ევროსამართალმა პური ჭამა
07-07-2014
ევროსამართალმა პური ჭამა
"გვეგონა, დასახოცად მივყავდით, ვფიქრობდით, წყალში გადაგვყრიანო"

ევროპულმა სასამართლომ რუსეთს ქართველების შევიწროებისა და მასობრივი დეპორტაციის გამო კომპენსაციის გადახდა დააკისრა


"მოსკოვის აეროპორტში ხალხი ნერვიულობით იხოცებოდა, მარტო ჩემ თვალწინ 2 კაცი მოკვდა ინფარქტით. საქონელივით შეგვყარეს თვითმფრინავში, დასაჯდომი ადგილები არ იყო, ყველანი ფეხზე ვიდექით. არავინ არაფერს გვეუბნებოდა. გვეგონა, დასახოცად მივყავდით, ვფიქრობდით, წყალში გადაგვყრიან ან სადმე დაგვმარხავენო. საქართველოში თუ მივფრინავდით, არ ვიცოდით", - იხსენებს დავით ლაცაბიძე, რომელიც 2006 წლის ოქტომბერში მოსკოვიდან მასობრივად დეპორტირებულ ქართველთა შორის
აღმოჩნდა.

ამ ფაქტის გამო საქართველოს მთავრობამ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს უჩივლა. რამდენიმე დღის წინ კი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ""საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. საქმე ეხება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ეთნიკური ქართველების შევიწროებასა და მათ მასობრივ დეპორტაციას.
ევროსასამართლომ რუსეთს ევროკონვენციის 6 მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. თანხის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, ევროსასამართლო მალე დეპორტირებული კერძო პირების საჩივრების განხილვას შეუდგება. "კვირის პალიტრა" 2006 წელს მოსკოვიდან დეპორტირებულ ქართველებს გაესაუბრა:

დავით ლაცაბიძე: "სამი შვილის მამა ვარ და აქ რომ ვერაფერს გავხდი, 1993 წელს მოსკოვში მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა. ყოველთვე 2.000 დოლარს შინ ვგზავნიდი და 1.000-ს ჩემთვის ვიტოვებდი. 2006 წლის ოქტომბერში თავზე მილიცია დამადგა, სამუშაო ტანსაცმელიც კი არ გამომაცვლევინეს და დამაპატიმრეს. 10 დღე=-ღამე ვიჯექი სერპუხოვოს ციხეში, საკანში გამოკეტილებს, საპირფარეშოშიც არ გვიშვებდნენ. მილიციის პოლკოვნიკი გვეუბნებოდა, თქვენი პრეზიდენტის გამოა ასეთ დღეში რომ ხართ, სააკაშვილს მოსთხოვეთ პასუხი, ჩადით, ჩამოაგდეთ და მერე შეგიძლიათ ჩვენთან იმუშაოთო. რომ შევეპასუხე, წიხლი ჩამცხო და 10 დღით კარცერში შემაგდეს - ბინძური ვედრო შემომიგდეს, ამაში მოითავეო...

როგორც კი თბილისის აეროპორტში დავეშვით და საქართველოს მიწაზე დავდგი ფეხი, სიხარულით გადავირიე და ვთქვი, ამის შემდეგ ვინც იქით გაიხედოს-მეთქი. მოსკოვში საკუთარი საამქრო მქონდა, 5.000 დოლარის მარტო იარაღები იყო. 13 წლის ნაშრომ-ნაწვალები რუსებს დავუტოვე.

ია სალაყაია: "აფხაზეთიდან დევნილი ვარ. რუსეთში 1994 წელს წავედი. თავდაპირველად, მოსკოველები თბილად გვექცეოდნენ, მაგრამ თანდათან ამრეზით დაგვიწყეს ყურება. ქმარი სოხუმში დავკარგე, ომის დროს, საბუთების გამოსატანად წავიდა და მას მერე მისი ასავალ-დასავალი არ ვიცით. დეპორტაცია ოქტომბრის ბოლო რიცხვებში დაიწყო, მე კი დეკემბრის დასაწყისში დამიჭირეს და პირდაპირ გამგზავნეს "ბუტირკაში", სადაც ერთი თვე მაყურყუტეს. საკანში 4 ქართველი ქალი ვიყავით. საბედნიეროდ, ერთს მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა. ჩემს ქალიშვილს დავურეკე თბილისში. იმხანად დეპორტაციის საკითხების მოგვარების კომისიის თავმჯდომარე ნიკა გვარამია იყო, ჩემი ნამოწაფარი, და ჩემი ქალიშვილი დაუკავშირდა. მანამდე დეპორტირებული ქართველები 3 სატვირთო თვითმფრინავით ეტაპობრივად გამოუშვეს მოსკოვიდან. გვარამიამ თვითმფრინავის ბილეთი გამომიგზავნა, რომელიც კონსულმა ზურაბ პატარიძემ გადმომცა და ბაქოს გავლით თბილისში ჩამოვედი. როგორც მითხრეს, ჩემი საქმე გადაგზავნილია სტრასბურგში, რიგით 84-ე ვარ".

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურმა მოსკოვმა რუსეთის იმიჯის შელახვის მცდელობად შეაფასა, მეტიც, დეპორტაციის ფაქტს უარყოფს. ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს გავესაუბრეთ:
- 2006 წელს რუსეთმა ძალიან უხეშად დაარღვია ჩვენი მოქალაქეების უფლებები. საქართველოს ხელისუფლების მოვალეობაა, დაიცვას თავისი მოქალაქეების უფლებები და ეს გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს როგორც სამართლიანობის აღდგენა.

ევროსასამართლო არ არის ხელწამოსაკრავი არბიტრი, რომელსაც შეიძლება არ მოუსმინო. როგორც ქართულმა, ასევე რუსულმა მხარემაც, უნდა ვცადოთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

- ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება ან მისგან პროვოკაციები ხომ არ არის მოსალოდნელი? მით უმეტეს, როცა სტრასბურგი პარალელურად განიხილავს 2008 წელს აგვისტოს ომის პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების უფლებების დარღვევის ფაქტებსაც.
- სტრასბურგის განაჩენი საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება ხომ არ არის? ალბათ, მოსკოვში ამ ამბავს ისე შეხედავენ, როგორც ავტორიტეტული სასამართლოს განაჩენს.

ნანა ფიცხელაური
მაყვალა
23 ივლისი 2014 19:06
ჩემი ოჯახიც 2006წლის ოქტომბრის მსხვერპლია. ისეთი საშინელი მდგომარეობა იყო ენით ვერ აღწერ იძულებული გავხდით ყველაფერი მიგვეტოვებინა და წამოვსულიყავით.ორი შვილი მყავს. გარეთ ვერ გავდიოდით, რომ არ დავეჭირეთ. ბოლოს ბინებშიც დაიწყეს ქართველების აყვანა. ჩვენ საკონსულოს მივმართეთ ისე გამოვედით რუსეთიდან, უკრაინის გავლით ჩამოვედით საქართველოში. საქართველოში ჩვენი ბედით არავინ დაინტერესებულა...... ბევრი იქნება ჩემს მდგომარეობაში, ვის უნდა მივმართოთ პასუხის გასაცემად.

რედაქტორის რჩევით