფული ვერ მოვაგროვე და დარჩა გიას საქმე გამოუძიებელი. მადლენასთვის გიას საქმეზე არც მიუსჯიათ პატიმრობა.

ვიცი, რომ გია მოსკოვში მოკლეს, ფერფლიც არსებობდა, ეს გამომძიებელმა მითხრა, მკვდარია თქვენი ძმა და თუ გინდათ, ფერფლი წაიღეთო, მაგრამ საჭირო საბუთები ვერ მოვაგროვე, ვერც ფული ვიშოვე, მისი ფერფლი მაინც რომ ჩამომეტანა.

მადლენა ციხიდან რომ გამოვიდა, წითელწყაროში ვიღაცის ძროხების ფერმას აფარებდა თავს. ბევრჯერ შევუთვალე, შენი არც სიკვდილი მინდა, არც დაჭერა, ოღონდ მითხარი, სად არის ცხედრები-მეთქი, მაგრამ რამდენი კურიერიც გავუგზავნე, მერე ისინიც ვეღარ ვნახე...

მე ჩემს მიცვალებულებს ვეძებ. მადლენამ ჩემი არსებობა არ იცოდა, თორემ ჩემი მოცილებაც არ გაუჭირდებოდა. ვასიკოს მეუღლე და შვილი თბილისში იყვნენ და ამიტომ გადარჩნენ. მარტო ჩემი ოჯახი კი არ დააზარალა მან და მისმა ბანდამ.

მითხრან, ვინ მოკლა ზაურ მანიჟაშვილი, გურჯაანის პრეფექტი?

ის ბიძაჩემის მეგობარი იყო და საქმის გამოძიებით დაინტერესებული.

ბევრჯერ მინატრია, ნეტავ მეც სახლში ვყოფილიყავი და მათთან ერთად მოვმკვდარიყავი-მეთქი. მთელი ცხოვრება დარდს შევალიე, ოჯახიც არ შემიქმნია. მხოლოდ იმას ვნატრობ, მათი საფლავები მქონდეს.

სოფელში ყველას ახსოვს მადლენას ჩადენილი დანაშაულები. გზად ერთი მისი ყოფილი მოსწავლეც შემომხვდა:”"ჩვენი მუსიკის მასწავლებელი იყო, მახსოვს, სულ გაპრანჭული დადიოდა, ლამაზი ქალი იყო. მისი ყოფილი ქმარი, ვაჟა მათიაშვილი, ალაზანში დაიხრჩო. მადლენა მთელ კახეთს აზანზარებდა, მუსიკის მასწავლებელი უცებ კახეთის "მხედრიონის" უფროსი გახდა. მისი ყველას ეშინოდა. იმერლიშვილების ამოხოცვაში თავიდანვე მას ასახელებდნენ. მერე მოსკოვში წავიდა. ახლა გავიგე, რომ დაუკავებიათ".

მადლენა ბერძენიშვილი რუსთავის ციხეშია და სასამართლოს განაჩენს ელის. ვნახოთ, რა მტკიცებულებებს წარმოადგენს გამოძიება პროცესზე.

თეა ხურცილავა